sashka-gogo
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 463
წევრი No.: 16064
რეგისტრ.: 9-January 06
|
#26557047 · 20 Jul 2011, 23:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"ამ ორგანიზაციას რუსეთის დუმა მფარველობს და აფინანსებს კიდეც"
უჩვეულო რესპონდენტი მყავს - მის სახელს ვერ გაგიმხელთ, რადგან შესაძლოა, ამან საფრთხე შეუქმნას... ის ჩვეულებრივი ქართველი ახალგაზრდა კაცია, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობს.... იქნებ ოდესმე მის ცხოვრებაზეც, ნოსტალგიაზეც გიამბოთ, მაგრამ ამჯერად, საუბრის თემად, რუსული რეალობისთვის ძალზე სამარცხვინო - სკინჰედური მოძრაობა ავირჩიეთ.
- მაინც ვინ არიან სკინჰედები?
- სანამ რუსულ მოვლენაზე ვისაუბრებთ, მინდა გითხრათ, რომ კლასიკური "სკინკულტურა" გასული საუკუნის 60-იან წლებში, ლონდონში ჩამოყალიბდა და არაფერი აქვს საერთო იმ მოვლენასთან, რომელსაც ახლა რუსეთში ვაწყდებით. მაშინ, ამ კულტურის განვითარებაში, თავისი მუსიკით, დიდი როლი იამაიკელმა იმიგრანტებმა ითამაშეს, მათ მუსიკას "სკა" ერქვა. სწორედ "სკამუსიკისა" და იმ პერიოდისთვის ლონდონში პოპულარული "მოდკულტურის" სინთეზით შეიქმნა "სკინკულტურა"... ახლა წარმოიდგინეთ, როგორი დეფორმაცია განიცადა მან, ვიდრე რუსულ ფაშიზმად მონათლულ "სკინჰედიზმად" ჩამოყალიბდებოდა. თუმცა ამ კულტურის ჩანასახშივე იყო მცირე ფორმებით აგრესია, რაც ვლინდებოდა ვთქვათ, სტადიონებზე საგულშემატკივროდ მისული ფანების ხელჩართულ ბრძოლებსა და აყალმაყალში... სკინებმა, იმ მოტივით, რომ ამ ბრძოლებში მათთვის არაფერს შეეშალა ხელი, თმაც კი გადაიპარსეს და ჩაცმულობის თავისუფალი სტილიც შემოიღეს - სამხედრო ჩექმა და ჯინსი. მაგრამ ეს მაინც არ იყო ყოვლისმომცველი აგრესია, ეს უფრო, "გაბრაზებულობანას" თამაშს ჰგავდა. მსგავსი რამ საერთოდ, ახალგაზრდებს ახასიათებს - ენერგიული პროტესტი სამართლიანობის აღსადგენად.
- ანუ თანამედროვე რუსი სკინჰედი არსებითად გასხვავდება, მაგრამ გარეგნულად ჰგავს თავის წინამორბედს. - გადაპარსული თავით - კი ჰგავს, მაგრამ 60-იანი წლების ლონდონში მოვლენილი ამ კულტურის მიმდევრებს გამოწკეპილ ბიჭებად იცნობდნენ და არა ლოთ, ნარკომან მკვლელებად, როგორც ეს რუსეთშია. ისინიც შავ ტანსაცმელს ატარებენ, ფეხზე "გრინდერები" აცვიათ, მაგრამ სახე არასდროს უჩანთ - თავიც დაფარული აქვთ და სახეც. კლავენ, ძარცვავენ, არბევენ ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს - ყველა რჯულის, ჯიშის, გენის ადამიანს და არანაირი მორალი არ გააჩნიათ. ეს ფაშისტური ორგანიზაციაა, რომელიც ყველა სხვა ერის ზიზღზეა დაფუძნებული და არა საკმაოდ "მარიაჟული" "სკინმოძრაობა".
- მაგრამ 70-იანი წლებიდან "სკინმოძრაობა" უკვე რასისტულ მოძრაობად ჩამოყალიბდა. - ისე მოხდა, რომ სკინჰედთა მოძრაობის, როგორც სოციალური თანასწორობისათვის მებრძოლი ჯგუფის იმიჯი, პოლიტიკამ შეიწირა. ეს ახალგაზრდული მოძრაობა მემარჯვენე და მემარცხენე პარტიების იარაღად იქცა, პოლიტიკოსებს ის ახალგაზრდობის მოსაზიდად სჭირდებოდათ. ამიტომაც, ნამდვილი სკინჰედები დღემდე ცდილობენ, აღიდგინონ საკუთარი შელახული იმიჯი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსული სკინჰედიზმი, როგორც ფაშიზმი, რასიზმი, ისე შეგვიძლია განვიხილოთ.
- დიახ, ჩვენ რუსეთზე ვსაუბრობთ... რა ასაკის ადამიანები არიან გაერთიანებული ამ მოძრაობაში? - პირველ რიგში, გეტყვით - ეს სამხედრო ფორმირებაა: მათ ფიზიკურად წვრთნიან, ასწავლიან იარაღის ხმარებას და ეწევიან აგიტაციას ანუ უმძაფრებენ სხვა ერების მიმართ სიძულვილს. ისინი ერთადერთ ლიტერატურას - ფაშისტურს ცნობენ და კითხულობენ. ან არც კითხულობენ, რადგან მათ განათლება არ მოეთხოვებათ. მათ გასამრჯელოს მხოლოდ და მხოლოდ, არარუსული ეროვნებების ადამიანთა ზიზღსა და ამ ზიზღის გამოვლენაში უხდიან... ასაკზე მკითხეთ და გიპასუხებთ: 14-დან 40 წლამდე ადამიანები, უფრო სწორად - რუსები ერთიანდებიან. თუმცა ვიცი, რომ მოსკოვში მათ რიგებში სომხებიც გვხვდებიან. 14 წლის ადამიანს უკვე აქვს უფლება, გაერთიანდეს ამ ფორმირებაში და ფიციც დადოს.
ამ საქმის მესვეურები ძალიან კარგად იყენებენ რუსეთში შექმნილ უაღრესად მძიმე სოციალურ ფონს. ეს მოზარდები ძირითადად, ბავშვთა სახლების აღსაზრდელები, უპატრონო, მიტოვებული ბავშვები, უკვე ნარკომანები და ლოთები არიან. მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს შორის, ბევრი სასჯელმოხდილი, ციხიდან გამოსული ადამიანია. მათ სასჯელს უნახევრებენ იმ პირობით, რომ სკინჰედურ ფორმირებაში გაწევრდებიან. იგივე შემიძლია ვთქვა რუსულ ჯარზეც - იქაც ბევრი, ციხიდან გამოშვებული მსახურობს კონტრაქტით, სასჯელის განახევრების, შემსუბუქების სანაცვლოდ. მათ ძალიან ეშინიათ ციხის, რადგან ვერ რიგდებიან ე.წ. შავ სამყაროსთან. ერთადერთი, ვისიც ეშინიათ, ქურდები არიან. ამ ხალხს ყველა და ყველაფერი სძულს, სასმლის, ნარკოტიკისა და საკუთარი თავის გარდა.
- 14 წლის ბავშვებს მკვლელობასა და ძარცვას ასწავლიან?! - დიახ, ბავშვები არბევენ, ძარცვავენ, კლავენ და მოითხოვენ - "რუსეთი მხოლოდ რუსებისათვის!" ამ ბავშვების გამოყენება მომგებიანია მათი ხელმძღვანელებისთვის, რადგან 14 წლის მოზარდს, თუ ის სასამართლოს წინაშე წარდგება, არასრულწლოვნის მუხლით გაასამართლებენ: ახალგაზრდები არიან, ადვილად სამართავები, ძალა ერჩით, სისხლი უდუღთ და თან, მათ მიმართ კანონი ლმობიერია... რუსეთში ძალიან გახმაურდა ორი მოზარდის სასამართლო პროცესი, რომელზეც ჟურნალისტები დარბაზიდან პროცესის დაწყებისთანავე დაითხოვეს - განსასჯელთა წარმოუდგენელი განცხადებების გამო, მაგალითად: კითხვაზე - აღიარებ თუ არა, რომ 24 ადამიანი მოკალი? - უტიფრად უპასუხებდნენ, - არა, არ ვაღიარებ, იმიტომ, რომ 24 კი არა, 37 იყო...
- ამ შეიარაღებულ ფორმირებას, ბუნებრივია, ბაზებიც აქვს და დაფინანსებაც ანუ მათ სერიოზული მფარველი ჰყავთ მთავრობაში. ვინ არის ეს ადამიანი - პუტინი? - ასე ჩანს, სინამდვილეში კი უშუალო შემსრულებელი - ჟირინოვსკის ვაჟია. ამ ორგანიზაციას რუსეთის დუმა მფარველობს და აფინანსებს კიდეც. სკინჰედები ხელფასს რუსეთის დუმიდან იღებენ. საქვეყნოდ ცნობილია, რომ რუსეთში დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლო არ არსებობს. შესაბამისად, არც ერთი სკინჰედური დანაშაული რასისტულ ჭრილში არ განიხილება და მას მხოლოდ ბანდიტიზმის, მკვლელობის ან, კიდევ უარესი - წვრილმანი ხულიგნობის მუხლს უყენებენ.
როგორც წესი, ჩადენილი დანაშაულების 80% გაუხსნელი რჩება, რადგან მილიცია ხელს აფარებს მათ, მაგრამ თუკი მაინც ჩავარდება ვინმე, ის სათანადოდ არასდროს ისჯება. მას "შემარბილებელი გარემოებების" გამო, უმცირეს სასჯელს უსჯიან, რომელსაც შემდეგ უნახევრებენ ციხეში კარგი ყოფაქცევისთვის. არადა, ამ ადამიანებს, კარგი ყოფაქცევა რა არის, წარმოდგენაც არა აქვთ.
ეს დაღუპული, ზომბირებული, გადაგვარებული, ამაზრზენი ნაწილია იმ ქვეყნისა, სადაც მე, სამწუხაროდ, ემიგრაციაში ვიმყოფები. დამიჯერეთ, მათ გვერდით ცხოვრება იმდენად მწარეა ქართველისთვის და სირთულის გარდა, საშიშიც, რომ ახლა საქართველოში მთავრობა სპეციალურ კანონებს უნდა იღებდეს, რუსეთიდან, უსაფრთხოების მიზნით, თავისი მოქალაქეების საქართველოში დასაბრუნებლად.
- მაგრამ ამასთანავე, რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილი წარმატებული ადამიანია. რით ახსნით ამ ფაქტს? - ჩვენი ხალხის ნიჭიერებით. საქართველოში ქართველს გაცილებით მეტი შრომა სჭირდება თავის დასამკვიდრებლად, რადგან ირგვლივ, თავისი მსგავსი, ნიჭიერი თანამემამულეები ახვევია. რუსეთი კი, მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი ქვეყანაა, ახლა ნიჭიერებით ვერ დაიკვეხნის. განათლება ნიჭიერებას ვერ შეცვლის... ჩვენ რომ უფრო სამართლიანები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, დამიჯერეთ, აყვავებული ქვეყანა გვექნებოდა. მაგრამ ეს ახლა ჩვენი საუბრის თემა არ არის - აქ მოღვაწე ქართველებზე ვსაუბრობდით: მათ, რა თქმა უნდა, უწევთ ლავირება, ბევრ რამეზე თვალის დახუჭვაც, მაგრამ ქართველი ქედს არასდროს მოიდრეკს; როცა საომარი სიტუაციაა (არა პირდაპირი მნიშვნელობითაც), ქართველის მებრძოლი სული ყოველთვის იღვიძებს და გამოსავალსაც დამცირების გარეშე პოულობს, სამწუხარო გამონაკლისების გარდა.
- ვიდეორგოლებს, რომლებიც სკინჰედების წვრთნას, ასევე სასტიკი დარბევის ფაქტებს ასახავს, იოლად მოძებნით ინტერნეტში. რით აიხსნება ეს? დავიჯერო, ასე ადვილია მათ ბაზებში შეღწევა ან მათი დარბევის დროს კამერით ხელში მუშაობა? - მსგავსი ფაქტის გადაღება შემთხვევითმა ადამიანმა რომ სცადოს, მას სასტიკად გაუსწორდებიან. იყო ასეთი ფაქტი: რუსმა კაცმა, შემთხვევითმა გამვლელმა ტელეფონით დარბევის გადაღება სცადა. ის იქვე მოკლეს. ამ რგოლებსაც და ინფორმაციასაც თავადვე ათავსებენ ინტერნეტში. ამას ასეთი ახსნა აქვს: მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა ისედაც შეშინებულია, ისინი საკუთარ ხალხს მაინც უჩვენებენ, თუ რა შეიძლება დაემართოთ, თუკი გაბედავენ და მათ წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავენ. ჰოდა, როგორც კომენდანტის საათის შემთხვევაში, ახლა მოსკოვში ადამიანები 5 საათის შემდეგ ქუჩაში გამოსვლას ერიდებიან.
ადგილობრივ მოსახლეობასაც ეშინია, იმიტომ, რომ ფაშისტებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ ებრაელებს ერჩოდნენ, ესენი საკუთარ ხალხსაც სცემენ და ძარცვავენ, თუკი უცხოელი ვერ მოიგდეს ხელში. რამდენიმე დღის წინ ასეთ ფაქტს შევესწარი სტადიონზე: "სპარტაკისა" და "ცეესკას" მატჩის დროს სკინჰედებმა საშინელი ღრიანცელი ატეხეს - გაყვიროდნენ, რომ ქართველები, აფხაზები და ოსები მათი მტრები არიან. სტადიონზე ეს არაფერ შუაში იყო, მაგრამ მათ ზიზღის გადმოსანთხევად მიზეზი არ სჭირდებათ. იქ მყოფი ხალხის ნაწილი ამ ღრიანცელს შეუერთდა, ნაწილმა გაცლა არჩია, მაგრამ არავინ შესდავებია.
სკინჰედებისთვის ხომ პრობლემას არ წარმოადგენს, საკუთარი დედა გალახონ, მოკლან, ამიტომაც ვინც არ თანაუგრძნობს, ისიც ერიდება... თუმცა მკვლელობის ამსახველ ვიდეომასალას თვითონაც არ უწევენ აფიშირებას. ეს მკაცრად გასაიდუმლოებულია, რადგან მათ ხელს არ აძლევს... მოსკოვში ძალიან გახმაურდა ერთი შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა უზბეკი ქალი, მის 9 წლის შვილთან ერთად მოკლეს. მერე, როგორც გაირკვა, ბავშვი იმიტომ მოკლეს, რომ მათი ამოცნობა შეეძლო... ასეთი ფაქტები ხალხმრავალ ადგილებში - მეტროში, "ელექტრიჩკაში", სტადიონზე ხდება. როგორც წესი, მსხვერპლს არავინ ესარჩლება, რადგან თუ გამოესარჩლე, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მტერი ხარ, და რუსიც რომ იყო, მოკვდები.
- ჯგუფები რამდენი კაცისგან შედგება? - ჯგუფში 30-დან 50 კაცამდეა. ბაზას გააჩნია - რამხელაა. ეს ბაზები მუდმივად განახლების პროცესშია - ხომ უნდა იყვნენ მზად, რომ გაგვისწორდნენ?!
- თუ ყოფილა შემთხვევა, მასმედიას ობიექტური ინფორმაცია გამოექვეყნებინოს მათი სისასტიკის შესახებ? - ცალკეული შემთხვევა არის, მაგრამ საკმაოდ ფრთხილად ეკიდებიან - ჟურნალისტები ყოველთვის ერიდებიან იმის თქმას, რომ ეს ორგანიზაცია დუმიდან იმართება. თუმცა საინფორმაციო-ანალიტიკურმა ცენტრმა "სოვამ" გამოაქვეყნა ანგარიში რუსეთის ფედერაციაში რადიკალური ნაციონალიზმის თაობაზე, სადაც წერია, რომ ყველაზე მეტად საყურადღებოა სხვადასხვა რასის ადამიანებზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმები, რომელთა უმრავლესობაც მსხვერპლის სიკვდილით მთავრდება.
სკინჰედების მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და თავდასხმები უფრო და უფრო ორგანიზებული ხდება. მაგალითად, სკინჰედებმა ჩაატარეს "წმენდა", რომლის შემდეგაც მოსკოვის პროკურატურამ აღიარა, რომ ქალაქის რამდენიმე რაიონში ერთდროულად მოქმედებდა რამდენიმე დაჯგუფება და ამ აქციას რამდენიმე ათეული ადამიანი შეეწირა. სხვათა შორის, "სოვა" ლაპარაკობდა იმ ტენდენციაზეც, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, - სამართალდამცავთა მხრიდან სკინჰედების დანაშაულების დაფარვაზე.
- საინტერესოა, თუ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ყოფილი სკინჰედი გონზე მოსულა და ნორმალური ცხოვრება დაუწყია? მონანიების ფაქტები თუ არსებობს? - მონანიება მათგან თითქმის წარმოუდგენელია. თუ ასე მოხდა, ეს სასწაულის რანგში უნდა განვიხილოთ, რადგან ეს ადამიანები განუწყვეტლივ იღებენ ნარკოტიკებს, დამოკიდებულნი არიან ამაზე და უბრალოდ აღარ სურთ ცხოვრების ნირის შეცვლა. გარდა ამისა, მათ აღარ ახსოვთ ან არც იცოდნენ ოდესმე, თუ რას ნიშნავს ნორმალური ცხოვრება. ჩატარებული დარბევის შემდეგ, აგზნებული და გამარჯვების სიხარულით ეიფორიულ მდგომარეობაში ჩავარდნილი სკინჰედები თრობას ეძლევიან. ეს ხალხი ხელისუფლებამ გაწირა - მათ აღარაფერი ეშველებათ. თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც ყოფილი სკინჰედი მოსკოვის ერთ-ერთი ოლქის ადმინისტრატორი გახდა და ამ თანამდებობაზე წელიწად-ნახევარი იმუშავა.
- ამბობენ, რუსეთში კავკასიელთა ბანდფორმირებებიც არსებობს, რომლებიც სკინჰედებს ებრძვიანო. ეს სიმართლეა? - დიახ, არის ასეთი ორგანიზაციებიც - ვაჰაბიტების, აზერბაიჯანელების და ქართველების. ამ ფორმირებებში უფრო, კავკასიელი მუსლიმანები არიან გაერთიანებულნი: ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები, აზერბაიჯანელები. ყველანი სპორტსმენები - მოჭიდავეები და მოკრივეები არიან. მეც შემომთავაზეს და ჩემს ნაცნობ რამდენიმე ქართველსაც მათ ჯგუფში გაწევრება, მაგრამ მათზეც ამბობენ, - პუტინის ხალხიაო. ამ ინფორმაციის უტყუარობაზე პასუხს ვერ ვაგებ.
- დანარჩენზე აგებთ პასუხს? - რა თქმა უნდა - ჩემი სიცოცხლით! გარკვეულწილად, ახლაც ვრისკავ: რაც ახლა გიამბეთ, ამათ რომ გაიგონ, ჩემს კვალსაც ვეღარ მიაგნებთ...
დეა ცუცქირიძე
|