შვეიცარიის საელჩოში ქართულმა სექციამ მუშაობა განაახლა
მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოში ქართულმა სექციამ მუშაობა განაახლა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სექციის რეფერენტმა, ანტონ ჟვანიამ განუცხადა .
მისი თქმით, 5 აგვისტოს ტექნიკური მიზეზების, კონკრეტულად კი ელექტროენერგიის უქონლობის გამო, სექციამ მუშაობა შეწყვიტა.
”დღეს ელექტრონერგიის მიწოდება აღდგა, შესაბამისად სექციამ მუშაობა და ვიზების გაცემა განაახლა”, - აღნიშნა ჟვანიამ.
საელჩოს თანამშრომელმა არ დააკონკრეტა, რატომ შეუწყდა ქართულ სექციას ელექტროენერგიის მიწოდება. მან კომენტარისთვის "ინტერპრესნიუსი" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაამისამართა.
მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოს ქართულ სექციას პრობლემები 5 აგვისტოს შეექმნა.
რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ბიზნესცენტრის შენობას, სადაც შვეიცარიის საელჩოს საქართველოს საქმეების სექციაა განთავსებული, შენობის მეპატრონემ გაუთიშა ელექტროენერგია.
ორგანიზაცია "რუსინვესტპროექტის" გენერალურმა დირექტორმა, ოლეგ ანიკიევმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი 2008 წლიდან დღემდე არსებული დავალიანება გახდა, რომელსაც დიპლომატები არ იხდიდნენ.
ანიკიევის თქმით, ელექტროენერგია ქართველ დიპლომატებს 5 აგვისტოს საღამოს შეუწყვიტეს.
მისივე ინფორმაციით, 2010 წლის 31 დეკემბრამდე სექციას მილიონ 76 ათასი რუბლის დავალიანება დაუგროვდა; გარდა ამისა, ქართველ დიპლომატებს გადასახდელი აქვთ გათბობის, ელექტროენერგიის, წყლის, კანალიზაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობის, ასევე იმ შენობის ქირა, რომელშიც სექციაა განთავსებული.
ანიკიევმა, ასევე, განაცხადა, რომ საქართველოს სექციამ ერთი თვის განმავლობაში შენობა უნდა დაცალოს და ახლა ქართველი დიპლომატებისგან წერილობით დადასტურებას ელოდება. მისი თქმით, საქართველოს სექცია ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული.
მანვე აღნიშნა, რომ თავიდანვე, საქართველოს სექცია იმ შენობაში, რომელშიც ახლა იმყოფება, უკანონოდ არის განთავსებული, რადგან შენობის ქირაობის შესახებ ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ.
მისივე თქმით, შენობა სარემონტოა და კაპიტალური შეკეთება სჭირდება.
http://geo.interpressnews.ge/ge/politika/1...a-gaankhla.html