დაბადების ადგილი ქალაქი თბილისი. 27.09.1991

მე დღეს არაგვი ბოლომდე დამლევს!
მე დღეს არაგვი ბოლომდე დამლევს
და მეც მივენდო უნდა უთქმელად,
ვინც აქ მოვიდა, არაგვის ძალის,
ასე სჯეროდა ალბათ სუყველას...
მხოლოდ იმ უხმო თხოვნით ვეწვევი,
გზად გამიყოლოს იქნება თავქვე,
არაგვი ერთი დიდი ზღურბლია,
ხან იქით რომ ვარ და ხანაც - აქეთ.
უნდა ვიტირო ცრემლით, მდინარის,
მანაც თავისად მიმიღოს იქნებ,
რომ გააფთრებულ ტალღების მიღმა,
ერთ საიდუმლო ნაწილად ვიქცე...
ან, იქნებ სჯობდეს, რომ არ დავნებდე
გაბოროტებულ ტალღებს არაგვთა,
მე გადარჩენის როცა ვირწმუნე,
ღამე მაშინ დღეს გაუთანაბრდა...
ნიშნის მოგებით მისთვის დაღრეჯილს,
გაბრაზებული გამრიყავს სადმე,
დილით მდინარის ცრემლით ვიტირებ,
ღამით არაგვი ბოლომდე დამლევს!
შენი წერა ვარ, არღუნო!
შენი წერა ვარ, არღუნო,
წყლის ძალა სჯობსო, იარაღს,
ვინაც კი შენში მოხვდება,
მონად გაიხდი, მთლიანად...
რამდენს სიცოცხლე წაართვი,
ადიდებულხარ ცრემლებით,
ტირილით შენს ხმას ვერ ვფარავთ,
ვეღარც შენს ძალას ვერევით...
მოდიხარ, ნეტავ საიდან?
ანდა, მიდიხარ საითკენ,
მალე შენს მსხვერპლთა სხეულებს,
მაგ ცივ ტალღებზე გაიფენ...
იქნებ, მეც შენი წერა ვარ,
იქნებ, მეც შენთან ვმთავრდები,
ნუთუ არ გეყო, სიცოცხლე,
შენში რომ შეწყდა, ამდენი?!
ხევსურეთია ჩემი ოცნება
აქედან მთები შორია, თუმცა,
ყველაფერს ჩემთვის ფერი აქვს მთების,
ნანატრ ადგილებს თითქმის ყოველდღე,
ოცნებებსა და სიზმრებში ვხვდები...
მე ხევსურეთზე ვწერდი ლექსებსაც,
ალბათ მომხიბლა მასზე მითებმა,
მთის სიცივისაც ვიცი მიზეზი,
სწორედ ამიტომ მიყვარს, იქნება...
ის დამრჩენია, ახლა მე მხოლოდ,
რომ მთაში ყოფნას ლექსით ვეცადო,
ვინც არ განიცდის მთისგან სიშორეს,
ის ვერ გამიგებს, ვიცი, ვერასდროს...
ამდენი წელი გავიდა თუმცა,
მთა ოცნებაა ჯერ მხოლოდ ჩემი,
ვიცი, აქედან შორია, მაგრამ -
ყველაფერს ჩემთვის ფერი აქვს მთების...
ხევსურეთს!
ღრუბელნი შენი ცისანი,
ხედავ? ჩემამდე მოდიან,
საოცნებო ხარ ყველაფრით,
მინდვრიან-წყარო-ლოდიან.
სიზმარში მთაში დავდივარ,
თვალს რომ გავახელ - შორია,
ჩემი ოცნების მხარე ხარ,
სულ შენთანა ვარ, მგონია.
ერთხელ იქნება, ამოვალ,
მეც მეღირსება გიხილო,
შენს ველზე ვკრიფო ყვავილი:
დეკა, ია და ღიღილო.
არღუნის ნაპირს ჩამოვჯდე,
ვისმინო მისი დინება,
ვიცი, ახდება ოცნება,
თუკი უფალმაც ინება.
მსურს ფეხით შემოვიარო,
შატილო, შენი მიწა მე,
ჩემი სიტყვები ისმინე,
მისი სიმართლე იწამე.
როცა იქნება, ამოვალ,
ძალიან მინდა გიხილო,
მკერდს მოგაწყვიტო ყვავილნი:
დეკა, ია და ღიღილო...
ჩემი ლექსები არაფერზე ცოტა მეტია
ჩემი ლექსები არაფერზე ცოტა მეტია,
გრძნობებით ვწერდი, მას, რაც გულში ვერ დამეტია,
ეს ნაწერები, ფიქრებისგან ჩამოწრეტილი,
ბოლოვდებიან მეტის მთქმელი მრავალწერტილით.
გთხოვთ, დამიჯეროთ, პოეტობა მე არ მიცდია,
ეს ნათქვამი ხომ მართალი და მტკიცე ფიცია,
გრძნობებით ვწერდი, მას, რაც გულში ვერ დამეტია,
ჩემი ლექსები არაფერზე ცოტა მეტია...
ცრემლებს არ ვხარჯავ ტკივილების გამოსახატად,
წერამ ისედაც, საიდუმლოს ფარდა ახადა,
თუმცა რითმებით სითბოც ბევრი გამიმეტია;
ჩემი ლექსები არაფერზე ცოტა მეტია...
http://urakparaki.com/?m=7&WUID=802&sm=1