შალვა ოგბაიძე: ,,ვიტოვებ უფლებას არ მჯეროდეს, რომ ეს ხელისუფლება მშვიდობიანი გზით წავა''
ოპოზიციური ფლანგი ერთხმად აღიარებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გამოაცოცხლა. შექმნილ ვითარებაში, რა პოზიცია აქვს და როგორ წარმოუდგენია საზოგადოების გააქტიურება, ამასთან როგორ პროგნოზს აკეთებს _ საარჩევნოდ რომელი ფლანგი დარჩება გამარჯვებული, ,,ვერსია'' ამ საკითხებზე ,,დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს'' მთავარი საბჭოს წევრს,შალვა ოგბაიძეს ესაუბრა:
_ როგორც ვხედავთ, პოლიტიკურ ასპარეზზე დუღილის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ამიტომაც, ამ ატაპზე, რთულია, გამოკვეთილ კონფიგურაციაზე საუბარი.
_ და ამ პოლიტიკური დუღილის პერიოდში, თქვენს პარტიაში რა პროცესები მიმდინარეობს, არ გეგმავთ პროცესში აქტიურ ჩართვას?
_ ჩვენი პარტიის, ერთი შეხედვით, მუშაობის ლატენტურ და ფარულ ფორმას თავისი მიზეზები ჰქონდა. მოგეხსენებათ, საქართველოს უახლოესი ისტორია ორ ნაწილად გაიყო: 2011 წლის 26 მაისამდე და 26 მაისის შემდეგ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ დღემ ახალ პოლიტიკურ მოძრაობებსა და ზოგადად, პროცესებს მისცა დასაბამი. ამ ეტაპზე, პარტიაში რეგიონული ორგანიზაციების გამოცოცხლებისათვის აქტიური სამუშაოები ხორციელდება. ჩვენს გუნდს ამ ხნის განმავლობაში ძირითადი მოთამაშე არ გამოკლებია. მისი მორალური სიმტკიცე კი გვაძლევს საშუალებას, რომ მომავალ პოლიტიკურ პროცესებში, განახლებული ძალებით ჩავერთოთ.
_ და 26 მ აისს დაკავებული ადამიანების ბედზე არავინ აღარ საუბრობს, რას აპირებთ, როგორ უნდა იბრძოლოთ მათ გასათავისუფლებლად?
_ 26 მაისს დაკავებულთა ნაწილს, მოგეხსენებათ, ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილს სისხლის სამართლის დანაშაულის ინსპირირება გაუკეთეს თითიდან გამოწოვილი ბრალდებით _ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა. საუბარია 6, 7, 8 და 12 წლით თავისუფლების აღკვეთაზე. ამ უსამართლო ხელისუფლების პირობებში, აქტიური პროტესტის გარდა, ჩვენ ხელთ არაფერი გაგვაჩნია. დაკავებულთა ოჯახის წევრებთან და იურისტებთან კონსულტაციებს აქტიურად გავდივართ. მეც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ხელისუფლება ასეთი დოზით იყო ყველაფერზე წამსვლელი.
_ ალბათ, გაეცანით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ქუჩის აქციებზე უარის თქმით, არჩევნებამდე მისვლას აპირებს. თქვენ, როგორც იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც ხელისუფლების სისხლიანი ძალა საკუთარ თავზე გამოსცადა, როგორ აფასებთ მისი პოლიტიკური ბრძოლის ამ მიმართულებას?
_ ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის რამდენიმე ფორმა არსებობს, თუმცა ის პოლიტიკური ბრძოლის სხვა მეთოდს ანიჭებს უპირატესობას. ვინ რომელ პოლიტიკურ იარაღს გამოიყენებს, ეს უკვე გემოვნების საკითხია. ვიტოვებ უფლებას არ მჯეროდეს, რომ მშვიდობიანი გზით ეს ხელისუფლება წავა. არც იმას ვფიქრობ, რომ ჯადოსნური კვერთხის მოქნევით სასამართლო სისტემა შეიცვლება და პროკურატურისა და შსსს დავალებას აღარ შეასრულებს. ვიმეორებ, ეს პოლიტიკური გემოვნების საკითხია და, შესაძლოა, ვინმეს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს. მეც სიამოვნებით დავიჯერებ და ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ, თუ ეს ნამდვილად ასე მოხდა.
_ როგორც ჩანს, თქვენ ისევ იმ აზრზე რჩებით, რომ ხელისუფლების შესაცვლელად ერთადერთი რეალური გზა ქუჩის აქციებია? ამ დროს კი, მუსირებს აზრი, რომ ხელისუფლება ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებით, ივანიშვილის პოლიტიკური ბრძოლის ქუჩაში გადატანას ცდილობს, სადაც მმართველი გუნდი, დამეთანხმებით, ბევრად უფრო ღონიერია.
_ არა, მე არ მითქვამს, რომ აქციები ერთადერთი გზაა ბრძოლის სასურველი შედეგით დასასრულებლად. მშვიდობიანი აქციებიც პოლიტიკური ბრძოლის ერთერთი საშუალებაა. არ ვარ იმ ასაკში, რომ აქციაზე დგომა ჩემი ოცნების მწვერვალი იყოს. უბრალოდ, არ მინდა, ჩემმა მომავალმა თაობამ წამომაყვედროს _ რატომ დუმდი, კომფორმისტი ხომ არ იყავიო. მუდმივი პრესისა და საზოგადოებისგან წამოსული ზეწოლის გარეშე ხელისუფლება თავისით ვერ გაკეთილშობილდება. თუმცა, ვიმეორებ, ეს ივანიშვილის მიერ შექმნილი ახალი ძალის გადასაწყვეტია, რომლის მიმართაც საკმაოდ დიდი სიპათიებით ვარ განწყობილი და რომელთან ერთად ბრძოლაზეც ჩვენი პარტია მზადაა. ბიზნესმენის პირველი განცხადების გავრცელებისთანავე, პარტიამ მკაფიოდ დააფიქსირა ჩვენი მხარდაჭერა ივანიშვილის მიმართ. ჩვენთვის მთავარი შედეგი და საქმეა და არა ის, ვინ რას ლაპარაკობს. ბოლო პერიოდში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ჩვენს გარეშე არ წარმართულა. მეტიც, ერთადერთი თუ არა, ერთერთი წარმართველი ძალა ამ პროცესებისა, სწორედ, ჩვენი პარტია და სახალხო კრება იყო. რა თქმა უნდა, არც მომავალში დავრჩებით ამ პროცესებს მიღმა.
_ მოგეხსენებათ, უკვე გაკეთდა განცხადება, რომ ივანიშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად, უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე, რამდენად მისაღებია თქვენთვის მხარდაჭერის მსგავსი ფორმა?
_ ბიძინა ივანიშვილისთვის სოლიდარობის მსგავსი ფორმით გამოცხადება, მხოლოდ სააკაშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. პროტესტის ამ ფორმას, ზნეობის მქონე ხელისუფლების პირობებში ექნებოდა აზრი. ხელისუფლებასთან, რომელიც თავისი მოქალაქეების სისხლში ცურავს, სოლიდარობის მსგავსი, პატიოსანი ფორმა და მორალური ჟესტი, შედეგს არ მოგვცემს. სააკაშვილსაც სწორედ ეგ უნდა _ ყველამ ერთ დღეს მოქალაქეობაზე ვთქვათ უარი, რათა ჩვენისთანა ადამიანები ქვეყანაში აღარ არსებობდეს და მხოლოდ ისინი დარჩნენ, ვისთვისაც ცხოვრება საამურია. არსებობს სოლიდარობის პასიური და აქტიური ფორმა. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ მე უფრო აქტიური მოქმედების მომხრე ვარ. ბოლო პროცესებს თუ გადავავლებთ თვალს, ხელისუფლება საგრძნობლად შეფიქრიანებულია და შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ეს გახლავთ იმ პრესინგის შედეგი, რომელიც ბოლო პერიოდში დაიწყო. თუ ეს ზეწოლა გამწვავდება, რაც, რა თქმა უნდა, კონსტიტუციურ ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული, ხელისუფლება უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს.
_ საკმაოდ ხშირად ახსენებთ აქტიურ მოქმედებებს, თუმცა არ აკონკრეტებთ, რას გულისხმობთ?
_ არსებობს აღმოსავლური ორთაბრძოლა _ აიკიდო, სადაც მეტოქე მოწინააღმდეგის ძლიერ მხარეს მისსავე დასამარცხებლად იყენებს. ასეთი რბილი პრესინგი და შეტევები, აუცილებლად საბოლოო შედეგამდე მიგვიყვანს. ბრძოლის რაც უფრო მეტი არსენალი იქნება გამოყენებული, მით უფრო ეფექტური იქნება შედეგიც. რაც მთავარია, საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულება ჩვენი ხელისუფლების მიმართ, აბსოლუტურად შეცვლილია. ალბათ ადევნებს თვალს, თუ როგორ მკაცრ განცხადებებს აკეთებს დასავლეთი, რა თქმა უნდა, დიპლომატიურ ჩარჩოებში. მსგავს პირობებში, ჩვენს ხელისუფლებას ილუზიაც კი არ უნდა ჰქონდეს, რომ მმართველობის პერიოდს გაიხანგრძლივებს. საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სულერთი სულაც არ არის საქართველოში მიმდინარე პროცესები. ივანიშვილთან დიპლომატიური კორპუსის შეხვედრაც ამ მესიჯს შეიცავდა. ამ შეხვედრით ნათელი გახდა, რომ დასავლეთი ბიძინა ივანიშვილის ფიგურით სერიოზულად დაინტერესდა. პირადად, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემაც ძალიან დიდი შრომა გასწია იმისათვის, რომ არსებული ვაკუუმი გაერღვია და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, საქართველოს ხელისუფლების ორმაგი სტანდარტების შესახებ ხმა მიეწვდინა. ერთობლივი ძალისხმებით, მსოფლიომ დაინახა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების თავჩაღუნული და კეთილად მომზირალი იმიჯი მხოლოდ ფარსია და მის უკან პირსისხლიანი დიქტატორი იმალება. ეს დიქტატურა, საბოლოოდ, 26 მაისს გაფორმდა, როცა ადამიანები პოლიტიკური შეხედულებისა და გემოვნების გამო ციხეში ჩასვეს.
_ 2012 წლის არჩევნები ახლოვდება, ხელისუფლებისა და ივანიშვილის ფლანგს შორის დაპირისპირება კი, ალბათ, მალე პიკს მიაღწევს. რა სიურპრიზებს უნდა ველოდოთ ორივე მხრიდან და ასევე, თქვენი შეფასებით, რამდენად მზადაა ამ ბრძოლისთვის ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი?
_ ქართული ზღაპრის ბოლო ყოველთვის კეთილია. მჯერა, რომ ეს რეჟიმი აუცილებლად დამარცხდება და ქართველი ხალხი აირჩევს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც ერს ნორმალური ცხოვრების საშუალებას მისცემს _ საზოგადოებას აღარ შეეშინდება, რომ ხელისუფლება სახლში შეუვარდება, ბიზნესს წაართმევს, ოჯახის წევრს მოუკლავს, პოლიტიკური შეხედულების გამო დევნას დაუწყებს, შეულამაზებელ ინფორმაციას მიიღებს, ოჯახის წევრს სამსახურიდან იმის გამო არ გაუთავისუფლებს, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიის მიმართ სიმპათიას გამოხატავს, ექნება დამოუკიდებელი სასამართლო და ა.შ. მჯერა, უახლოეს მომავალში საქართველო ასეთი ქვეყანა გახდება. ამის რომ არ მწამდეს, ჩემს ბრძოლასაც აზრი არ ექნებოდა. გარწმუნებთ, კართაგენი დაინგრევა და ეს ხელისუფლება აუცილებლად წავა
წყარო