07:10 / 28-10-2011
საჩხერეში ტერორი დაიწყო
"საჩხერეში პირდაპირი ტერორი დაიწყო. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობაზე ზეწოლას პირადად ახორციელებენ", - ამ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, "რესპუბლიკელი" ინგა ზამბახიძე ავრცელებს. როგორი ვითარებაა დღეს საჩხერეში და კონკრეტულად რას მოითხოვს ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობისგან?..
- საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ აბჟანდაძემ და გამგებელმა ზურაბ ცერცვაძემ ყველა სკოლის დირექტორი დაიბარეს და ივანიშვილთან დაკავშირებით საგანგებო დირექტივები მისცეს. ისინი ითხოვენ, რომ პედაგოგებმა უარი თქვან ივანიშვილის "ბინძურ ფულზე" ანუ - მის მიერ დაწესებულ სოლიდურ ხელფასებზე. მათ ივანიშვილის სახელის ხსენებაც კი აუკრძალეს.
- ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ?
- ინფორმაცია თავად სკოლების პედაგოგებმა მომაწოდეს. აბსოლუტურად ყველა სკოლამ მიიღო ეს დირექტივა, როგორც ქალაქ საჩხერეში, ასევე - სოფლებშიც. კონკრეტული პედაგოგების ვინაობას ვერ გავამხელ. პირადად მე, ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, მაგრამ სხვას საფრთხის წინაშე ვერ დავაყენებ.
- რა საფრთხეს გულისხმობთ? თქვენი ვარაუდით, რა ელის მათ, ვინც ხელმძღვანელების მიერ მიღებულ დირექტივას არ შეასრულებენ?
- ძნელი სათქმელია. ამათგან ხომ ყველაფერია მოსალოდნელი. უკეთეს შემთხვევაში, ალბათ სამსახურიდან გაათავისუფლებენ. სხვათა შორის, საჩხერის სამთო ბატალიონიდან უკვე დაიწყეს კადრების გადარჩევა: ივანიშვილის მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ათავისუფლებენ სამსახურიდან. საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" დამფუძნებლებიც დაიბარეს და მოსთხოვეს, რომ ივანიშვილის სპონსორობაზე უარი თქვან. კლუბს 9 დამფუძნებელი ჰყავს; მათგან ხუთიც რომ შეაშინონ და დაიყოლიონ, კლუბს დაფინანსება შეუწყდება, - არადა, 60 კაცი მაინც არის დასაქმებული. გარდა ამისა, ახალგაზრდები უფასოდ, საუკეთესო პირობებში ვარჯიშობენ. მათთვის ახლა კლუბის დახურვა ძალიან მტკივნეული იქნება.
- ივანიშვილის ფულის სანაცვლოდ რას ჰპირდებიან?
- არაფერს. მათ ძალა აქვთ და ფიქრობენ, რომ ხალხის გულის მოგება არაფერში სჭირდებათ, ძალადობითაც გაიტანენ თავისას. ტერორი მცირე ბიზნესის წარმომადგენლების მიმართაც დაიწყო. ივანიშვილის მიერ დაწყებული საქველმოქმედო პროექტები - კერძოდ, საჩხერის მცხოვრებლებისთვის სახლების გადახურვის პროცესი შეჩერებულია, რადგან სახურავისთვის საჭირო ხე-ტყის მასალა აღარ მიეწოდება.
- ხეტყის მასალას რა მიზეზით არ აწვდიან?
- მიზეზს არ ასახელებენ. უბრალოდ, ადგნენ და დააკავეს მანქანები, რომლებსაც ხეტყე შემოჰქონდათ.
- საჩხერეში მოსახლეობის განწყობილება როგორია?
- მოსახლეობა აღშფოთებულია, მაგრამ შიშის გამო, ხმამაღლა ლაპარაკს ერიდება. ჯერ ყველა დუმს, ვნახოთ, მერე რა მოხდება. არა მგონია, ხალხი გაჩუმდეს. ძალიან არიან ივანიშვილისგან დავალებულები. ამ კაცმა მათ მხოლოდ ყოფითი პრობლემები კი არ მოუგვარა, ბევრ მათგანს სიცოცხლე შეუნარჩუნა. მის აშენებულ საავადმყოფოში უამრავმა ადამიანმა უფასოდ იმკურნალა. 10 ათასდოლარიანი ოპერაციები გაუკეთეს ხალხს უფასოდ!..
- ასე თუ ვიმსჯელებთ, წესით, საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელიც უნდა იყვნენ ივანიშვილისგან დავალებულნი...
- არიან კიდეც, მაგრამ... ალბათ თქვენც კარგად იცით, რომ არც ერთ რაიონში არც ერთ ხელმძღვანელს სუფთა წარსული არა აქვს. რაც უფრო მეტს სცოდავ, ზემდგომები კიდევ უფრო მეტი დანაშაულის ჩადენას გაიძულებენ. მათ სხვა გამოსავალი არა აქვთ - იძულებულნი არიან, ასე მოიქცნენ.
ალბათ თავადაც არ მოსწონთ, ხალხის საწინააღმდეგოდ რომ იქცევიან. რამდენიმე დღის წინ ჭორვილელებმა დამირეკს და მითხრეს, რომ საღამოობით, როდესაც "კურიერი" იწყება, სოფელს ელექტროენერგიის მიწოდებას უწყვეტენ. არადა, ჭორვილაში შუქის პრობლემა მაშინაც კი არ გვქონია, როცა თბილისი ჩაბნელებული იყო: სოფელს საკუთარი ტრანსფორმატორი აქვს.
- "რესპუბლიკელები" თავად ამბობთ, რომ "რუსთავი 2" ხელისუფლების მართული ტელევიზიაა და "კურიერიც" მათი დაკვეთით მუშაობს; მაშ, რატომ უნდა აძლევდეს ხელს ხელისუფლებას, რომ ჭორვილელებმა "კურიერს" არ უყურონ?
- არ ვიცი, ალბათ უნდათ, რომ ხალხი ინფორმაციულ ვაკუუმში მოაქციონ, ან უბრალოდ, მის ნერვებზე თამაშობენ. ამ ხელისუფლებისას რას გაიგებ?!. ერთი რამ ცხადია - მათ ბიძინა ივანიშვილს დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს და მზად არიან, ყველა და ყველაფერი გაანადგურონ, რაც გზაზე გადაეღობებათ.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/43397-sac...l#ixzz1c5eXWH3nლიცემერი:კომენტარი ზედმეტია, უბრალოდ თავს ნებას მივცემ მხოლოდ ერთი დასკვნა გავაკეთო: ხელისუფლება... უკაცრავად, მანქურთების ხროვა კლინიკური იდიოტებივით იქცევიან . აქედან გამომდინარე, კურტუმოს უშნოდ თამაშს თუ არ გაეშვებიან, ფაიზაღი გაიჩალიჩებენ
პ.ს. ნაციონალებმა საზოგადოება ისე მოაწყეს, რომ ადამიანს, თუ უნდა რომ შიმშილით სული არ ამოხდეს , მაშინ სინდისს უნდა უღალატოს , სინდისი უნდა გაყიდოს. ამის კარგი მაგალითი სახელისუფლო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანები არიან , რომლებიც სამსახურიდან განთავისუფლების შიშით ყველაფერზე მიდიან. აი, ეს მიმაჩნია ამ ხელისუფლების ყველაზე დიდ დანაშაულად
This post has been edited by licemer on 28 Oct 2011, 22:20
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.