თაია მახარაშვილი: “ვაღიარებ, რომ…”გუშინ მამა მირიანის სკოლა-პანსიონში წასვლა მომიწია. ფერეიდნელები ესტუმრნენ. დეკანოზმა ფერეიდნელები გამორჩეული სითბოთი და ყურადღებით მიიღო, სკოლისა და ამ სკოლის აღსაზრდელი, სხვადასხვა აღმსარებლობის ბავშვების მეგობრობის ისტორიებს უამბობდა. ბოლოს ისიც შესთავაზა, მათ შვილებს ამ სკოლაში ესწავლა. სანამ ოპერატორი კადრებს იღებდა ერთ-ერთი ქალი მომიახლოვდა, მომესალმა და ხელი მაგრად ჩამომართვა. ყველა მათგანი ძალიან ჰგავდა სახეკუშტ, დაკვირვებულ კახელ დედაკაცს, მხოლოდ ერთი სხვაობით, ირანის მკაცრ მზეს მაინც უმოქმედია თაობებზე, სხვანაირად შავგვრემნები არიან. მე და ოპერატორმა ერთ-ერთი გოგონა გამოვარჩიეთ, ჯერ თარჯიმანი გვეგონა, თუმცა ფერეიდნელი აღმოჩნდა, 25 წლამდე, ულამაზესი პროფილითა და თვალ-წარბით. ოდნავ უფრო თამამად ეცვა და ძალიან ამაყი, თან მშვიდი მზერა ჰქონდა. ქართულ საუბარს თბილისში მცხოვრები ფერეიდნელი ნოკოლოზი უთარგმნიდათ. საოცრებაა, რომ საერთოდ შეუძლიათ ქართულად საუბარი. 400 წლის წინ ირანის ხრიოკ მთებში გადაკარგულმა ხალხმა ენა მაინც შეინარჩუნა, ენა და სახელები – შოთა, ამირანი, ალექსანდრე და ასე გადასცემენ თაობებს. ადგილობრივებს საოცარი თვალებით შემოგვქცეროდნენ. ქალებს სახე ებადრებოდათ და გვიღიმოდნენ. კაცები უფრო თავშეკავებულები არიან. გადაღებიდან წამოსული, მთელი გზა ვფიქრობდი, რომ ისინი ყველაზე ნაღდი ქართველები არიან, მიუხედავად სარწმუნოების შეცვლისა, მიუხედავად ყველაფრისა ისინი ყველაზე დიდი პატრიოტები არიან. საქართველოს სიყვარული მათთვის იმდენად წმინდათა წმინდა და ამაღლებულია, რომ ცისარტყელასავით შორეული და მიუწვდომელიც კი ეჩვენებათ.
მე ვაღიარებ, რომ არ ვარ პატრიოტი, არც იმის სურვილი გამაჩნია, ვირომანტიკოსო და წარსულ დიდებას მივტიროდე. პირადად ჩემთვის, საქართველოს ისტორიაში ბოლო საამაყო გვერდი 1989 წლის 9 აპრილს დაიწერა. მას შემდეგ არასოდეს მიამაყია საკუთარი ქვეყნით, არასოდეს მიფიქრია, რომ გამორჩეული ერი ვართ. მაშინ მხოლოდ ხუთი წლის ვიყავი, თუმცა მკაფიოდ დამამახსოვრდა ქაართველების ერთიანობა, მას შემდეგ გამომყვა და აქციები, მიტინგები და ბუნებრივი კატასტროფები მიყვარს, ყველაფერი ის, რაც ხალხის ერთსულოვნებას მაჩვენებს.
ვაღიარებ რომ ლაჩრები, გაუბედავები, გაუწონასწორებლები და მოღალატე სულის ადამიანები ვართ
ვაღიარებ, რომ ერთადერთ ისტორიულ რეალობად მგლისა და ძაღლების იგავი მიმაჩნია, ერთიანობა მხოლოდ დამპყრობლის წინააღმდეგ გამოგვდის, თუმცა ისიც ისე, ერთმა-ორმა მაინც რომ უნდა მიაშუროს მტრის ბანაკს.
ვაღიარებ, რომ ვიმსახურებ ასეთ ხელისუფლებას და ოპოზიციასაც, რადგან არაფრით არ ვარ უკეთესი, ნეპოტიზმი და კლანურობა ხომ ქართული ხასიათია – თუ არანათესაური ხარ, რაღა ქართველი ხარ?! თუ ძმაკაცს უპირობოდ არ უსრულებ ყველა სურვილს, მეგობრობის სადღეგრძელოც არ უნდა დალიო. ჰოდა რაღა გვინდა, ყველაფერი რიგზეა, ჩვენი ხელისუფლება ყოჩაღად და ნამდვილად ქართულად იქცევა. მეც ასე მოვიქცეოდი, რა პრობლემაა ვიღაც რეპორტიორს დაიჭერენ თუ სამარშუტო ტაქსებს გააძვირებენ, მთავარია
ჩემები მყავდეს კარგად
ვაღიარებ რომ 7 ნოემბერი და 26 მაისი მხოლოდ საკუთარი ლაჩრობისა და შიშის გამო დაგვამახსოვრდა და არ დაგვხსომებია 8 ნოემბერი და 27 მაისი, როცა შეგვეძლო ათჯერ მეტს მოგვეთხოვა სამართლიანობა და პასუხი იმ ადამიანების სიცოცხლისთვის, ვინც სპეც-რაზმელებს შეაკვდა.
ვაღიარებ, რომ შემეშინდა, რადგან ყველაზე დიდი საშინელება ის კი არ არის, როდესაც მტერი,დამპყრობელი უცხო გკლავს, საშინელებაა, როდესაც სპეცრაზმელი ბერბიჭაშვილი მოქალაქე ილიას კლავს, თანაც ისე, რომ მამელუქებისგან განსხვავებით ორივემ კარგად იცის, ამ ბედკრული, წარსულ დიდებას აყოლილი და მარაზმში გადავარდნილი ქვეყნის შვილები არიან.
ვაღიარებ, რომ სხვა დანარჩენი ტელე-ჟურნალისტების უმრავლესობის მსგავსად მეც მიშას ვემსახურები, არადა მეგონა მთავარი სიმართლე და ღმერთი იყო
ვაღიარებ, რომ ვერიდები ვთქვა სიმართლე, პირში მივახალო ჩემს ხელმძღვანელობას, რასაც ვფიქრობ ამ დამახინჯებულ ტელე-ჟურნალისტიკაზე და სამსახური უპირობოდ დავტოვო.
ვაღიარებ, რომ ვერ ვიტან ქართველების ვაჟკაცობასა და სიმამაცეზე საუბარს, რადგან არსად არ დამინახავს ჩემი ცხოვრების ბოლო 22 წლის განმავლობაში იგი.
მე ვაღიარებ, რომ ბოდიშის მოხდა მსურს ყველა ფერეიდნელისათვის, ვინც გაცისკროვნებული თვალებით მიყურებდა და ფიქრობდა, რომ ეს ის საოცნებო საქართველოა და მე ამ საოცარი ქვეყნის საოცარი შვილი ვარ. ვერ შეგინახეთ და ნურც ელოდებით ისეთ საქართველოს.
ვაღიარებ რომ უნიათო და ლაჩარი ვარ. ასე რომ არ იყოს, წერილობით აღიარებას არ დავჯერდებოდი, გამოვიდოდი და ვიტყოდი, რასაც ვფიქრობ. ვიტყოდი, როგორ შემოგვეპარა ხრწნა ყველგან და ყველაფერში და როგორ ვიტყუებთ თავს საკუთარი ერის მესიანისტური იდეებით გატაცებულები. თხამ რომ ვენახი შეჭამა და ამ ვენახს რომ მთელი ქვეყანა გადავაყოლეთ, ახლა კი საქართველოს ისტორიის შელამაზებულ ნარჩენებს ვკრეფთ და გავიძახით, რომ ასეთები და ისეთები ვყოფილვართ. მაშ სადღა გაქრნენ ის ქართველები?! არა, არც არასოდეს არსებულან. ჩვენ ის ქართველები ვართ, ერთი ათზე რომ მივდიოდით, მაგრამ საკუთარ მებატონეს თვალს ვერ ვუსწორებდით, ჩვენ ის ქართველები ვართ ცოლებს რომ გვიბახებდნენ, მაგრამ მაინც უღელშებმული ხარებივით ვეწეოდით ჭაპანს, ჩვენ ის ქართველები ვართ, რომლებსაც ყოველთვის ჭირდებოდათ ომში სარდალი, მშვიდობიანობისას მეფე, მამულში მებატონე. ჩვენ ასეთები ვართ და ამიტომაც არ შეგვიძლია გვქონდეს ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება, არ ველოდოთ ლიდერებს და არ წავიდეთ საეჭვო ოპოზიციონერების გამართულ მიტინგებზე. დღეს კი ცხვირში გვტენიან მომსახურების ახალ წესებს და ჩვენც მკლავზე ტილოგადაფენილები დავსრიალებთ და ვემსახურებით „ძლიერთა ამა ქვეყნისა“. რა მნიშნელობა აქვს რომელ სფეროში, კოსტაიას პერსონაჟს მაინც ყველგან შეხვდები. ყელში გვიჭერს, გვახრჩობს საკუთარი სიმდაბლისა და უსუსურობის შეგრძნება, თუმცა პროტესტის გაჩენის გარდა რომ გამოხატვაც საჭიროა, თუნდაც ჩაწიხვლის, ცემის, განადგურების ფასად, ამის გაცნობიერება კიდევ გვიძნელდება. დავდივართ საყდრებში, მონასტრებში, გვყავს მოძღვრები, ვწევრიანდებით ჯგუფებში „ჩვენ გვიყვარს ჩვენი პატრიარქი“, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგება, ღმერთიც გვავიწყდება და ქრისტეს ნაქადაგები სიკეთეცა და სიყვარულიც.
მე ვაღიარებ, რომ არ მიყვარს ასეთი საქართველო …“და თუ სიყვარული არ მაქვს, მთების დაძვრაც რომ შემეძლოს, არარა ვარ.“
http://opinion.ge/?p=4198