ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მღვდელაძის ინფორმაციით, ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი 11 სექტემბრამდე შვებულებაში გავიდა.
როგორც დეპუტატმა "ნეტგაზეთს' განუცხადა, მისი ინფორმაციით, კოპალიანი აღარ აპირებს შვებულების შემდეგ თანამდებობას დაუბრუნდეს, ამიტომ მისი იმპიჩმენტის საკითხი საკრებულოს სხდომაზე აღარ დაისმევა:
"იმპიჩმენტის აუცილებლობა არ დგას. იმპიჩმენტი არ არის ერთადერთი საშუალება, რომ პრობლემა მოგვარდეს. პრობლემები იყო, მერს ამ პრობლემების შესახებ ვესაუბრეთ, მან აიღო ტაიმ–აუტი, 11 სექტემბრამდე ის არის ბიულეტენზე და ამ ხნის განმავლობაში შევჯერდებით, როგორ უნდა მოვაგვაროთ პრობლემები, თუ იგივე მერი დაბრუნდება. მას აქვს გარკვეული სისუსტეები მენეჯმენტში, რომელიც შეიძლება არ ჰქონდეს თუ სხვა პოზიციას [თანამდებობას] დაიკავებს. მე როგორც ვიცი, მას ცენტრალურ ხელისუფლებაში გარკვეული პოზიციები შესთავაზეს საგარეო საქმეთა ურთიერთობის კუთხით და განათლების მიმართულებით. მე ვთვლი, რომ ის გაცილებით უკეთესი იქნება ამ მიმართულებებით, რადგან იგი არის ძალიან განათლებული პიროვნება და კარგი მეცნიერი, მაგრამ, ამავდროულად, არის სუსტი ხელმძღვანელი და ლიდერი, როგორც მერი. ამ ხნის განმავლობაში თვითონაც ჩამოყალიბდება ის, და მე ვთვლი, რომ ის არ იმსახურებს იმპიჩმენტს. ბატონი დიმიტრი არის ძალიან კეთილშობილი და განათლებული კაცი, მაგრამ სუსტი ხელმძღვანელი. რაც უფრო ჩქარა მოხდება მისი ამ ადგილიდან სხვა პოზიციაზე გადასვლა, მით უკეთესი იქნება მისთვისაც და ქალაქისთვისაც', – განაცხადა მან და დასძინა, კოპალიანმა თვითონვე დაინახა, რომ არსებობს გარკვეული სირთულეები, რომლის გადაჭრა მის შესაძლებლობებს აღემატება. საკრებულოს წევრის თქმით, კოპალიანს მერის თანამდებობაზე მუშაობისთვის პრინციპულობა აკლია.
"მე ვიცი, მას არ აქვს სურვილი, რომ მობრუნდეს, როგორც მერი. ამ მდინარეში შემობრუნებას ის არ ფიქრობს", – განაცხადა მღვდელაძემ და კოპალიანის ნაბიჯს ადეკვატური უწოდა.
ქუთაისის მერმა, დიმიტრი კოპალიანმა 21 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაცია მისი გადადგომის თაობაზე არ დაადასტურა. ქუთაისის საკრებულომ დიმიტრი კოპალიანი მერის თანამდებობაზე 2013 წლის 5 ივნისს აირჩია.
http://www.netgazeti.ge/GE/105/News/22793/უკვე აღარ არის სასაცილო.