იმ მომენტში დაუძინებელი მტერი ნამდვილად აღარავინ მყავდა, ამიტომ ყველანი ძილში გამოვასალმე სიცოცხლეს. ასეთი ცუდი ხუმრობით მხოლოდ ჩემ მიერ ჩადენილი სისასტიკის შერბილებას ვცდილობ. სხვა შემთხვევაში დასაწყისიც ისეთივე მძიმე გამომივა, როგორც დასასრული. მოკლედ, ყველაფერი სამოთხეში მოხვედრის შემდეგ დაიწყო. ეს არც კი ვიცი, როგორ მოხდა. ღმერთს შეეშალა თუ ანგელოზებს, არ ვიცი, მაგრამ მოვხვდი იქ, სადაც არა თუ არ ველოდი მოხვედრას, არც კი მჯეროდა, თუ მსგავსი რამ არსებობდა. კარგი რაც არის არის, ვიფიქრე მე, თუ სადმე უნდა მოვხვედრილიყავი, ჩემ მიერ ცნობილი ვარიანტებიდან, აშკარად ეს ჯობდა იმ მეორე სამუდამო სამყოფელს. ნუ შეიძლება ითქვას სამოთხე კარგი გამოდგა, კომფორტი და საცხოვრებელი პირობები ნამდვილად არ იყო ცუდი, მაგრამ სიცოცხლეში ჩემ მიერ გაგონილი მისი რეკლამა, როგორც ყველა სხვა რეკლამა, აშკარად გადაჭარბებული გამოდგა. ხან და ხან შუქიც მიდიოდა, გზებიც პერიოდულად დაგებას და შეკეთებას ექვემდებარებოდა და ხმაურიანი მეზობლებიც შეიძლებოდა გყოლოდა. სიმართლე გითხრათ, საზოგადოება, რომელიც ამ დალოცვილ ადგილში გაენაწილებინა უზენაესს, ხშირად ამ განაწილების პრინციპების გაგებას ართულებდა. აქ შეხვდებოდით სხვადასხვა რასის, სარწმუნოების, ფორმისა და შინაარსის ადამიანს. ერთი-ორ ძაღლს, ცხენს, სპილოს და ზაზუნასაც მოვკარი თვალი. თუმცა როგორც აღმოჩნდა ჯერ მთავარი მოულოდნელობები წინ მელოდა. ადგილობრივმა ადმინისტრაციამ, ჩემი სამოთხეში გამოჩენის წუთიდან, გამომიყო მრჩეველი გარემოსთან შეგუების საკითხებში. იმის გამო, რომ სამოთხეში ფული არ არსებობდა და არც იყო საჭირო, რადგან აქ არაფერი იყიდებოდა, ეს კონსულტანტი რეალურად იყო ის ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად მოსწონდა ამ საქმის კეთება და სულით-გულით და მთელი მონდომებით აკეთებდა ამას. სიმართლე გითხრათ ეს სულაც არ აღმოჩნდა კარგი და კომფორტული. ასეთი მონდომება და გარემოსთან ადაპტაციის გამარტივება-დაჩქარების ასეთი დაუოკებელი სურვილი, ჩემ იქ ყოფნას რეალურად აკლებდა სამოთხურობას. თუმცა მე ნიჭიერი მოსწავლე აღმოვჩნდი და მას თავი რამდენიმე წუთში, (ჩემი განცდით თორემ იქ არც დრო არსებობს), თავი ზედმეტად ვაგრძნობინე. ამისათვის, გარდა იმისა, რომ რეალურად გაიარო ადაპტაცია, სხვა გზა არ არსებობს. იქ ადამიანს ვერ ჩააგდებ უხერხულ მდგომარეობაში, იქ არ არსებობს სირცხვილი, არ არსებობს შიში, არ არსებობს ხათრი და ქრთამი. მოკლედ, აბდულამ ყველაფერი გულმოდგინედ და დაწვრილებით ამიხსნა. აქ მთავარი იყო გეგრძნო, რომ ყველაფერი შეიძლება. რადგან ადამიანობის კომპლექსისგან ჯერ მრავალი წელი ვერ გავთავისუფლდებოდი, ამ კომპლექსებისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალებად სწორედ მათი აბსოლუტიზაცია ითვლებოდა, აქ იმდენად გოიმი შეგეძლო ყოფილიყავი, რომ ამ მცნებას, როგორც დანარჩენ სხვას აზრი ეკარგებოდა. მოკვლა შეუძლებელი იყო, ესე იგი ბოროტების ზღვარი არ არსებობდა. შესაბამისად როგორი ბოროტიც არ უნდა ყოფილიყავი მეორე ადამიანს ფატალურ საფრთხეს ვერ შეუქმნიდი, შესაბამისად ვერც ზიანს მიაყენებდი. სიგარეტს მარტო ახლად მოსულები თუ ეწეოდნენ, მაგრამ მალევე ანებებდნენ თავს, აბა რა აზრი აქვს სიგარეტის მოწევას თუ ის არ გკლავს. მანქანის ტარება იყო საშიში, მაგრამ შეეჩვეოდი თუ არა საკუთარ უკვდავებას, მაშინვე ხდებოდა ძალიან სახალისო. საჭმელი უგემურიც იყო და გემრიელიც, ვიღაცას ხომ უგემური მოსწონს და ვიღაცას გემრიელი, ამიტომ იყო ყველანაირი. მაგრამ ამ საჭმლის ჭამა მხოლოდ სიამოვნების იდეას შეიცავდა, როგორც მოჯმა და სექსი. და ეს ყველაფერი, როცა გინდა, სადაც გინდა, ვისთანაც გინდა, ძალით გინდა, ნებით გინდა, როგორც გინდა და რაც გინდა. მოკლედ, აქ არ არსებობდა არც სულიერი ტრავმები და არც ავადმყოფობები, უფრო სწორად არსებობდა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, ყველა ავადმყოფობა უკვდავების ფონზე თავად იყო მოკვდავი. სიკვდილის არარსებობა განაპირობებდა ყველაფრი არსებულის უსასრულობას და შესაბამისად მათ განმმნიშვნელოვნებას.
სამოთხის ერთი მთავარი მახასიათებელი, რაც მას ასამოთხევებდა იყო ის, რომ აქ არ არსებობდა უპასუხო კითხვები, მიუწვდომელი მიზნები, განუცდელი განცდები და აუხდენელი ოცნებები. იმდენად დიდი იყო თავისუფლება, რომ ჩემი ინტერესი თუ რა ხდებოდა ამ დროს ჯოჯეხეთში, მაშინვე დაკმაყოფილდა და გადმომეცა ტურისტული საგზური ჯოჯოხეთში. მეც ავდექი და კომფორტაბელური, საიქიოთშორისი შატლით გავემგზავრე ჯოჯოხეთში. საზღვარზე მცირე შეჩერების და საბუთების შემოწმების შემდეგ ჯოჯოხეთში შევედით. მეგზურობას გვიწევდა ჯოჯოხეთის სპეციალისტი, რომელმაც აგვიხსნა კიდეც მე და რამდენიმე ჩემსავით ცნობისმოყვარეს, განსხვავება ჯოჯოხეთსა და სამოთხეს შორის. აქვე აღვნიშნავ, რომ კუპრის ქვაბები და სხვა საწამებელი მოწყობილობები იქ არ არსებობს. როგორც აღმოჩნდა, ჯოჯოხეთი დაუსრულებელ კომპიუტერულ თამაშის ჰგავს. იქაც უკვდავია ყველა, მაგრამ ერთი სპეციფიკური განსხვავებით, ან მიდიხარ სულ წინ და თამაშობ დაუსრულებლად, ან სადღაც გკლავენ და ყველაფერი თავიდან იწყება. თამაშები სხვა და სხვა ტიპისაა და მათი შერჩევა ხდება ინდივიდუალურად. მტანჯველია ან ერთფეროვნება ან დაუსრულებელი და სამუდამო დევნა, სირბილი და ბრძოლა, რაც მოტივირებულია ამ ყველაფრის თავიდან დაწყების შიშით. წარმოიდგინეთ რომ 20 000 წელია თამაშობ, გასული ხარ, ეშმაკმა იცის რომელ ლეველზე და ამ დროს გკლავენ და ყველაფერი თავიდან იწყება. ამ ყველაფრის დამამძიმებელი გარემოება კი გახლავთ, ის რომ ჯოჯოხეთში განიცდება დრო, მიუხედავად იმისა რომ ობიექტი უკვდავია, სამაგიეროდ წყვეტას ექვემდებარება პროცესი. რაც შესაძლებელს ხდის დროის გააზრებას, ეს თავის მხრივ ამძაფრებს თამაშის თავიდან დაწყების შიშს. ასე და ამგვარად ამ ექსკურსიიდან ოდესღაც სახლში დავბრუნდი და კიდევ ერთხელ დავაფასე ღმერთის შეცდომა და ჩემი სამუდამო სამყოფელი. აქ ყველაფერი ისევ ძველებურად ახლებური იყო. ყველა ძალიან კარგად გრძნობდა თავს. ცუდად ყოფნითაც კი შეგეძლო კარგად ყოფილიყავი, თუ უბრალოდ სტანდარტული კარგად ყოფნა მოგბეზრდებოდა, მეც უნამუსოდ ბედნიერი, წამოვწექი ზუსტად მე როგორიც მინდოდა ისეთ ბალახზე და რომ მინდოდა იმაზე ცოტატი უფრო კარგ ხედს გადავავლე თვალი. აქ ყველაფერი შენ რომ გინდა და წარმოგიდგენია იმაზე მაგარია, ან ასე განიცდებოდა. ამ თავდავიწყების თავდავიწყებაში ვიყავი, როდესაც, უეცრად პეიზაჟი ჩემ წინ რამდენიმე მეტრში გაიფხრიწა და გაჩენილმა ნაპრალმა, წამის მეასედში შემიწოვა. დაბნელდა, მერე განათდა, უეცარმა სინათლემ თვალები მომაჭუტინა. სანამ რაიმეს დავინახავდი, ვიგრძენი ძალიან ცუდი სუნი, ცუდი გემო პირში, საშინელი სიმძიმე სხეულში, თავის გაუსაძლისი ტკივილი, თვალები გავახილე და ძალიან მახინჯი და საშინელი ხმით მოლაპარაკე ნაცრისფერხალათიანი ადამანები დავინახე. გონზე მოვიდა, გამოვიდა, თვალი გაახილა, აზრზე მოვიდა, გადარჩა, ყვიროდნენ გარშემომყოფნი. ყველაფერი ბევრად უფრო ცუდი იყო ვიდრე მახსოვდა. ჩემი დაბრუნება ჩემებს ძალიან გაუხარდათ, ჩემი ცოლი თვალცრემლიანი მოსდევდა საკაცეს რომელსაც საოპერაციოდან პალატისკენ მიაგორებდნენ, დედაჩემი და ბიძაჩემიც აქ იყვნენ, ისე მამაჩემი იქ რატომ ვერ ვნახე, ვითომ ჯოჯოხეთში თამაშობდა. მოკლედ ყველა აქ იყო. მე პალატაში დამაწვინეს, მერე ყველამ დამათვალიერა, გამიღიმა და ისევ შეწუხებული სახე მიიღო და წავიდ., იქ მხოლოდ ჩემი ცოლი და დედაჩემი დარჩნენ.
იქით მორიგე ექთნების მოზრაობა მოჩანდა, უფრო იქით ალბათ მორიგე ექიმიც ავსებდა რაღაც ანკეტებს. მე კი საშინელი გრძნობა მქონდა, ეს არის ხალხი ვინც მე უკან დამაბრუნა, იქნებ მათ არ იცოდნენ, რომ ღმერთს შეეშალა და სამოთხეში გამანაწილა მერე რა?! რა უნდოდათ რატომ დამაბრუნეს, რას მერჩოდნენ? მე გულწრფელი ბრაზი მომერია, ისეთივე თავისუფალი როგორც სამოთხეში, ეტყობა უკვე შევეჩვიე კიდეც და ამიტომაც დაიბადა ჩემში ეს, ბედნიერიების მომნიჭებელი სიძულვილის განცდა. საშინელი ენერგია ვიგრძენი სხეულში, საწოლიდან წამოვდექი, დედაჩემს და ჩემს ცოლს ჩასძინებოდათ, დაიღალნენ ალბათ, ინერვიულეს, ფუუ, საწყლები.
.......
© ირაკლი
This post has been edited by Ðito on 12 Sep 2011, 15:19