http://gtuc.ge/en/component/content/articl...-09-12-09-21-01შ.პ.ს „ევრაზიანსთილსის“ქუთაისის ქარხანა „ჰრეკულესის“ ადმინისტრაცია პროფკავშირელი აქტივისტების სამსახურიდან გათავისუფლებას აგრძელებს. სამსახური უკვე დაკარგა საწარმოს 17–მა მუშამ. ყველა მათგანი აქტიურად მონაწილეობდა საწარმოს, 2 სექტემბრის გამაფრთხილებელ გაფიცვაში და კვლავაც მონაწილეობს 13 სექტემბერისთვის დაგეგმილი სრულმასშტაბიანი გაფიცვის ორგანიზებაში, რაც საქართველოს კონსტიტუციის 33–ე, შრომის კოდექსის 49–ე და პროფკავშირების შესახებ კანონის მე–13 მუხლებით არის გარანტირებული.
ქარხნის ადმინისტრაციის, კერძოდ კი, მისი მფლობელის, პაატა ჩხენკელის მიერ, სამსახურიდან გათავისუფლებულია: 11–კაციანი პროფკავშირული კომიტეტის 7 წევრი – ირაკლი იობიძე, ირაკლი სირბილაძე, გოჩა მელაძე, მამუკა ჯაიანი, დარეჯან რობაქიძე, ემილო გუმბერიძე, მალხაზ გოგიავა; პროფკავშირის სარევიზიო კომისიის სამიდან ორი წევრი – კახაბერ ტურაბელიძე, გოჩა დარჯანია; პოფკავშირის 7 აქტიური წევრი – ზაზა კამლაძე, ამირან ჭოლაძე, დიმიტრი წულაია, გაგა ელიაშვილი, დავით კიზირია, გიორგი შვანგირაძე, გიგა სხირტლაძე, ჯემალ გოგელიძე.
გათავისუფლებულთა ეს ჩამონათვალი ცხადჰყოფს, რომ ქარხნის ადმინისტრაცია სამსახურიდან ათავისუფლებს პროფკავშირის ხელმძღვანელებს და ყველაზე აქტიურ წევრებს, რომლებიც მონაწილეობდნენ, როგორც გამაფრთხილებელი გაფიცვის ორგანიზებაში, ისე პრეს–კონფერენციებსა და სხვა კანონიერ აქტივობებში. „ჰერკულესის“ ადმინისტრაცია, ისევე, როგორც შ.პ.ს „ევრაზიანსთილსის“ პირველი პირები, გაფიცვის თავიდან ასაცილებლად, ყველა ხერხს მიმართავენ.
ქარხნის უსაფრთხოების უფროსი, რეზო დიაკონიძე, რომელიც მუშებისადმი განსაკუთრებული უხეშობით გამოირჩევა, პირადად აფრთხილებდა ყველას, რომ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილთან შეხვედრაზე წასვლის შემთხვევაში, სამსახურში არც ერთს არ დატოვებდა, ამასთან, პროფკავშირელი აქტივისტებისგან, იგი ქარხნის პროფკავშირის წევრებისა და გაფიცვაში მონაწილე მუშების სიას მოითხოვდა.
მედია, საზოგადოება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, რის საფუძველზე აშინებს ქარხნის უსაფრთხოების უფროსი თანამშრომლებს უშიშროებით, რა ბერკეტებს ფლობს იგი საამისოდ, რა კავშირი შეიძლება არსებობდეს კომუნისტების დროინდელი მილიციის მაიორ რეზო დეკანოიძესა და ახლანდელ სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის.
მედია, საზოგადოება უნდა დაინტერესდეს, რა მორალური და სახელმწიფოებრივი პრონციპებით ხელმძღვანელობს „ევრაზიანსთილსის“ მმართველი, პაატა ჩხენკელი, როდესაც „ჰერკულესის“ ქართველ მუშებს გათავისუფლებითა და ინდოელებით ჩანაცვლებით ემუქრება. მისი განცხადებით, სრული უფლება აქვს საკუთარ საწარმოში ისე მოიქცეს, როგორც საჭიროდ ჩათვკლის, რადგან ამის უფლებას შრომის კოდექსი აძლევს.
ცინიზმი, დააქმებულებთან დამოკიდებულებაში, ქარხნისა და კომპანიის ხელმძღვანელობის, ფაქტობრივად, ყველა ნაბიჯში იკითხება. მუშების შეკითხვას, რატომ დააკლეს მაისის ხელფასზე 400–400 ლარი, ისინი პასუხობენ, რომ მათი ფული „ამუნიამ შეჭამა”; არ გასცემს კუთვნილ ანაზღაურებად შვებულებას; ხელფასს არ უხდის ქართული ჯარის რეზერვში 3 კვირით გაწვეულ თანამშრომლებს და ა.შ.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტებმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს კომპანია შ.პ.ს. “ევრაზიანსთილსის” ხელმძღვანელის, პაატა ჩხენკელის, ასევე, მის საკუთრებაში არსებული ქუთაისის ქარხანა “ჰერკულესის” უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, რეზო დიაკონიძის წინააღმდეგ, მათ მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის გამო. თუკი დასაქმებულებზე უკანონო ზეწოლა გაგრძელდება, ამ სიას, შესაძლოა, ქარხნის სხვა თანამდებობის პირებიც დაემატონ. ამასთან, საქართველოს პროფკავშირები საქმის კურსში ჩააყენებს, ყველა დონორს, ყევლა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც „ევრაზიანსთილსის“ ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს.
მიუხედავად მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მატერიალური პრობლემებისა, მეტალურგიულ ქარხანა „ჰერკულესში“ დასაქმებულები უკან დახევას არ აპირებენ. მათ იციან, რომ იბრძვიან ადამიანური მოპყრობის უფლების, ჯანრთელობისთვის უსაფრთხო შრომითი პირობების, ღირსეული ანაზღაურების მოსაპოვებლად, სამსახურიდან უკანონოდ და უსამართლოდ გათავისუფლებული თანამშრომლების აღსადგენად და 13 სექტემბერს დაგეგმილ სრულმასშტაბიან გაფიცვას უერთდებიან. ამის უფლებას მათ საერთაშორისო სამართალი, საქართველოს კონსტიტუცია და ქვეყნის კანონმდებლობა აძლევს.