Assassin’s Creed 2

ჟურნალ Game Informer–ის ახალ ნომერში შესულია დეტალური პრევიუ სტელს–ექშენისა Assassin's Creed 2, რომელზეც კვლავ სტუდია Ubisoft Montreal მუშაობს. თამაშის წარმოებით 250 ადამიანია დაკავებული.
ამჯერად სუპერკომპიუტერი „ანიმუსი“ მოდელირებას გაუკეთებს არა 1191 წლის ახლო აღმოსავლეთს, არამედ 1476 წლის იტალიას. დესმონდი, Assassin's Creed–ის სერიის მთავარი გმირი, კიდევ ერთი წინაპრის როლში აღმოჩდნება – ეციო აუდიტორე დე ფირენცე, ახალგაზრდა არისტოკრატი ფლორენციიდან. ალტაირისგან განსხვავებით, მას არ ეშინია წყლის და უფრო ფართო არსენალი გააჩნია – ნაჯახები, უროები, შუბები, დანები, ხმლები და კომბალი. გარდა ამისა, მას შეუძლია პირდაპირ ბრძოლის დროს გამოსტაცოს მტერს იარაღი ხელიდან.
ძნელი მისახვედრი არაა, რომ იარაღის ახალ სახეობებთან ერთად გამოჩნდება შესაბამისი მოწინააღმდეგეებიც. განსაკუთრებით საშიშია მძიმედ დაჯავშნული მტრები ორხელიანი ხმლებითა და ნაჯახებით; ასევე, ფხიზელი მცველები, რომლებიც ალებარდებით ხვრეტენ იმ ადგილებს, სადაც, მათი აზრით, შეიძლება ეციო იმალებოდეს. თივის ზვინი უკვე აღარაა იდეალური თავშესაფარი. მეორის მხრივ, ახლა შესაძლებელია ადამიანების მოკვლა პირდაპირ თივის ზვინიდან – თუმცა, ამ დროს ჩვენი გმირი თავს გათქვამს. ბრძოლისას მეტი სიფრთხილეა საჭირო – მძიმე ჭრილობების მორჩენა მხოლოდ მკურნალებს შეუძლიათ, რომლებიც პირდაპირ ქალაქის ქუჩებში ეწევიან პრაქტიკას.
ავტორებმა გაითვალისწინეს კრიტიკა ერთფეროვან დავალებებთან დაკავშირებით და 16 განსხვავებული ტიპის დავალება მოიფიქრეს, თანაც მათ რიცხვში არაა მიყურადება და ჯიბის ქურდობა. ნადირობა ფარულ დროშებზე (ასევე ქანდაკებებზე, ოქროს მონეტებსა და სხვა ავლა–დიდებაზე) საშუალებას მოგვცემს არა მხოლოდ მიღწევები გავხსნათ, არამედ სასარგებლო სათამაშო ბონუსებიც. პარალელურად შეცვლილია სისტემა, რომელიც განსაზღვრავს ჯარისკაცებისა და უბრალო მოქალაქეების დამოკიდებულებას მთავარი გმირის მიმართ.
პირველი ნაწილის მსგავსად, Assassin's Creed 2 იყენებს ისტორიულ მოვლენებსა და რეალურად არსებულ შენობებს. ცნობილ პიროვნებებს შორის არიან: ნიკოლო მაკიაველი, კატერინა სფორცა და ლორენცო მედიჩი, რომელზე თავდასხმის მცდელობაც ჩართულია თამაშის სიუჟეტში. ვენეციაში მოთამაშეები იხილავენ წმ. მარკუსის ტაძარს, რიალტოს ხიდს, დიდ და მცირე არხებს, ასევე ლეონარდო და ვინჩის სახელოსნოს. იერუსალიმის სამეფოს შეცვლის ტოსკანის თვალწარმტაცი პეიზაჟები – ეს არის იტალიის ცენტრალური ნაწილი, სადაც ცხენით იქნება საჭირო მოგზაურობა. თუმცა, ცხენები ტრანსპორტის ერთადერთი საშუალება არაა – ავტორები გვპირდებიან გაფრენას და ვინჩის ცნობილ საფრენ აპარატზე.




