ნიკა რურუას, რომელიც ამ დრომდე კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებს, თანამშრომლობის საკითხზე "თავისუფალი დემოკრატებისთვის" ჯერჯერობით არ მიუმართავს.ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა თეა წულუკიანმა "პირWელს" რურუას მიერ თანამდებობის დატოვებისა და ოპოზიციაში, კერძოდ კი "თავისუფალ დემოკრატებში" მოსალოდნელი გადაბარგების შესახებ დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელებული კულუარული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.
"ჩვენი პარტიის ლიდერი ირაკლი ალსანაია ამჟამად თბილისში არ იმყოფება, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ამ დრომდე ნიკა რურუას ჩვენი პარტიისთვის არ მოუმართავს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამის შესახებ მეცოდინებოდა. თუ სამომავლოდ მისი მხრიდან მსგავს აქტივობას ექნება ადგილი და ნიკა რურუა გვეტყვის, "მე ის ნიკა რურუა აღარ ვარ, პატივს ვცემ დემოკრატიულ პრინციპებს და "თავისუფალი დემოკრატების" ყველა სხვა ფასეულობას, მის საკითხს განვიხილავთ. "თავისუფალი დემოკრატები" ის პარტია არ არის, სადაც გადაწყვეტილებები, მათ შორის კონკრეტულ პიროვნებებთან მიმართებაში ვინმეს მიერ ერთპიროვნულად მიიღება. ამდენად, ნიკა რურუას საკითხსაც მომართვის შემთხვევაში ამ პრინციპით განვიხილავთ. ზოგადად, მსგავსი საკითხების განხილვისას, რა თქმა უნდა, გააჩნია პიროვნებას. ამ დროისთვის პირადად მე ნიკა რურუას და მისი წარსულის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გამაჩნია. თუ ბატონი ნიკა მოგვმართავს და დაგვარწმუნებს იმაში, რომ მზადაა, ჩვენი პრინციპები სრულად გაიზიაროს, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ მის პიროვნებასა და წარსულზეც", - განაცხადა წულუკიანმა და აქვე დასძინა, რომ "ყველაფერი ზემოთთქმული ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, აბსტრაქციაა".
დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ნიკა რურუამ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა და იგი უკვე პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის სამუშაო მაგიდაზე დევს. ამავე ინფორმაციის თანახმად, რურუას თანამდებობაზე სავარაუდოდ, მომღერალი სოფო ნიჟარაძე შეცვლის, ხოლო თავად ყოფილი მინისტრი თანამშრომლობის ოპოზიციასთან, კერძოდ კი "თავისუფალ დემოკრატებთან" დაწყებას აპირებს.
პარალელურად ქართული პრესა იმაზეც წერს, თითქოს ბოლო დღეებში რურუასა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის კონფლიქტი მოხდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაშიც კი გადაიზარდა.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ნიკა რურუას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას კეტეგორიულად უარყოფენ. “რა სისულელეა?! მინისტრი პარიზში მივლინებით იმყოფება და გუშინ UNESCO-ს სხდომაზე სიტყვითაც გამოვიდა", - განუცხადეს "პირWელს" სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ "პირWელი" მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ დაახლოებით ერთი კვირის წინაც წერდა. მაშინ საკადრო "კარუსელის" კონტექსტში რურუას გვარიც სახელდებოდა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთში ან იტალიაში ელჩად უნდა დაენიშნათ. თავად რურუამ მაშინ აღნიშნული უარყო. "მსგავსი რამ თქვენგან პირველად მესმის, თუმცა თუ დამნიშნავენ, ძალიან კარგი იქნება", - განაცხადა კულტურის მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ მმართველი გუნდის მიერ სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობიდან ბაკურ კვეზერელის გათავისუფლება "თავისუფალმა დემოკრატებმა" "აგონიურ მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლების მსხვერპლშეწირვად", "კლანური აზროვნების მორიგ გამოვლინებად" შეაფასეს და განაცხადეს, რომ "ამ ტიპის გადაწყვეტილებები ხელისუფლების რღვევის პროცესს ვეღარ შეაჩერებს".
http://www.presage.tv/?m=news&NID=18847თუ იყო ეს თემა, გტხოვთ მიმითითეთ და ამას დავხურავ