დღეს „უმუშევართა კავშირმა დასაქმებისთვის“ უმუშევართა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო კანცელარიასთან აქცია გამართა.
ლოზუნგებსს „არა უმუშევრობას! თავისუფლება შრომას! თავისუფლება მეწარმეობას!“ „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ თავმჯდომარე თამარ იობაშვილი, „თავისუფალ ასოციაციათა კავშირის თავმჯდომარე“ ალექსანდრე შალამბერიძე, „დევნილთა სამოქალაქო საზოგადოების“ თავმჯდომარე მანუჩარ სიგუა, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრი გია ყრუაშვილი, დევნილები და უმუშევრები ახმოვანებდნენ.
მათ უმუშევრობის პრობლემასთან დაკავშირებულ ვითარებაზე განცხადებები გააკეთეს და კანცელარიას პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურისა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის სახელზე წერილი გადასცეს.
თამარ იობაშვილის განცხადებით, ქვეყნის ასიათასობით მოქალაქე, რომელთაც საპენსიო ასაკისთვის არ მიუღწევიათ და თავისი ცოდნით პროფესიული და ცხოვრებისეული უნიკალური გამოცდილებით უმუშევრადაა დარჩენილი და შიმშილით სიკვდილისთვის არის განწირული.
„ეს ადამიანები მხოლოდ ძველი ნივთების გაყიდვით, იშვიათად შემორჩენილი დაბალ ანაზღაურებად ხელფასზე მომუშავე ახლობლებისა და მეგობრების გულმოწყალების იმედად არიან დარჩენილები და ამით არსებობენ. ასე გაგრძელება შეუძლებელია და ამავე დროს, – დაუშვებელი“.
„თავისუფალ ასოციაციათა კავშირის“ თავმჯდომარე ალექსანდრე შალამბერიძის თქმით, ქვეყანაში მხოლოდ 900 ათასი ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 340 ათასი – სახელმწიფო სექტორში.
აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნაა, კონცერტების ორგანიზების ნაცვლად ხელისუფლება თავისი პირდაპირი მოვალეობების შესრულებაზე გადავიდეს, რაც საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უმუშევრობის პრობლემის გადამწყვეტი მუხლების პრაქტიკულ შესრულებაზე და ლოზუნგებიდან საქმეზე დროულად გადასვლას ნიშნავს.
http://www.geworld.ge/index.php/home/rubri.../2832--900-340-