ვანო ჩხარტიშვილმა რუსულ პოლიტიკურ თამაშში მთავარეპისკოპოსი ჩაითრია...შევარდნაძის „ფულის ტომარა“ და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ვანო ჩხარტიშვილი, ლონდონშიც არ ისვენებს. ამბროსიჩის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული პერსონა, რომელსაც მეტსახელად „გაუმაძღარს“ ეძახდნენ, დღეს ეკლესიის გავლითა და რუსი მეგობრების დახმარებით აპირებს პოლიტიკურად გააქტიურებას.
ვანო ჩხარტიშვილი ჯერ კიდევ საქართველოდან გაქცევამდე ითვლებოდა რუს ბიზნესმენებთან და პოლიტელიტასთან დაახლოებულ პირად. „პრესა.ჯი“–ს ცნობით, ლონდონში წავლის შემდეგ, ეს კავშირები არათუ შესუსტდა, გამყარდა კიდეც.
როგორც ვანო ჩხარტიშვილის მსგავს ბიზნესმენ–პოლიტიკოსებს სჩვევიათ, ლონდონში მყოფმა ვანო ჩხარტიშვილმა „ქველმოქმედებასაც“ მიჰყო ხელი და გულმოწყალების ობიექტად ამჯერად დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ქართული ეპარქია აირჩია.
მატიანე ყველას საკუთარ ადგილს უჩენს, ზოგს პიედესტალზე, ზოგსაც ისტორიის სანაგვეზე. ვანო ჩხარტიშვილი, იგივე „გაუმაძღარი“ კი იმ ფიგურათაგანია, რომელსაც „საპატიო ადგილი“ სწორედ ამ უკანასკნელ პოზიციაზე აქვს გარანტირებული.
თუმცა, აწმყოში თავს არაკომფორტულად სულაც არ გრძნობს და მომავალზეც, ცოდვილი სულის გადარჩენაზეც ზრუნავს. კორუმპირებული „ფულის ქისა“ არც კანონის მიმართ დიდი მორჩილებით გამოირჩევა და არც მოყვასის ქრისტესმიერი სიყვარულით.
ე.წ. კანონიერი ქურდებისა და მაფიოზების ძველი ჩვეულებისამებრ, ჩხარტიშვილსაც ეკლესია–მონასტრების მშენებლობისა და „ქველმოქმედებისაკენ“ დიდი მიდრეკილება აქვს. ალ კაპონე და მსოფლიოს უსასტიკესი მაფიოზებიც ხომ ოდესღაც მოხუცთა ან ბავშვთა თავშესაფარებს აფინანსებდნენ და საზოგადოებას მათ მიერ ჩადენილი კეთილი საქმეების ილუზიას, ამგვარი საშუალებებით უქმნიდნენ.
„პრესა.ჯი“–ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სწორედ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ქართული ეპარქია დასახელდება იმ არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნის ინიციატორად, რომელიც სულ ცოტა ხანში გამოჩნდება საქართველოში და პოლიტიკურ აქტიურობას დაიწყებს.
პოლიტიკოსებმა, რომლებსაც ქართული საზოგადოება უკვე ოდიოზურ პერსონებად აღიქვამს, თავშესაფარი სწორედ ამ ორგანიზაციაში უნდა ჰპოვონ და მართონ იგი, თანაც, იმ უპირატესობით, რომ განცხადებებს უკვე იმ სასულიერო პირებისა და მრევლის სახელითაც გააკეთებენ, რომლებიც ამ ორგანიზაციაში გაწევრიანდებიან. მოკლედ, საქართველოში, რელიგიაც, ნაძირალათა უკანასკნელი თავშესაფარი ხდება, საიდანაც „დიადი საქმეების“ კეთება საკმაოდ იოლი და ხელმისაწვდომია.
ერთი სიტყვით, ვანო ჩხარტიშვილის ფულითა და ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მმართველის, მთავარეპისკოპოს ზენონის მხარდაჭერით, საქართველოში კიდევ ერთი „ქვეყნის გადამრჩენი“ „კანტორა“ გაჩნდება. ამ „კანტორას“ სათავეში, სავარაუდოდ, ნანა კაკაბაძე და ეროსი კიწმარიშვილი ჩაუდგებიან და ასპარეზზე არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით გავლენ.
ეროსი კიწმარიშვილი, სწორედ ის პერსონაა, რომელიც ქართველ ხალხს, პირველ რიგში, უპრინციპობით და მორალურ–ზნეობრივი მაჩვენებლის ყველაზე დაბალი დონით დაამახსოვრდა.
გუშინ თუ კიწმარიშვილი ეკლესიის წინააღმდეგ სხვადასხვა საშუალებით აქტიურად იბრძოდა, შემდეგ, მოსკოვში ელჩობის დროს, გარკვეული წყაროები მის მიერ არალეგალური ბორდელის მფარველობასთან დაკავშირებითაც კი გამოთქვამდნენ ეჭვს, დღეს „სულიერი ცხოვრების“ გზას დაადგა და საპატრიარქოს აზრის გათვალისწინებას „ითხოვს“.
ნანა კაკაბაძისათვის კი წლების განმავლობაში სწორების ობიექტი „ლიბერალური ღირებულებები“, რელიგიური და სხვადასხვა უმცირესობების „უფლებების დაცვა“, საპატრიარქოს მხარდამჭერთა კრიტიკა იყო, თუმცა დღეს გამოსარჩენი ობიექტი შეიცვალა და კაკაბაძე–კიწმარიშვილებმაც სხვა ორბიტაზე გადანაცვლება გადაწყვიტეს.
„პრესა.ჯი“–ს ინფორმაციით, სწორედ ეს პირები დაიბარა ლონდონში ვანო ჩხარტიშვილმა და ეპისკოპოს ზენონთანაც შეახვედრა. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრების ზუსტი დეტალები, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, მაგრამ სწორედ ამ შეხვედრებზე დამუშავდა ახალი „აქტივობის“ გეგმა, რომლის შექმნის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ოპოზიციის მარგინალური ნაწილის საგაზაფხულო გაფართხალება სრული კრახით დასრულდა.
ახალ გეგმაში, როგორც ჩანს, ნებსით თუ უნებლიედ, სასულიერო პირებიც არიან ჩართულნი...
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ქართული ეპარქიის მმართველი, ეპისკოპოსი ზენონი, უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში დაწყებულ სასულიერო ცხოვრებას დიდ ბრიტანეთში აგრძელებს. იგი 2010 წლის თებერვლამდე ამ ეპარქიის მმართველი იყო, თებერვალში კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა მთავარეპისკოპოსად აკურთხა. მეუფე ზენონი ბრიტანეთში გაქცეული ვანო ჩხარტიშვილის მოძღვარიც გახლავთ.
http://presa.ge/new/?m=politics&AID=6797-----------------------------------------------------------
არ მახსოვს, და იქნებ გამახსენოთ რატომ გაიქცა ვანო ჩხარტიშვილი საქართველოდან?