რუსი ჟურნალისტი ნატალია ნოვოდვორსკაია და რუსი პოლიტოლოგი კონსტანტინ ბოროვოი საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს აფასებენ და ქართველებს ურჩევენ, ბიძინა ივანიშვილი დააფასონ.
ბოროვოის თქმით, ივანიშვილი უნდა იყოს ყველაზე პატივსაცემი მოქალაქე, და სოციალისტური მოსაზრებები, რომელიც დღეს ქართულ საზოგადოებაში დომინირებს, უბრალოდ ცუდი კი არა, საშიშია, რადგან ეს იგივე გზა იქნება, რომლითაც რუსეთი წავიდა.
„ჩვენ სააკაშვილის მომხრეები ვართ, ჩვენ მხარს ვუჭერდით ყველაფერს, რაც საქართველოში ხდებოდა და მოგვწონს რევოლუციისა და გარდაქმნების შედეგები. მაგრამ თუ ქართულ პოლიტიკაში არ იქნება ლიბერალიზაციის ნორმალური და ბუნებრივი პროცესები, არ იქნება კონკურენცია, ეს უბრალოდ იქნება სხვა გზა იმისაკენ, რაც პუტინმა რუსეთში გააკეთა“-ამბობს ბოროვოი.
ნოვოდვორსკაიას თქმით, პატარკაციშვილისაგან განსხვავებით, რომელიც მართლაც ბანდიტი და კრემლის აგენტი იყო, ივანიშვილი კრემლის ინტერესების გამტარებელი არ არის.
ნოვოდვორსკაია სიმდიდრისადმი სიძულვილს „საბჭოთა სტერეოტიპს“ უწოდებს და ქართველებს მოუწოდებს, იმ ადამიანების პატივისცემა ისწავლონ, ვისაც სამუშაო ადგილების შექმნა და ფულის შოვნა შეუძლია.