ekonomika
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 875
წევრი No.: 130202
რეგისტრ.: 17-April 11
|
#27090554 · 27 Aug 2011, 22:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კერძო ნაწილი
კარი მეშვიდე დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ
თავი XIX დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ
მუხლი 108. განზრახ მკვლელობა განზრახ მკვლელობა, -ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
მუხლი 109. განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში (28.04.2006. N2937) 1. განზრახ მკვლელობა: ა) ამოღებულია (16.07.2010. N3446) ბ) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით; გ) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; დ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე. 2. განზრახ მკვლელობა: ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა; ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა ან უმწეო მდგომარეობაში მყოფისა; გ) ხულიგნური ქვენა გრძნობით; დ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო; ე) ჯგუფურად,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე. 3. განზრახ მკვლელობა: ა) ორი ან მეტი პირისა; ბ) განსაკუთრებული სისასტიკით; გ) ანგარებით ან შეკვეთით; დ) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით; ე) არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობებისა),- ვ) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, – (16.07.2010. N3446) ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. შენიშვნა: ამ კოდექსში ახლო ნათესავად ითვლება: მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.“.
მუხლი 110. მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით (28.04.2006. N2937) მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლების მიზნით,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
მუხლი 111. განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში 1. განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მსხვერპლის მიერ მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა ქმედებამ, აგრეთვე მსხვერპლის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ,- ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. (28.04.2006. N2937) 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, -ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
მუხლი 112. დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა (28.04.2006. N2937) დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. მუხლი 113. მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით (28.04.2006. N2937) მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით,- ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
მუხლი 114. მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით (28.04.2006. N2937) მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით,- ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
მუხლი 115. თვითმკვლელობამდე მიყვანა(28.04.2006. N2937)
თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით,- ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
მუხლი 116. სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით(28.04.2006. N2937) 1. სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით,- ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ,- ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
თავი XX დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ
მუხლი 117. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (28.04.2006. N2937) 1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. 3. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი: ა) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; ბ) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით; გ) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; დ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე. 5. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი: ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ; გ) ხულიგნური ქვენა გრძნობით; დ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო; ე) ჯგუფურად,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე. 7. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი: ა) ორი ან მეტი პირის მიმართ; ბ) განსაკუთრებული სისასტიკით; გ) ანგარებით ან შეკვეთით; დ) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით; ე) არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობებისა); ვ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ცამეტ წლამდე.“.
მუხლი 118. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (28.04.2006. N2937) 1. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან,- ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 3. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-3, მე-5 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას ანდა იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ან ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. (25.07.2006 N 3530) 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.“. მუხლი 119. ამოღებულია (28.04.2006. N2937)
მუხლი 120. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, -ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
მუხლი 121. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში (28.04.2006. N2937) ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დაზარალებულის მიერ მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა ქმედებამ, აგრეთვე დაზარალებულის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ,- ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
მუხლი 122. ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, -ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
მუხლი 123. ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, -ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
მუხლი 124. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით (25.12.2009. N2477 ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.
მუხლი 125. ცემა (28.04.2006. N2937) 1. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,- ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ,- ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტიდან ოცდაოთხ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“.
მუხლი 126. ძალადობა (28.04.2006. N2937) 1. სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,- ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ორი ან მეტი პირის მიმართ; ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; გ) დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ; ე) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით; ვ) შეკვეთით; ზ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო; თ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
|