შემოსავლების სამსახური "ალია-ჰოლდინგისგან" შპს "ელვასერვისთან" 2005 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე მიწოდებული და უკან დაბრუნებული საქონლის რაოდენობის შესახებ ინფორმაციას ითხოვს .
ამ ფაქტს გაზეთი "ალია" დღევანდელ ნომერში ვრცელ სტატიას უთმობს, სადაც აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა 12 ივლისით დათარიღებული წერილი "ალია ჰოლდინგს" 12 აგვისტოს ჩააბარა, წერილის თანახმად კი, ბუღალტერიამ "ელვასერვისთან" დაკავშირებული დოკუმენტაცია 5 დღის ვადაში უნდა წარადგინოს, რასაც "ალიაში" შეუძლებლად მიიჩნევენ.
"აქვე მინდა განგიმარტოთ, რომ შპს "ელვასერვისი" "მედია პალიტრის" ერთ-ერთი ის ორგანიზაციაა, რომელსაც შემოსავლების სამსახური უკვე სამი თვეა, შესამოწმებლად შეუვარდა. ეს გახლავთ პრესის გავრცელების სამსახური, რომელიც "ალიასა" და "ქრონიკასთან" ერთად ბეჭდური მედიის ყველა საშუალებას ავრცელებს", - აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი არის ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორება, რომელსაც "ფოტორეპორტიორების საქმეზე" აქტიურობისა და სოლიდარობის შემდეგ ელოდებოდნენ კიდეც. ჟურნალისტი დაინტერესდა, მოსთხოვა თუ არა შემოსავლების სამსახურმა მსგავსი დოკუმენტაცია სხვა რედაქციების. "ალია" დაუკავშირდა "რეზონანს", "ვერსიას", ახალ თაობას", "ასავალ-დასავალ", სადაც განაცხადეს, რომ აუდიტის დეპარტამენტის წერილი არ მიუღიათ.
ამ ეტაპზე "ალია ჰოლდინგი" შემოსავლების სამსახურისგან პასუხს ელოდება წერილზე, რომელიც 5-დღიანი ვადის 30 დღემდე გაზრდის თხოვნით აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს უფროსს გაუგზავნეს.
"გაცნობებთ, რომ 2005 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე პერიოდში შპს "ელვასერვისისთვის" მიწოდებული და უკან დაბრუნებული საქონლის რაოდენობისა და ღირებულების შესახებ ინფორმაციის მოწოდება, შესაბამისი ზედნადების ასლებით, 5 დღის ვადაში პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს არ გახლავთ ამ დოკუმენტაციის მოძიების, დალაგებისა და ასლების გადაღების გონივრული ვადა, როგორც ამას საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლი მოითხოვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ წინააღმდეგი, შემოსავლების სამსახურს აღნიშნული დოკუმენტაცია წარვუდგინოთ, მაგრამ ამისთვის გვჭირდება მართლაც გონივრული ვადა, რომელიც, საერთო ჯამში, შეადგენს 30 დღეს... იმედია, გაითვალისიწნებთ ჩვენს კანონიერ მოთხოვნას, რითაც დაადასტურებთ, რომ თქვენი ეს ქმედება არ არის მიმართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლის, ანგარისწორებისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისკენ", - აღნიშნულია წერილში.
როგორც სტატიაშია აღნიშული, აუდიტის სამსახურიდან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, "ალია ჰოლდინგი" საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარუდგენლობისთვის ჯერ 400 ლარით, ხოლო ქმედების ყოველ შემდგომ გამეორებაზე 1000 ლარით დაჯარიმდება.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...s-ithkhovs.html