საქართველო,
2013 წლის 20 ნოემბერი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პატივცემულო მესვეურებო!
ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები, მოგმართავთ ამ პეტიციით და ვითხოვთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ბატონი თემურ ქეცბაიას თანამდებობიდან გათავისუფლებას.
აღნიშნული მოთხოვნა ემყარება შემდეგ მოსაზრებებსა და არგუმენტებს:
გულშემატკივრები გულწრფელი და დიდი იმედით შევხვდით თვალსაჩინო საფეხბურთო და იმედისმომცემი სამწვრთნელო კარიერის შემდეგ, ბატონი ქეცბაიას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნიშვნას. ჩვენი მოლოდინი იმ არგუმენტს ეფუძნებოდა, რომ თავისი მებრძოლი ხასიათით ქეცბაია ეროვნულ ნაკრებში გუნდური შემართებისა და გამარჯვების სულისკვეთების ამაღლებას შეძლებდა. თუმცა, თანამდებობაზე დანიშნიშვნის შემდეგ ბატონი ქეცბაია ამ მხრივ აღმოჩნდა არათუ უუნარო, არამედ მისი მოსვლის დღიდან გუნდური სულისკვეთება დღითიდღე ეცემა, რის მიზეზებზეც აქვე მოგახსენებთ.
აშკარად გამოიკვეთა, რომ მთავარი მწვრთნელის პიროვნული თვისებების გამო ნაკრების რიგები დატოვეს ისეთმა ფეხბურთელებმა, რომლებიც, მოთამაშეთა არსებული მწირი არჩევანის პირობებში, ძალზე სჭირდებიან ეროვნულ ნაკრებს. უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში ფეხბურთელები ნაკრებს ტოვებდნენ (თუ ატოვებინებდნენ) არა პროფესიული, არამედ მთავარ მწვრთნელთან მათი პირადი კონფლიქტის მიზეზით, რაც არაერთხელ დაადასტურა თავად ბატონმა ქეცბაიამ თავის საჯარო გამოსვლებში. როდესაც ვეხებით ამ საკითხს, უნდა გავითვალისწინოთ ფეხბურთელთა უმრავლესობის ნათქვამი, რომ ნაკრების ვარჯიშები მიმდინარეობს მწვრთნელის მხრიდან მოთამაშეთა მუდმივი პირადი შეურაცყოფების ფონზე, რაც თავისთავად გამორიცხავს ნაკრებში გუნდური სულისკვეთების ამაღლებას და ხდება მიზეზი იმისა, რომ ფეხბურთელები ეროვნული გუნდის შეკრებებზე გამოცხადებისთვის თავის არიდებასაც კი ცდილობენ. ასეთ პირობებში წარმოუდგენელია, რომელიმე ეროვნულმა ნაკრებმა რაიმე ღირებულ, ან ღირსეულ შედეგს მიაღწიოს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეროვნული ნაკრები არის თაობათა ცვლის საწყის ფაზაში და ის ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც უახლოეს მატჩებში ნაკრებში მიიწვევენ, მწვრთნელის ასეთი მიდგომის ფონზე, დიდი ალბათობით, ან სხვებივით თავს აარიდებენ ნაკრებში ჩამოსვლას, ან საერთოდ ვეღარ ითამაშებენ საკუთარი ნიჭისა და მონაცემების შესაბამის ფეხბურთს და ამით ეჭვის ქვეშ დადგება როგორც მათი პირადი, ასევე ეროვნული ნაკრების სამომავლო პერსპექტივები. ერთობლოიბაში კი ასეთი ვითარება აზარალებს ქართულ ფეხბურთს.
ცალკე განხილვის საგანია ბატონი თემურის არგუმენტი საკუთარ მოღვაწეობაზე, რომ თითქოსდა, მისი მოსვლისთვის ნაკრებს შესარჩევ ჯგუფში მეექვსე ადგილი თუ ეკავა, დღეს გუნდი მეოთხეზეა და ესაა პროგრესის ნიშანი. ეს იმდენად უსუსური არგუმენტია, რომ ალბათ თქვენც, ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებიც კი არ იზიარებთ მას. დიახ, როგორც გულშემატკივრები, ჩვენ მოვიშველიებთ იმ არგუმენტსაც, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში გაიტანა მხოლოდ სამი გოლი და ამ შედეგით ევროპის 53 ნაკრებს შორის გადაასწრო მხოლოდ ანდორისა და სან მარინოს ეროვნულ ნაკრებებს. ისეთ პირობებში, როდესაც მალტის, ფარერის კუნძულების, ყაზახეთის, ესტონეთის, კვიპროსის, ლუქსემბურგის, ლიხტენშტაინისა და მოლდოვის ეროვნული გუნდები საქართველოს ნაკრებზე მეტი გოლის გატანას ახერხებენ, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების რაიმე პროგრესზე მსჯელობა ზედმედია.
და ბოლოს, გვინდა შევეხოთ ბატონი თემურის ურთიერთობის სტილს ინფორმაციის მასობრივ საშუალებებთან და გულშემატკივრებთან (თუმცა, უკანასკნელნი დიდად ვერ დაიკვეხნიან ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან რაიმე სახის კომუნიკაციით). მისი გაუწონასწორებელი, უტაქტო და ქედმაღალი გამოსვლები ინფორმაციის მასობრივ საშუალებებში ცხადყოფს, რომ იგი არ იზიარებს და მეტიც, მისთვის მიუღებელია ეროვნული ნაკრების მიმართ ნებისმიერი კრიტიკა, რაც ყოვლად აღმაშფოთებელია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით. ბუნებრივია, არც სპორტული ჟურნალისტები და არც გულშემატკივრები არ ვცდილობთ მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევას გუნდის ტაქტიკურ თუ სტრატეგიულ საკითხებში, მაგრამ ბატონი ქეცბაიას უაპელაციო, უხამსი და უტაქტო საჯარო კომენტარები ამა თუ იმ საკითხზე ეწინააღმდეგება ეთიკის სტანდარტებს და ევროპული სპორტული ოჯახის ნორმებსა და მოთხოვნებს და შეურაცხყოფს ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს. შეცდომების არათუ არაღიარება, არამედ გადაბრალება საქართველოს საფეხბურთო საზოგადოებაზე არ შეეფერება არცერთი ევროპული ეროვნული ნაკრების თავკაცს და მაშასადამე, არ უნდა შეეფერებოდეს არც ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები არ ვართ განებივრებულნი მაღალი შედეგებით უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ამ რეალობაში ჩვენთვის მიუღებელია ბატონი ქეცბაიას ყოფნა ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე. წლების განმავლობაში ჩვენ გაგებით ვეკიდებოდით ეროვნული ნაკრების წარუმატებლობებს, მაგრამ იმ პირობით, რომ სტადიონზე მისულებს, დაგვხვდებოდა გამარჯვების სურვილითა და ჟინით გულანთებული გუნდი და არა მწვრთნელის მიერ დათრგუნული 11 ფეხბურთელი.
მოგიწოდებთ, მიიღოთ გადამჭრელი ზომები, რადგან გუნდში ბატონი ქეცბაიას დარჩენით არათუ საქართველოს ნაკრების დღევანდელი დღე, არამედ მომავალიც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ მოექცევა, რაც გარდაუვალს გახდის ქართული ფეხბურთის კატასტროფულ მდგომარეობას მომდევნო ათწლეულებშიც.
https://www.change.org/petitions/%E1%83%A1%...%83%9C%E1%83%90--------------------------------------------------------------------------
შემოგვიერთდითთ
This post has been edited by dima z3stafan on 22 Nov 2013, 16:00
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)