ზბიგნევ ბჟეზინსკი რუსეთ-საქართველოს ომს პროგნოზირებს და აცხადებს, რომ კრემლის გაჯავრება და გაღიზიანება არ ღირსhttp://www.newspress.ge/uckhouri-presa/639...a-ar-ghirs.htmlზბიგნევ ბჟეზინსკი რუსეთ-საქართველოს ომს პროგნოზირებს და აცხადებს, რომ კრემლის გაჯავრება და გაღიზიანება არ ღირს
10:41 26.03.2015
ამერიკელი პოლიტოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი, პოლონურ გამოცემა „გაზეტა პრავნა“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ყურადღებას ამახვილებს რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობის პრობლემებზე, განსაკუთრებით კი რუსეთის როლზე უკრაინის კრიზისში და მოსკოვის პერსპექტიულ გეგმებზე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მიმართ.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ მასალის რეზიუმეს გთავაზობთ:
თუ უკრაინის ომში მიღწეული წარმატება ვლადიმირ პუტინს ძალიან იოლ გამარჯვებად მოეჩვენება, რუსეთმა შეიძლება ომი დაიწყოს მოლდოვას, საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ამ პოსტსაბჭოთა ქვეყნების შემდეგ უკვე პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ჯერი დადგება - რუსეთის არმია იქაც შეიჭრება. არის იმის ნიშნები, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინაზე არ გაჩერდება, ამიტომაც ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის შეშფოთება რუსეთის შესაძლო თავდასხმის გამო სრულიად მართებულია.
თანამედროვე რუსეთმა შეიძლება გაიმეოროს საბჭოთა კავშირის წითელი არმიის მიერ 1940 წელს განხორციელებული სცენარი ბალტიისპირეთის ქვეყნების ოკუპაციის თაობაზე, რომლის შედეგად სამივე რესპუბლიკაში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა. ახლა კი რიგის, ვილნიუსისა და ტალინის დაპყრობის შემდეგ რუსეთმა შეიძლება პოლონეთზე შეტევა დაიწყოს.
ყირიმის ანექსიის წლისთავის ზეიმის დროს მოსკოვში გამართულ მრავალრიცხოვან მიტინგზე, რომელშიც ვლადიმირ პუტინიც მონაწილეობდა, გაისმა ასეთი ხმები: „შემდეგი ფინეთი და პოლონეთია!“. რასაკვირველია, ამ წამოძახილებიდან გადაჭარბებული დასკვნები არ უნდა გაკეთდეს, მაგრამ ისტორიიდან ხომ ცნობილია, რომ ორივე ქვეყანა რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა? ეს ფაქტი რუსი ადამიანის მეხსიერებაში გარკვეული ნაშთის სახით ჯერ კიდევ არის შემორჩენილი. ალბათ, რუსებს მადა გაეღვიძებათ.
შესაბამისად, პოლონეთის ხელისუფლებამ თავისი არმია უნდა გააძლიეროს, შეიარაღებული ძალების მოდერნიზება უნდა განახორციელოს. პოლონეთს უპირატესად საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, მას დასავლეთი [ნატოს სხვა წევრები] დაეხმარება. პოლონეთი თავისი სამხედრო პოტენციალით და მრავალრიცხოვანი მოსახლეობით სრულიად განსხვავდება ბალტიისპირეთის რესპუბლიკებისაგან, რომლებიც სუსტნი არიან და სანამ დახმარებას მიიღებენ, აგრესიისაგან თავის დაცვა არ შეუძლიათ.
აღმოსავლეთ ევროპის ბედი უკრაინის მოვლენებზეა დამოკიდებული - გაუძლებს თუ არა კიევი მოსკოვის ზეწოლას? დასავლეთი უკრაინის არმიას ძლიერი და თანამედროვე იარაღით უნდა დაეხმაროს. ამავე დროს უკრაინის ნატოში მიღების საკითხი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. [ნატოში უკრაინის მიღება] შეიძლება მავნეც კი იყოს. არიან საკმაოდ ძლიერი ქვეყნები, რომლებიც ალიანსის გარეშე არსებობენ და ამაზე სულაც არ დარდობენ. რაც შეეხება ევროკავშირში შესვლას, უკრაინას ამ მიზნის მისაღწევად გრძელი გზა აქვს გასავლელი, ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. ბევრს ჰგონია, რომ ევროკავშირში შესასვლელად სურვილის გამოხატვა და პირობების შესრულება საკმარისია, მაგრამ შეხედეთ თურქეთს, რომელიც 60 წელია ამას ცდილობს და მიზნისთვის ჯერაც ვერ მიუღწევია. უკრაინელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია.
უკრაინის გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში რუსეთისათვის სილის გაწვნის ტოლფასია, ამიტომაც კრემლის გაჯავრება და გაღიზიანება არ ღირს. This post has been edited by kvarkvare on 28 Mar 2015, 22:31