"ქართული დასის" ლიდერის, დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას ვიცე სპიკერობას, შესაძლოა სამართლებრივი პრობლემა შეექმნას.
პარლამენტის რეგლამენტის 115-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არა უმეტეს სამი კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულ იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც გაერთიანებული არ არიან უმრავლესობაში და შექმნილი აქვთ საპარლამენტო ფრაქცია.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ მოწვევის პარლამენტის შეკრებისას დეპუტატი პაატა დავითაია ვიცე სპიკერი გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო სიით გახდა, თუმცა, რადგან მაშინ გაერთიანებული ოპოზიცია უკვე დაშლილი იყო, პაატა დავითაიას ვიცე სპიკერობას საპარლამენტო კულუარებში მაშინ უბრალოდ "თვალისდახუჭვას და პოლიტიკურ შეთანხმებას" უკავშირებდნენ.
ახლა კი, რაც "ქართული დასის" ლიდერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამაც მოითხოვა ახალი ფრაქციის ვიცე სპიკერობა, აღმოჩნდა, რომ მას წარმდგენი "საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტი" არ ჰყავს. ეს გარემოება კი, შესაძლოა ჯონდი ბაღათურიასთვის ვიცე სპიკერობაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.
პარლამენტში ვიცე სპიკერობა საკმაოდ პრესტიჟულია, რადგან მათ ხელფასი დაახლოებით 3400 ლარია, ჰყავთ მდივანი, სპეციალისტი და თანაშემწე, რომელთა ხელფასიც პარლამენტის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამასთან, ვიცე სპიკერებს ემსახურებათ პაჯეროს მარკის ჯიპები 600 ლიტრი უფასო საწვავით და გარკვეული ლიმიტი სატელეფონო კავშირის უფასო მომსაუხრებისა. ასევე, პოლიტიკური დებატებისას ვიცე სპიკერებს 15-15 წუთიანი გამოსვლის უფლება აქვთ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...-sheeqmnas.html