ხშირად ისმის კითხვა თუ რა ღირსშესანიშნაობა აქვს ქართველ ერს, რა აქვს მოძველებული და რისი განახლება ან გადაფასება შეუძლია მას? კითხვა საკმაოდ ზოგადი და ამასთანავე მრავლისმომცველია, მაგრამ ქართველ ერზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს, რომ ის კავკასიის წიაღში ფორმირებული ერი და სახელმწიფოა, შესაბამისად მასში ყოველთვის იქნება სხვა კულტურებთან მსგავსი და ამასთანავე განსხვავებული ელემენტები. მე არ მინდა გესაუბროთ კულტურული ღირებულებების რაოდენობაზე ან რაობაზე, არამედ მის ღირებულებაზე, რომელმაც სახე იცვალა… მოდით მხოლოდ სამი მაგალითით შემოვიფარგლოთ:
საქართველოში ქორწილი ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენა გახლდათ. მას უყურებდნენ, როგორც კურთხეულსა და წმინდა კავშირს, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე იყო აგებული. შეუღლებისას იყო ზეიმი საახლობლო და სასიამოვნო წრეში, რომელიც დალოცვით, ცეკვითა და მხიარულებით აღინიშნებოდა. თანამედროვეობაში აღნიშნული ღირებულება სახეცვლილია. სიტყვა შეუღლება აღარ გამოხატავს ერთიან უღელში ყოფნას, სირთულეთა გადალახვასა თუ სიხარულის გაზიარებას. ქორწილმა ფორმალური სახე მიიღო, საახლობლო წრე ნაცნობების ხარჯზე გაიზარდა და დალოცვა, მხიარულება და გართობა უბრალო მოვალეობად იქცა.
ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა, თუმცაღა რელიგიური ხედვით ნებისმიერი გარდაცვალება სიახლის დასაწყისს ნიშნავს. როდესაც საქართველოში ადამიანი გმირულად იღუპებოდა ან მოუწევდა თავისი ჟამი გარდაცვალებისა მას მშვიდ გარემოში გამოიგლოვებდნენ, ილოცებდნენ და მიწას მიაბარებდნენ იმ იმედით, რომ მისი სული მარადიულად იცოცხლებდა და ბედნიერი იქნებოდა. გაუთავებელი ტრაური და მით უფრო ამ ტრაურის სახალხოდ აფიშირება ხშირად არც ხდებოდა. გარდაცვლილის სახელზე ღვინო აიწეოდა და მის მიმავალ გზას დალოცავდნენ ახლობლები. დღეს ადამიანის გარდაცვალება დაკავშირებულია უსასრულო ტრაურთან, შემდგომ მის მუდმივ აფიშირებას და ქელეხთან, რომელიც ისევ და ისევ ღმერთმა უწყის რამდენი უცნობი ადამიანით არის შემდგარი, ხოლო დალოცვა უბრალო სიტყვას მოგაგონებთ, სხვა კი – მხიარულებასა და ზეიმს უფრო მოგაგონებთ იგი. მიცვალებულის სულსა და იმ შეგნებულ მწუხარებაზე, რომელსაც ადამიანი ახლობლის გარდაცვალებისაგან უნდა განიცდიდეს – უბრალოდ არ არსებობს.
ნათლობა – ქრისტიანული რელიგიისათვის მართლაც ერთ–ერთი ყველაზე ღრმა და მნიშვნელოვანი საიდუმლო, როდესაც ნათლულზე გადადის სულიწმინდა… აღნიშნული მოვლენა მთელი რიგი რიტუალია, რომელსაც ძირფესვიანი გააზრება სჭირდება. სამწუხაროდ თანამედროვეობაში ნათლობამ ნაწილობრივ ფორმალური, ნაწილობრივ კი უბრალო ჩვეულების ფორმა მიიღო, რომელიც დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან და არის მომენტები, როდესაც ბავშვის მონათვლა პოტენციური ხარჯების გამო გადაიდება ხოლმე. დამეთანხმებით, ასეთ შემთხვევაში საკრალურ მხარეს უფრო რაციონალური რამ ანაცვლებს…
ქართული ცეკვა, ქართული სამოსი, ქართული სიმღერა – მხოლოდ სანახაობრივ ასპექტში განხილვადიღაა და მისი რაობის რეალურად გააზრება და შეცნობა, სამწუხაროდ, აღარ ხდება. არადა ადამიანებს ყოველთვის ეამაყებოდათ ის, რაც მათთვის ახლო იყო და თავიანთი ქვეყნის წარმომადგენელი იყო. ეამაყებოდათ იმიტომაც, რომ ამით თავიან თავში მიკუთვნებულობის შეგრძნებას ბადებდნენ და მარტოობის არსს სამუდამოდ ამსხვრევდნენ.
რეალობა ისაა, რომ ამ ქართულმა ცოცხალმა, მუდმივად განალებადმა ღირებულებებმა საბჭოთა კავშირის დროს (და მანამდე რუსული იმპერიალიზმისას) დიდი წნეხი განიცადეს და უფრო ენციკლოპედიებსა და წიგნებში იპოვეს განსასვენებელი, ვიდრე რეალობაში შეძლეს მორგებოდნენ იმ, მართლაც რომ არაპროგრესირებად ერაში.
თანამედროვე ევროპა თავიანთი ღირებულებებით შეიქმნა, რომელსაც ფესვები არქაულ დრომდე აქვს გადგმული. საქართველო არ არის მისგან განსხვავებულ ნერგზე აღმოცენებული, ისიც იმავე წიაღის ნაწილია, მაგრამ სამწუხაროდ რამდენიმე ათწლეული წნეხის შემდეგ მისმა ღირებულებებმა უფრო არაფორმალური ნორმების სახე მიიღო, ვიდრე მუდმივად ცოცხალისა და განახლებადისა. ერთადერთი გზა არის ის, რომ ნაციონალური კულტურა ისევ ცოცხალი გავხადოთ და იგი ჩარჩოებისა და სტერეოტიპებისაგან გავწმინდოთ, რომელიც ყოველგვარი შემოქმედებითობის მოწინააღმდეგეა. არ არის საოცარი ცუდზე ითქვას ცუდი და კარგზე კარგი – ეს საჭიროც კია. მხოლოდ ამ გზით შევძლებს გავხდეთ თანამედროვე ქართული და ამასთანავე დასავლური ცივილიზაციის წიაღის ღირსეული სახელმწიფო.
http://www.patriots.ge/?p=782
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.