კომპიუტერული თამაშის - „ქართული სპორტი" პრეზენტაცია 29 ნოემბერს კაფე - „სპორტ კაფეში" გაიმართა. სპორტულ შემეცნებითი თამაშის შექმნის ინიციატორი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროა, თამაშის ონლაინ-ვერსია კი აკა სულავამ დაამზადა. კომპიუტერული თამაშის ონლაინ-ვერსია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული და თამაშში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
თამაში შედგება 3 სირთულის კითხვებისაგან, საწყის ეტაპზე თამაში საიტზე დარეგისტრირების გარეშეც იქნება შესაძლებელი, სამომავლოდ კი დარეგისტრირების და ყველა კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხევაში გამარჯვებულებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დააჯილდოებს. სპორტულ-შემეცნებითი თამაშის კითხვები შეეხება ქართულ სპორტსა და ქართველ სპორტმენებს. სხვადასხვა წლებში მათ მიერ მიღწეულ შედეგებსა და სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებს.
თამაშის კომპიუტერული ვერსიის პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და სხვადასხვა სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. კერძოდ, თამაშის პრეზნტაციას დაესწრნენ - ნინო სალუქვაძე, ლეილა მესხი, გიორგი ასანიძე, რობერტ შავლაყაძე, ზაურ ცხადაძე, რამაზ შენგელია, ვაჟა ჟვანია, მუხრან ვახტანგაძე და ზურაბ კახაბრიშვილი. თამაშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ 42-ე სკოლის მოსწავლეები, რომელთაც საკუთარი შესაძლებლობებიც გამოსცადეს. გამარჯვებული კი მე-8 კლასის მოსწავლე რატი პერტია გახდა.
ლადო ვარძელაშვილი:" სასიამოვნოა, რომ თამაშის პრეზენტაციას როგორც ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები, ისე სკოლის მოსწავლეებიც ესწრებიან, რომლებიც მჯერა თამაშს დიდი სიამოვნებით ითამაშებენ, მათგან გამორჩეულები კი სამინისტროსგან საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. ამასთან, აღნიშნული თამაში ახალაგზრდებში ხელს შეუწყობს ქართული სპორტის პოპულარიზაციას, რაც ასევე მნიშვნელოვანია".
აკა სულავა:" თამაში განკუთვნილია როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც სპორტი უყვარს. სულ თამაშის სამი დონეა და კითხვები ყოველ ეტაპზე რთულდება. პირველი ეტაპი უფრო ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, მომდევნო ეტაპზები კი ძირითადად უფროსებისთვის, რადგან შეკითხვები საკმაოდ რთული და მრავალფეროვანია".
თამაშის ლინკი: http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=309