http://www.open.ge/index.php?m=12&y=2011&art=9059,,საქართველოს რესპუბლიკა'' , 2011-08-04
მორალურ-პროფესიული თავისუფლება რატომ არ უნდა გააჩნდეს კერძო მეცენატის მიერ დაარსებულ კონკურსის ჟიურის?!
გვესაუბრება პოეტი ლია რუსიაშვილი-[bb]
- ლიტერატურული კონკურსები დღეს საჭირბოროტო თემაა და სხვა კონკურსებიც არაა დაზღვეული მიკერძოებისგან, მაგრამ რატომღაც განსაკუთრებული აჟიოტაჟი მოჰყვა "საბას" დაჯილდოებას. რატომ. - მარტივი ასახსნელია - იმის მიუხედავად, რომ მსგავსი ვნებათაღელვა კონკურსებს თან ახლავს, "საბას" შემთხვევაში აჟიოტაჟი განაპირობა იმ რეალობამაც, რომ იგი, დღესდღეობით, გამორჩეული რანგის მაღალანაზღაურებადი და რაც მთავარია, პომპეზური ცერემონიალობით (კარგი გაგებით!) ლიტერატურული ცხოვრების წამახალისებელი კონკურსია საქართველოში.
მისი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე არ მიეკუთვნება ბიზნესმენთა იმ კატეგორიას, რომელთათვისაც ძნელია გამოღწევა ვიწრო პირადული ჩარჩოებიდან, არამედ თავისი "საქმიანი მზერა" საზოგადოებისთვის სულის მოსათქმელი პროექტების განხორციელებაზეც გადააქვს, რითაც ლიტერატურას ელიტური "მოქალაქეობის უფლებას" უნარჩუნებს. ამას სამართლიანობა მალაპარაკებს, თორემ მას ჩემთვის არც წიგნი გამოუცია და არც პრეზენტაციები დაუფინანსებია. საერთოდაც, უკიდურესობების მოწინააღმდეგე ვარ - არც ის ვარგა, რომ დამსახურების გარეშე უგორებენ კოჭს ამა სოფლის ძლიერთ და არც ის, რომ დამსახურებაზე თვალი დახუჭო მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ პირმოთნეობაში არ ჩაგითვალოს.
გარდა "საბასი," ლიტერატურული ცხოვრების სიცოცხლისუნარიანობას ხელს უწყობს, აგრეთვე, ბიზნესმენი ზურაბ ასკანელი, რომლის ძალისხმევითაც, თუმცაღა, ბევრად მცირე მასშტაბურობით - საგურამოში, ილიაობაზე ყოველწლიურად ტარდება ილიას სახელობის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალი: საპრემიოდ გამოყოფილი თანხა მოკრძალებულია და არც კონკურსის ცერემონიაა ხმაურიანი, მაგრამ საგურამოს ილიაობაც (რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც გახლავთ მუზეუმის დირექტორი ანდრო ბედუკაძე და ლიტერატორი თამაზ ტყემალაძე) ქართული მწერლობის გააქტიურებისთვის გაწეული ღვაწლია.
ხელოვნების წამახალისებელი პროცესების მიმოხილვა გვავალდებულებს "საბასა" და "ილიაობის" გვერდით ვახსენოთ ბიზნესმენ ალექსანდრე ებრალიძის მიერ დაარსებული "დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია," რომელიც გამოირჩევა იმით, რომ აქცენტირებულია ეროვნულ-ისტორიულ თემატიკაზე, რითაც ადგილს არ ტოვებს ფსევდო-ავანგარდული, ამორალური, არაჯანსაღი "ლიტერატურული მაკულატურისათვის".
აქვე უნდა ვახსენოთ "გალას" კონკურსი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებითაა და იგულისხმება, რომ შესაბამისი იდეურობითა და ტენდენციურობითაა დაღდასმული, რომ არ ჩაგვითვალონ ცილისწამებად, დავიმოწმებ წლევანდელ კურიოზს, სადაც, ნომინაციაში- "წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი" გაიმარჯვა ვინმე თოლორდავას წიგნმა, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, ჯაზს შეეხებოდა: - "ვუხდი ყველა მუსიკოსს მადლობას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ლიტერატურული პრემიაა". ეს ავტორის სამადლობელი სიტყვიდანაა და თავისთავად ჩნდება კითხვა, როგორ "მოახერხა" მან ასეთ გაუგებრობაში ამოეყო თავი, თუ "მოახერხებინეს." და აქ ისევ წამოიჭრება პასუხის შემცველი კითხვა: ხელისუფლებისმიერი საკონკურსო პროტოკოლის გამო, გასაგებია, რომ ჟიურის ვეღარ მოვთხოვთ თავისუფლებას, მაგრამ იგივე მორალური-პროფესიონალური თავისუფლება რატომ არ უნდა გააჩნდეს კერძო მეცენატის მიერ დაარსებულ კონკურსის ჟიურის?!
და აი, მთავარ სათქმელსაც მივადექით - თუ როგორი სამართლიანობით ტარდება კონკურსი, დამოკიდებულია დამფუძნებლის ნდობით აღჭურვილ პირებზე: ეს უკანასკნელნი არიან პასუხისმგებელნი, როგორც პრემიების ღირსეულ განაწილებაზე, ასევე მათზე მინდობილი ლიტერატურული გემოვნების თამასის აწევა-დაწევაზეც. აქცენტირებას ვაკეთებ არა მხოლოდ იმაზე, როცა მავანს გულწრფელად მოსწონს საეჭვო მხატვრული "ღირებულების" ნაწარმოები - რადგან, ასეთი დონის "პროფესიონალი" არც უნდა იყოს ჟიურიში, არამედ იმ დანაშაულებრივ "სამართლიანობაზე," როცა მოწონება-არმოწონებაზეც კი აღარაა საქმე, ვინაიდან, არ ეცნობიან ნაწარმოებებს და ჟიურის პირადი ნებით (სხვადასხვა მიზეზთა გამო) "იმარჯვებს" კონკურსანტი, რის გამოც, იჩაგრება ჭეშმარიტი ნიჭიერება და ლიტერატურული გემოვნებაც სავალალოდ კნინდება.
- ანუ, ფიქრობთ, რომ კლანურობასთან გვაქვს საქმე. - ლიტერატურულ კლანში თუ მოვიაზრებთ ერთნაირი მსოფლმხედველობით და არც თუ იშვიათად, ჭყეტელა სიტყვებში შეფუთული უნიჭობით გაერთიანებულ ადამიანებს, გასაგებია, რომ ჟიურიში მოხვედრილი ამგვარი სუბიექტი თავგადაკლული იზრუნებს, გაქაჩოს თავისნაირივე, რასაც, უპირველესად, საკუთარი რეპუტაციის ასამაღლებლად გააკეთებს, რადგან ნიჭიერის წარმოჩენა მის უნიჭობას ლაკმუსის ქაღალდივით გაამჟღავნებდა.
საერთოდაც, ნამდვილ ხელოვანთა გზა არასოდეს ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. ოთარ ჩხეიძემ ერთხელ, ლექციაზე გაიხსენა, როგორ იდო მისი რომანი ოცი წელი გამომცემლობაში... სამაგიეროდ კი, მაღაზიის თაროები ივსებოდა ფსევდომწერალთა ნაცოდვილარით. ასე რომ, სამართლიანი და მაღალზნეობრივი ურთიერთობა ლიტერატურულ სამყაროში არასოდეს ყოფილა და ალბათ, არც იქნება; რადგან, როგორც სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლაა დაუსრულებელი, ასევეა ბრძოლა ნიჭიერებასა და უნიჭობას შორის და სამწუხაროდ, მხოლოდ დროს ძალუძს ეს უკანასკნელი სანაგვეზე გაისტუმროს...
- "საბას" კონკურსი ამ მხრივ, რამდენად აკმაყოფილებს მაღალპროფესიონალური კონკურსის მოთხოვნებს. ვგულისხმობ ჟიურის კომპეტენტურობას და სამართლიანობას. - თავისთავად, სიტყვა "ჟიური" ნიშნავს მაღალპროფესიონალ, კომპეტენტურ და სამართლიან სპეციალისტთა ჯგუფს, რომელიც გამოყოფილია იმისათვის, რომ განასხვავოს ყალბი მარგალიტი ნამდვილისაგან. ლიტერატურული "ყალბი" და "ნამდვილი" მარგალიტების გარჩევა საკმაოდ რთულია და როცა ჟიურიში დილეტანტებს იწვევენ - კრახიც გარდაუვალია. ჭეშმარიტი პროფესიონალიზმი იმთავითვე გამორიცხავს ავტორთან პირადი კეთილგანწყობის გამო დეფექტურ ნაწარმოებზე თვალდახუჭვას, რასაც, სამწუხაროდ, წლევანდელ კონკურსზე ჰქონდა ადგილი და შედეგად ის მივიღეთ, რომ კარგი პოეტი ელა გოჩიაშვილი "გავარდა" შორტლისტებიდან, ხოლო ამ ფაქტის გამო ირაკლი კაკაბაძემ დატოვა კონკურსი, რაც ჟიურის არაპროფესიონალიზმისადმი და ტენდენციურობისადმი პროტესტის გამოხატულება გახლდათ...
-
"საბას" წლევანდელ ჟიურიზე რას იტყვით. - იმის მიუხედავად, რომ, ვთქვათ, გურამ ოდიშარია, როგორც მწერალი, პროფესიონალია, ხოლო, დიანა ამფიმიადი "საბას" გამარჯვებული, არც მწერლის პროფესიონალიზმი და არც "საბას" ლაურეატობა არ გამოდგება საჟიურო-საშემფასებლო კრიტერიუმად. აქ მახსენდება რეალური ამბავი, რაც, შემდეგ ანეკდოტად გადაიქცა - გვარს არ დავასახელებ და ერთ მწერალს რამდენიმე წიგნის შესახებ ჩაეკითხნენ - თუ გაქვს წაკითხულიო, რაზედაც მიუგო, მე მწერალი ვარ, მკითხველი კი არაო... ანუ, ჟიურიში უნდა ისხდნენ, წლების განმავლობაში ფართოდ აღიარებული და ლიტერატურული საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ლიტერატურათმცოდნეები, მკვლევარები და კრიტიკოსები, რომელთაც ვერც კი გაუბედავენ "ხელის წაკვრის" თხოვნას. საბედნიეროდ, დღესაც არსებობენ პროფესიონალი, ნიჭით და ღირსებით გამორჩეული ლიტერატორები, რომელთაგანაც შესაძლებელია "ღია," ლუსტრირებული ჟიურის ჩამოყალიბება. რას გვაძლევს ეს ვითომდა, "გასაიდუმლოებული" ჟიური, როცა საახლობლომ მშვენივრად იცის ყველაფერი. სწორედ აქედან უნდა დაიწყოს "საბას" განახლება - ანუ, პირველ რიგში უნდა მოხდეს უკვე არსებული ჯგუფის შეცვლა და შეიქმნას ლიტერატურული დარბაზი, სადაც ღია ან ფარული კენჭისყრით მოხდება ჟიურის შედგენა. თუ ამგვარი პრინციპული ცვლილებები არ მოხდება, მაშინ, წლევანდელი შემთხვევის არ იყოს, გახშირდება პროტესტები, რაც არა მარტო კონკურსის იმიჯზე იმოქმედებს უარყოფითად, არამედ - დამფუძნებლისაზეც.
- ნინო დარბაისელი "საბას" წლევანდელი კონკურსის "ლიტერატურული კორუფციის" მამხილებელ ფაქტებად ასახელებს თამაზ ექვთიმიშვილის "პუანტებს," რომლებიც ადრე იყო დაბეჭდილი და გადაკეთებული სახით "ჩაჯდა" კონკურსში, აგრეთვე ქეთი ნიჟარაძის პოეზიის შორტლისტში მოხვედრას, შოთა იათაშვილის წიგნის "კრიტიკის" ნომინაციაში და გივი ალხაზიშვილის "ჩაბრუნებული მზერის" საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში გამარჯვებას. თქვენი აზრი ამის შესახებ.- უცნაური არაა, რომ ამ წლების მანძილზე მშვენიერი პოეტი ნინო დარბაისელი ვერა და ვერ მოხვდა "საბას" კონკურსანტთა შორისაც კი. მიზეზები იმდენად უაზროა, რომ ჩნდება ეჭვი - მისი მონაწილეობა ვიღაცებს არ აწყობთ. მით უმეტეს, რომ ნინო იმ კატეგორიას არ განეკუთვნება, ჯილდოს ბოძებით რომ გააჩუმებ...
- ქართული ლიტერატურული საზოგადოება დაყოფილია სხვადასხვა ჯგუფებად. ვფიქრობ, კონკურსებიც ამ ჯგუფების ინტერესების მიხედვით ტარდება. ამიტომაა, რომ "საბა" რამდენჯერმე ერთი და იგივე მწერალმა მიიღო. სამაგიეროდ უგულებელყოფილია რეგიონები. კონკურსებშიც ამის მიხედვით ამარჯვებინებენ. თქვენ რას ფიქრობთ.- რამდენადაც სწორად მახსოვს, "საბა" რამდენჯერმე მიიღო აკა მორჩილაძემ. ის, რომ აკა კარგი მწერალია, არ ნიშნავს იმას, რომ ოთხივეჯერ შედევრი შექმნა. ასეც რომ იყოს, ხომ შეიძლება სხვასაც მიეცეს გამარჯვების შანსი. ფედერიკო ფელინი ამ მიზეზით უარს ამბობდა კინოფესტივალებში მონაწილეობაზე, რაც სწორედ, მის ღირსებაზე მეტყველებდა.
სხვათა შორის, წელს პირველად გაიმართა ქრისტიანული პოეზიის კონკურსი "წმინდა ნინოს ჯვარი," სადაც, სხვებთან ერთად მეც გავიმარჯვე, ახლავე ვაცხადებ, რომ მომავალ წელს აღარ ვაპირებ ამ კონკურსში მონაწილეობას, რათა, სხვებმაც მოსინჯონ ძალები. საქართველო პატარა ქვეყანაა და რაც მეტი ნიჭიერი შემოქმედი წარმოჩინდება, მით უკეთესი იქნება. ხოლო, როგორ უნდა წარმოჩინდეს, თუკი ერთი და იგივე ავტორებს გაამარჯვებინებენ. საჭიროა, ამ კუთხითაც გადაიხედოს "საბას" კონკურსის წესდება. რეგიონები თუ უგულებელყოფილია, ე.ი. ესეც მიმანიშნებელია, რომ "საბას" განახლება სჭირდება, რადგან "იხარშება" ვიწრო წრეში და ვეღარ ემსახურება მაღალ იდეალებს.
- დღეს აფასებენ იმ მწერლებს, რომელთაც "ძლიერი ზურგი" აქვთ - გავლენიანი სანაცნობოს მხრივ. რით შეიძლება დავუპირისპირდეთ მათ ძალაუფლებას?- მართალია, მათ რეკლამა და ხმაურიანი პრეზენტაციები აქცევს დროებით, "მოდურ მწერლებად და პოეტებად", მაგრამ საკმარისია, შეუწყდეთ ეგ ფუფუნება და მეორე დღესვე მათი არსებობა აღარავის ეხსომება. ჭეშმარიტი ხელოვნება კი გამოქვაბულიდანაც გაიკვლევს გზას... აგერ, ახლახან, ფეისბუქზე აღმოვაჩინე ნიჭიერი ზუგდიდელი პოეტები - ხათუნა როგავა და ზაურ გერგედავა. ასეთები, რაც არ უნდა "მალო" და "ჩაძირო," მაინც ამოტივტივდებიან ზედაპირზე, განსხვავებით იმ "რიყის ქვებისგან," რომელთაც, როგორც კი შეუშვებენ ხელს გავლენიანი ნაცნობები, ეგრევე ფსკერისკენ ჩაექანებიან... თუმცაღა, "რიყის ქვები" არც თუ უხიფათონი გახლავან, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მათ უნიჭობის მისაჩქმალად შემოაქვთ ნოვატორობისა და ავანგარდიზმის ამბიციას ამოფარებული ეროვნულობისა და სარწმუნოების შეურაცხმყოფელი თემატიკა. გულდასაწყვეტი ამ ამბავში ისაა, რომ ამაზე სათანადოდ არ რეაგირებს საზოგადოება, რადგან მსოფლიო სისტემისაგან იმდენად ძლიერი და დამთრგუნავი შეტევა მიმდინარეობს კაცობრიობაზე- ზნეობრივი ღირებულებების დეგრადირებისათვის, რომ ადამიანების მცირე ნაწილსღა შემორჩა პროტესტის განცდის (გამოხატვაზე აღარ ვლაპარაკობ) უნარი. შესაბამისად, ამიტომაც გაშალეს "შავი ფრთები" სულიერი სიწმინდის, სარწმუნოების და ყოველივე ქართულის მოძულე სუბიექტებმა, რომლებიც ყველა ამ უბედურებასთან ერთად ავადმყოფური ფსიქიკითაც გამოირჩევიან. ამიტომ, სასურველია, "საბას" წესდებაში მათგან თავდასაცავი პუნქტიც ჩამოყალიბდეს! და კიდევ - გასაკვირია, ამდენი ნომინაციის გვერდით რატომ არ ჩანს "საბავშვო ლიტერატურის" ნომინაცია. მით უმეტეს, რომ ბავშვებს უფროსებთან შედარებით ბევრად უფრო უყვართ წიგნის კითხვა... იმედია, მომავალ წელს ეს ნომინაციაც ამოქმედდება, რაც კარგი საჩუქარი იქნება ჩვენი შვილებისათვის!
- რას უსურვებთ "საბას".- ვუსურვებ გამხდარიყოს მაღალგემოვნებიანი ლიტერატურული საზოგადოების ნების გამომხატველი კონკურსი. ამის მიღწევა ძნელი არაა, რაც გაამართლებს "საბას" დაარსების მამულიშვილურ მისიას ქართული ხელოვნების გადასარჩენად.
[ii]ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი[/ii]
This post has been edited by nino darbaiseli on 5 Aug 2011, 11:40