ქართული ალკოჰოლური სასმელების კომპანიები რუსულ ბაზარზე შესასვლელად საქართველოს მთავრობისგან "მწვანე შუქს" ელიან
17:25 - 26.11.2011
მას შემდეგ, რაც ქართულმა და რუსულმა მხარეებმა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლასთან დაკავშირებით შვეიცარიული მხარის შუამავლობით შეთანხმებას მიაღწიეს, რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების საკითხმა მანმადე მოდუნებული აქტუალობა დაიბრუნა. წლის ბოლოსთვის რუსულ ბაზარზე დაბრუნებას უკვე დაბეჯითებით პროგნოზირებენ კომპანია "სარაჯიშვილში", სადაც უახლოეს მომავალში "როსპოტრებნადზორის" კომისიას ელოდებიან, რათა ონიშჩენკოს უწყებამ წარმოება ადგილზე შეისწავლოს და დარწმუნდეს, რომ "სარაჯიშვილი" რუსულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. "პირWელი" დაინტერესდა, რას ფიქრობენ რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკითხზე ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი სხვა ქართული კომპანიები და 5-წლიანი ემბარგოს შემდეგ რამდენად მიმზიდველია მათთვის რუსეთი.
როგორც "პირWელს" კორპორაცია "ქინძმარაულის" წარმომადგენელმა მეგი ტოგონიძემ განუცხადა, "რუსული ბაზრის გახსნა ქართული ღვინის მწარმოებლებისთვის უდავოდ კარგი იქნება, თუმცა კომპანია რუსულ ბაზარზე "ქინძმარაულის" დაშვების თხოვნით რუსეთისთვის მიმართვას არ აპირებს".
"თუ რუსული ბაზარი გაიხსნება, ზოგადად კარგი იქნება, მაგრამ მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენს კორპორაციას დღეს ბაზრების მოცულობის თვალსაზრისით, არ უჭირს", - განუცხადა "პირWელს" ტოგონიძემ.
ანალოგიური მოსაზრება აქვთ კომპანია "თბილღვინოშიც", რომელიც ღვინის მოცულობის მხრივ ყველაზე დიდი ექსპორტიორია.
"ჩვენ ღვინის ექსპორტს მსოფლიოს 27 ქვეყანაში ვახორციელებთ, მათ შორის - ძირითადად ყაზახეთში, უკრაინასა და კანადაში. თუ რუსეთის ბაზარი გაიხსნება, მომავალში იქ შესვლას ჩვენც ვგეგმავთ, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტულ ნაბიჯებს არ ვდგამთ, რადგან რუსული ბაზრის გარეშეც არ გვიჭირს", - განუცხადა "პირWელს" "თბილღვინის" ექსპორტის მენეჯერმა თამარ მეტრეველმა.
რუსული ბაზარი მიმზიდველია კომპანია "ბაგრატიონისთვისაც", თუმცა რუსეთში დაბრუნებას ჯერ-ჯერობით არც მისი მენეჯმენტი ჩქარობს.
"რუსეთის ბაზარი ძალიან დიდია და შესაბამისად, საინტერესოც. ამასთან, რუსეთის ფედერაციაში, ჩინეთის და სხვა აზიური ქვეყნების მოსახლეობისგან განსხვავებით, ალკოჰოლის მოყვარული ხალხი ცხოვრობს. ამდენად, რეალიზაციის არეალიც დიდია, თუმცა ჯერ იქ შესვლას არ ვაპირებთ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ფაქტია, რომ რუსეთი მიმზიდველი პოტენციური ბაზარია", - განუცხადა "პირWელს" "ბაგრატიონის" ხარისხის კონტროლის მენეჯერმა გია ნაცვლიშვილმა.
რუსეთის ბაზარზე დაბრუნების წინააღმდეგი არც კომპანია "ბადაგონია", თუმცა საკითხის სამთავრობო დონეზე მოგვარებლობის გარეშე იქ შესვლას არც "ბადაგონი" ჩქარობს.
"თუ ბაზარი ყველასთვის გაიხსნება, ჩვენც შევალთ. ალბათ, საინვესტიციო სააგენტოც დაგვეხმარება", - აცხადებენ "ბადაგონში".
ღვინის კომპანიების მსგავსად, რუსეთის ბაზარი საინტერესოა კომპანია "კასტელ-საქართველოსთვისაც", თუმცა როგორც "პირWელთან" საუბრისას კომპანიის ექსპორტის მენეჯერმა ზურაბ ღამბაშიძემ განაცხადა, "რუსეთის ბაზარი საკმაოდ სარისკოა".
"ჩვენი პროდუქციის ექსპორტს მსოფლიოს ათ ქვეყანაში – უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში, ისრაელში, საბერძნეთში, მოლდოვაში, აშშ-ში და სხვაგან ვახორციელებთ. რაც შეეხება ახალი ბაზრის, კონკრეტულად კი რუსეთის ათვისებას, ბუნებრივია, ეს ბაზარი ჩვენთვის, ისევე, როგორც ყველა სხვა ქართული კომპანიისთვის მიმზიდველია, მაგრამ არ ვაპირებთ, ჩვენი პროდუქციის დაბრუნების თხოვნით იქით მივმართოთ. თუ შემოთავაზება რუსული მხრიდან იქნება, წინადადებას განვიხილავთ, მაგრამ ჩვენ ინიციატორები არცერთ შემთხვევაში არ ვიქნებით, ვინაიდან რუსეთის ბაზარი ძალიან სარისკოა: 2006 წელს ხომ ემბარგო მათ დაგვიწესეს", - აცხადებს ღამბაშიძე.
გამომდინარე იქიდან, რომ 2005 წელს დაარსდა, რუსული ემბარგო არ შეჰხებია ლუდსახარშ "ნატახტარს", თუმცა როგორც კომპანიის ექსპორტის მენეჯერი მალხაზ ჩაკაბერია აცხადებს, "თუ ორივე მხრიდან კეთილი ნება იქნება, "ნატახტარი" რუსულ ბაზარზე შევა".
"მთავარია, კეთილი ნება სამთავრობო დონეებზე დაფიქსირდეს, სხვა შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტა რთული იქნება", - აღნიშნა ჩაკაბერიამ.
რუსული ბაზარი მიმზიდველია ასევე ალკოჰოლური სასმელების კომპანია "გომისთვის", მაგრამ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას არც იქ ჩქარობენ.
"როცა რაღაც სიახლე ჩნდება, თუნდაც ახალი ბაზრის ათვისების მიმართულებით, ბუნებრივია, ყველა კომპანიაში მის პოტენციალზე მსჯელობენ და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება და პოზიცია ჯერ არ გვაქვს", - განუცხადა "პირWელს" "გომის" მარკეტინგის მენეჯერმა ხათუნა ოდიშელიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით პირველად "IDS ბორჯომ-საქართველოში" ალაპარაკდნენ, თუმცა ამ ეტაპზე ეს საკითხი კომპანიაში საერთოდ არ განიხილება. ამის შესახებ "პირWელს" კომპანიის ექსპორტის მენეჯერმა ბაადურ წერეთელმა განუცხადა და იქვე დასძინა, რომ "ბორჯომი" რუსულ ბაზარზე დაბრუნების მხოლოდ შესაძლებლობას განიხილავდა".
"რუსული კომპანიებისგან რუსულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებული შემოთავაზებები მივიღეთ, მაგრამ ამ ეტაპზე იქ დაბრუნების საკითხს არ განვიხილავთ. ჩვენ 2006 წლის შემდეგ პირველები ვიყავით, ვინც რუსეთის ემბარგოთი გამოწვეული პრობლემა გადალახა და დღეისათვის ემბარგომდელ მაჩვენებლებს გადავაჭარბეთ", - განუცხადა "პირWელს" წერეთელმა და იქვე დასძინა, რომ "დღეისათვის "ბორჯომი" მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში გადის და ბაზრების პრობლემა არ აქვს".
ასე, რომ, ჯერ-ჯერობით ამმხრივ სხვებზე ჩამოყალიბებული "სარაჯიშვილია", რომელიც წლის ბოლომდე რუსულ ბაზარზე დაბრუნებას გეგმავს. მისი პარტნიორის – "ოპტიმა ჯგუფის" ვიცე-პრეზიდენტის გიორგი ფილიევის პროგნოზით, წლის ბოლოს "სარაჯიშვილის" პროდუქციის პირველი ნაკადი რუსულ ბაზარზე დაბრუნდება.
როგორც "პირWელს" ფილიევმა განუცხადა, "სარაჯიშვილის" რუსეთის ბაზარზე რაც შეიძლება, სწრაფად დაბრუნების შესახებ განკარგულება რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ მის თვალწინ გასცა".
"ჩვენი მხრიდან წარდგენილ საჭირო დოკუმენტაციაზე პასუხს ორშაბათს, 28 ნოემბერს მივიღებთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ შედეგი დადებითი იქნება. შემდეგი ეტაპი კი "როსპოტრებნადზორის" მიერ შესაბამისი კომისიის გამოყოფაა, რომელიც საქართველოში ჩამოვა და წარმოებას ადგილზე შეამოწმებს. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, მზად ვართ, წლის ბოლოსთვის "სარაჯიშვილი" რუსულ ბაზარზე შევიტანოთ. ამით რუსული მხარეცაა დაინტერესებული. რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ ჩემს თვალწინ გასცა განკარგულება, საკითხი რაც შეიძლება, სწრაფად გადაწყვიტონ", - განუცხადა "პირWელს" ფილიევმა და იქვე დასძინა, რომ "ამ დრომდე საქართველოს მთავრობიდან კომპანიას რაიმე საყვედური არ მიუღია".
"მე არ ვერევი პოლიტიკაში. ჩვენ ვაკეთებთ ბიზნესს. საქართველოს მთავრობის მხრიდან არანაირი საყვედური და შენიშვნა არ მიგვიღია. ამ საკითხის მოსაგვარებლად ძალიან ბევრი დრო და ენერგია დავხარჯე, ამისთვის ვარ მოსკოვში და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდება", - აღნიშნა ფილიევმა.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პოზიციას, ქვეყნის ეკონომიკური გუნდი ქართველ მწარმოებლებს "არაფერს უკრძალავს", თუმცა ურჩევს, "რუსულ ბაზარზე ხელაღებით არ შეცვივდნენ".
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, "ქართულ კომპანიებს უნდა ესმოდეთ, რომ რუსეთის ბაზარი არ უნდა იყოს ერთადერთი, რადგან ეს ბაზარი არამყარია".
როგორც ქობალიამ "პირWელს" წლის ბოლოსთვის კომპანია "სარაჯიშვილის" პროდუქციის რუსულ ბაზარზე მოსალოდნელი დაბრუნების საკითხის კომენტირებისას განუცხადა, "მას შემდეგ, რაც საქართველომ და რუსეთმა მსო-სთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, რუსეთი 2012 წლიდან მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში შევა და ვალდებული იქნება, ემბარეგო მოხსნას, თუმცა ეს ერთი და ორი დღის საქმე არ არის".
"რუსული ბაზარი ექსპორტიორი კომპანიებისთვის ერთადერთი არ უნდა იყოს. უნდა გვესმოდეს, რომ ის არამყარია, ამიტომ ქართული ექსპორტიორი კომპანიებისთვის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირებაა აუცილებელი", - აღნიშნა ქობალიამ.
თელარა გელანტია
საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=83196&Itemid=1აბა რას ფიქრობთ ამაზე?