მის აღმატებულებას, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ბატონ ერიკ ფურნიესთქვენო აღმატებულებავ, ბატონო ელჩო, ჟურნალ „თბილისელების“ მეშვეობით ქართული საზოგადოება გაეცნო თქვენს ინტერვიუს, რამაც გაგვიჩინა გამოხმაურების სურვილი და გწერთ, არც თუ ისე მოკლე წერილს.
როგორც ინტერვიუს წინასიტყვაობიდან შევიტყვეთ, თქვენ ბრძანდებით დამამთავრებელი კლასების კონკურსის ლაურეატი; გაქვთ თანამედროვე ლიტერატურის სპეციალისტის, ისტორიის მასწავლებლის, ფრანგული ლიტერატურისა და ცივილიზაციის სპეციალისტის, აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციათა ეროვნული ინსტიტუტის დიპლომები.
გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ ქართულ ჟურნალისტიკას უწუნებთ პროფესიონალიზმს და ამბობთ, რომ ჩვენი ჟურნალისტები ფაქტებს ხშირად არაზუსტად გადმოცემენ, იქნებ არც ეს მონაცემებია ზუსტი?
ამგვარი ეჭვი ჩვენის მხრიდან თქვენმა საქართველოს ისტორიის არცოდნამაც გამოიწვია, თქვენს მიერ მოყვანილი ფაქტები და თარიღები, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება ისტორიულ სინამდვილეს.
თქვენო აღმატებულებავ, გავკადნიერდებით და შემოგკადრებთ:
თქვენ ძალიან ცუდად იცით თქვენდამი რწმუნებული ქვეყნის ისტორია და რაც იცით, ისიც საქართველოს მტრების მიერ შეთითხნილი სიცრუეა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ისტორიულ მეცნიერებასთან. როგორც სჩანს,
თქვენ დიდი მონდომებით დაეწაფეთ რუსულ-ოსურ ყალბ ისტორიულ მითებს, ჩვენი მოკრძალებული რჩევაა გაეცნოთ იმ ისტორიულ წყაროებს, რომლებიც ისტორიული სიმართლითა და ობიექტურობით გადმოგვცემენ საქართველოში ბოლო ორი საუკუნის მანძილზე მიმდინარე პროცესებს...
„- ვინ წამოიწყო ომი? პირველმა ვინ ისროლა ცხინვალის მიმართულებით? თქვენ ვერ შეძლებთ ისტორიის ხელახლა დაწერას და პასუხისმგებლობის ძებნას სხვაგან და არა იქ, სადაც ის არის. ამასთან დაკავშირებით, თუ ცოტა შორს მოძებნით, ახსნა-განმარტება უნდა მოსთხოვოთ მენშევიკურ რესპუბლიკას, რომელმაც 1921 წელს ოსეთის მოსახლეობა გაჟლიტა (4000 დაღუპული, 25000 ლტოლვილი), და არა საფრანგეთს ან სხვა სახელმწიფოებს. ამ საქმეში რეალური პასუხისმგებლობა ეკისრება ორივე მხარის ნაციონალიზმს, რომელიც ევროპის ომების უმრავლესობის საფუძველი იყო, რომელიც, საბედნიეროდ, გადავლახეთ და ავირჩიეთ სხვა ღირებულებები, რომლებიც წარმოსახვითი ერების ოცნებებზე მაღლა დგას“ - ამბობთ თქვენ.
საქმე იმაშია, რომ
საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ 1921 წელში მხოლოდ ორიოდე თვე იარსება და აქედან გამომდინარე 1921 წელს ვერ გაჟლეტდა ოსებს, რადგან 1921 წლის 25 თებერვლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მენშევიკურმა (სოციალ-დემოკრატიულმა) მთავრობამ, თავისივე უნიათობისა და უუნარობის გამო, დატოვა ქვეყანა და საქართველო ხელში ჩაუგდო თავისსავე ნახევარძმებს - ბოლშევიკებს.საქართველოს დამოუკიდებელმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სამიოდე წელი იარსება (1918 წლის 26 მაისიდან -1921 წლის 25 თებერვლამდის). ძნელი და პრობლემებით აღსავსე აღმოჩნდა საქართველოსთვის ეს პერიოდი - ახლად განთავისუფლებული ქვეყანა ორი მსხვრევადი იმპერიის - რუსეთისა და თურქეთის პირისპირ აღმოჩნდა, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ საქართველოს სახელმწიფოების აღდგენას და ყოველნაირად ცდილობდნენ მის ხელყოფას. ამისათვის ისინი იყენებდნენ ნებისმიერ მეთოდებს, იქნებოდა ეს პირდაპირი ავანტიურა თუ ქვეყნის შიგნიდან აფეთქება. თურქეთი ცდილობდა საქართველოს მუსულმანური მოსახლეობის გადაბირებას და პროვოცირებას. რუსეთიც, სულ ერთია თეთრი იყო თუ წითელი, წარმატებით იყენებდა იმპერიების უმთავრეს დევიზს „დაყავი და იბატონე“. რუსი ბოლშევიკები გაჰყვიროდნენ რა სოციალ-დემოკრატიულ დევიზს - „ძმობა, ერთობა, თავისუფლება“ და ამ საბაბით საქართველოში აწყობდნენ შეიარაღებულ გამოსვლებს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. მათ საქართველოს რამდენიმე რეგიონში მოაწყვეს არეულობები, შეიარაღებული გამოსვლები.
1918/1920 წლების მანილზე ბოლშევიკებმა სამჯერ მოაწყეს საქართველოს სახელმწოფოებრიობის წინააღმდეგ შეიარაღებული გამოსვლა შიდა ქართლში, რომელშიც გამოიყენეს იქ მცხოვრები მათივე წაქეზებული და სეპარატისტულად განწყობილი ოსური მოსახლეობის ნაწილი.
რუსეთის 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ, 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდში, ოსებმა დაიწყეს დამოუკიდებლობის მოთხოვნა რუსეთთან შეერთების მიზნით.
1918 წლის მარტში რუსების წაქეზებით, ოსურმა ბოლშევიკურმა ორგანიზაციებმა წამოიწყეს აჯანყება, რომელსაც მოყვა სისხლიანი შეტაკება ქართველებსა და ოსებს შორის. ეს აჯანყება ქართულმა სამთავრობო ძალებმა ჩაახშო.
1918 წლის 13 სექტემბრის კანონით საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ეროვნულ საბჭოში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს 26 ადგილი ეკუთვნოდათ. აქედან სომხებს 10, აზერბაიჯანელებს 4, აფხაზებს 3, რუსებს 2, ოსებს 2, ქართველ ისრაელელებს 1, ებრაელებს 1, ბერძნებს 1 და გერმანელებს 1.
1920 წლის 28 მარტს ე.წ. ”სამხრეთ ოსეთის ნაციონალური საბჭო” ქმნის “სამხრეთ ოსეთის რევოლუციურ კომიტეტს” (“რევკომი”). იმავე წლის ოქტომბერში “რევკომი” რუსეთის კომუნისტური (ბოლშევიკთა) პარტიის კავკასიის ბიუროსაგან ითხოვს სამხრეთ ოსეთისათვის ავტონომიის სტატუსის მინიჭებას.
„1920 წლის მარტში შიდა ქართლში ადგილი ჰქონდა წითელი ემისრების მიერ ინსპირირებულ ანტიკონსტიტუციურსა და ანტიქართულ გამოსვლებს. რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის 23 მარტის დადგენილებაში ვკითხულობთ: „სამხრეთ ოსეთში შეიქმნას რევკომი. დაინიშნონ რევკომის წევრებად ამხ. გაგლოევი, ჯატიევი და სანაკოევი. ამოცანა 1. დათხოვნილ იქნას ძველი შემადგენლობის ეროვნული საბჭო (ლაპარკია სამხრეთ ოსეთის ე.წ. ეროვნულ საბჭოზე - ლ. ურუშაძე). 2. გამოცხადებულ იქნას საბჭოთა ხელისუფლება, დროებით მთელი ხელისუფლება გადაეცეს რევკომს. 3. დაუყოვნებლივ შეიქმნას შეიარაღებული რაზმები; 4. დამყარდეს კავშირი ჩრდილოეთ ოსეთთან (ცნობისათვის: ამ დროისათვის არ არსებობდა ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური წარმონაქმნი. ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შეიქმნა 1924 წლის 7 ივლისს მთიელთა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაში შემავალი „ოსეთის ნაციონალური ოკრუგის“ საფუძველზე, ამ სახელწოდებაშიც არ სჩანს სიტყვა „ჩრდილოეთი“. საჩოთირო ვითარებაა - „სამხრეთ ოსეთი“ შექმნეს 2 წლით ადრე და შემდეგ გაჩნდა „ჩრდილოეთ ოსეთი“ - ა.ს.) და გორის მაზრის სოფლებთან. მოძრაობის ცენტრად სასურველია ცხინვალი (Борьба за победу советской Власти в Грузии/докум. И матер. (1917-1921.Тбилиси 1958, ст. 552-553) (ლ.ურუშაძე. ბოლშევიზმ-მენშევიზმი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918/1921))
1921 წლის თებერვალში, ბოლშევიკური რუსეთის საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკაზე თავდასხმისას, რუსულ მე-11 არმიასთან ერთად საქართველოს წინააღმდეგ ოსური შეიარაღებული რაზმებიც იბრძოდნენ.
მეტად უცნაური და კურიოზული ფაქტია, საქართველოში,
ძირძველ ქართულ მიწაზე „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს შექმნის საკითხი განიხილა რუსეთის კომპარტიის (ბ) ცკ-ს კავკასიის ბიურომ და ამას შემდეგ ხორცი შეასხა ქართველმა კოლაბორაციონისტმა ბოლშევიკებმა 1922 წლის 20 აპრილის დეკრეტით.
საერთოდ ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ რუსულ იმპერიალისტურ პრესაში მე-19-ე საუკუნის შუახანებში ჩნდება, მაგრამ ასეთი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული მხოლოდ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ - 1922 წლის 20 აპრილს შეიქმნა და ისიც ხელოვნურად, რამეთუ იმ დროისათვის საქართველოში ეთნიკური ოსები სხვადასხვა რეგიონში სახლობდნენ და გაცილებით აღემატებოდნენ ხსენებულ რეგიონში მცხოვრებ ოსებს.
იმჟამად, შიდა ქართლის ჩრდილოეთის ტერიტორიის ნაწილი და მოსახლეობის რაოდენობა არ იძლეოდა ავტონომიის შექმნის საფუძველს, ამიტომ მომავალი ოლქის შესაქმნელად ბოლშევიკებმა მიწები ჩამოაჭრეს საქართველოს სხვა ისტორიულ მხარეებს: რაჭას, იმერეთსა და შიდა ქართლის მოსაზღვრე რეგიონებს. შიდა ქართლში დაიწყეს კავკასიის გადაღმიდან ეთნიკური ოსების ჩამოსახლება, რადგან ავტონომიისთვის საკმარისი ოსები არ მოიძიებოდა იმ მხარეში. თვით დედაქალაქის საკითხიც კი მწვავედ იდგა, ქალაქ ცხინვალის მოსახლეობა 1922 წლისათვის შეადგენდა 4543 კაცს, მათ შორის ოსთა რაოდენობა ძალიან მცირე იყო.ოლქის დედაქალაქის შერჩევისას დილემის წინაშე აღმოჩნდნენ ქართველი ბოლშევიკები. 1922 წლის დასაწყისში სტალინი მოსკოვიდან ურეკავს საქართველოს ბოლშევიკების თავკაცს ბუდუ მდივანს და აცნობებს, რომ გადაწყდა ოსური ავტონომიის შექმნა საქართველოში და დედაქალაქის შერჩევას ავალებს. მოგვიანებით ის განმეორებით ურეკავს ბუდუ მდივანს და უმოქმედობას საყვედურობს. ბუდუ მდვანი კი ეუბნება, რომ „დედაქალაქის შერჩევა სჭირს, რადგან ოსები ძირითადად მთებში ცხოვრობენ, ერთადერთი მსხვილი დასახლებული პუნქტი ცხინვალია, მაგრამ იქ თითო-ოროლა ოსური ოჯახი თუ მოიბენება“.
........
თქვენო აღმატებულებავ, თქვენ პირდაპირ თუ ირიბად ბრალი დაგვდეთ ოსების გენოციდში, თან დაგვამუნათეთ - ვერ შეძლებთ ისტორიის ხელახლა დაწერას-ო.
ჩვენ იძულებული ვართ თვალი გადავავლოთ საფრანგეთის ისტორიის საჩოთირო ფურცლებსა და შეგახსენოთ, თუ ვინ წერს ისტორიას ხელახლა და უკუღმა. იქნებ ეს სიტყვები თქვენივე სამშობლოს გამოცდილებამ გათქმევინათ?
ბატონო ელჩო, თქვენს სამშობლოში ისტორიას სახელმწიფოს მიერ დადგენილი კანონის მიხედვით ასწავლიან?
2005 წლის 23 თებერვალს საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ მიიღო კანონი, რომლის ძალითაც სახელმწიფო უხეშად ერევა ისტორიის მეცნიერებაში და წარსულში თუ აწმყოში ჩადენილ დანაშაულებეზე საუბარს კრძალავს.
კანონის თანახმად, ფრანგი მასწავლებლები მოვალენი არიან მეცადინოებაზე ფრანგული კოლონიალიზმის როლი ინდოჩინეთში, შავკანიან და ჩრდილო აფრიკაში დადებითად აღწერონ.
ჩვენ კი აქეთ გვედავებით „ისტორიას ხელახლა ვერ დაწერთ“-ო?!
..................
ბატონო ელჩო, 1945 წელის 8 მაისს ვინ დაიწყო „სეტიფის ბროლა“ ალჟირში და რამდენი ალჟირელი იქნა გაწყვეტილი იმ დღეს?
თქვენ რომ უხერხულობაში არ ჩაგაგდოთ, ჩვენვე ვუპასუხებთ ჩვენსავე კითხვას - ფრანგებმა! რასაც ემსხვერპლა 45 ათასი კაცი, ფრანგები კი ამ რიცხვს მალავენ და ამბობენ 8 000, რაიც ორჯერ აღემატება 1921 წელს მენშევიკური მთავრობის მიერ „გაწყვეტილ“ ოსებს.
და ეს ხდება იმ დღეს, როდესაც კაცობრიობა მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერელებზე გამარჯვებას ზეიმობდა!
შედეგები ასეთია - 20 000 დაღუპული ფრანგი და 1 მილიონი ალჟირელი.
...................
თქვენო აღმატებულებავ, იქნებ ისიც გავიხსენოთ, რაც ამ 50 წლის წინ მოხდა
ალჟირის უდაბნოში. „ცივილიზებული და განათლებული“ სახელმწიფო დაპყრობილ ტერიტორიაზე ცდის ატომურ ბომბს, რომლის შედეგებსაც მოსახლეობა დღესაც განიცდის. 1960 წლის 13 თებერვალს, დილის 7 საათსა და 4 წუთზე ფეთქდება ატომური ბომბი, რომლის ძალა იყო TNT -ს 70 კილოტონა, ხუთჯერ ძლიერი, ვიდრე ხიროსიმისა.

...................
განა მარტო ალჟირი? საფრანგეთის კოლონიალიზმისაგან გატანჯული რომელი ერთი ქვეყანა უნდა ჩამოვთვალოთ:
ბენინი, ბურკინა ფასო, ჯიბუტი, ჩადი, გაბუნი, გვინეა, კამერუნი, კომორები, მავრიტანია, ნიგერი სენეგალი, ტუნისი...1945 წლის ნოემბერში საფრანგეთის ჯარებმა დაცხრილეს ჰაიპონგი და გაჟლიტეს 6 000 ადამიანი, ამით დაიწყო ინდოჩინეთის ომი.
.....................
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წელს
მადაგასკარის დამშვიდება დაჯდა 100 000, სხვა მონაცემებით ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე.1947 წელს 18 000 ფრანგმა სამხედრომ დაიწყო სისხლისღვრა და შემაძრწუნებელი ქმედებები სამოქალაქო მოსახლეობაში. საფრანგეთის არმიის ოფიციალური ანგარიშში ნათქვამია 89 000 სამოქალაქო პირის დაღუპვის შესახებ.
.................
დიახ, ბატონო ელჩო, ასე შენდებოდა ევროპა მილიონობით არაევროპელი ადამიანიების სისხლზე და ძვლებზე, შენდებოდა ას მილიონამდის გაყიდული მონის საფასურად. შენდებოდა დანარჩენ კონტინენტებზე მცხოვრები ხალხების კუთვნილი სიმდიდრით, სასარგებლო წიაღისეულით, ბუნების ნობათით, რომელიც მათ ღმერთმა უბოძა, თქვენ კი საუკუნეების განმავლობაში ცეცხლითა და მახვილით იტაცებდით ყოველივე მათეულ სიმდიდრეს. .................
ბატონო ელჩო, დღეს თქვენ შემთხვევით არ ახსენეთ 1921 წელი და 4 ათასი გაწყვეტილი ოსი. ვიცით საიდანაც მოდის ეს მასახვრობა.
საქართველოს პარლამენტმა აღიარა ჩერქეზების გენოციდი და რუსეთი ამზადებს საპასუხო „დარტყმას“. ჩვეულებისამებრ, ამ საქმეშიც ღირსეულ, შესაშურ დახმარებას გაუწევს საფრანგეთი მის ძმურ მოკავშირეს და თქვენც ახმოვანებთ რუსეთის ხვაშიადს. ამით ამზადებთ საერთაშორისო საზოგადოების აზრს. პირდაპირ გეტყვით -
ეს არის ფარული შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ!რა არ ხდება ქვეყანაზე ბატონო ელჩო, ევროპელებს ვინც არ მოგწონთ, ვინც თქვენს ჭკუაზე არ გაივლის და თქვენს დაკრულ მუსიკაზე არ აცუნდრუკდება, მას უმალ მოუვლენთ რისხვას. თურმე კადაფის ხელისუფლებას დაუფინანსებია თქვენი ქვეყნის დღევანდელი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანია, თქვენმა პრეზიდენტმა კი მადლობა თავზე ბომბების დაყრით გადაუხადა. ამ პრინციპებს ემყარება ევროპული ცივილიზაცია და განმანათლებლობა?
მაშინ მშვიდობაში მოგახმაროთ ღმერთმა!
ალ. სანდუხაძე იხ.სრულად:
http://iberiana.wordpress.com/samachablo/osebi-2/#2