IMDB -
http://www.imdb.com/title/tt2463512/?ref_=nv_sr_1Rotten Tomatoes -
http://www.rottentomatoes.com/m/hateship_loveship/მთავარ როლებში:
ქრისთენ ვიიგი (Kristen Wiig)
გაი ფირსი (Guy Pearce)

-----
Hateship Loveship არის ერთი პატარა, ლამაზი ფილმი, რომელიც გადაღებულია კანადელი მწერლის ალის მონროს მოკლე მოთხრობის მიხედვით. ფილმი ჯერ ფართო ეკრანებზე არ გამოსულა, მე კი მისი ნახვა ტორონტოს საერთაშორის ფილმების ფესტივალზე TIFF მოვახერხე.
საერთოდ, რამდენჯერმე დავპირდი ხალხს, რომ ჩემს TIFF-ის გამოცდილებაზე დავწერდი, მაგრამ თავის დროზე თემის გახსნა ვერ მოვახერხე და ახლა კი, ერთი თვის მერე უკვე ძალიან დაგვიანებულად მეჩვენება (გაისად მინიმუმ აგვისტოში გავხსნი).
გრავიტაციაზე ჩემი რევიუები შესაბამის თემაში დავდე და დიდი ხნის ფიქრის მერე, გადავწყვიტე, ტიფის ნაცვლად, ტიფზე ნანახ კიდევ ორ ფილმზე გამეხსნა თემა.
ჰოდა, რადგან კანადელ ჩეხოვად წოდებულმა ალის მონრომ ამ ორიოდე დღის წინ ლიტერატურაში ნობელის პრემია მიიღო, ალბათ ჯობია Hateship Loveship-ით დავიწყო.
http://en.wikipedia.org/wiki/Alice_Munroთუ მოდერატორები ჩემს ამ "ფორმატს" არ დაეთანხმებიან (ფილმის თემაში ამ ფილმთან დაკავშირებული TIFF-ის გამოცდილებაზე წერა), შეუძლიათ წაშალონ, არაა პრობლემა.
არ ვიცი თანაფორუმელებიდან რამდენს ქონია საერთაშორისო კინოფესტივალზე დასწრების საშუალება. მე 12 წელია კანადაში ვცხოვრობ, მაგრამ რატომღაც ვერასდროს ვახერხებდი TIFF-ზე წასვლას და სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა რა ხდებოდა საერთოდ ფესტივალზე. წელს კი თანამშომელთან საუბრის შემდეგ, რომელიც ყოველ სექტემბერს ორკვირიან სპეციალურ შვებულებას იღებს ხოლმე, გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი.
სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება დაგვიანებით მივიღე და ბილეთების უმეტესობა გაყიდული დამხვდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ყოველ დღე დილის 7 საათზე ვდგებოდი, რომ ბილეთები მეშოვნა და ბოლოს სამი ფილმის ბილეთების შოვნა მოვახერხე: გრავიტაცია, Hateship Loveship და Words and Pictures (რომელსაც იმედია ამ უახლოეს ხანებში განვიხილავ).
გრავიტაცია ფესტივალზე ერთერთი ყველაზე უფრო პოპულარული ფილმი იყო, Words and Pictures გალა წარმოდგენები ქონდა, მაგრამ Hateship Loveship-ზე ბევრად ნაკლები hype და buzz იყო და შესაბამისად ჩვენებაც პატარა დარბაზებში ჩატარდა.
მოკლედ, ვიყიდე 2 ბილეთი (ერთი უფროსი და ერთი 25 წლამდე ახალგაზრდა - დაახლოებით 40 დოლარი გადავიხადე ჩვეულებრივი 20 დოლარის მაგივრად) და როგორც გამაფრთხილეს, ფილმის დაწყებამდე დაახლოებით ორი საათით ადრე მივედი. TIFF-ის თანამშრომლებმა თავშეკავებულად დამცინეს, რა ამბავია ასე ადრე, ჯერ წინა ფილმი არ დაწყებულაო. გამოვედი, ვიბოდიალე და ერთი საათის მერე რომ დავბრუნდი, მეორე ვიყავი რიგში. თუმცა, მალე უზარმაზარი რიგი გაიჭიმა მარჯვნივაც (ანუ, ისინი, ვისაც ბილეთები გვქონდა) და მარცხნივაც (ანუ, ხალხი, რომელიც იმისი იმედით მოდიან, რომ დარბაზი არ შეივსება და ბოლო წუთში შესვლას მოახერხებენ). კარები კი 20 წუთით ადრე გაიხსნა და პატარა დარბაზიც 5 წუთში გაივსო.
TIFF-ზე ასობით ფილმია წარმოდგენილი, ყოველდღე რამდენიმე ათეული ჩვენებაა და მხოლოდ ჩვეულებრივი კინოთეატრები არაა საკმარისი. ამიტომ, სექტემბრის რამდენიმე დღის განმავლობაში ფილმების ნახვა ისეთ უცნაურ ადგილებში შეიძლება, როგორიცაა, მაგალითად Isabel bader theatre, რომელიც ტორონტოს უნივერსიტეტის კემპუსის შემადგენლობაშია.
ფილმის დაწყებამდე პატარა პრეზენტაცია ჩატარდა - რეჟისორი ლისა ჯონსონი გამოვიდა და პაწაწინა შესავალი გაუკეთა, თანაც დაგვპირდა, რომ დამთავრების მერე შეკითხვებს უპასუხებდა.
ახლა თვითონ ფილმის შესახებ (მსუბუქი სპოილერები):
ფილმის მთავარი გმირია ჯოჰანა ფერრი, რომელმაც სულ ახლახან დაკარგა მომვლელის სამსახური, მას შემდეგ, რაც მოხუცი ქალი, რომელსაც ის უვლიდა, გარდაიცვალა. ჯოჰანას დაიქირავებს მდიდარი ოჯახი - მან თინეიჯერ გოგონას და მის ბაბუას უნდა მიხედოს და სახლი დაალაგოს. ჯოჰანა საკუთარ თავში ჩაკეტილი ახალგაზრდა ქალია, ზედმეტად არავის შეწუხება უყვარს, სხვის საქმეებში არ ერევა და თავდაუზოგავად მუშაობს. საბითას (თინეიჯერის) მამა - ქენი მათთან არ ცხოვრობს, თუმცა როდესაც ჯოჰანა სამსახურს დაიწყებს, ქენი შვილს და სიმამრს სტუმრობს. სახლში (სხვა ქალაქში) დაბრუნების წინ, ქენი ჯოჰანას მადლობის წერილს გაუგზავნის, რაზეც ჯოჰანა ასევე ზრდილობიან პასუხს გასცემს. საბითა და ედითი (მეგობარი) ჯოჰანას წერილის გაგზავნას შესთავაზებენ, მაგრამ რათქმაუნდა, არ გააგზავნიან. ისინი წერილს თვითონ გახსნიან და ჯოჰანას ქენის სახელით უპასუხებენ. მალე ჯოჰანასა და ბავშვებს შორის მიწერ-მოწერა გაცხელდება და უბრალო, ზრდილობიანი ურთიერთობის ფარგლებს გაცდება. ეს ყველაფერი კი ჯოჰანას იმ ნაბიჯს გადაადგმევინებს, რაც რამდენიმე ცხოვრებას ერთდროულად შეცვლის.
მე საერთოდ მიყვარს მსგავსი ფილმები, მაგრამ ჩემი აზრით ამას რაღაც მარილი აკლდა.
არადა, პირველივე სცენა ძალიან მომეწონა - მოხუცი ქალი, რომელსაც ჯოჰანა უვლის, გარდაცვალების წინ ეტყვის, რომ რაღაც კაბის ჩაცმა უნდა. როდესაც მოხუცი გარდაიცვლება, ჯოჰანა სურვილს შეუსრულებს და დიდი ჯახირის მერე გამოუცვლის კაბას. ამ პატარა სცენამ ჯოჰანას პიროვნებაზე ძალიან ბევრი მითხრა და თავიდანვე სიმპატიებით განმაწყო.
მსახიობები ძალიან კარგად თამაშობენ, ფილმი კარგი ტემპით მიედინება, მაგრამ მაინც რამდენიმე რამე არ მომეწონა, მაგალითად ჯოჰანას საქციელი, რომელიც პერსონაჟის ბუნებაში არ ჯდება და კიდევ რამდენიმე თითქოს უმნიშვნელო ნიუანსი. წიგნი ახლანდელ დროზე არაა დაწერილი და სცენარისტს ადაპტირება მოუწია, მაგრამ იმეილებისა და კომპიუტერების მიუხედავად, რატომღაც მაინც ძველი პერიოდის შეგრძნება მქონდა, რაც თან მომწონდა და თან არა.
ფილმის დამთავრების მერე ჩატარდა Q&A სესია, სადაც შეკითხვებზე პასუხს რეჟისორი და სცენარისტი პასუხობდა. რეჟისორმა მოყვა როგორ ამოარჩია ეს მოთხრობა, როგორი სირთულეების გადალახვა მოუწია შეზღუდული ბიუჯეტის გამო და ერთერთი მაყურებლის კითხვაზე, თუ როდის ვიხილავდით ფილმს დიდ ეკრანზე უპასუხა, რომ ამჟამად ფილმის გაყიდვას ცდილობდნენ და ყველას გამოგვიცხადა, რომ შემოთავაზებებს იღებდა და ხუმრობით შეგვაგულიანა, რომ არ შეგვრცხვენოდა წინადადების გაკეთება. ლისამ ერთი საინტერესო ტრივიაც გაგვაცნო: თურმე საუნდრეკის ორი სიმღერის მომღერალი ერთმანეთზე დაქორწინებული ყოფილან და ეს შემთხვევით მომხდარა. უბრალოდ, როდესაც სიმღერებს ჯერ კიდევ ვეძებდი, გავიგონე მელოდია, რომელიც მაშინვე იდეალურად ჩაჯდა ჩემი გარკვეული სცენის წარმოდგენაში და მხოლოდ მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემი სიმღერები "დაქორწინებულები" და სამწუხაროდ "გაშორებულებიც" იყვნენო.
სცენარისტმაც ილაპარაკა ცოტა, ალის მონროზე მაბოდებს, დღეს უნდა მოსულიყო და მთელი ღამე არ მეძინაო. თუმცა, სამწუხაროდ, მწერალმა მოსვლა ვერ მოახერხა.
მეტი აღარ გავჭიმავ ჩემს შთაბეჭდილებებს, ისედაც ძალიან გრძელი რევიუ გამომივიდა. მარტო ერთს ვიტყვი - რამდენი კვირაა მინდა თავი ვაიძულო, რომ IMDB-ზე რევიუ დავწერე, მაგრამ ვერ ვახერხებ. საქმე კი იმაშია, რომ ჩემი პატიოსანი აზრი დაახლოებით 6-სა და 7-ს შორის მერყევებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფილმის შემქნელებთან ერთად ოციოდე წუთი გავატარე და მათი იმედებისა და ოცნებების შესახებ შევიტყვე, ხელი არ მიბრუნდება, რომ ჩემი კრიტიკა დავპოსტო

თუმცა პროდუსერი კი იქნებოდა ღირსი - როგორც ამერიკელების უმეტესობამ, ვერ მოითმინა, რომ არ წაეკბინა: მომწონს დარბაზი, ლამაზია ტორონტოს უნვერსიტეტი, თუმცა, რას გიხსნით, აქ ვინც ზიხართ, ალბათ ყველას ეს გაქვთ დამთავრებულიო (კიდევ კარგი, მოშინაურებული თეთრი დათვები გყავთ იგლუებშიო, არ თქვა

).