
While my fanduri gently weeps
* * *
ფანდური
წინაპრებს ჩემსას ჰყვარებიათ ლარების ჟღერა.
მაღალ ხევსურეთს ფანდურები თალეს მთებური,
სამეგრელოში სიმის კვნესა გულს ატკბობს ჯერაც,
ყირმიზა გოგოს მოძახილთან შეერთებული.
დიდი რუსთველი ჩვენს ქვეყანას ტოვებდა როცა,
ესმოდა მიწას გულმართალი მისი გალობა;
გამგზავრებისას დედოფალმა გზა დაულოცა,
საქართველომ კი ფანდურების ხმა უწყალობა.
თუ გურამიშვილს არ გაუწყდა არც ერთი სიმი,
ვაჟას ფანდურიც შინდის მოჭრილ ხისგან გათალეს.
როცა უკრავდა მარად დინჯი და მოთვალთვალე,
ყურის საგდებად იხრებოდა მყინვარი ცივი.
...აი, აწყვია ჩვენს წინაშე დადაფნულები;
ვის შეელიოს, დრომ ვინ გარიყოს...
ხომ იცით, ხალხის გულებია ეს ფანდურები.
შევეხოთ ისე, ჭუჭყიანი ხელი არ იყოს;
შევეხოთ მაშინ, როცა გულში ვიგრძნოთ ჩანჩქრებად
სიმღერების და ლექსთა მრავლობა,
რომ იმ ფანდურებს, ჩვენს სახსოვრად ხალხს რომ დარჩება,
მოკრძალებულად უცქეროდეს შთამომავლობა.
1938