"გეოპოლიტიკა" – საქართველო: ახალი რევოლუცია, გადატრიალება თუ არეულობა?
დამოუკიდებლობის პირველმა ათწლეულმა საქართველოს ლიბერალური დემოკრატია ვერ მოუტანა და ის ამის მიღწევას ახლა რევოლუციური გზით ცდილობს , - წერს ლიტვური გაზეთი "გეოპოლიტიკა". სტატიის ავტორი მარიუს ემუჟისი წერს, რომ "ვარდების", "ნარინჯისფერმა" და "ტიტების" რევოლუციებმა ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნები მოიცვა, თუმცა მისმა ლიდერებმა ვერ შეძლეს მიეღწიათ პოლიტიკური ან ეკონომიკური სახელმწიფო სტაბილურობისთვის.
სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ორი მსხვილი საპროტესტო აქცია ჩატარდა.
როგორც ავტორი აღნიშნავს, მაისში გამართული მორიგი აქცია და მისი დაშლა კი ქვეყნის პოსტრევოლუციურ ისტორიაში უკვე მეორე იყო.
"ოპოზიციის მასობრივი პროტესტი ჯერ კიდევ 2007 წელს დაფიქსირდა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დასრულდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ხელკეტები და წყლის ჭავლი გამოიყენა. მიხეილ სააკაშვილმა მაშინ თანამდებობიდან გადადგომაზე უარი თქვა, თუმცა, 2008 წლის იანვარში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას დათანხმდა. ასე მან პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის ვადა შეიმცირა. ეს გაბედული ნაბიჯი იყო. საბოლოოდ მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა, ხმების 53%-ით. საქართველომ "ვარდების რევოლუციის" ლიდერს ზურგი არ აქცია. თუმცა, 2004 წლის 96%-იან შედეგთან შედარებით უკანასკნელი შედეგი არც ისე შთამბეჭდავად გამოიყურებოდა", - წერს ავტორი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ 2007 წლის ნოემბრისა და 2011 წლის მაისის მოვლენები მსგავსია. როგორც ავტორი წერს, ორივე შემთხვევაში პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ და ორივეჯერ დემონსტრანტებს პოლიცია გაუსწორდა. თუმცა, მისი თქმით, 2007 წელს პრეზიდენტი დათმობაზე წავიდა, წელს კი პროტესტი უშედეგო იყო (მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეები აღჭურვილნი იყვნენ ხელკეტებით, რომლებსაც თითქოს "თავდაცვისთვის" იყენებდნენ).
როგორც ჟურნალისტი წერს, საპროტესტო აქციის დაშლის მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ მისმა მონაწილეებმა ნებადართულზე მეტხანს დარჩენა გადაწყვიტეს თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე, სადაც მეორე დღეს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება უნდა გამართულიყო.
"გადანაცვლების შეთავაზებაზე უარის მიღების შემდეგ, პოლიციამ ადგილის "გასუფთავება" დაიწყო. შედეგად დაშავდა 40-მდე და დაიღუპა ორი ადამიანი (მათგან ერთი პოლიციის თანამშრომელი). მათი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ავტომობილი დასახელდა, რომელმაც პროტესტის ადგილიდან "რევოლუციის დასაწყისის" გამომცხადებელი, ოპოზიციის ლიდერი ნინო ბურჯანაძე წაიყვანა. რა მოხდა საბოლოო ჯამში? ნიშნავს თუ არა საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმას, რომ "ვარდების რევოლუციის" იდეალები წარსულში დარჩა? იწყება "ვარდების" საპირისპირო, "ვერცხლისფერი" რევოლუცია? თუ ეს არის გარე ძალების მიერ ჩაფიქრებული განუხორციელებელი გადატრიალება?", - კითხულობს სტატიის ავტორი და თავადვე პასუხობს.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველო დემოკრატიულ სახელმწიფოდ გამოიყურება, მისი დემოკრატიის ხარისხი უკეთესის სურვილს ისევ ტოვებს.
ავტორი წერს, რომ ადამიანის უფლებებზე დაკვირვების შედეგად დამკვირვებლები ამბობენ, რომ საქართველოში "რეპრესიული დემოკრატიაა".
მისი თქმით, ქართული მედიასაშუალებების დიდი ნაწილი სახელმწიფოს მიერ კონტროლდება, თუმცა, ნებადართულია ოპოზიციური მედიაც. მაგალითად ავტორი ტელეკომპანია "მაესტროს" ასახელებს და აღნიშნავს, რომ ის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ეკუთვნის.
"რეპრესიული დემოკრატია" არ არის ის, რისკენაც "ვარდების რევოლუცია" ისწრაფვოდა. თუმცა, ვარდი ურთიერთგამომრიცხავი ყვავილია. ხომ არ შეცდა მიხეილ სააკაშვილი რევოლუციის სიმბოლოს არჩევაში? თუმცა, ახალგაზრდა ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიის გამოცდილება არ აქვს, რთულია რამდენიმე წელიწადში წარმატებული ეკონომიკის მქონე ეფექტურ ლიბერალურ სახელმწიფოდ გარდაიქმნას. მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობაში ჯერ ისევ პოპულარობით სარგებლობს და ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებმა მას ზურგი არ აქციეს. საპროტესტო აქციების მონაწილეები არა ახალგაზრდები, არამედ უფროსი ადამიანები არიან. მათ დიდ ნაწილს საბჭოთა წარსულის ნოსტალგია აქვს და სწორედ მათი ჭაღარა თმიდან მომდინარეობს სახელწოდება "ვერცხლისფერი რევოლუცია", - აღნიშნავს ავტორი და დასძენს, რომ ახალგაზრდებს შევარდნაძის დროინდელ კორუფციულ ცხოვრებაში დაბრუნება არ სურთ.
გარდა ამისა, ჟურნალისტის თქმით, ოპოზიციას პროგრამებთან დაკავშირებითაც სერიოზული პრობლემები აქვს.
შესაბამისად, ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ "ვარდების რევოლუციის" იდეალების კრახზე საუბარი რთულია.
"საქართველოს ხელისუფლებას პოპულარული ზომების მიღების შესაძლებლობაც აქვს რაც სოციალურ აფეთქებას აღკვეთს – მათ შორის სექტემბრიდან გაიზრდება პენსიები და სოციალური გარანტიები, დაიწყება რეფორმები შსს-სა და ჯარში. რეალური ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილს ჰყავს, მაგრამ ის ფრაგმენტულია. მისი რადიკალური ფრთა ახალი რევოლუციის მომხრეა, ზომიერი ნაწილი კი უახლოეს არჩევნებს ელოდება. თუმცა, სანამ ოპოზიცია არ გაერთიანდება და ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერას არ მოიპოვებს, მისი ეპიზოდური პროტესტი უბრალო არეულობებად დარჩება და იქნება გარე ძალების მიერ ორგანიზებული შეთქმულების თეორიის საფუძველი", - აღნიშნულია სტატიაში.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...u-areuloba.html This post has been edited by forumeli64 on 26 Jul 2011, 21:58
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...