ჩემი ცხოვრების თვითოეულ დღეს აღმოვაჩენ, რომ ვიღაც ხოცავს ჩვენს დებსა და ძმებს
ვიღაცის და რაღაცის, თუნდაც ღმერთის სახელით. თქვენ რა გსმენიათ ამაზე?"
ნაწყვეტი ერთი კარგი სიმღერიდან.
რა გვსმენია და ოცი წლის განმავლობაში საქართველოში უკვე მეორე თაობა იზრდება ომის ტრავმებით. ომის, რომელიც სხვა არაფერს ტოვებს მოგონებაში, გარდა შავ-თეთრი კადრების წითელი ლაქებისა. ასეთი ერთი თაობა უკვე გამოვიზარდეთ. ის ის იყო ყველაფერი დავიწყებას უნდა მისცემოდა და ახალგაზრდული ცხოვრებით დავმტკბარიყავით, რომ უცებ ომგადავლილების სრულიად ახალი თაობა შემოგვემატა. უცებ აღმოვაჩინეთ, რომ ვიღაცა, ვიღაცის და რაღაცის სახელით, ისევ ხოცავდა ჩვენს დებსა და ძმებს.
8 აგვისტოს სამი წელი სრულდება აგვისტოს ომიდან.
საქართველოს ქალაქებში უკვე დაგეგმილია ღონისძიებები. ომში მშობელდაღუპულ ბავშვებს ისევ დაურიგებენ ფოჩიან კანფეტებს, ქვრივებს ისევ ეტყვიან, რომ ბავშვები უნდა გაზარდონ, ხოლო დედებს ისევ მოუყვებიან "9 ძმა ხერხეულიძის" ზღაპარს და ერთი დღით, ბავშვებიც, ქვრივებიც, დედებიცა და ფოჩიანი კანფეტების დამრიგებელი ჩინოვნიკებიც ყალბი სიამაყით გაიბღინძებიან. სინამდვილეში არც არავის ეამაყება ის რაც მოხდა. უბრალოდ ჯერ თავი უნდა დააჯერო და მერე სხვა.
რამდენიმე კვირის წინ ფეისბუქზე შეკითხვა დაისვა: "ემხრობით თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას?". ერთი შეხედვით უწყინარმა კითხვამ, რომელზეც მეგონა, რომ მეტნაკლებად ყველას შეთანხმებული პასუხი "ვემხრობი" ექნებოდა, მომენტალურად გააშიშვლა ქართული მილიტარისტული პატრიოტიზმი და ისედაც პირდაღებული ფარისევლები მთლად გააფარჩაკა. ომის მომხრეებმა თავიდან ბოლომდე ჩამოყარეს ყველა იაფფასიანი არგუმენტი, რომლითაც თითქოს თავს იმართლებდნენ, მაგრამ ვერც კი ხვდებოდნენ, რომ თავისი ხელით გვაწოდებდნენ ბურთს, რომელიც შემდეგ თვითონვე უნდა ჩაეჩარათ საკუთარ პირში.
არადა საკითხი ძალიან მარტივია: სახელმწიფო ერთგვარი ცომის მასა არაა. ის მოქალაქეების, თავისუფალი, დამოუკიდებელი ინდივიდების ერთობლიობაა, რომელთაც ათასნაირი სხვადასხვა გატაცება და ინტერესები აქვთ და ამ ინტერესებში ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის უფლება, რომელიც არ უნდა გადაფაროს "სახელმწიფო ნაციონალურმა ინტერესმა". მე შეიძლება მინდოდეს ვიყო კარგი მხატვარი, მწერალი, მეცნიერი ან დალაქი, ეს ჩემი, როგორც ადამიანის უფლებაა.
სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების შესახებ დაწერა მაშინვე მომინდა, თუმცა მალევე გამახსენდა რომ აგვისტო ახლოვდებოდა და გადავწყვიტე საერთო პასუხი გამეცა მილიტარისტებისთვის.პასუხი კი ისაა, რომ ჩემი ღრმა რწმენით, ქართული მილიტარიზმი სრული იდიოტიზმია და არაფრით განსხვავდება პატარა ფინიების წკავწკავისგან, რომლებიც დიდი ნაგაზის მოგერიებას ცდილობენ. ნებისმიერი საუვბრები აღმაშენებლებზე, 100,000 მოწამეებზე, თავდადებულებსა და ხერხეულიძეებზე ფუჭია. მეტიც - წამგებიანი. ადამიანი, რომელიც საუკუნეების წინანდელი ისტორიული თუ მითოლოგიური წიაღსვლებით ცდილობს 21-ე საუკუნეში ომის გამართლებას, იმთავითვე წაგებულია, რადგან სრულიად ვარდება დროის კონტექსტიდან.
ერთი პროფესიონალი დალაქი, რომელიც თავისი შრომით შოულობს ფულს, უფრო დიდი პატრიოტი გამოდის ქვეყნისთვის, ვიდრე ათი ჯარისკაცი, რომელიც თავის გონებრივ თუ ფიზიკურ პოტენციალს ფლანგავს საქმეში, რომელსაც ადრე თუ გვიან შედეგი მაინც არ მოჰყვება. უდიდესი დამნაშავე თავის მხრივ, სახელმწიფოა. ბიუჯეტიდან მილიარდზე მეტი იხარჯება თავდაცვის სამინისტროსა და ძალოვან სტრუქტურებზე, ისევ და ისევ საქმისთვის, რომლიც შედეგიც უკუპროპორციულია დახარჯული თანხებისა. წარმოგიდგენიათ რა მოხდება, ეს თანხა განათლების სექტორში რომ გადანაწილდეს? ერთი მილიარდი გადანაწილდეს სკოლებზე, უნივერსიტეტებზე, სხვადასხვა სასწავლო პროგრამებზე, ბიბლიოთეკებსა და გამომცემლობებზე, სამეცნიერო კვლევებზე, ლიტერატურის თარგმნასა და შექმნაზე, სწავლის საფასურის დაფინანსებაზე. თანხის სწორად წარმართვის შემთხვევაში თუნდაც 10 წელიწადში საქართველოში წამოვა განათლებული, ერუდირებული, რაციონალურად მოაზროვნე ადამიანების თაობა, რომლებიც იმაზე უკეთესად იზრუნებენ ქვეყნის განვითარებაზე, ვიდრე ამას ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ათიათასობით ადამიანი და მილიტარისტი მთავარსარდალი აკეთებს დღეს.
თუ ასეა, რა უდგას წინ, რომ გავსცდეთ "პატრიოტიზმის" მილიტარისტულ, სისხლისმოყვარულ გაგებას? თუ ვთანხმდებით, რომ პატრიოტი ქვეყნის კეთილდღეობისთვის მზრუნველ ადამიანს ნიშნავს, როგორღა გამოდის, რომ ფუჭ ომში სიკვდილი პატრიოტიზმია, მაშინ როცა საკუთარი სიცოცხლე ბევრად კარგი საქმეებისთვის შეგიძლია გამოიყენო და თუნდაც იმ ოჯახზე იზრუნო, რომელიც არ გინდა "რუსმა გაჟიმოს"? განათლება ტყუილად არ მიხსენებია. მილიტარისტების ჰეროიზაცია, მხოლოდ წარსულში ქექვა და მომავლის შიში, კერპები და გმირები, გამორჩეული მხსნელები, მესიები, მტრები და მოღალატეები, პატრიოტები და არაპატრიოტები გაუნათლებელი ადამიანის საქმეა - მათი, ვისაც საკუთარი თავის, საკუთარი ცოდნის იმედი არ აქვთ და სხვაში ეძებენ საკუთარ დაკარგულ იმედს. ვისშიც იპოვნიან - გააღმერთებენ. ვისშიც ვერა - ეშაფოტზე აიყვანენ.
ასეთ წარმოსახვით ეშაფოტზე პირადად მეც ამიყვანეს რამდენჯერმე, ყოველთვის,როცა ვამბობდი,რომ ომი ბოროტებაა; რომ სროლის არმცოდნე მამაჩემი, რომელიც ომში გავარდა - სულელი იყო; რომ მკიდია გმირთა მოედნის მემორიალი, რომლის ქვეშაც ცოცხლად გადარჩენილ მეომრებს სახელმწიფო წიხლქვეშ იგდებს; რომ ხერხეულიძეების დედა შტერი იყო, რადგან ვერ მიხვდა, რომ ცოცხლად გადარჩენილი დანარჩენი რვა შვილი უფრო სასარგებლო იქნებოდა ქვეყნისთვის, ვიდრე ცხრავე დახოცილი და თავად კი გმირი დედის სტატუსით; რომ შტერია ადამიანი, რომელსაც უხარია თავდაცვის ბიუჯეტზე დახარჯული მილიარდები მტრის ჯინაზე და არის პატარა ფინია, რომელიც დიდ ნაგაზს უყეფს.
სხვა თუ არაფერი, შტერია ქართველი მილიტარისტი, რომელიც უახლოესი ღმერთის ძიებას დაიწყებს თუ გაიგებს, რომ საიდანღაც უცებ ერთი დიდი, ბუთხუზა ბომბი გამოცუნცულდა ჩვენსკენ. ბოლოსღა მიხვდება, რომ ვერც ღმერთი შველის და ვერც პატრიოტობა. ჰოდა, როგორც კი ეს ბომბი მშვიდად დაასკდება თავზე, იქ დამთავრდება მისი მილიტარიზმიც. მერე რა მოხდება?
რა და, დარჩენილები ისევ იამაყებენ "პატრიოტებით", გოგოები ისევ წააქეზებენ შეყვარებულებს, პაციფისტებს ისევ ეშაფოტზე გააკრავენ მაქსიმუმ ქვეყნის მოღალატისა და მინიმუმ ჩმორის სტატუსით. ისევ შექმნიან ახალ გმირებს და კერპებს. მთელ ამბებში კი "მოგებულები" ისევ პატარა ბავშვები დარჩებიან, რომლებსაც ჩინოვნიკები ადამიანების სიცოცხლის სანაცვლოდ ამაყად დაურიგებენ ახალი წარმოების ფოჩიან კანფეტებს. ოღონდაც, ერთია, არასდროს დაიჯეროთ რომ ეს პატარა, ახალი პატრიოტების თაობა ამ კანფეტებს ტკბილად ჩაახრამუნებენ. უბრალოდ გადაყლაპავენ, რომ თვითონაც დაიჯერონ და თქვენც დაგაჯერონ. თუ არ გჯერათ, კითხეთ აგვისტოს ომის ახალ თაობას, ხვალ რომ მემორიალურ კარნავალზე იდგებიან გაჯგიმულები, ამაყი სახეებითა და პირში არცთუ ტკბილი კანფეტების გემოთი.
http://liberali.ge/giorgi-kikonishvili/agvistos-poc
This post has been edited by red monkey on 8 Aug 2011, 01:14