როგორი ხასიათი ექნება საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდს, ეს ძირითადად დამოკიდებულია ორ მოვლენაზე, რომელთაც ერთმანეთთან თითქოს კავშირი არა აქვთ.
1. აღუდგება თუ არა ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა და რამდენად მიეცემა მას სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება.
2. როგორი იქნება ქართული საზოგადოების განწყობების მთავარ მზომელად მიჩნეული ამერიკული ორგანიზაცია "ენ-დი-აის" სახელით გამოქვეყნებული კვლევის შედეგები. ქართველი პოლიტიკოსების ერთი ნაწილი ემორჩილება თამაშის წესებს, რომლის მიხედვითაც აუცილებლად უნდა გვჯეროდეს, რომ საქართველოს მოსახლეობის შეხედულებები ყველაზე ობიექტურად სწორედ “ენ–დი–აის” კვლევებიდან ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე რჩება თავად ამ კვლევებთან დაკავშირებული ბევრი საკითხი. მაგრამ, რაც მთავარია, “ენ–დი–აის” ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარება ამერიკის საელჩოს.ეს ორი ფაქტორი შეიძლება მნიშვნელოვნი რყევების წინაპრობად იქცეს, მით უმეტეს იმ პირობებში როდესაც საზოგადოება ორად არის გაყოფილი და ერთმანეთს რადიკალურად ემიჯნება.
კოჭლი არჩევნებიბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მხოლოდ ერთ ადამიანს კი არ უკრძალავს არჩევნებში მონაწილეობას, არამედ აღრმავებს იმ დაპირისპირებას, რაც თანამედროვე ქართული საზოგადოების ისედაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
ივანიშვილს რომ მოქალაქეობა სწორედ პოლიტიკური ნიშნით ჩამოართვეს და არა იურიდიული ნორმების დარღვევის გამო, ამაში ეჭვის შეტანა ძნელია, რადგან ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ხელისუფლებისთვის პატივსაცემი მოქალაქე და მნიშვნელოვანი სპონსორი, მეცენატი და ქველმოქმედი როგორც კი პოლიტიკაში ჩაება, მაშინვე კრემლისგან მოვლენილად გამოცხადდა; შემდეგ მალევე აღმოჩნდა, რომ საბუთებიც არ ჰქონია წესრიგში, მისი ბანკი ფულის გათეთრებით ყოფილა დაკავებული, რაღაც შენობები არასწორად ჰქონია პრივატიზებული და ასე შემდეგ. ცხადია, რომ ასეთ დამთხვევათა ერთობლიობას რეალურად არც ხელისუფლების მომხრეები დაიჯერებენ.
ორიოდე თვით ადრე, სხვადასხვა სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზთა გამო, საქართველოს ბევრ მოქალაქეს მომავალი არჩევნები არსებული ხელისუფლებისთვის ძალაუფლების გაგრძელების ფორმალურ პროცედურად მიაჩნდა და არ სჯეროდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების შეცვლა არჩევნებით შეიძლებოდა.
მოწონს ვინმეს ბიძინა ივანიშვილი თუ – არა, ვერავინ უარყოფს, რომ მისი პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ მთლიანად მინავლდა რევოლუციური სულისკვეთება და პოლიტიკურმა პარტიებმაც და მოსახლეობამაც თითქოს ერთდროულად ირწმუნეს არჩევნების.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ, რომ ხელისუფლება მხოლოდ არჩევნებით უნდა შეიცვალოს და არჩევნებს დღეს არსებულ საარჩევნო გარემოსა და კანონმდებლობის პირობებშიც მოვიგებთო, პოლიტიკური სკეპტიციზმით შეპყრობილი მოქალაქეები არჩევნების ველზე დააბრუნა, მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ არ უთქვამს, როგორ აპირებს გამარჯვებას.
ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენისთანავე განუზუმლად გაიზარდა მოსახლეობის ინტერესი არჩევნებისადმი და შემცირდა ალბათობა, რომ რომელიმე პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას და ერთპიროვნული მმართველობის შესაძლებლობას მოიპოვებს, რაც ასევე დადებითი მოვლენაა.
ბიძინა ივანიშვილი თუ მართლაც ისეთი სუსტი პოლიტიკოსი აღმოჩნდება, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტი წინასწარმეტყველებს, ხელისუფლებას მით უფრო უნდა აწყობდეს ასეთი ფიგურა, რომლის ირგვლივაც პოლიტიკოსების და მოქალაქეების მნიშვნელოვანი კონცენტრაცია ხდება, რადგან ეს ინტერესს და დამაჯერებლობას სძენს არჩევნებს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ პატრიარქმა პირდაპირ განაცხადა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის აუცილებლობის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლების და ეკლესიის აზრი გაიყო და ძალიან ბევრი მოქალაქე ხელისუფლების გადაწყვეტილებას არასწორად მიიჩნევს.
მიუხედავად ყველაფრისა, რასაკვირველია, გამორიცხული არ არის, რომ ხელისუფლებამ იგივე კურსი გააგრძელოს და ბიძინა ივანიშვილს, მოქალაქეობის ჩამორთმევასთან ერთად, არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობის საშუალება არ მისცეს, თუმცა, იურიდიული ინსინუაციებით ამდენი მოქალაქის ნების იგნორირება და საარჩევნო პროცესიდან გამოთიშვა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სტაბილურობის მთავარი გარანტად ისევ შიში და ხელკეტი დარჩება.
ამ შემთხვევაში საქმე გვექნება კოჭლ არჩევნებთან და ის მოქალაქეები რომლებიც ჯერ კიდევ უპირობოდ უჭერენ მხარს არჩევნებს, უარს იტყვიან მისი შედეგების აღიარებაზე, ხოლო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მოძრაობა იძულებით აღმოჩნდება ახალი გამოწვევების წინაშე. არჩევნების იდეას ისევ ბზარი გაუჩნდება.
”ენ–დი–აის“ კვლევადროდადრო პრესას ხელთ უვარდება ხოლმე ზემოთხსენებული “ენ–დი–აის” - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები იგებენ, როგორი ხედვები აქვთ თავად მათ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და, მათ შორის, ეცნობიან პოლიტიკური პარტიების და მათი ლიდერების რეიტინგებსაც.
რეიტინგების საზოგადოებისთვის გაცნობა საკმაოდ უცნაური ფორმით ხდება – თითქოს არსებობს რაღაც წესი, რომ ყოველი პარტიის წარმომადგენელს მხოლოდ საკუთარი რეიტინგი უნდა გააცნონ, თუმცა, მიუხედავად ამისა, პრესის ფურცლებამდე მაინც აღწევს ხოლმე სრული ინფორმაცია, რის სისწორესაც “ენ–დი–აი” არც ადასტურებს და არც უარყოფს.
არსებული მაღალი კონკურენტულობის გამო მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდის საქართველოში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა მიენიჭება სოციოლოგიურ კვლევებს.
ხელისუფლების და ოპოზიციის ჭიდილში გაიმარჯვებს ის, ვინც ქვეყნის შიგნით და გარეთ საზოგადოებრივი აზრს დაარწმუნებს საკუთარ მაღალრეიტინგულობაში.
რეალურად სწორედ მაღალი რეიტინგი გამოავლენს გამარჯვებულს და მისი ვინაობა მოსახლეობისთვის არჩევნების დღემდე ბევრად ადრე გახდება ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგებს ასეთი დიდი მნიშვნელობა ენიჭება, საქართველოში არ არსებობს ნდობა სოციოლოგიური კვლევების ჩამტარებელი კომპანიების მიმართ. სოციოლოგიური კვლევების ნაწილი დამაჯერებელი იქნება მხოლოდ ხელისუფლებისთვის, ნაწილი – ოპოზიციისთვის.
ამგვარი ვითარება განაპირობებს ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი მედიატორის მოწვევის აუცილებლობას და, ფაქტობრივად, მისთვის ხელისუფლების შერჩევის მინდობას. ამასთან, ეს მედიატორი შეიძლება სულაც არ იყოს დამოუკიდებელი, ხოლო ქვეყანაში არსებული “სოციოლოგიური ქაოსი” მას საშუალებას მისცემს, რეალობად გაასაღოს ნებისმიერი შედეგი.
ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის ძალისხმევით ჩატარებული კვლევებისადმი ორმხრივი უნდობლობის გამო ძალიან სპეციფიური ფუნქცია მიენიჭება “ენ–დი–აის” შეკვეთით ჩატარებულ და პრესაში ვითომდა შემთხვევით მოხვედრილ კვლევების შედეგებს, რომელთა რეალურობას თავად “ენ–დი–აი” არც დაადასტურებს და არც უარყოფს, თუმცა, ყველას ეცოდინება, კვლევა მის მიერ არის ჩატარებული და რომ ამ კვლევას ენდობა და ითვალისწინებს ამერიკის ადმინისტრაცია.
სწორედ “ენ–დი–აის” კვლევა იქნება ის პოლიტიკური ბარომეტრი, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები შეიტყობენ, რომელ ძალას ასახელებს ოფიციალური ამერიკა ყველაზე რეიტინგულად და მომავალ გამარჯვებულად.
შესაბამისად, ამ ძალის მიმართ პირდაპირი მხარდაჭერის გამოხატულება იქნება თავად ამ რეიტინგების გამოქვეყნებაც, რომლის რეალობასაც, როგორც უკვე ვთქვით, “ენ–დი–აი” არც უარყოფს და არც დაადასტურებს, რათა ეს შინაურ საქმეებში ჩარევად არ შეფასდეს, თუმცა, ყველაფერი გასაგები იქნება.
“ენ–დი–აის” კვლევა ჩანს იმ ნიშნულად, რის შემდეგაც ძალიან ბევრი რამე ცხადი გახდება.
თუ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეეგუებიან “ენ–დი–აის” კვლევის შედეგად დასახელებულ ფავორიტს და ამის გათვალისწინებით მივლენ არჩევნების დღემდე, ეს იქნება ერთი რეალობა და სრულიად სხვა სცენარით განვითარდება მოვლენები, თუ რომელიმე მხარემ ეს შედეგები სინამდვილესთან შეუსაბამოდ გამოაცხადა და უარი განაცხადა მასთან შეგუებაზე.
ნაკლებსავარაუდოა, რომ რომელიმე სხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ერთდროულად მოიპოვოს ხელისუფლების, ოპოზიციის, უცხოეთის, მათ შორის ამერიკის ადმინისტრაციის ნდობა, თუმცა, გარკვეული ტენდენციებზე მიმანიშნებელი იქნება ისიც, თუ “ენ–დი–აიმ” საერთოდ უარი თქვა კვლევების ჩატარებაზე წინასაარჩევნო პერიოდში და პროცესებში ჩაურევლობა ამჯობინა. http://kalmasoba.com/analitika/521-kotcli-archevnebisa-da- მართალი გითხრათ ბოლო პერიოდში მეც ბევრი მიფიქრია ამ თემაზე და ინტერესით ველოდები კვლევებს, რომელიც ბევრ რამეს ცხადს გახდის
თქვენ როგორ ფიქრობთ, მეგობრებო, როგორ აისახება ქართული პოლიტ. სინამდვილე NDI-ს კვლევებში ამჯერად
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?