ვარშავა – აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ვარშავაში იმ შიშების ფონზე დაიწყო, რომ ექვსი აღმოსავლელი პარტნიორი სულ უფრო უსხლტება ხელიდან ევროპას, რომელსაც ყურადღება სხვა საკითხებზე აქვს გადატანილი.
სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ლიდერები და ოფიციალური პირები პოლონეთის დედაქალაქში ორდღიან შეკრებაზე თავის ზოგიერთ ევროპელ კოლეგას ხვდებიან. ამ შეხვდრებიდან ცოტაოდენ კონკრეტულ შედეგს ელიან.
ერთი აქცენტი უკრაინაზე გაკეთდება იმ იმედით, რომ გაირკვევა ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან (DCFTA) დაკავშირებული მოლაპარაკებების დასრულებისა და უკრაინასთან თანამშრომლობის ხელშეკრულების დადების ვადა. გარდა ამისა, უნდა დაითქვას სომხეთთან, საქართველოსთან და მოლდოვეთთან მსგავსი მოლაპარაკებების დაწყების თარიღიც.
ბევრმა პოლიტიკოსმა გამოხატა შეშფოთება სასამართლო პროცესზე, რომელზეც უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება განიხილება. მათ აინტერესებთ, რა ზეგავლენას მოახდენს ეს სავაჭრო მოლაპარაკებებზე, მით უფრო, რომ საფრანგეთმა ამას წინათ მათი შეჩერება მოითხოვა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სამიტის თანმხლებ შეხვედრებზე უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს ელაპარაკა და შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელშეკრულებაზე ამ წლის ბოლოს შესაძლო ხელმოწერა ”წლების მძიმე მუშაობის დაგვირგვინება” იქნებოდა.
მან ისიც თქვა, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო ევროკავშირის შეშფოთებაზე იანუკოვიჩთან იმსჯელა.
”ჩვენ ვიმსჯელეთ აგრეთვე უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე და მე პრეზიდენტს გავუზაირე ჩემი და ჩემი ევროპელი პარტნიორების თვალთხედვა. მე მაშფოთებს ურთიერთობა მთავრობასა და ოპოზიციას შორის და დემოკრატიის ის სტანდარტები, რომელთაც შეიძლება დავეყრდნოთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში,” განაცხადა ტუსკმა.
„დემოკრატიული სტანდარატების დონე და ადამიანის უფლებები ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირში ინტეგრაციის მოსურნე ქვეყნებს. მე მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა გააცნობიერა ჩვენი შიშები.”
პრობლემები, რომელმაც დასაწყისშივე იჩინა თავი
სამიტი მძიმედ დაიწყო – განცხადებულ იქნა, რომ ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი მარტინოვი სამიტს არ დაესწრება. მარტინოვი ერთ-ერთია ბელორუსიის იმ მცირერიცხოვან ოფიციალურ პირთა შორის, რომელსაც ევროკავშირში მოგზაურობა აკრძალული არა აქვს. მაგრამ მინსკმა, აშკარა დიპლომატიური დემარშით, ბოლო წამს გადაწყვიტა საგარეო საქმეთა მინისტრის ნაცვლად ვარშავაში ელჩი, ვიქტორ გაისენოკი გაეგზავნა.
მაგრამ გაისენოკს, ალბათ, სამიტის ყველა სესიაზე დასწრების უფლება არ ექნება. მაია კოჩიანჩიჩმა, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური სამსახურის უფროსის, კეტრინ ეშტონის სპიკერმა ”რადიო თავისუფლებას” უთხრა, რომ ევროკავშირი სწუხს მარტინოვის არდასწრების გამო.
”ჩვენ გვესმის, რომ (საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი მარტინოვი) არ ჩამოდის და ვწუხვართ ამის გამო, რადგან მიგვაჩნდა, რომ სამიტი იძლეოდა კარგ შესაძლებლობას უშუალოდ ბელურუსის ხელმძღვანელობისთვის გადაგვეცა ძალიან ცხადი გზავნილი,” – განაცხადა კოჩიანჩიჩმა.
„თქვენ იცნობთ ამ პოზიციას ძალიან კარგად. ჩვენ გვინდა ვიხილოთ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რეაბილიტაცია. ჩვენ მზად ვართ ბელორუსიასთან მნიშვნელოვანი თანამშრომლობისთვის, რაღა თქმა უნდა, პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებული ჩვენი მოთხოვნების სრული გაცნობიერებით”.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადეკ სიკორსკიმ, ვარშავაში, სამიტის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მარტინოვის გადაწყვეტილება „კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ბელორუსიამ თვითიზოლაციისკენ გადადგა.” მან დასძინა, რომ ევროკავშირის ურთიერთობა ბელორუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან იქნება ისეთი, „როგორიც იქნება მისი ურთიერთობა საკუთარ ხალხთან”.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი შეხვდა ბელორუსელ უფლებადამცველებს ვარშავაში და ამ შეხვედრის შემდეგ მინსკს სავსებით ცხადი გზავნილით მიმართა.
”ჩვენ ვწუხვართ იმ ბოლოდროინდელი ცნობების გამო, რომელიც ეხება დღემდე საპატიმროში მყოფთა ჯანმრთელობის მდგომარეობას და მათზე განხორციელებულ ზეწოლას,” განაცხადა ვან რომპეიმ.
„მე მოვთხოვ ხვალ ბელორუსიის ელჩს, წაიღოს ეს გზავნილი მინსკში და ჩვენ მოვუწოდებთ ბელორუსის ხელისუფლებას გადაწყვიტოს სიტუაცია ქვეყანაში ისე, რომ შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის მიერ ჩამოყალიბებულ პოზიციასთან. ჩვენ არ ვწყვეტთ სიტუაციის მონიტორინგს და მზად ვართ შესაბამისად ვირეაგიროთ.”
სამიტის დეკლარაციის პროექტში ასევე მკაცრდაა მოხსენიებული დემოკრატიული ოპოზიციის დევნა ბელორუსიაში, თუმცა ახალ სანქციებზე არაფერია ნათქვამი.
ლიდერებმა „გამოხატეს თავის ღრმა შეშფოთება ადამიანის უფლებათა, დემოკრატიის და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული სიტუაციის გაუარესების გამო ბელორუსიაში. აქვე ბელორუსს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს და განახორციელოს რეაბილიტაცია ყველა პოლიტიკური პატიმრისა და დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი ოპოზიციასთან,” ნათქვამია დოკუმენტში. ”ისინი (ლიდერები), ასევე მოუწოდებენ ბელორუსის ხელისუფლებას ბოლომდე სცეს პატივი მედიის თავისუფლებას.”
შესუსტებული ინტერესი
სამიტი იმ დროს დაემთხვა, როდესაც პოლიტიკური ვითარება ექვს ქვეყანაში ბევრი თვალსაზრისით ნაკლებად სტაბილურად გამოიყურება, ვიდრე ეს იყო ორი წლის წინ, მაშინ, როდესაც აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა ამოქმედდა.
ახლა, როდესაც არაბულ სამყაროში რევოლუციური ცვლილებები მოხდა, ხოლო ევროზონაში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი ყურადღების ეპიცენტრში მოექცა, ენთუზიაზმმა, აღმოსავლეთ მეზობლებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით, ბევრ პარტნიორ ქვეყანაში, როგორც ჩანს გარკვეულწილად იკლო.
ჩამქრალ ინტერესს ისიც დაემატა, რომ სამიტს არ დაესწრებიან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. ანგელა მერკელი ამ სამიტზე დიდი ქვეყნების ერთადერთი მეთაური იქნება.
ფრანგმა და გერმანელმა დიპლომატებმა მიანიშნეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა, სავარაუდოდ ევროკავშირის ნამდვილი წევრობის სუბსტიტუტს წარმოადგენს, თუმცა პოლონეთი ამ პროგრამას აღმოსავლეთით შემდგომი გაფართოების კიდევ ერთ ნაბიჯად მიიჩნევს.
„რადიო თავისფლებასთან” საუბრისას, პოლონეთის ელჩმა ევროკავშირში იან ტომბინსკიმ აღიარა, რომ ვარშავას მიზანი მოცემულ მომენტში რთულად მისაღწევია.
„ევროპის კავშირი რთულ პერიოდს გადის. ჩვენ ძალიან ვართ დაკავებულნი ჩვენი საშინაო პრობლემებით: ევროს გადარჩენით, იმით, რომ მოვიძიოთ ახალი გზა ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და უკეთესი დროებისათვის ევროკავშირის მომზადებისთვის. ამიტომაა, რომ ბევრ ქვეყანას არ უნდა გაფართოების ახალი შესაძლებლობების შექმნა”, – განაცხადა ტომბინსკიმ.
სამიტის დეკლარაციის პროექტი კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი ამჟამად არ არის მზად შემდგომი ექსპანსიისთვის – მასში არ შევიდა ევროკავშირის კონვენციის 49-ე მუხლი, სადაც ნათქვმია, რომ საბოლოოდ ყველა ევროპული ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება.
http://foreignpress.ge/?p=18368ტექსტი ცოტა გრძელია, მაგამ ვისაც უნდა წარმოდგენა შეექმნას რა ხდება ამ სამიტზე, რა დინებებია, უნდა წაიკითხოს...
არცერთი ქართული მედიასაშუალებიდან ასეთ ანალიზს ვერ მიიღებ...