მოკლედ ეს არის ჩემს მიერ დაწერილი ჩანახატი ქართულის გაკვეთილისთვის.
ველი კრიტიკის ქარ-ცეცხლს

მამა გიორგი თბილისში მდებარე მთავარანგელოზის ეკლესიის მოძღვარია. მთელი თავისი ცხოვრება ქრისტიანობას და ტაძარს მიუძღვნა. ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის იყო, როდესაც სარწმუნოებით ძლიერ დაინტერესდა და მშობლებს სთხოვა სასულიერო სასწავლებელში შეეყვანათ. მღვდლად 25 წლის ასაკში ეკურთხა და უკვე 33 წელია რაც ამ წმინდა საქმიანობას ეწევა. მისი მრევლი და ზოგადად მართლმადიდებლური საზოგადოება მას მტკიცე რწმენის მქონე ადამიანად და უბადლო თეოლოგად იცნობს.
დეკემბრის ერთ სუსხიან საღამოს მოძღვარი ტაძრიდან შინ უჩვეულოდ დაღლილი დაბრუნდა. მართლაც უცნაურია, ამდენი ხნის მოღვაწეობის განმავლობაში მამა გიორგის ასეთი დაღლა არასდროს უგრძვნია, რადგან ყოველთვის გულმოდგინედ და დიდი სიყვარულით ეკიდებოდა საქმეს.
- ,,სიბერის ბრალია" ჩაილაპარაკა თავისთვის.
ვახშმობისგან თავი შეიკავა, ,,ძილის წინ სათქმელი" ლოცვა წარმოთქვა და მაშინვე დაწვა. ძილმაც არ დააყოვნა. იმ ღამეს მოძღვარს საოცრად უცნაური სიზმარი ესიზმრა. უსაფუძვლო არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური, რაც კი ადამიანს შეიძლება დასიზმრებოდა.
რაღაც არაბუნებრივად მკრთალ და ნისლიან ადგილას იყო. ირგვლივ არაფერი ჩანდა, გარდა მომცრო ზომის თეთრი მარმარილოს მაგიდისა, რომელზეც ჭადრაკის დაფა და ფიგურები ეწყო. თუმცა ეს ფიგურები სულაც არ იყო ისეთი, როგორიც გიორგის აქამდე ენახა. ისინი თითქოს ადამიანებს ჰგავდნენ... უეცრად არსაიდან ორი უცნობი გაჩნდა. ისინი პირისპირ იდგნენ და ერთი ხანი ჩუმად შესცქეროდნენ ერთმანეთს. მოძღვრის იქ ყოფნა არცერთს შეუმჩნევია. შემდეგ ორივე ერთდროულად მიუჯდა მაგიდას.
მარცხნივ მჯდომი უცნობი სასიამოვნო შესახედაობის შუახნის მამაკაცი იყო. შავ თმაში აქაიქ შეპარული ჭაღარა მოუჩანდა, სახეზე კი თითქოს მარადიული სევდა ჰქონდა გამოსახული. თუმცა ყველაზე უცნაური მისი ჩაცმულობა იყო. მამა გიორგიმ დიდხანს უყურა მას და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ უცნობს ,,სიშავე" ეცვა. თუმცა პირველზე საინტერესო მეორე უცნობი გამოდგა. მოძღვარი თითქოს ხედავდა მას, მაგრამ ვერ აღიქვამდა. მამა გიორგის არც მისი სახე დაუნახავს, არც ტანისამოსი და საერთოდ არაფერი, რასაც შეეძლო წარმოდგენა შეექმნა მეორე უცნობზე, მიუხედავად იმისა, რომ ის პირველთან შედარებით უფრო ახლოს იჯდა მღვდელთან.
- გაწუხებს რამე? - სიჩუმე დაარღვია მეორემ,
- როგორც ადრე, ეს მარადიული კითხვა - რატომ ? - უპასუხა შავოსანმა.
- მეგონა აქამდე იპოვიდი პასუხს. შენ ხომ ყველაზე ახლოს ხარ ჩემთან...
- მართალია, მაგრამ მე მხოლოდ ნაწილი ვარ შენი. სარეველა ვარ მწვანე მდელოზე.
- არ დაგავიწყდეს სიკეთიდან ხარ !
და პირველად საუბრის განმავლობაში ღიმილმა დაფარა შავოსანი უცნობის სევდიანი სახე.
- ცდები მოხუცო, ერთ დროს ჩვენ ერთნი ვიყავით. სწორად დაწერა ერთ-ერთმა ნაშიერმა: ,,მე ნაწილი ვარ დიადი ძალის", მაგრამ ეს ძალა სიკეთე არ არის, არც ბოროტებაა... რატომ წამოიწყე ეს ყველაფერი?
- იცი რა იყო პირველი გრძნობა რაც განვიცადე?
- ალბათ სიყვარული... - ირონიულად უპასუხა პირველმა უცნობმა.
- არა, სევდა. მარტოობისგან გამოწვეული ძლიერი სევდა. შემდეგ თამაშის წესები შევქმენი. ყველაფერს მისი საპირისპირო უნდა შეექმნა. სევდამ სიხარული შვა, ზედმეტმა სიხარულმა - ერთფეროვნება, ერთფეროვნებისგან მრავალფეროვნება შეიქმნა (ეს სამყარო) სწორედ აქედან გაჩნდი შენც.
- ისინი რატომღა დაბადე?
- მე არავინ არ გამიჩენია. მრავალფეროვნებისგან შეიქმნა ყველა. ერთადერთი რაც მათში ჩავდე, ეს ჭრიჭინაა. ის დაეხმარება მათ შენი ბნელი გზიდან ჩემი ნათელი გზისკენ ბილიკის მოძებნაში...
და უცბად მამა გიორგის მოესმა ჭრიჭინის გამაყრუებელი და შემაწუხებელი ხმა. პირველმა უცნობმა შიშით მიმოიხედა ირგვლივ და დაძაბული ხმით წარმოთქვა:
- ისევ ის ! მე კი მეგონა რომ მოვკალი ...
მოძღვარს გამოეღვიძა. საათს გახედა, დილის ექვსის ნახევარი იყო. გარეთ ძალიან ბნელოდა. საპირფარეშოში გავიდა, ონკანი მოუშვა და სახეზე ცივი წყალი შეისხა. შემდეგ რამდენიმე წამით სარკეში თავის ანარეკლს გაუშტერა თვალი..
- მკრეხელობაა?
- არა, სიზმარია. ჩემი ფანტაზიის ნაყოფი...