საზოგადოება
07:30 / 26-11-2011
რა ელით "ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულ მოქალაქეებს
სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებულ მოქალაქეებთან შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი ამ საკითხის შესწავლის მოთხოვნით უახლოეს მომავალში მთავარ პროკურატურას მიმართავს...
საქართველოს ათასობით მოქალაქისთვის მტკივნეულ საკითხზე გვესაუბრებიან პარლამენტარი გიორგი ცაგარეიშვილი და სამშენებლი დეველოპერული კომპანია "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი მფლობელი ვახტანგ რჩეულიშვილი.
"ცენტრ პოინტის" მესვეურებმა თავიანთი ბიზნესი თვითონვე დაშალეს აგურ-აგურ"
გიორგი ცაგარეიშვილი: - ჩვენ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გავგზავნით იმ დაზარალებულთა საქმეებს, რომლებიც დღემდე იბრძვიან ბინის ან ფულის დაბრუნებისთვის. საქმე ის არის, რომ კომპანიების - მანამდე "ცენტრ პოინტის", ახლა "დექსუსის" - დამფუძნებლები დაკავშირებული არიან სახელისუფლებო გუნდთან და მათი მფარველობით სარგებლობენ. საქართველოს ხელისუფლება "ცენტრ პოინტს" წლების განმავლობაში წარმატებული სამშენებლო ბიზნესის მწარმოებელ კომპანიად წარმოაჩენდა, რადგან, "ცენტრ პოინტი" იყო "ნაცმოძრაობის", ფაქტობრივად, ყველა პროექტის ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელი - ყვარელში თუ სხვაგან ააშენა სასტუმროების ქსელი, სამაჩაბლოში - უზარმაზარი კომპლექსი, სადაც ადგილობრივი მმართველობა თუ თვითმმართველობა განთავსდა, პოლიციის შენობა, პოლიკლინიკა... ამ კომპანიას ეკუთვნის უამრავი პროექტი საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
ანუ, ხელისუფლება აიძულებდა კომპანიის მესვეურებს, მათი დაკვეთები შეესრულებინათ. ხელისუფლების ამგვარი თანამონაწილეობა "ცენტრ პოინტისთვის" უბედურებად გადაიქცა... "ცენტრ პოინტის" მესვეურებმა თავიანთი ბიზნესი თვითონ დაშალეს აგურ-აგურ, როცა ხელისუფლების პროექტებს აფინანსებდნენ.
- სახელდობრ?
- მაგალითად, ხელისუფლების საარჩევნო კამპანიებს. რომელი ერთი გითხრათ? პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი არის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი. როგორ გგონიათ, ვინ დააფინანსა მისი საარჩევნო კამპანია? რა თქმა უნდა - მისმა სამშენებლო კომპანიამ. ასეთ პროექტებში ამხელა თანხების ჩადება, თანაც - ძალდატანებით, დაუშვებელია.
- თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენი ადამიანი დაზარალდა, ანუ რამდენი ვერ შევიდა კუთვნილ ბინაში?
- კომპანია, ფაქტობრივად, გაკოტრებულია, 6200-ზე მეტი ოჯახი კი - უსახლკაროდ დარჩენილი. ზოგი მათგანი ნიუ-იორკშია გადახვეწილი, ზოგი - ინგლისში, ზოგი - საბერძნეთში. მათ სიმწრით მოპოვებული ბოლო თეთრი ჩადეს მშენებლობაში, შემდეგ დაკარგეს და უცხოეთში გაიქცნენ. ლაპარაკია 300 მილიონამდე დოლარზე. ამის დასტურია ის სამშენებლო ჩონჩხები, რომელთაც მთელ თბილისში ნახავთ და ის თაღლითური სქემები, რომელთაც კომპანია "დექსუსი" ახორციელებს.
- თაღლითურ სქემებში რას გულისხმობთ?
- კომპანიის მესვეურები ეუბნებიან ყოფილ ბინათმფლობელებს, 18% დამატებითი ღირებულების გადასახადი მოგვეცითო. მესაკუთრე, ფიზიკური პირი არ არის დღგ-ს გადამხდელი. ან რატომ უნდა გადაიხადოს, პროდუქციას აწარმოებს? მან კვადრატულ მეტრ ფართობში 500 დოლარი გადაიხადა და იქ დღგ-ც შედის, საშემოსავლოც და ყველა სახის გადასახადი. თანაც 100 დოლარის დამატებას ითხოვენ კვადრატულ მეტრზე. დაზარალებული ადამიანები ამაში ფულს აღარ გადაიხდიან. ისინი, ბუნებრივია, შიშობენ, ერთმა თაღლითმა მომატყუა და მეორემაც არ მომატყუოსო. "ცენტრ პოინტმა", როგორც ვიცი, რამდენიმე წლით მართვის უფლებით გადასცა თავისი კომპანია "დექსუსს".
ამ კომპანიებისგან დაზარალებული ადამიანები ხელმძღვანელებისგან ითხოვენ ახსნას, სად წაიღეს მათი თანხები. ხოლო როდესაც მათგან პასუხს ვერ იღებენ, მოდიან ჩვენთან. ისინი რამდენჯერმე შეხვდნენ ქალბატონ რუსუდან კერვალიშვილს, ვახტანგ და მაია რჩეულიშვილებს, მაგრამ დამაიმედებელი პასუხი ვერ მიიღეს, ამიტომაც არიან სასოწარკვეთილნი. მე ამ ხალხს ხელს ვერ ვკრავ, ვერ ვეტყვი, არ შეგხვდებით, რადგან ქალბატონი რუსუდანი ჩემი კოლეგაა-მეთქი. ვალდებული ვარ, ამ ადამიანებს მოვუსმინო. ათასობით ჩვენი მოქალაქეა ამ თაღლითური სქემით "გადაგდებული".
ამ გრანდიოზული მშენებლობების შემხედვარე გაოცებული ვიყავი. როგორ შეიძლება ქალაქის 40 წერტილში 20-სართულიანი სახლი ერთმა კომპანიამ ააშენოს, რომელსაც, როგორც ჩანს, არც ერთი თეთრი ინვესტიცია არ მოუზიდია უცხოეთიდან. რა თქმა უნდა, ეს კატასტროფით დასრულდებოდა. ამის მიზეზი კი არის ხელისუფლების უხეში ჩარევა სამშობლო კომპანიის საქმიანობაში, პარტიულ ყულაბაში მილიონობით ლარის გადარიცხვა, უაზრო პროექტებში ძალდატანებით ჩართვა. მომხდარში, პირველ რიგში, ვადანაშაულებ ხელისუფლებას და კომპანიის მხრიდან არასწორ მენეჯმენტს. ეს იმის ბრალია, ხელისუფლებას უარს რომ არაფერზე ეუბნებოდნენ.
- ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ამ ხალხის დაზარალებისთვის?
- პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს კომპანიის მესვეურებს და საქართველოს ხელისუფლებას. დიახაც, საქართველოს ხელისუფლება უნდა ჩაერიოს, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე პროკურატურაში, პასუხი აგებინოს იმ თაღლითებს, ვინც ეს ოჯახები გააუბედურა, შემდეგ კი უნდა დაიწყოს ამ ხალხის შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილება. რა თქმა უნდა, ეს ერთ თვეში და ერთ წელიწადში არ მოხდება, მაგრამ ამ პროცესის გაჭიანურება დაუშვებელია. მოსაკითხია, აგრეთვე, "ცენტრ პოინტის" მიწები, რომლებიც თაღლითური გზით არის ჩადებული სხვადასხვა კომერციულ ბანკში. იცოდნენ, რომ კოტრდებოდნენ და ბანკებიდან იღებდნენ სესხებს, გაკოტრების შემდეგ კი ეს მიწები ბანკებმა წაიღეს. "დექსუსი" მეორე წელიწადია, რაც ხალხს ატყუებს. არც ერთი სახლი არ არის დასრულებული და არც ერთი ადამიანი - შესახლებული. ვიდრე ეს ხელისუფლება იქნება, "ცენტრ პოინტისგან" დაზარალებული ვერც ერთი პიროვნება კუთვნილ ბინაში ვერ შევა.
"ქონება, რომელიც ჩვენ გადავეცით "დექსუსს", საკმარისია ყველა ვალის გასასტუმრებლად"
ვახტანგ რჩეულიშვილი: - მთელი ჩვენი ქონება, კომპანიის და საკუთარიც, სამართავად გადავეცით კომპანია "დექსუსს". მან უნდა გაისტუმროს ვალები. გავაკეთეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც ბიზნესმენს შეეძლო. ჩვენ მოსახლეობა გვენდობოდა და არ გვინდა, ნდობა გავუწბილოთ.
რაც შეეხება გია ცაგარეიშვილს, მისი გამოსვლა არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პიარი, რომელიც გაგრძელდება დაახლოებით ერთ წელიწადს, არჩევნებამდე. ცდილობენ, დაზარალებული მოსახლეობა პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ. მათი დარტყმის ობიექტი არის რუსუდან კერვალიშვილი... სურთ, ილაპარაკონ ხელისუფლების ზედა ეშელონებში კორუფციაზე. ვაცხადებ, რომ პოლიტიკაში რუსუდან კერვალიშვილის მოსვლის შემდეგ ხელისუფლებას ჩვენი ბიზნესის სასიკეთოდ ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს.
- ამბობენ, რომ თქვენ გადადგით ხელისუფლებისთვის სასიკეთო იძულებითი ნაბიჯები, რამაც ფიასკომდე მიგიყვანათ...
- ეს არ იყო იძულება, არამედ ჩვენი სურვილი, მონაწილეობა მიგვეღო ქართულ საქმეში. როდესაც ბრწყინვალე სასტუმრო ავაშენეთ ქურთაში და ომის შემდეგ დავკარგეთ, მარტო ჩვენ ხომ არა, ქვეყნის ეკონომიკამ იზარალა. რუსული აგრესიით დაზარალდა მთელი ქართული ბიზნესი და მათ შორის ჩვენიც. თუმცა მარტო ომი არ იყო "ცენტრ პოინტის" გაკოტრების მიზეზი. კომპანიის ნგრევა დაიწყო 2007 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ, როდესაც დაიწყო ეკონომიკური ვარდნა კომპანიაში. ეს გაგრძელდა 2 წელიწადს, როცა 75 პროცენტით დაეცა ბიზნესის შემოსავლები. ამას დაემატა ომი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. აი, ამ სამმა მიზეზმა განაპირობა ის, რატომაც ვეღარ ვასრულებდით ჩვენს ვალდებულებებს. ამიტომაც მოვიძიეთ კომპანია, რომელიც კრიზის-მენეჯმენტს განახორციელებდა და კომპანია "დექსუსმა" იკისრა როგორც საინვესტიციო, ასევე სამშენებლო ვალდებულებები.
- როდის შეასრულებს "დექსუსი" ამ ვალდებულებებს და როდის დააბინავებს ხალხს?
- ამას, ალბათ, სამი წელიწადი დასჭირდება. "დექსუსის" მფლობელი ირაკლი კილაურიძე "თიბისი ბანკის" დეველოპერული კომპანიის ხელმძღვანელი იყო. მას გამოუცდელობას ვერ დავაბრალებთ, თუმცა მეც არ მომწონს "დექსუსის" მუშაობის სტილი: არიან ზედმეტად ხისტები, არ უნდათ თუ არ შეუძლიათ ადამიანების გასაჭირის გულთან მიტანა და მათ მხოლოდ იურიდიულ ენაზე ელაპარაკებიან. მათ სამწლიანი ვადა აქვთ აღებული და მე რომ ახლა კონტრაქტი გავწყვიტო, ისევ მოსახლეობა დაზარალდება. თანაც, თუ მოქალაქეების ერთი ნაწილი უკმაყოფილოა, მეორე კმაყოფილია. ჩვენ არ გვაქვს "დექსუსის" საქმიანობაში ჩარევის უფლება. მე რამდენიმე მილიონის ქონება დავკარგე, მაგრამ თუ ეს ხალხს მოხმარდა და მისი პრობლემა გადაწყდა, რას დავეძებ.
"ცენტრ პოინტს" ჰყავს 6000 კლიენტი, აქედან დაზარალებული, ანუ ისინი, ვინც სრული თანხა შემოიტანა, არის დაახლოებით 20-25%. ეს არის 2000 კაცი, დანარჩენი 4000 კი დაზარალდა ეკონომიკური კრიზისის გამო - სამსახურები დაკარგეს, ფული ვეღარ შემოჰქონდათ და ამან გააჩერა ფირმის საქმიანობა, დაზარალდა 2000 კაცი და ჩვენ ხომ გავკოტრდით და გავკოტრდით.
- 2000 დაზარალებული ცოტაა, ბატონო ვახტანგ?
- არა, რა თქმა უნდა, რაზეა ლაპარაკი! ქონება, რომელიც ჩვენ გადავეცით "დექსუსს", საკმარისია ყველა ვალის გასასტუმრებლად. ერთადერთი პრობლემა არის დღგ-ს საკითხი, რომელიც ჩვენ დროს ამხანაგობებს არ ჰქონდათ. პარლამენტმა მიიღო კანონი, რის მიხედვითაც ყველა ამხანაგობა იხდის დღგ-ს. მიმაჩნია, რომ მოქალაქეს მხოლოდ ფართობის გაყიდვის შემთხვევაში უნდა გადაახდევინონ დღგ. ჩვენ გავაკონტროლებთ "დექსუსს", რომელსაც აქვს ყველა საშუალება, რომ სამ წელიწადში დაასრულოს პროცესი. დამისახელონ ერთი კაცი, ვინც ნებაყოფლობით გაიღო მთელი ქონება შპს-ს ვალების გასასტუმრებლად. რაც არავის გაუკეთებია მსოფლიოში, გავაკეთეთ ჩვენ და მაინც გვაგინებენ. ძალიან მეცოდება უბინაოდ დარჩენილი ადამიანები და მიმაჩნია, რომ მათი ვალების გასტუმრების ყველა პირობა არსებობს. თუ ხალხმა თქვა, არ გვინდა "დექსუსიო", ეს სხვა საკითხია.
ასეთი აჟიოტაჟი თვითონ მოსახლეობას დააზარალებს. ჩემი დაზარალება უკვე შეუძლებელია - რაც მქონდა, ყველაფერი გავეცი... მე თუ მკითხავთ, შევარდნაძისდროინდელი რეჟიმი უფრო კორუფცირებული იყო, თუმცა, ანგელოზები აქაც რომ არ არიან, ცხადია. გინახავთ ქვეყანა, სადაც კორუფცია არ არის? თუმცა ამ შემთხვევაში კორუფცია არაფერ შუაშია. და თუ სურთ, საქმე მაინცდამაინც სასამართლოში გაირჩეს, მზად ვარ. მინდა მოსახლეობა დარწმუნდეს, როგორი სუფთები ვართ.
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/44597-ra-...l#ixzz1enSL1o36