19-24 სექტემბერს საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინციატივით პირველი "ტურიზმის კარიერის კვირეული" ჩატარდება. ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს საშუალო განათლებით. დასასწრებად საჭიროა მხოლოდ ვებ-გვერდზე www.careerweek.ge დარეგისტრირება.
"ტურიზმის კარიერის კვირეულ"-თან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ მაია სიდამონიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ბრიფინგი გამართა. მან მედიის წარმომადგენლებს დაგეგმილი ღონისძიების მიზანი და მისი მიმდინარეობის დეტალები გააცნო. როგორც მაია სიდამონიძემ აღნიშნა, "კარიერის კვირეულ"-ში ტურიზმის სფეროს პრაქტიკულად ყველა სეგმენტის წარმომადგენელი კომპანიები ჩაერთვებიან.
ღონისძიების ფარგლებში 19-23 სექტემბერს გაიმართება სხვადასხვა სემინარი CV-ის მომზადების, სამოტივაციო წერილის შედგენისა და ინტერვიუს გავლის შესახებ. კვირეულის განმავლობაში მოეწყობა აგრეთვე პრეზენტაციები ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროს ლიდერი კომპანიებისა და წარმატებული ადამიანების მონაწილეობით.
დასასრულს, 24 სექტემბერს, ჩატარდება "კარიერის დღე", სადაც დამსწრეთ საშუალება მიეცემათ, პირისპირ შეხვდნენ დამსაქმებლებს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროდან, საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, გაესაუბრონ მათ, დაუტოვონ CV და შემდგომში დასაქმდნენ. სამსახურის მაძიებელთათვის ერთადერთი პირობა საშუალო განათლებაა, თუმცა, როგორც ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ვაკანსიები იქნება ტურიზმის მენეჯმენტში უკვე გამოცდილი კადრებისთვისაც. ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში“ და მასში მონაწილეობას მიიღებს 40-მდე კომპანია და უმაღლესი სასწავლებელი. დამსაქმებლებს წარმოადგენენ სასტუმროები, რესტორნები, ტურისტული, სატრანსპორტო და დასაქმების კომპანიები.
"ტურიზმის კარიერის კვირეული" - მიზნად ისახავს დაინტერესებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობას ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში და სერვისის დონის ამაღლებას კომპანიებისთვის მაღალკვალიფიციური კადრების შეთავაზებით. ღონისძიება ემსახურება აგრეთვე კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას დაინტერესებული აუდიტორიისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდებას ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაზე და საქმიანობის სპეციფიკაზე.
ღონისძიების პარტნიორები არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასი", კომპანია "Key Management Solutions Georgia" და დასაქმების სააგენტოების ასოციაცია.
* * *
აბა ვინ ჩაიწერა აქ ? გვასაქმებენ ხალხნო