merk13
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5457
წევრი No.: 126841
რეგისტრ.: 1-February 11
|
#26626295 · 25 Jul 2011, 18:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქეიფი და დროსტარება ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის მუზეუმში 17:04 25.07.2011
[გელა მთივლიშვილი ] კახეთის საინფორმაციო ცენტრი
ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის მუზეუმი, გურჯაანში, შალიკაშვილების დიდი პაპის მიერ 1830 წელს აშენებულ სახლში, 2001 წლიდან ფუნქციონირებს. მუზეუმის გახსნას ძმები ოთარ და ჯონ შალიკაშვილებიც ესწრებოდნენ. ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილმა მუზეუმს საკუთარი ნივთები და სამხედრო ტანსაცმელიც უსახსოვრა. მუზეუმის შენობის პირველი სართული ამჟამად სამწვადედ არის ქცეული.
ტელეკომპანია სი-ენ-ენის ინფორმაციით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილი 75 წლის ასაკში 23 ივლისს გარდაიცვალა. აღნიშნულ თანამდებობაზე შალიკაშვილი ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას, 1993-დან 1997 წლამდე მუშაობდა.
წარმოშობით ქართველი ივანე შალიკაშვილი (ჯონ შალიკაშვილი) 1936 წელს პოლონეთში დაიბადა. მისი მშობლები, პოლკოვნიკი, გრაფი დიმიტრი შალიკაშვილი და გრაფინია მარია რიუდიგერ-ბელიაევა იყვნენ. 1951 წელს ოჯახი აშშ-ში გაემგზავრა. ამ დროისთვის უმცროსი შალიკაშვილი ინგლისურ ენაზე თითქმის არ საუბრობდა. თუმცა, მოგვიანებთ ის გახდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის პირველი ხელმძღვანელი, რომელიც ამერიკაში არ დაბადებულა.
შალიკაშვილი მონაწილეობდა ვიეტნამის ომში, ხელმძღვანელობდა ნატოს ჯარებს ევროპაში. „მისი გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვეს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ და პირველმა ლედიმ“, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის გარდაცვალებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჭეშმარიტი ჯარისკაცი და სახელმწიფო მოღვაწე დაკარგა. 16 წლის ასაკში ამერიკაში პოლონეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ინგლისური ენა ისწავლა ფილმებიდან და მთელი მისი ცხოვრება იყო „ამერიკული ოცნების“ განხორციელება. მან ჩვენი ქვეყანა უკეთესი და უსაფრთხო გახადა“, - ნათქვამია ამერიკის პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
23 ივლისს, დიდი ქეიფი იყო ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის სახელობის მუზეუმში. მუზეუმის შენობის პირველ სართულზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი შოთა უტიაშვილი, მისი მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილი და გამგეობის თანამშრომლები ქეიფობდნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ჩინოვნიკები სურსათის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სამმართველოს ხელმძღვანელის, საკრებულოს ნაციონალი წევრის ავთანდილ ზარდიაშვილის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
გულიკო როსტოშვილი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის მუზეუმის ხელმძღვანელი:
- ხშირად ქეიფობენ ხოლმე მუზეუმის შენობაში ჩინოვნიკები?
- პირველ სართულზე მარანია, მისი რესტავრაცია მიმდინარეობს. ღონისძიებები არ იმართება, მაგრამ შეიძლება მუშამ შეჭამოს იქ საჭმელი. მე არ მინახავს. არასდროს არ ყოფილა ასეთი რამ. ხელმძღვანელი მე ვარ, მაგრამ დარაჯსაც აქვს გასაღები და ვერ გეტყვით.
- შაბათს, საღამოს 7 საათზე, მუზეუმის ეზოში იყო გაჩერებული გამგეობის 8 მანქანა. ჩინოვნიკები იყვნენ პირველ სართულზე და ქეიფობდნენ. ვინ გაუხსნა მათ მუზეუმის შენობა?
-არვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. შაბათ-კვირას ჩვენ ვისვენებთ, სახლში ვართ. დარაჯსაც აქვს გასაღები.
- დარაჯს აქვს უფლება, რომ მუზეუმის შენობაში ხალხი საქეიფოდ შეუშვას?
- ვერ გეტყვით, არვიცი მე. იქნებ არ ქეიფობდნენ, იქნებ რა იყო. რაზეც წარმოდგენა არ მაქვს და არვიცი, პასუხს ვერ გაგცემთ“.
ნინო ნაცვლიშვილი, გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი:
„მუზეუმის შენობაში მხოლოდ მუზეუმია. არანაირი საქეიფო იქ არ არის.
- მუზეუმის ეზოში დიდი რაოდენობით წალამია, აგურებიც ვნახეთ, სადაც მწვადებს წვავენ...
- ვერ გეტყვით, შეიძლება რესტორნის თანამშრომელმა დააწყო.
- შაბათს, გამგეობის 30-მდე თანამშრომელი რატომ ქეიფობდა მუზეუმის პირველ სართულზე?
-არ მაქვს ინფორმაცია.
- ვის უნდა ჰქონდეს ეს ინფორმაცია?
- ვერ გეტყვით.
- მუზეუმი ხომ არის კულტურის სამსახურის დაქვემდებარებაში?
- არის, მაგრამ ჩვენ მაგასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს“.
გოგა პეტრუზაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე:
- შაბათს თქვენც იყავით შალიკაშვილების მუზეუმში „პურმარილზე“?
- არა!
- რა მანქანით გადაადგილდებით?
- ჟიგულით, 111.
- მე დაზუსტებით ვიცი, რომ თქვენ იქ სამსახურებრივი მანქანით იყავით.
- ხო, რა მნიშვნელობა აქვს. მერე?
- მუზეუმში რატომ ქეიფობთ?
- შალიკაშვილის მუზეუმში არ იყო ქეიფი. პირველ სართულზე იყო.
- პირველი სართული მუზეუმს არ ეკუთვნის?
- დალშე...
- პირველი სართული ეკუთვნის თუ არა მუზეუმს?
- ალბათ კი, რა თქმა უნდა. ეს იყო მეგობრული შეხვედრა რა. მაშინ არ იყო ცნობილი შალიკაშვილის გარდაცვალების შესახებ. შალიკაშვილი კვირას გარდაიცვალა. ჩვენთვის ცნობილი ნამდვილად არ იყო, თორემ მაგას ჩემს თავს და არავის არ ვაკადრებდი. ჩვენ მაგაზე დიდი გურჯაანელი ნამდვილად არა გვყვავს და არც გვყოლია. ეს იყო პიროვნება, რომელიც მართლა დასაფასებელია. ეს არ იყო ქეიფი, მეგობრული შეხვედრა იყო.
- რას აღნიშნავდით?
- არაფერს.
- აბა, მეგობრულ შეხვედრებს მუზეუმის სარდაფში მართავთ?
- რა მოხდა მერე? მთელი თბილისი სარდაფში დადის.
- მუზეუმის შენობაში?
- აი, იცი რა არის? ეს შეკითხვა არის ძალიან უხერხული რა. არანაირი სამწვადე არ არის. იქ იყო მეგობრული შეხვედრა და უბრალოდ სადილი. ღრეობა არ ყოფილა.
- ბატონო გოგა, მუზეუმის შენობაში წალამიც მომარაგებულია, მწვადის შესაწვავად.
- ეგ შეიძლება ადრე იყო იქ. ჩვენ ალაფურშეტი გაგვიკეთებია მოწვეული სტუმრებისთვის და შეიძლება მაშინდელი იყოს დარჩენილი“.
ზაქარია იაგანაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე:
- შაბათს, საღამოს, შალიკაშვილების მუზეუმის შენობაში რას აღნიშნავდით?
- არაფერს, დამირეკეს, აქა ვართ და ამოდიო. ავედი, ერთი ნახევარი საათი და წამოვედი.
- მუზეუმის შენობაში ხშირად ქეიფობთ?
- ვერ გეტყვით, მე სულ ერთხელ ვიყავი. უბრალოდ, დამირეკეს მეგობრებმა ამოდიო და ავედი.
- პროტესტი არ გაგიჩნდათ, როცა მუზეუმის შენობაში საქეიფოდ მიგიწვიეს?
- ეს სხვა საკითხია და იმედია, რომ ასე აღარ იქნება.
ავთანდილ ზარდიაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი:
- ბატონო ავთანდილ, გავიგეთ, რომ დაბადების დღე გადაგიხდიათ მუზეუმის შენობაში.
- მუზეუმის შენობაში?
- დიახ, შალიკაშვილის სახელობის მუზეუმში.
- არასწორი ინფორმაცია გაქვთ.
- თქვენს დაბადებისდღეზე მყოფმა თანამდებობის პირებმა გვითხრეს პირად საუბარში, რომ თქვენს იუბილეს აღნიშნავდნენ.
- მუზეუმში არ ვიყავით, პადვალში ვიყავით.
- სარდაფი მუზეუმს არ ეკუთვნის? იქ საქეიფო ადგილია თუ როგორ არის?
- ეგ სარდაფი სხვათაშორის ჩვენი დასუფთავებულია ბატონო გელა.
- იმიტომ დაასუფთავეთ, რომ საქეიფო მოგეწყოთ?
- მუზეუმის შენობაში ქეიფი თუ დანაშაული იყო აქამდე არ ვიცოდი“.
|