http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=3895&Itemid=12-დღიანი „მართლმადიდებლური აქციების“ მოკლე აღწერა: „ფიქრი არ უნდა ამას, ყველაფერი ჩანს, ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო“, - ამბობს რელიგიური გაერთიანებებისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე, ყოველ შემთხვევაში, კანონის გაუქმების მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილე.
ჟურნალისტის კითხვაზე, „კონკრეტულად რა ხდება?“, იგი ასე პასუხობს - „ჩვენ ვუსმენთ უნეტარესს... არ ვიცით რა ხდება“.... „ვაპროტესტებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, ვიცავთ მართლმადიდებლობას“,- განაცხადა აქციის მეორე მონაწილემ, ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, კონკრეტულად რატომ აპროტესტებდა კანონს, უპასუხა - „არ ვარ კომპეტენტური ამ კითხვაზე გიპასუხოთ, უბრალოდ უწმინდესის სიტყვა ჩემთვის კანონია და მას უდიდეს პატივს ვცემ“.... მეტეხის ხიდზე შეკრებილმა მრევლმა რელიგიური გაერთიანებების სტატუსის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღებაც გააპროტესტეს...
მეორე დღეა, თბილისში მასშტაბური აქციები იმართება, მართლმადიდებელი მრევლი პარლამენტის მიერ რელიგიური გაერთიანებების შესახებ მიღებულ კანონს, კონკრეტულად კი, სხვა რელიგიური გაერთიანებებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებას აპროტესტებს.
„ქუდზე კაცი, დედა ეკლესია გვიხმობს“ - მოკლედ, მრევლი დაირაზმა, მართლმადიდებლობა დასაცავია, მაგრამ რისგან, ეს არავინ იცის, მათ შორის, არც აქციის ორგანიზატორებმა და არც სასულიერო პირებმა. რამდენიმე მათგანის კომენტარი მოვისმინე და ვერცერთმა ვერ ჩამოაყალიბა არგუმენტები, თუ რატომ უქმნის კანონი საფრთხეს მართლმადიდებლობას.
მერე რა, რომ არგუმენტები არ არსებობს, მთავარი მოწოდება ჩაწვეთებულია მორწმუნეთა ტვინებში - „მართლმადიდებლობა საფრთხეშია“, ხოლო მრევლის გარეთ გამოსაყვანად კი, მეტი არაფერია საჭირო.
გამოვიდა ათასობით ადამიანი, ავლაბრის აღმართზე უსტვინა (სავარაუდოდ, პრეზიდენტს), მეტეხის ხიდზე ზოგიერთ მორწმუნესა და სამარშრუტო ტაქსის მძღოლს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, ხოლო შემდეგ მრევლმა ილოცა. დღევანდელი პროტესტი დასრულდა, თუმცა აუცილებლად გაგრძელდება.
გაგრძელდება, რადგან ეკლესია ძალაუფლებას კარგავს, ძალაუფლების დაკარგვა კი ყოველთვის მტკივნეული პროცესია და იგი ამას არ შეეგუება, რაც 2-დღიანმა აქციებმა ცხადი გახადა.
საქართველოში საერო და სასულიერო ცხოვრება ერთმანეთს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაემიჯნა და თითოეულ მათგანს საკუთარი უფლებამოსილება მიენიჭა. დღეს კი რას ვხედავთ, ეკლესია არა ირიბად, არამედ პირდაპირ ერევა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი ცდილობს ხელისუფლებას დაანახოს, რომ ძლიერია, მოსახლეობის უმრავლესობა მას უჭერს მხარს და ხელისუფლებაც მის ნებას უნდა დაჰყვეს.
მოსალოდნელია, რომ რამდენიმე დღეში ვიხილავთ პრეზიდენტის საგანგებო განცხადებას, რომლითაც ეკლესიის მოთხოვნა სრულად, ან ნაწილობრივ შესრულდება, რაც სეკულარული სახელმწიფოს და რამდენიმე წლის წინ მიღებული, მართლაც რომ ბოლო წლებში სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი წარმატების დასასრულის დასაწყისის მანიშნებელი გახდება. რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონზე აღარ არის საუბარი, საქართველოს უმნიშვნელოვანი მონაპოვარი - სეკულარიზმი ( სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუტების დაყოფა) საფრთხეშია.
„მორწმუნე უმრავლესობა“, დიდი ალბათობით, გაუთვიცნობიერებლად სწორედ სეკულარიზმს უქმნის საფრთხეს, ხოლო ჩვენ, ვინც ვფიქრობთ, რომ იგი უნდა დავიცვათ ეკლესიის შეტევისგან, შევიკრიბოთ, დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი, რათა ხელისუფლებას დავანახოთ, რომ საზოგადობა ამ საკითხთთან მიმართებაში ერთ აზრზე არ დგას. გამოვიდეთ, დავიცვათ სეკულარული სახელმწიფო!
P.S. აგრესიულ მორწმუნეებს - აქ გინების დაწერას აზრი არ აქვს, ადმინისტრატორი წაშლის.