http://www.tribuna.ge/index.php?option=com...d=4031&Itemid=1გასული წლის განმავლობაში საქართველოში 12 ტერაქტი განხორციელდა. ამ ბრალდებით პასუხისგებაში 30 პირია მიცემული. ოფიციალური ვერსიით, ყველა ტერაქტს "რუსულ კვალთან" მივყავართ. საქართველოს მოქალაქე გოგიტა არქანია, რომელიც ამჟამად 30-წლიან სასჯელს თბილისში, გლდანის ციხეში იხდის, ხუთი ტერორისტული აქტის მომზადებასა და მონაწილეობაშია ბრალდებული, "Ъ"-ის კორესპონდენტთან მან სწორედ ამ თემაზე ისაუბრა.
***
დავიბადე 1979 წელს გალის რაიონში, სოფელ ჭუბურხინჯში. იქვე დავამთავრე საშუალო სკოლა. როცა აფხაზეთში, თითქმის 5 წლის განმავლობაში, ომი მიმდინარეობდა, ზუგდიდისა და წალენჯიხაში ნათესავების სახლში ვცხოვრობდი. 2005 წლამდე, ხშირად დავდიოდი ზუგდიდიდან სახლში და უკან ვბრუნდებოდი. 2005 წელს, ხელშეკრულებით, მუშაობა დავიწყე საქართველოს შეიარაღებული ძალების სენაკის ბრიგადაში და სახლში ჩასვლა შევწყვიტე. 7 თვე ვიყავი ერაყში. 2007 წელს ვმონაწილეობდი კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანის წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციაში - მამაცობისთვის გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ორდენიც მაქვს მიღებული. ეს ორდენი პირადად მინისტრმა ოქრუაშვილმა გადმომცა. 2008 წელს „სამხრეთ ოსეთში“ ომი დაიწყო, იქაც ვიბრძოდი და კანტუზიით დავავადდი.
2009-ში ხელშეკრულება დამიმთავრდა და გაგრძელება აღარ მინდოდა. მინდოდა უკეთესი სამუშაო მეპოვნა. მომწონს სამხედრო საქმე, ამიტომ დოკუმენტები შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცნაზში შევიტანე. იქ, ამგვარ განაცხადებებს ექვსი თვის განმავლობაში იხილავენ. ლოდინმა მომიწია. მთელი ამ დროს განმავლობაში თბილისში ჩემს ძმასთან ვცხოვრობდი. ყოფილი პოლიციელია. ახლა ისიც ზის, 6 წელი მიუსაჯეს, რადგან თითქოსდა ფარავდა ინფორმაციას ჩემსა და ჩემ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. მაგრამ სინამდვილეში მან არაფერი იცოდა.
2010 წლის დეკემბერში ჭუბურხინჯიში ჩემი ბიძა გარდაიცვალა. მე და ჩემი ძმა დაკრძალვაზე წავედით. რადგან ჩემი ძმა უკვე დიდი ხანი არსად მსახურობდა, თავისუფლად შეეძლო ენგურის ხიდის გავლა - მე კი უკანონოდ გავედი. სოფელ სობელიოსთან, ჩემი სოფლიდან მოშორებით, კარგი ადგილია, იქ პოლიციელები ცოტანი არიან და ყოველთვის ამ ზონაში ვკვეთდი საზღვარს. იქ ყველა ადგილი ვიცი და ხშირად ზამთარშიც გადავდიოდი.
- რატომ იფიქრეთ, რომ თქვენ ოფიციალურად არ შეგეძლოთ გადასვლა?
- ყოფილი სამხედრო ვარ, ვიბრძოდი „სამხრეთ ოსეთსა“ და კოდორის ხეობაში. ვიცოდი, რომ აფხაზები არ გამიშვებდნენ, და შეიძლება დავეპატიმრებინე კიდეც.
ჭუბურხინჯი ენგურის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან 7 კილომეტრში მდებარეობს. ჩვენს სოფელთან ახლოს რუსეთის სამხედრო ბაზაა განლაგებული - 500 მეტრში ჩემი სახლიდან. ამაღლებულ ადგილასაა გორაზე და სოფელს გადაჰყურებს. ბაზა ახალი არ არის, 1998 წლიდან არსებობს - მას შემდეგ, რაც 1996 წელს თავდასხმა მოხდა გალის რაიონზე, და იქიდან დაახლოებით 40 ათასი მოსახლე გაიხიზნა, რუსებმა იქ ბაზა გახსნეს.
ბიძაჩემის დაკრძალვის შემდეგ ჩემი ძმა თბილისში დაბრუნდა, ხოლო მე სახლში მშობლებთან დავრჩი. მონატრებული ვიყავი მშობლიურ ადგილებს, და ვიცოდი, რომ თუ სპეცრაზმში ამიყვანდნენ, იქ დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ მოვხვდებოდი.
- დარწმუნებული იყავით, რომ მიგიღებდნენ?
- დიახ, რადგან კარგად ვიყავი მომზადებული, გალიდან ვარ და კარგად ვიცნობ ტერიტორიას, ეს დიდი პლუსია. მე ეს სამსახური ძალიან მინდოდა.
ვიდრე მშობლებთან ვცხოვრობდი, უცხოს არავის შევუმჩნევივარ. მეგობრები და თანაკლასელები სახლში მოდიოდნენ, თავად არსად გავდიოდი. მერე უკვე დავიწყე ქუჩაში გასვლა. თუმცა ხალხმრავალ ადგილებში, მაგალითად, ბაზარზე, არ ვჩნდებოდი. მაგრამ ვიღაცამ მაინც შემამჩნია. ვფიქრობ, ეს სოფლიდან უნდა ყოფილიყო, ბაზის მშენებლობაზე მომუშავე, ყველა მათგანი რუსეთთან თანამშრომლობს. ექვსი თვე გავატარე იქ და სექტემბერში თბილისში ჩამოვედი.
- ისევე არალეგალურად, როგორც ჩახვედი?
- დიახ.
- ბევრი აკეთებს ასე?
- ყველა მკვიდრმა იცის ეს გზები.
- ასეთი დაუცველი საზღვარია?
- იქ საზღვარი ვრცელია, ყველგან ვერ დააყენებ მცველებს.
დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში მობლურზე უცხო ნომრიდან დამირეკეს. ეს იყო კოჭოია, ჩემი მეზობელი ჭუბურხინჯიდან. ჩვენ ერთად ვსწავლობდით.
- ეს მისი ნამდვილი სახელია?
- არა, მისი სახელია მერაბ ყოლბაია, მაგრამ მას ყველა კოჭოიას მეტსახელით იცნობს. მას ძალიან კარგად ვიცნობდი. მითხრა: "ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა, მაგრამ შენს მშობლებს შენს გამო შეიძლება პრობლემები შეექმნათ. რუსებმა გაიგეს, რომ აქ იყავი. უნდა ჩამოხვიდე”.
- მან არ გითხრათ, საიდან გაიგეს რუსებმა თქვენს შესახებ?
- არა. არანაირი კონტაქტი უცხო პირებთან არ მქონია. მშობლებთან ყოფნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გავიარე ფეხით სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე.
- რატომ დაიჯერეთ, რომ მერაბი სიმართლეს გეუბნებოდათ?
- გალში ბევრი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ნათესავები იბრძოდნენ. ან ადრე, ან - ახლა. ამ ადამიანებს ზოგჯერ ადგილობრივი პოლიცია ფულს ართმევს და ზოგჯერ აკავებენ კიდეც, რათა მერე გაცვალონ, მათში ვინც აფხაზებს ან რუსებს სჭირდებათ. ეს ხშირად ხდება. შემეშინდა, ჩემი მშობლების გამო, ისინი მოხუცები არიან. მეორე დღეს ჩავედი ზუგდიდში. ზუგდიდიდან მარშრუტკით, იმ ადგილამდე მივედი, საიდანაც შემდეგ საზღვარს ვკვეთდი. ჭუბურხინჯთან ახლოს არის დასახლება სობელიო, სადაც მე და მერაბი შეხვედრაზე შევთანხმდით. დამინახა თუ არა მითხრა: „ძალიან ცუდადაა საქმე“. ვკითხე: „ვინ მოკვდა?“ უკვე დავინახე, რომ მერაბი მარტო არ იყო. გვერდზე ხეს ამოფარებული რუსულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კაცი დავინახე. მოშორებით გზაზე, სამხედრო უაზი იდგა, რომელშიც მძღოლი და ავტომატიანი მამაკაცი იჯდა. შემეშინდა. ვიფიქრე, რომ ჩემს დასაპატიმრებლად მოვიდნენ. გაქცევა მინდოდა, მაგრამ მერაბმა მითხრა: ”ნუ გეშინია, უბრალოდ შენთან ლაპარაკი უნდათ”. ყოველი შემთხვევისთვის, ფეხებთან დავიხედე და რამდენიმე დიდი ქვა დავინახე, დაწყნარდი, ვიფიქრე, რაღაცნაირად გაქცევას მაინც მოვახერხებდი. მერაბმა მაიორს დაურეკა და მოგვიახლოვდა, ხელი გამომიშვირა და მითხრა: „ჟენია“. ეს ევგენი ბორისოვი იყო.
- მან თავად თქვა თავისი სახელი და გვარი?
- არა, მან მხოლოდ სახელი თქვა. მისი გვარი, მოგვიანებით, სოფელში ახლობლებისგან გავიგე, ყველას იცნობენ იმ ბაზიდან. ბორისოვი სულ 4-ჯერ მყავს ნანახი, მეხუთედ უკვე თბილისში ფოტოზე ვნახე, როცა გამომძიებელმა მაჩვენა.
”ჟენიამ” მითხრა: "მოდი, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ." ვკითხე: "ვინ ხართ? მე თქვენ არ გიცნობთ". მან მიპასუხა: ”სამაგიეროდ, მე გიცნობ”. აგრესიული იყო. მითხრა, რომ იცოდა, რომ სენაკის ბაზაზე ვმსახურობდი, ოცოდა ერაყისა და კოდორის ამბები. ”ვიცი, რომ ცხინვალის ომშიც იღებდი მონაწილეობას, მე კი იქ ძმა დამეღუპა”. ვუთხარი: ”იქ ჩემი მეგობრებიც დაიღუპნენ, ეს ხომ ომი იყო”. მაგრამ ამის განხილვა აღარ ისურვა. მითხრა: ”შენი მშობლები, და და ნათესავები აქ ცხოვრობენ, მე შემიძლია ისინი დავხოცო, თუ ერთ დავალებას არ შემისრულებ”.
ვკითხე, საიდან ჰქონდა ჩემს შესახებ ინფორმაცია და მითხრა, რომ, როცა ომის შემდეგ, „სამხრეთ ოსეთში“ სენაკის ბაზაზე შევიდნენ, დოკუმენტები აიღეს და ინფორმაცია აქვთ ბევრ ჩვენს სამხედროზე.
ვუთხარი: "მე ჯარისკაცი ვარ, ამიტომ თუ მე თქვენთვის რამეს გავაკეთებ, ღალატი იქნება”. მიპასუხა: ”ნუ გეშინია, მსხვერპლი არ იქნება, შენი ხალხი არ დაშავდება. ამერიკის საელჩოათან უნდა დადო ბომბი”.
- ვკითხე, იქ როგორ მოვხვდებოდი.
- მითხრა: ”შიგნით შესვლა არ არის საჭირო, ერთი ბომბი ღობესთან დადე, მეორე კი შიგნით გადააგდე, თავად წამოდი, 15 წუთის შემდეგ აფეთქდება. მე კმაყოფილი ვიქნები, და ჩემს შესახებ აღარასოდეს გაიგებ. შენი ახლობელები კი უსაფრთხოდ იქნებიან”. უარი ვთქვი. მეშინოდა, ვინმე არ დაღუპულიყო. მითხრა: ”ვერ გავიგე, შენთვის ამერიკელები უფრო ძვირფასია, ვიდრე შენი ნათესავები?” მივხვდი, რომ მახეში გავები. მითხრა, რომ მისიანი გამომყვებოდა და გასვლაში დამეხმარებოდა, მაგრამ გამაფრთხილა, რომ არც კი მეფიქრა მშობლების იქიდან გამოყვანაზე. დაამატა: ”მე თვალყურს ტელევიზორით გადევნებ, და თუ ამ აფეთქებას აჩვენებენ, მაშინ მე შენ თავს დაგანებებ”.
- რომელ არხზე უნდა ეჩვენებინათ?
- ვფიქრობ, საქართველოში. გალში ყველა ქართულ არხს აჩვენებს.
- რამდენი ხანი ესაუბრეთ ”ჟენიას“?
- დაახლოებით ნახევარი საათი. მე დავიჯერე, რომ ის გააკეთებდა, რასაც დამპირდა. იქ ხალხი დაუცველია და ამიტომ დავთანხმდი.
- თქვენს მეგობარ მერაბს არაფერი უთხარით? მან არ გაგყიდათ?
- მერაბზე არ ვბრაზობ. ის თავად არ მისულა ბაზაზე და არ ჩავუშვივარ. სამხედროები მასზე თავად გავიდნენ. ისიც წამოეგო.
- რა მოხდა მას შემდეგ, რაც დავალება მიიღეთ?
- დავბრუნდი ზუგდიდში და იქ დაველოდე. მეორე დღეს მოვიდა მერაბი. ხელში სპორტული ჩანთა ეკავა, რომელშიც ორი ცალი ასაფეთქებელი მოწყობილობა იდო.
- მან ეს გამშვები პუნქტის გავლით გამოიტანა?
- არა, ისიც ჩემი გზით წამოვიდა.
- როგორ გამოიყურებდა ეს ასაფეთქებელი მოწყობილობა?
- ეს იყო 2-ლიტრიანი წვენის პაკეტები, პლასტმასის ხუფები, შიგნით იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამონტაჟებული. გამომძიებელმა შემდეგ მითხრა, რომ „გეკსოგენი“ იყო, მე არ ვიცოდი რა იყო შიგნით.
ბორისოვმა მერაბს $ 200 მისცა გზისთვის, ფული გადავახურდავეთ და თბილისში მარშრუტკით წამოვედით.
- ბომბებით ხელში?
- ჩვენ ისინი მაღლა თაროზე შემოვდეთ.
- 200 დოლარის მეტს არაფერს შეგპირდნენ?
- არა.
- მაგრამ გავიგე, რომ თქვენ სწორედ იმ დროს მანქანა იყიდეთ.
- ეს დაემთხვა. ადრე მყავდა მანქანა, გავყიდე და BMW ვიყიდე. ცხინვალის ომის შემდეგ, რადგან გაადავრჩი, ბიძაჩემი მანქანის ყიდვაში დამეხმარა და ვიყიდე BMW – 90 წელს გამოშვებული. მაგრამ არ დავდიოდი რადგან მართვის მოწმობა არ მქონდა. როცა მივხვდი, რომ ბორისოვი თავს არ დამანებებდა, და მისი ახალი დავალებების შესრულება მომიწევდა, დავიწყე ჩემი მანქანით სიარული. დავდიოდი მოწმობის გარეშე, გაჩერების შემთხვევაში ვადაგასულ სამხედრო მოწმობას ვუჩვენებდი ხოლმე.
- რა მოხდა ამერიკის საელჩოსთან?
-მერაბთან ერთად დიდუბეში მივედით, სადაც ავტობაზრობაა, იქვეა ამერიკის საელჩოც. დაბნელებას დაველოდეთ. საელჩოსთან, სანაგვე ყუთებთან მივიპარეთ, შემდეგ რომელიღაც შენობის კედლის გაყოლებაზე მივხოხავდით, ჩვენ დაცვის მოტყუებაც კი შევძელით, ვერ შეგვამჩნიეს, და აი ასე კედელთან ერთი ბომბი დავდეთ.
- იქ უნდა დაგედოთ ბომბი?
- დარწმუნებული არ ვარ. ჩვენ ვერ გავარკვიეთ სად იყო იქ საელჩოს შენობა, იქ რამდენმე შენობა იდგა. მეორე კი ღობის იქით გადავაგდეთ. შემდეგ წამოვედთ. 15 წუთის შემდეგ, როგორც ბორისოვმა თქვა, აფეთქებაც მოხდა.
ვფიქრობდი, რომ ბორისოვი თავს დაგვანებებდა. თბილისში დავრჩი, მერაბი კი ზუგდიდში წავიდა. მშობლებს დავურეკე და მოვიკითხე. მითხრეს, რომ ყველაფერი კარგად იყო. მივხვდი, მათ არაფერი იცოდნენ. მესამე დღეს მერაბმა დამირეკა და მითხრა: „ჩამოდი, ბორისოვს შეხვედრა უნდა“. წავედი. ჩვენ აფეთქებიდან 5 დღის შემდეგ შევხვდით. ვუთხარი, რომ დავალება შევასრულე და ერთმანეთს დავცილებოდით ისე, თოთქოს არც ვიცნობდით. თავი გააქნია მითხრა: ”ჯერ არ დასრულებულა, შენ 5 მსგავსი საქმე უნდა გააკეთო, თუ დამალვას გადაწყვეტ, პოლიციაში დავრეკავ და ვეტყვი, რომ ამერიკის საელჩო შენ ააფეთქე”.
ვუთხარი: ”თუ მეტროს აფეთქებას დამავალებ, ამას არ გავაკეთებ, თუნდაც მთელი ჩემი სოფელი გაწვიტო”. მიპასუხა: ”არა, მე არ მინდა, რომ შენ ხალხს კლავდე, უბრალოდ, საჭიროა, შენობებთან მოხდეს აფეთქებები - პანიკის დასათესად”. ვკითხე, თუ ვის სჭირდებოდა ეს. რაზეც მიპასუხა, რომ ზემოდან იყო დავალება. ვფიქრობდი, რატომ ამომარჩია მე ამ საქმისთვის. შეეძლო სხვაც მოენახა, მაგალითად გალში. ალბათ, იმიტომ, რომ სამხედრო მომზადება მქონდა. ყველა ვერ შეასრულებდა მის დავალებას.
- ყველა დავალებას თავად გაძლევდათ?
- დიახ.
- და ყოველთვის გალის რაიონში ხვდებოდით მას?
- დიახ, მხოლოდ იქ.
- და ფულს ყოველ ჯერზე გაძლევდათ?
- დიახ, ყოველ ჯერზე 200 დოლარს გვაძლევდა. გზისთვის და ჯიბის ფულად.
- საგდურზე სად უნდა დაგეტოვებინათ ბომბი?
- ბორისოვმა მითხრა, რომ მე -3 სართულზე საპირფარეშოში უნდა დამედო. ვიცოდი, რომ იქ ყოველთვის ბევრი ხალხი იყო. როცა დაბნელდა, მერაბთან ერთად ვაგზალზე მივედი. არ მინდოდა, ხალხი დაშავებულიყო, ამიტომ გადავწყვიტეთ ღამეს დავლოდებოდით. დაბლა, ვაგზლის ქვემოთ, სავაჭრო ცენტრია, ღამით იკეტება. მესამე სართულზე კი სალაროები მთელი ღამე მუშაობენ, იქ ყოველთვის არის ხალხი. დრო ჯერ კიდევ ბევრი გვქონდა, ვნერვიულობდი, რადგან თან ორი დიდი ჩანთა გვქონდა და შესაძლებელი იყო, ვიღაცის ყურადღება მიგვეპყრო. ამიტომ, ჩემს მეგობარ ჯონისთან წავედით, ის ახლოს ცხოვრობს. მე და ჯონი ერაყში ერთად ვმსახურობდით. ყველაფერი მოვუყევი და დახმარება ვთხოვე. მითხრა: „თუ ისინი შენს მშობლებს ემუქრებიან, ცუდადაა საქმე”. ნება დამრთო ერთი ჩანთა მასთან დამეტოვა. ერთი ჩანთა მასთან დავტოვეთ და სადგურში წავედით.
- და თქვენ არც კი იფიქრეთ, რომ მეგობარს საფრთხეს უქმნიდით? იცოდით, მას რა ემუქრებოდა?
- იმ დროს ამაზე არ მიფიქრია. ვნერვიულობდი. ვფიქრობდი, რომ ამ ბომბებით დამიჭერდნენ. მეშინოდა, არ ვიცოდი, როდის აფეთქდებოდნენ ისინი. ჩემთვის მთავარი იყო ბომბები დროზე ადრე არ აფეთქებულიყვნენ. ჯონი სამხედროა და იცოდა, როგორ შეენახა.
- და საბოლოოდ ისიც დააპატიმრეს?
- დიახ, მას 30 წელი მისცეს, მის მეუღლეს კი - 15.
- აფეთქდა ბომბი სადგურში?
- დიახ, მაგრამ იქ არა. საპირფარეშოში ბომბი არ შევიტანე. ამ სადგურის ახლოს, ბორჯომის პატარა რკინიგზის სადგურია. იქ დღეში რამდენიმე ”ელექტრიჩკა” დადის, და ღამით ხალხი არ არის. ჩავედი ამ სადგურის მიწისქვეშა გადასასვლელში და ბომბი სანაგვე ყუთში ჩავდე. შემდეგ ჩავჯექი მარშრუტკაში და ზუგდიდში წავედი.
- რომელი საათი იყო?
- 21:30 იყო როცა ბომბი დავდე. 22:00 ის აფეთქდა, და 22:15 მე უკვე მარშრუტკაში ვიჯექი და ზუგდიდში მივდიოდი. ამ აფეთქების შესახებ ბორისოვმა ტელევიზიით გაიგო. მერაბს უთხრა, რომ არ თვლიდა ამ შესრულებულ სამუშაოს, რადგან ჩვენ შევთანხმდით, რომ ორი აფეთქება ერთდორულად მოხდებოდა, ”იმედთან” და სადგურზე. მერაბმა გადმომცა მისი დანაბარები და ისევ თბილისში წამოვედი. ჯონისთან მივედი, გამოვართვი ჩანთა, ჩავდე შავ პაკეტში და ”იმედის” შესასვლელთან ბუჩქებში დავტოვე. ვიფიქრე, რომ ასეთ ადგილას აუცილებლად მიაგნებდნენ და ტელევიზიით აჩვენებდნენ, მაგრამ მეშინოდა ვინმე არ დაშავებულიყო. ამიტომ, კაბელი გამოვაძრე, და იმის მაგივრად რომ ჩამრთველი ორჯერ გადამეტრიალებინა, მხოლოდ ერთხელ გადავატრიალე. ის არ აფეთქდა. სამი თვის შემდეგ დამაპატიმრეს, მე მათ ეს ადგილი ვუჩვენე, ხალხი გაიყვანეს და გამნაღმველებმა ბომბი ააფეთქეს.
მომდევნო დღეს გალში წავედი. მდინარე გადავიარე, შევხვდი ბორისოვს. მითხრა, რომ არაფერი უნახავს ”იმედის” აფეთქებასთან დაკავშირებით. ვუთხარი, რომ სპეციალურად არ აჩვენებენ. არ დამიჯერა. ის „მარყუჟები“ ვაჩვენე, რომელიც ბომბს მოვხსენი. ვუთხრაი, რომ აფეთქების შესახებ თბილისში მალავდნენ ინფორმაციას. მეგონა ამის შემდეგ უკვე ნამდილად შემეშვებოდა. ეს ოქტომბერში მოხდა. თბილისში წამოვედი დაწყნარებული. ნოემბერში წალენჯიხაში, ზუგდიდთან ახლოს, ქორწილი იყო, ნათესავები წავიყვანე. ქორწილის შემდეგ რამდენიმე დღით ნათესავებთან დავრჩი. შემდეგ ისევ მერაბმა დამირეკა და მითხრა სობელიოში მივსულიყავი. გადავედი, მერაბი მარტო იყო. ორი ჩანთა მოიტანა, და მითხრა, რომ ეს უკვე ნამდვილად საბოლოო იქნებოდა. ერთი ბომბი, დასახლებულ ადგილას, სუპერმარკეტთან უნდა აფეთქებულიყო, მეორე კი ლეიბორისტების პარტიის ოფისთან. ძალიან გავნერვიულდი, რადგან ასეთ ადგილას ყოვეთვის ბევრი ხალხია. წასასვლელი აღარსად მქონდა. მე და მერაბმა ჩანთა მდინარეზე გადავიტანეთ და ზუგდიდამდე მარშუტკით ჩავედით. შემდეგ ეს ჩანთები მანდარინით გამოვტენეთ და ჩავაბარე ბარგში, შევუთანხმდი მძღოლს, რომ თბილისში ჩემი მეგობარი დახვდებოდა და წაიღებდა.
- თან რატომ არ წაიღეთ?
– ჩემი მანქანით ამ ჩანთების ტარების უკვე მეშინოდა, მართვის მოწმობა არ მქონდა. და თუ საპატრულო პოლიცია აღმოსავლეთში ჩემი სამხედრო მოწობის გამო პრობლემებს არ მიქმნიდა, შესაძლებელი იყო, დასავლეთში ამ საბუთზე მომდავებოდნენ და მანქანა გაეჩხრიკათ, ამიტომ გავატანე მარშუტკის მძღოლს. გავაფრთხილე, რომ შიგნით მინის ნივთი იყო და ახლოს სხვა ჩანთებთან არ დაედო. ჯონს მესიჯი მივწერე, რომ ჩანთებს დახვედროდა თბილისში. დახვდა.
მე და მერაბი ჩამოვედით, ავიღეთ ჩანთები და გვიან ღამით, მსხვერპლი რომ არ ყოფილიყო, მივედით ლეიბორისტების ოფისთან.
- იცით, ვინ არიან ისინი?
- არა, პოლიტიკა არ არის ჩემი საქმე. მაგრამ თუ შალვა ხვალ პრეზიდენტი გახდება, ნამდვილად მომკლავს.
ერთი ჩანთა პირველი სართულის ფანჯრებთან დავდეთ. იქ თურმე 5 დღით ადრე, ახალი კამერები დაუმონტაჟებიათ, მე ეს არ ვიცოდი.
როცა, გამომძიებელმა ვიდეოჩანაწერი მაჩვენა, მივხვდი, როგორ მიპოვნეს. ყველაფერი კარგად ჩანდა – როგორ დავდე ბომბი, შემდეგ როგორ ვეწეოდი სიგარეტს და თან ჯონის ვურეკავდი.
ჩანთა დავტოვე და მუხიანში წავედი, მერაბთან ერთად ვიპოვნეთ სუპერმარკეტი, შესასვლელთან რაღაც ცარიელი ყუთი იდო, ამ ყუთში ჩავდეთ ჩანთა, რომელშიც ბომბი იდო. მოწყობილობა სამი ნწაილისგან შედგებოდა. აფეთქებამდე სამივე ნაწილი ერთმანეთზე უნდა დაგედო და მერე სამივე მოგეყვანა მოქმედებაში. ჩვენ მხოლოდ ერთი მოვიყვანეთ მოქმედებაში, რათა აფეთქების ძალა ნაკლები ყოფილიყო. ბოლო დროს ბორისოვი, ასეთი მექანიზმის ბომბებს გვაძლევდა, და ჩვენ ყოველთვის მხოლოდ ერთი ნაწილი მოგვყავდა მოქმედებაში. ამ შემთხვევაშიც ასეც მოვიქეცით, დანარჩენი ორი ნაწილი კი ჯონისთან წავიღეთ.
- რატომ?
- გვეგონა, თუ ბორისოვი დავალებას ისვე მოგვცემდა, მაშინ ზუგდიდიდან ბომბების თრევა აღარ მოგვიწევდა. მერე, უკვე როცა დამაპატიმრეს, გამომძიებელმა მითხრა, რომ სამივე მოწყობილობა რომ მოგვეყვანა მოქმედებაში, იქვე ავფეთქდებოდით, რადგან ამ ტიპის ბომბს ნულოვანი დრო ჰქონდა და სწრაფად ამოქმედდებოდა.
28 ნოემბერს გავიგე, რომ ღამით ლეიბორისტების ოფისთან ბომბი აფეთქდა, და იქ ქალი დაიღუპა. მას საკუთარ სახლში ეძინა, იმავე სახლში, სადაც ლეიბორისტების ოფისია, და მინის ნამსხვრევი გულში მოხვედრია. ძალიან შევწუხდი. არ მეგონა, რომ ეს შესაძლებლი იყო მომხდარიყო. ღამე იყო, გარეთ ხალხი არ იყო, ქალი კი დაიღუპა. იმ დღეს გალში წავედი მშობლებთან. მერაბი ბორისოვთან წავიდა ბაზაზე. როცა დაბრუნდა მერაბმა მითხრა, რომ ბორისოვი სოხუმში იყო და ერთ კვირაში დაბრუნდებოდა, უნდა დავლოდებოდით. ვფიქრობდი, რომ ის უკვე ჩვენ გაგვისწორდებოდა, რადგან ბევრი რამ ვიცოდით. თბილისში დაბრუნება გადავწყვიტე – ოფიციალური საზღვრის გადაკვეთით. ასე რატომ მოვიქეცი, არ ვიცი. ზამთარი იყო, არ მინდოდა წყალში დავსველებულიყავი. სოფელ ფახულასნისთან ამიყვანეს პოლიციელებმა. როცა ჩემი პასპორტი ნახეს, პოლიცია გამოიძახეს. ისინი ნიღბებით მოვიდნენ და თბილისში წამიყვანეს. მერე გავიგე, რომ ლეიბორისტული პარტიის კამერებით დაუფიქსირებივარ. შეამოწმეს სატელეფონო ზარები. ზარების მეშვეობით ჯონიზეც გავიდნენ, მისმა მეუღლემ დამირეკა და მითხრა, რომ ახალ სახლში უნდოდათ გადასვლა, ამიტომ უნდა მივსულიყავი და ჩანთა წამეღო. ასე, რომ ეს საზღვარიც რომ არ გამევლო, მაინც დამაკავებდნენ.
ეს იყო შარშან, დეკემბერში. მალე სპეცრაზმმა მერაბი გალში დააკავა. მასაც 30 წელი მიუსაჯეს. ჯონი აბულაძეც აიყვანეს. ამ საქმეში 15 კაცია. მხოლოდ ორი არ დაუკავებიათ, ბორისოვი და ცხადაია. ცხადაია გალიდანაა. ამბობენ, რომ ის რუსეთის აგენტი იყო. ჩემი ძმა და რძალიც დააკავეს. რძალი გამოუშვეს, ძმას კი 6 წელი მიუსაჯეს. ვიმედოვნებ, რომ მას ადრე გაუშვებენ, რადგან მართლა არაფერი იცოდა ჩემ შესახებ. მას რომ დანაშაული ეღიარებინა, პირობითს მიუსჯიდნენ. მაგრამ არ აღიარა.
- რატომ გაასამართლეს, თუ მართლა არაფერი იცოდა?
- ამბობენ, რომ არ არსებობს, საკუთარ ძმას არაფერი სცოდნოდა. მაგრამ მან მართლა არ იცოდა.
-დასახმარებლდა რატომ მიმართეთ მეგობრებს და არა ძმას?
- ის სიმართლის მოყვარულია. მაიძულებდა, მაშინვე მეღიარებინა და ჩავბარებოდი. მე კი მშობლების გამო მეშინოდა.
- ახლა არ გეშინიათ?
- ახლა – არა. ეს საქმე უკვე საქვეყნოდ ცნობილია. თუ ჩემს მშობლებს რამე დაემართებათ, ეცოდინებათ, ვინ გააკეთა ეს. ამიტომ ვერ გაბედავენ ხელის ხლებას.
- რატომ მოგისაჯეს ამდენი, თქვენ ხომ ითანამშრომლეთ გამოძიებასთან?
- შეეძლოთ, უვადო მოესაჯათ. მაგრამ რადგან ვაღიარე, 30 წელი მომცეს. რა თქმა უნდა, მათ არ გაითვალისწინეს, რომ ვიბრძოდი, რომ ორდენებიც მაქვს და არ მინდოდა რომ მსხვერპლი ყოფილიყო. მათ იციან რომ აგენტი არ ვიყავი. იციან, რომ მაიძულეს ამის გაკეთება. ამიტომ აქ კარგად მექცევიან.
- კარგად - ეს როგორ?
- ნებართვა მაქვს სიგარეტზე, რადიოზე და ნარდზე.
- რამდენი ხართ კამერაში?
- ორნი.
- ახლა, როცა ამას იხსენებთ, ხვდებით, რომ შეგეძლოთ სხვანაირად მოქცეულიყავთ?
- არსებობს ძველი ქართული ანდაზა: როცა ურემი გადაბრუნდება, გზაც მაშინ გამოჩნდებაო. ახლა დრო მაქვს ფიქრისთვის. ადრე კი წინ და უკან დავდიოდი. სულ პანიკაში ვიყავი. მშობლებზე ვდარდობდი. ყოველ წუთს აფეთქებას ველოდი.
- და რაზე ფიქრობთ ახლა?
- ალბათ, უნდა გამერისკა და პოლიციაში წავსულიყავი. . .
- რატომ არ გავაკეთ ეს? თქვენ ახლობლებს ხომ გამოიყვანდნენ იქიდან?
- ჩემი მშობლებიც რომ გამომეყვანა, იქ 8 ოჯახი ჩემი ნათესავია, მათ ვერავინ დაიცავდა. მე მართლა არ მინდოდა რომ მსხვერპლი ყოფილიყო.
- ვინ არის დამნაშავე? თქვენი მეგობრები? ბორისოვი? თუ თქვენ თვითონ?
- ბორისოვი, რა თქმა უნდა, არის დამნაშავე. საკუთარ სახლში არ მასვენებდა. დამნაშავეა ის ადამიანიც, რომელმაც მე დამასმინა. თუმცა მე ყველაზე მეტად ვარ დამნაშავე. მქონდა არჩევის შესაძლებლობა...