დღეს ცნობილი გახდა, რომ ნოემბრის დასაწყისში, საქართველოში, ნატო–ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ჩამოვა. როგორც ნატო–ში საქართველოს ელჩმა გეგა მგალობლიშვილმა განაცხადა, რასმუსენი თბილისში, ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს დელეგაციასთან ერთად ჩამოვა.
დღესვე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს, საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზიც ეწვევა. ვიზიტი უახლოეს მომავალში იგეგმება, თუმცა, ოფიციალურად, ვიზიტის კონკრეტული თარიღი არ სახელდება. საფრანგეთში საქართველოს ელჩის, მამუკა კუდავას განცხადებით, ნიკოლა სარკოზის ვიზიტის ერთ–ერთი თემა, სარკოზი–მედვედევის შეთანხმების შეუსრულებლობა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება იქნება.
არის თუ არა, რამე კავშირში სარკოზისა და რასმუსენის საქართველოში ჩამოსვლა და რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ამ ვიზიტმა ჩვენს ქვეყანას, ამ საკითხზე ,,პრესა.ჯი“ პოლიტოლოგ გია ნოდიას ესაუბრა.
– რა მიზანს ისახავს ნატო–ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი?
– ის ფაქტი, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი საქართველოში ჩამოდის, არის იმის დადასტურება, რომ ჩვენს ქვეყანას ნატო–ში სერიოზულად უყურებენ და ძლიერ პარტნიორად განიხილავენ. ამ ვიზიტისგან ძალიან ბევრს მოველი.
– როდის შეიძლება საქართველო ნატო–ს წევრი ქვეყანა გახდეს?
– საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების 80%, დამოკიდებულია პოლიტიკურ გარემოზე და 20% ჩვენი ქვეყნის მზაობაზე. ჩემი აზრით, საქართველო მზად არის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყანა გახდეს, თუმცა ამის პოლიტიკური გარემო თვითონ ნატო–ში, ჯერჯერობით არ არსებობს. მისი წევრი ქვეყნები, ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ და საერთო კონსესუსს ვერ მიაღწიეს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ნატო–ს წევრი ქვეყანა გახდეს. ასე რომ, ჩვენი ქვეყნის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება, მისი წევრი ქვეყნების სურვილზეა დამოკიდებული. მათი სურვილი კი, საქართველოს სასარგებლოდ არ მოქმედებს.
– ნატო–ს გენერალური მდივნის პარალელურად, საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც ჩამოდის. როგორ გგონიათ, ეს ორი ვიზიტი ერთმანეთთან რამე კავშირშია?
– ამ თემაზე ვარაუდები და სპეკულაციები შეიძლება, თუმცა, დაზუსტებით იმის თქმა, რომ ამ ორ ვიზიტს ერთმანეთთან რაიმე საერთო აქვს, არ შემიძლია.
შეიძლება მართლაც არის რაღაც კავშირი, ან პირიქით, ეს ორი, სრულიად დამოუკიდებელი მოვლენაა. ნებისმიერ შემთხვევაში, სარკოზის ჩამოსვლა უფრო მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვიდრე ანდერს ფოგ რასმუსენისა. ის შედარებით ხშირად ჩამოდის საქართველოში, საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი კი საქართველოში არ მახსოვს, თუ არ ჩავთვლით ომის დღეებში მის საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ მაშინ პრინციპულად სხვა ვითარება იყო.
ეს ძალიან სასარგებლო და მისასალმებელი ვიზიტია. ახლა, საფრანგეთი ევროპის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ის ევროპის პოლიტიკაზე დიდ გავლენას ახდენს. სარკოზი საქართველოში ტყუილად არ ჩამოვა. ჩემი აზრით, მისი ჩამოსვლას საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით, სერიოზული წინსვლა მოჰყვება.
– ოფიციალური ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტის მთავარი მიზანი სარკოზი–მედვედევის შეთანხმების შეუსრულებლობაა. თან, როგორც ცნობილი გახდა, რუსეთს არა თუ გაჰყავს ჯარი ოკუპირებული რეგიონებიდან, არამედ პირიქით, მძიმე ტექნიკასა და ცოცხალ ძალას ყოველდღიურად ზრდის.
– სარკოზის საქართველოში ჩამოსვლა, შეიძლება რუსეთზე ზეწოლის ერთერთი ნაირსახეობა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ საფრანგეთის პრეზიდენტი, რუსეთის მიერ ამ შეთანხმების შეუსრულებლობაზე, რაიმე მკაფიო გზავნილს გამოუშვებს თბილისიდან. ფაქტია, რომ რუსეთი აღნიშნულ შეთანხმებას არ ასრულებს და ეს მისი ქმედებებითაც კარგად ჩანს. კარგი იქნება, თუ საფრანგეთის პრეზიდენტი მას ამ ხელშეკრულების პირობებს შეასრულებინებს, თუმცა, ჩემი აზრით, ევროკავშირსა და ნატო–ს არა აქვთ იმის ბერკეტები, რომ რუსეთს ამ ვალდებულების შესრულება აიძულონ.
http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=8707პ.ს. რას ფიქრობთ?
მე კი მგონია საქართველოს ხელისუფლების დასათანხმებლად ჩამოდის რომ შეათრიონ რუსეთი სავაჭრო ორგანიზაციაში
ალბათ აბაზიანს გადმოგვიგდებენ რაიმეს
This post has been edited by iase on 13 Sep 2011, 12:12