ადვოკატი ქეთი ბექაური პოლიციელებს პატიმარ ლაშა არქანიას წამებაში ადანაშაულებს.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, მათ ოფისში აღნიშნულ თემაზე ქეთი ბექაური ხვალ პრესკონფერენციას გამართავს.
ბექაურის განცხადებით, 2011 წლის 15 ივნისს ღამის საათებში, წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარის პოლიციის განყოფილებაში, სასტიკად აწამეს სოფელ მუჟავას მკვიდრი, სპორტსმენი ლაშა არქანია, რომლის მიმართაც სამართალდამცავი მუშაკების მხრიდან გამოყენებული იქნა წამების სასტიკი, არაადამიანური და ღირსების დამამცირებელი მოპყრობის მეთოდები. ბექაურის თქმით, წამების საფუძველზე ლაშა არქანიას იძულებით მოაწერინეს ხელი, ე.წ. აღიარებით ჩვენებაზე.
ბექაურის განმარტებით, ლაშა არქანიას სხეულის დაზიანების ხარისხი და ხანდაზმულობა დადასტურებულია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით. მისივე განმარტებით, ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი, აქტიურად არის ჩართული გიორგი ტუღუში, სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ,,ემპათია".
ბექაურის განცხადებით, მიუხედავად დაცვის მხარის არაერთი განცხადებისა და საჩივრისა ბრალდებულ ლაშა არქანიას ცემისა და წამების ფაქტზე არც საქართველოს მათავარ პროკურატურას და სამეგრელოს და ზემო სავანეთის პროკურატურას დღემდე გამოძიება არ დაუწყია.
მას ბრალად ედება იარაღისა და ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვა.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...nashaulebs.html