2011-11-17 06:06:26
უხარისხო გზების გამო დაზარალებული მძღოლები ზარალის ანაზღაურებას მერიისგან ითხოვენ
„მძღოლი ვალდებული არაა ზეპირად იცოდეს, რომელ ქუჩაზე რამდენი ორმოა“
ვინ აუნაზღაურებს ზარალს საგზაო სამუშაოების ან უხარისხო გზების გამო დაზიანებული ავტომობილის მფლობელებს? ეს კითხვა commersant.ge-ს რუბრიკა „რეპორტიორში“ აქტუალობას არ კარგავს. მკითხველების განცხადებით, მოსახლეობა უფრო აქტიური უნდა იყოს სამოქალაქო პოზიციის გამოხატვაში „იმ საშინელებასთან დაკავშირებით, რაც ხდება თბილისის გზებზე.“
მერიაში განმარტავენ, რომ თუ ავარია ორმოს მიზეზით მოხდა და ამას საპატრულო პოლიციაც დაადასტურებს, ამ საკითხს განიხილავენ. „მერიამ რამდენიმე ასეთი მიმართვა დაზარალებულების სასარგებლოდ უკვე გადაწყვიტა,“ - ამბობენ მერიაში.
იურისტები განმარტავენ, რომ კანონით გზებზე არსებული ორმოების გამო წარმოქმნილი ავარიებისას პასუხისმგებლობა მერიასაც ეკისრება, თუმცა პრაქტიკაში, მძღოლებს ურჩევნიათ ზარალი თავად აანაზღაურონ, თუ, რა თქმა უნდა, ავტომობილი დაზღვეული არ ყავთ. ამას commersant.ge-ს ერთ-ერთი მკითხველის წერილიც ადასტურებს, რომელშიც ყვება, რომ სარაჯიშვილის გამზირზე, საკანალიზაციო ჭის ხუფმა მას მანქანა დაუზიანა.
„ყური მქონდა მოკრული, რომ მერია ანაზღაურებს დაზიანებებს, რომელიც გზის სავალი ნაწილის გაუმართაობით არის გამოწვეული. შესაბამისად გამოვიძახე საპატრულო პოლიცია, რათა აქტით დაედასტურებინა ავტოსაგზაო შემთხვევა. საბედნიეროდ ეკიპაჟი საკმაოდ მეგობრულად განწყობილი აღმოჩნდა და რჩევა-დარიგებებიც მომცა. მაგრამ როგორც შემდგომში გავარკვიე, იურიდიული საბუთების, მატერიალური ზიანის შეფასების და სხვა პროცედურების გავლა იმდენ დროსა და თანხას მოითხოვდა, რომ რეალურად ჯობდა საკუთარი ჯიბიდან დამეფინანსებინა ხარჯები,“ - ამბობს მკითხველი. მისი თქმით, საბოლოოდ ავტომობილის შეკეთება 400 ლარი დაუჯდა, რაც, მისივე თქმით, საკმაოდ დიდი თანხაა მხოლოდ იმისთვის, რომ მერიის სამსახურებმა ვერ შეცვალეს ერთი ხუფი დედაქალაქის გამზირზე.
„მაინტერესებს ქალაქის მმართველობას ვინ უმტკიცებს ბიუჯეტებს და რატომ ფლანგავენ ჩვენი გადასახადის გადამხდელების კუთვნილ ფულს უაზროდ. ვფიქრობ ნებისმიერ მოქალაქეს დაებადება იგივე კითხვა და იქნებ კეთილი ინებოთ და გაგვცეთ ლოგიკური პასუხი,“ - ამბობს მკითხველი.
ადვოკატ თამარ აბესაძის თქმით, რადგან თბილისში გზების ვარგისიანობაზე მერიაა პასუხისმგებელი, გზის მოუწესრიგებლობის მიზეზით მომხდარი ავარიის გამო პასუხისმგებლობა სწორედ მერიას ეკისრება. მისი განმარტებით, მძღოლი ვალდებული არაა ზეპირად იცოდეს, რომელ ქუჩაზე რამდენი ორმოა, რომელ ჩიხშია ნათურა დამწვარი და ა.შ. ამ პრობლემების მოსაგვარებლად მოქალაქეები გადასახადებს იხდიან. ამის მიუხედავად სასამართლო გზით მერიისაგან ზარალის ანაზღაურებას დაზარალებულთა მხოლოდ მცირე ნაწილი ითხოვს. მიზეზი კი ისაა, რომ დაზარალებულებს სახელმწიფო უწყებებთან ჭიდილს ურჩევნიათ ზარალის ანაზღაურება სადაზღვევო კომპანიებისაგან მოითხოვონ. ხოლო თუ მანქანა დაზღვეული არაა, საკუთარი ხარჯებით შეაკეთონ.
http://commersant.ge/?id=5284