პლატონი ძალაუფლების სამ ძირითად მოდელს: ოლიგარქიას, დემოკრატიას და ტირანიას გამოყოფს. ოლიგარქია დემოკრატიაში გადადის, დემოკრატია- ტირანიაში, ტირანია - ოლიგარქიაში. მოდელები „წრეზე ბრუნავენ". არაერთხელ აღგინიშნავთ, რომ ახლა საქართველოში ოლიგარქიაა. რა პროცესების დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ამბიციები? უფრო ზუსტები რომ ვიყოთ, პლატონი საუბრობს ძალაუფლების ხუთ მოდელზე: არისტოკრატიაზე, ტიმოკრატიაზე, ოლიგარქიაზე, დემოკრატიასა და ტირანიაზე. თუ არისტოკრატია არის საუკეთესოების მმართველობა, ტიმოკრატია გულისხმობს სახელიანი, პრესტიჟული ხალხის მმართველობას. საქართველოში ახლა ნამდვილად ოლიგარქიაა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ექსცენტრიკული ოლიგარქი სინამდვილეში არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ მიხეილ სააკაშვილია. ამ აზრით, ივანიშვილი, რომლის გარშემოც სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები იკრიბებიან, წარმოადგენს დემოკრატიას იმიტომ, რომ დემოკრატია სხვა არაფერია, თუ არა სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელთა მაქსიმალური ჩართვა ხელისუფლებაში. სხვათა შორის, იმავე პლატონის თანახმად, დემოკრატია არანაირად არ არის სხვა მოდელზე უკეთესი, პირიქით, გარკვეული აზრით, უარესიც კი არის არისტოკრატიაზე.
თქვენი ლოგიკით, სააკაშვილის ოლიგარქიას ივანიშვილის დემოკრატია უნდა მოჰყვეს... თუ ვამბობთ, რომ საქართველოში ბიზნესი და ხელისუფლება ერთი და იგივეა და მოქმედ ხელისუფლებას ახასიათებს ბიზნესის ტოტალური კონტროლი, მაშინ ნებისმიერი მდიდარი ადამიანის გამოჩენა იწვევს სრულ ისტერიკას. ბადრი პატარკაციშვილის შემთხვევაშიც ასე მოხდა და როგორც ვხედავთ, ახლაც ასეა. ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება ამ სისტემას მოუვიდეს, ეს ფულზე კონტროლის დაკარგვაა, რაც ოლიგარქიული მმართველობის გათვალისწინებით, ძალაუფლების დაკარგვასაც გულისხმობს.
რა საფრთხის შემცველია ის, რომ საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი ივანიშვილს მხსნელად მოიაზრებს? თითქოს ჯერ კიდევ არ დამთავრდა ქართულ პოლიტიკაში ჰეროიზაციის პერიოდი. ასეთი პერიოდი არასდროს დამთავრდება. ერთი წელი ვიყავი ჩიკაგოში და ეს პერიოდი ობამასა და მაკკეინის დაპირისპირების აპოგეას დაემთხვა. ობამას მიმართ დამოკიდებულება ასეთი იყო: მას მესიად, მხსნელად მოიხსენიებდნენ. ადამიანები ყველგან ერთნაირები არიან თავიანთი ვნებებით, გრძნობებით, მითოლოგიით, განსხვავება სტრუქტურებშია. მთავარი მომენტი ისიც არის, თუ რამდენად არის სოციალური და ძალაუფლების სტრუქტურები ამით გაჯერებული. საზოგადოებაში ყოველთვის იქნება რაღაც ნაწილი, რომელიც ახალგამოჩენილ პოლიტიკურ ფიგურაზე დაამყარებს იმედებს.
მეტსაც გეტყვით, ასეთი ადამიანები ნამდვილად უნდა არსებობდნენ და ძალიან არალიბერალური იქნება, თუ დავიწყებთ მათი მარგინალიზაციის პროცესს. შეიძლება ძალიან არაპროგრესულად ჟღერდეს, მაგრამ განმანათლებლური პროექტი იმის შესახებ, რომ „ცოდნა ძალაა" და რაც უფრო მეტი იცის ადამიანმა, მით უკეთესია, მაინცდამაინც არ მუშაობს: მე-20 საუკუნე თავისი ჰოლოკოსტით და გულაგით, სულ უფრო მეტად გვარწმუნებს, რომ ცოდნა რაც უფრო მეტად გახდა ძალა, გაჩნდა ტოტალური განადგურების მეტი საშუალება და ეს არ მომხდარა მხოლოდ იმის გამო, რომ მსოფლიო მე-20 საუკუნეში ტექნიკურად წინ წავიდა.
ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას, უმეტესწილად, პარალელს კიდევ ერთ ოლიგარქთან, ბადრი პატარკაციშვილთან ავლებენ. რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის? შეიძლება თუ არა ივანიშვილის პოლიტიკურმა ამბიციებმა პატარკაციშვილის პოლიტიკური განცხადებების ბედი გაიზიაროს? მოდი, შევთანხმდეთ ტერმინებზე. როცა ვამბობთ სიტყვა „ოლიგარქს", იგულისხმება ისეთი ტიპის ბიზნესმენი, რომელიც ჩართულია სახელისუფლებო ბიზნესში. არც პატარკაციშვილი და არც ივანიშვილი ასეთ ბიზნესში არ ყოფილან. ოლიგარქები არიან მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი. ოლიგარქიულია ნაყოფია-შარანგია-სააკაშვილის სისტემა - როცა ხელისუფლება და ბიზნესი შერწყმულია. ეს არის პლატონისეული განმარტება და ასეც დამკვიდრდა ყველგან.
რუსეთში მე-20 საუკუნის 90-იან წლებში მოხდა ისე, რომ ყველა მდიდარ ადამიანს ოლიგარქი უწოდეს. რაღაც ეტაპზე ისინი მართლაც იყვნენ პლატონისეული ოლიგარქები, მათ შორის, ბორის ბერეზოვსკიც. ივანიშვილი არც რუსეთში ყოფილა ოლიგარქი, მას არასდროს ჰქონია კავშირი სახელისუფლებო სტრუქტურებთან. ოლიგარქი არის ის, ვინც ფულს ძალაუფლებით შოულობს და ფულითვე განამტკიცებს ძალაუფლებას.
საუბრობდნენ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი „ვარდების რევოლუციის" შემდეგ არაერთ პროექტს აფინანსებდა... ასე ჯორჯ სოროსიც აფინანსებდა ხელისუფლებას, მასაც ხომ არ შეიძლება ვუწოდოთ ოლიგარქი და მიშას ბიზნესმენი? ასეთი ადამიანი არის მეცენატი. ბიძინა ივანიშვილიც და ჯორჯ სოროსიც ხელისუფლების მეცენატები იყვნენ.
დავუბრუნდეთ ივანიშვილისა და პატარკაციშვილის მსგავსება-განსხვავებებს.მსგავსება მხოლოდ ის არის, რომ ორივე ძალიან მდიდარია. განსხვავება კი ისაა, რომ თუ პატარკაციშვილი თავის დროზე იქცეოდა, როგორც რადიკალური ოპოზიცია, დღეს ამას მმართველი გუნდი აკეთებს, ივანიშვილი კი იქცევა, როგორც ხელისუფლება - ეს ლაშა ნაცვლიშვილმა შენიშნა. ივანიშვილს უნდა არჩევნები, ხელისუფლებას კი, არც ვიცი, რა უნდა - უბრალოდ იქცევა, როგორც რადიკალი. მათ სტრატეგიებშიც დიდი განსხვავებაა: ივანიშვილის მიზანია, დააგდოს პოლიტიკური ტემპერატურა, მეტი წინდახედულება და სიბრძნე გამოიჩინოს, პატარკაციშვილი კი სულ სხვა განაცხადით მივიდა პოლიტიკაში.
თუმცა პატარკაციშვილის მსგავსად, ივანიშვილიც ბევრს ჰპირდება საზოგადოებას.ასე არ ვიტყოდი. მის განცხადებებში დაპირებებს ნაკლებად ვხედავ. „ევროპას დემოკრატიით გავაოცებთ" - ამაზე რას იტყვით?ეს რეკლამაა. ლინკოლნ მიტჩელმა კარგად თქვა, რომ ეს იყო პოლიტიკაში ბიზნესმენის წამოცდენა. ია ანთაძესთან ინტერვიუში მას არცერთი დაპირება არ გაუკეთებია. ხელისუფლება მუდმივად ამაზე აგებს წინასაარჩევნო კამპანიას: გზას, წყალს გაგიყვანთ, სახლებს გადაგიხურავთ და ასე შემდეგ. ბადრი პატარკაციშვილმაც 2007 წელს ეს გზა აირჩია და მეტიც, ფულის დარიგება დაიწყო. ივანიშვილთან კი საქმე სხვაგვარად არის: ის თავის სტრატეგიაზე საუბრობს, ამბობს, რომ ოპოზიციაში გადავა. შეიძლება ეს სწორი არც იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ არის დაპირება კლასიკური ქართული გაგებით. შეიძლება ფულის დარიგებაც დაიწყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ ამას არ აკეთებს.
რას გვეუბნება გამოცდილება, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ უმდიდრესმა ადამიანმა ქვეყანაში ისეთი დემოკრატიული გარემო შექმნას, როგორსაც ის საზოგადოებას ჰპირდება?[B]
მდიდარი ადამიანის პოლიტიკაში მოსვლის მაგალითი ლინკოლნ მიტჩელმაც გაიხსენა. ეს ფაქტი მაიკლ ბლუმბერგს უკავშირდება. იყო მილიარდერი როს პოროც, რომელმაც აშშ-ის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ დამარცხდა. ვერ ვიტყვი, რომ ისტორიულ მაგალითებს შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. საქართველო ახლა სულ სხვა სიტუაციაში იმყოფება: თუ 90-იან წლებში ორი პარადიგმის დაპირისპირების პერიოდი იყო, რომელსაც სიმბოლურად გამოხატავდნენ ზვიად გამსახურდია და ჯაბა იოსელიანი ანუ ინტელიგენციის ორი ვარიანტი: ინტელიგენტი დისიდენტი და ინტელიგენტი ქურდი, დღეს ვითარება შეცვლილია და ერთმანეთს ოლიგარიული და დემოკრატიული მოდელები უპირისპირდებიან.
[B]როგორ იმოქმედებს ფული საზოგადოებრივ განწყობებსა და მოლოდინზე? საზოგადოდ, არსებობს კაპიტალის რამდენიმე ტიპი: მაგალითისთვის, ვამბობ ასეთ ტერმინს - სიმბოლური კაპიტალი, რომელიც ფრანგმა სოციოლოგმა პიერ ბურდიემ გამოიყენა. რა არის სიმბოლური კაპიტალი? ასეთი ტიპის კაპიტალი შეიძლება იყოს ავტორიტეტი. საერთოდ, ჩვენ ვცხოვრობთ გლობალური კაპიტალის პერიოდში, სადაც ინფორმაცია არის კაპიტალი და პირიქით, კაპიტალიც არის ინფორმაცია. მეტაფორულად რომ ვთქვათ, ეს არის „ოქროს კერპის" პერიოდი.
მეფისტოფელის ცნობილი სტროფები რომ გავიხსენოთ, „სატანა აქა მართავს მეჯლისს და ყველანი თაყვანს სცემენ ოქროს კერპს".
ეს არის თანამედროვე საზოგადოება. ივანიშვილის რეზინდენციაში უცხოელი დიპლომატების მისვლაც ამ კონტექსტში უნდა წავიკითხოთ - ყველანი ყველგან „ოქროს კერპს" ეთაყვანებიან. მეორე საკითხია, რომ „ოქროს კერპში" რომ შეხვალ, დაინახავ, ამ კაცს მორალური ავტორიტეტიც აქვს. ეს საკმაოდ იშვიათად ხდება. გამოდის, რომ ჩნდება ორი პოლუსი ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის ფენომენის სახით, სადაც სიმბოლური და რეალური კაპიტალი ერთმანეთთან გადაჯაჭვულია, სად მთავრდება ერთი და იწყება მეორე, ძალიან რთული სათქმელია, რადგან აქ საუბარია 5 მილიარდზე, პრაქტიკულად, ივანიშვილის იმპერიაზე.
ამ აზრით ივანიშვილი საქართველოსთვის იგივე მოვლენაა, რაც ორსონ უელსის პერსონაჟი მოქალაქე კეინი. გარდა ამ რეალური კაპიტალისა, მას უზარმაზარი მორალური კაპიტალიც აქვს, რომლის დაგროვება არც ისე ადვილია. ასეთი ტიპის კაპიტალის დაგროვება ფულის გარეშეც შეიძლება, ამის მაგალითად დედა ტერეზას დავასახელებდი. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც კათოლიკეებს მაინცდამაინც არ სწყალობენ, თუმცა აქაც კი არსებობს ასეთი იდიომა: „დედა ტერეზა ხომ არ გგონივარ?", რაც გულისხმობს იმას, რომ ვიღაცა რაღაცას უანგაროდ არ აკეთებს. დედა ტერეზამ ეს მორალური კაპიტალი ათწლეულების მანძილზე დააგროვა. როგორც წესი, წმინდანები, გმირები ასეთ კაპიტალს ფულის გარეშე აგროვებენ.
საქველმოქმედო საქმიანობამ ივანიშვილს ეს კაპიტალი დაუგროვა? კი, სწორედ ამ თხუთმეტწლიანმა პერიოდმა ხელოვნების მოღვაწეებსა და სხვა მოქალაქეებს შორის მას ეს კაპიტალი ნამდვილად დაუგროვა. მოდი, თვითრეფლექსიაზეც ვისაუბროთ. მისთვის პოლიტიკაში მოსვლა ტრაგედიაა - ეს საჯაროდაც განაცხადა: მთელი ცხოვრება იყო ფილანტროპი, არ უნდოდა პოლიტიკაში მოსვლა იმიტომ, რომ ამას ანგარებად მიიჩნევდა. ეს ძალიან კარგად ჰქონდა გაცნობიერებული და პრინციპში, ასეც არის: მოვიდა პოლიტიკაში და რა გამოვიდა? თითქოს ამ კეთილ საქმეებს იმისთვის აკეთებდა, რომ პოლიტიკაში მოსასვლელად მორალური კაპიტალი დაეგროვებინა. ინტერვიუში თქვა, ამას განიცდის და აღიქვამს, როგორც პიროვნულ ტრაგედიას, ამიტომაც ვამბობ, რომ ის არის მორალური პოლიტიკოსი, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ის უცოდველი პოლიტიკოსია. მას, როგორც მორალურ პოლიტიკოსს, აქვს სინდისის ფენომენის განცდა - სინდისი ქენჯნის, რომ ეს ნაბიჯი გადადგა და პოლიტიკაში მოვიდა.
შედარებისთვის, მიხეილ სააკაშვილი არის სულ სხვა ტიპის პოლიტიკოსი, არ ვამბობ, რომ ის ამორალურია, უბრალოდ, სააკაშვილი არის ბედისწერის და რისკის პოლიტიკოსი, რომელიც დამოკიდებულია კამათელზე, თამაშში გამართლებაზე. ასეთივე იყო ნაპოლეონიც. აი, განდი კი მორალური პოლიტიკოსია, მან იცოდა დაშვებული შეცდომების შესახებ და განიცდიდა კიდეც მათ.
რამდენად არის მოსალოდნელი, რომ მორალური პოლიტიკოსიდან ივანიშვილი სხვა ტიპის პოლიტიკოსად გარდაიქმნას? ძალიან რთულია, ერთი ქარიზმიდან გამოხვიდე და მეორეში აღმოჩნდე. თან ეს შენი გადასაწყვეტიც არ არის. მუსიკას რომ შევადაროთ, არ ხდება, რომ სიმფონისტი კომპოზიტორი სალონურ კომპოზიტორად გარდაიქმნას. პოლიტიკაშიც ასეა - აქ ხდება ბევრი რამ, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული.
ბიძინა ივანიშვილი დაიბადა, როგორც მორალური პოლიტიკოსი, მიხეილ სააკაშვილი კი „შევარდნის" სიტუაციაში, „ვარდების რევოლუციის" დროს დაიბადა. არ ვიცი, შეიძლება ის მშიშარაა, ან ვაჟკაცი, მაგრამ ფაქტია, რომ ის არის რისკის პოლიტიკოსი. ნაპოლეონი უმცროსი ოფიცრის წოდებიდან უცებ გენერალი გახდა, ის გარკვეულწილად ახალი ტიპის ადამიანიცაა. რომ არა ნაპოლეონის აღზევება და დამარცხება, ალბათ, ევროპული რომანტიზმიც არ იქნებოდა. სააკაშვილიც სწორედ ამ კონტექსტში ჯდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ნაპოლეონია, ან იენა მოიგო. თუმცა სააკაშვილის ტიპის პოლიტიკოსს აქვს თავისი იენაც და ვატერლოოც. მისი იენა არის 23 ნოემბერი, ამიტომაც უფრთხილდება ამ თარიღს, ვატერლოო კი 7 ოქტომბერი - დღე, როცა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა.
რაშია ივანიშვილის ქარიზმა გარდა იმისა, რომ ის არის, თქვენი აზრით, მორალური პოლიტიკოსი? რას ნიშნავს ქარიზმა? ეს სულიწმინდის ნიჭია. პავლე მოციქული ერთ-ერთ ეპისტოლეში წერს, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის ქარიზმა: ერთისა არის მისიონერობა, მეორისა - ქადაგება, მესამისა - ქველმოქმედება. ეკლესიაში სხვა ტიპის ქარიზმებიც არსებობს. ქარიზმა ქართული გაგებით ყოველთვის გარეგნულ მომენტს გულისხმობდა.
ამ გაგებით ქართული და ამერიკული ქარიზმა ძალიან ჰგავს ერთმანეთს: არც იქ წარმოუდგენიათ, რომ პრეზიდენტი შეიძლება იყოს მეტრნახევრიანი სიმაღლის ადამიანი. ივანიშვილის შემთხვევაში კი საქმე ეხება სხვა ტიპის ქარიზმას, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ - ეს არის მორალური პოლიტიკოსის სახე, ამასთან ივანიშვილის ქარიზმა, შეიძლება ითქვას, რომ ესეც არის: „რასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია".
ქართველ ხალხს მოუწევს ასეთი ქარიზმატული პოლიტიკოსის მიღება, რადგან მასში, როგორც სხვა დანარჩენ ხალხში, ყველა ტიპის ქარიზმის მიმღებლობაა ჩადებული, უბრალოდ, აქამდე მხოლოდ ერთი ტიპის ქარიზმასთან გვქონდა საქმე.
გერმანელი ერი ავიღოთ. კარლ გუსტავ იუნგი ამას ფსიქოლოგიის ენაზე ამბობდა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს თანამედროვე პიარის ენაზე ვთქვათ. გერმანელ ერში რაღაც მომენტში ამოვიდა ვოდანის არქეტიპი. რას ნიშნავს ვოდანის არქეტიპი? პოლიტიკოსი-შამანი, რომლის პირითაც ყვირის სამოცდაათმილიონიანი ხალხი - ეს გახლდათ ჰიტლერი. დამარცხების შემდეგ მოვიდა სხვა ტიპის ქარიზმული ადამიანი - მორალური პოლიტიკოსი კონრად ადენაუერი.
ბიძინა ივანიშვილიც არის საშინელი მარცხის შემდეგ მოსული მორალური პოლიტიკოსი, ვგულისხმობ „ვარდების რევოლუციის" და 2008 წლის ომში დამარცხებას. გვინდა თუ არ გვინდა, მაინც ვართ სახელისუფლებო რიტორიკის გავლენის ქვეშ და გვავიწყდება, რომ ჩვენ ვართ დამარცხებული ქვეყანა. კონრად ადენაუერი და მისნაირი ადამიანები ჩნდებიან ძალიან დიდი კატასტროფის შემდეგ, ის მოვიდა ქრისტიანული ლოზუნგებით, რამაც გერმანიაში საბოლოოდ ჩამოაყალიბა პატიების საზოგადოება. ევროპაში, მე-20 საუკუნის 40-იან წლებში გამოჩნდა სამი ასეთი ადამიანი: კონრად ადენაუერი, რობერტ შუმანი და ალჩიდე დე გასპერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი ადამიანები მოდიან ძალიან დიდი დამარცხების შემდეგ - საქართველოშიც დიდი პოლიტიკური და მორალური მარცხის შემდეგ მოდის მორალური პოლიტიკოსი.
რამდენად მოსალოდნელი იყო ის რეაქცია, რაც ხელისუფლებას ივანიშვილის გამოჩენასთან დაკავშირებით ჰქონდა? აბსოლუტურად ლოგიკური რეაქცია იყო, ველოდი ისტერიკას და ასეც არის. როცა ხარ ერთდაერთი და განუმეორებელი და გამოჩნდება სხვა, ამ დროს მთელი ნარცისისტული სამყაროს მოშლა ხდება. როცა ოლიგარქიაში სხვა, ასე ვთქვათ, უცხო ჩნდება, ეს მის დაშლას იწვევს. თავისთავად, დემოკრატიაშიც კარგი არაფერია, უბრალოდ, ის სისტემურად განსხვავდება ოლიგარქიისგან. შესაბამისად, პლატონის მიერ დაწერილი ყველა დროისა და ეპოქისთვის არის განკუთვნილი - ახლა საქართველოში მოვიდა დემოკრატიის დრო.
რა არჩევანს გააკეთებს აშშ-ის ადმინისტრაცია? აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უილიამ ბერსნმა თბილისში ჩამოსვლისას განაცხადა, რომ 2013 წლის არჩევნებმა უნდა უზრუნველყოს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა. ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტი პოლიტიკური სიტუაციის გამოცოცხლებას დაემთხვა.
ამერიკა არის განწირული იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს დემოკრატიას. არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ დემოკრატია შეიძლება იყოს არალიბერალური. მაგალითად, ზვიად გამსახურდია იყო დემოკრატიული, მაგრამ არა ლიბერალური, შევარდნაძე -ლიბერალური, მაგრამ არადემოკრატიული, მიხეილ სააკაშვილი არის მაქსიმალურად ლიბერალური, მაგრამ აბსოლუტურად არადემოკრატიული.
ჩვენ ერთი რამე გვეშლება, როცა ვფიქრობთ, რომ ამერიკელები იტყუებიან და არ არიან დემოკრატიულები. ამერიკელები აკეთებენ პრაგმატულ არჩევანს: როცა ხედავენ, რომ მოდის ძალა, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა ფენა, ისინი იძულებულები არიან, რომ მხარი დაუჭირონ დემოკრატიას. ამიტომაც ამერიკა მიესალმება ივანიშვილს, როგორც დემოკრატიას - მისთვის მთავარია, რომ გაჩნდა მეორე პოლუსი. სხვათა შორის, სააკაშვილში ამერიკაც შეცდა, როცა არჩევანი მასზე გააკეთა, შედეგად კი დემოკრატიის ნაცვლად მიიღო ოლიგარქიული რეჟიმი.
როგორც ვიცი, თქვენი კანდიდატურაც განიხილებოდა ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოში? რა გადაწყვეტილება მიიღეთ? უარი ვთქვი ძალიან მარტივი მიზეზის გამო: ფილოსოფია ნიშნავს მჭვრეტელობით ცხოვრებას, ფილოსოფია ნიშნავს ტახტზე წოლას და წიგნის კითხვას და რაღაცების წერას, მე ჩემს ფაცე-ს არ ვყიდი, მე ვყიდი ჩემს შრომას. მაგალითად, თუ ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებს რაიმე საინტერესო პროექტს, რომლის ფარგლებშიც მე რაღაცას დავწერ, მაშინ კი, ბატონო, გავყიდი ჩემს შრომას. ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, იმ ერთი საათის განმავლობაში, როცა მარტო დავრჩით, ვლაპარაკობდით 90-იანი წლების რუსულ ოლიგარქიაზე: გუსინსკებზე, ბერეზოვსკებზე და ა. შ. ეს ჩემთვის გაცილებით უფრო საინტერესო იყო. ოფისში ჯდომა ჩემი საქმე არ არის, ლექცია, წერა და კითხვა - აი, სად ვარ და სადაც ვხედავ საკუთარ თავს. თუმცა ისიც ვთქვით, რომ თუ ჩემი რჩევა დასჭირდა, სიამოვნებით დავილაპარაკებთ, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, ჩემგან რჩევა რაში უნდა დასჭირდეს.
http://liberali.ge/ekstsentrikuli-oligarki-sinamd-0 This post has been edited by ანუნაკი on 30 Oct 2011, 12:13
- Будут спрашивать - скажи, что я вышел. Или просто - бога нет!