წინა თემები.
პირველი საჩემპიონო ტიტულისაფეხბურთო ლიგაში შესვლიდან მხოლოდ 8 წელი იყო გასული, როდესაც ”ლივერპულმა” ინგლისური ფეხბურთის მწვერვალს მიაღწია და ამით მომავალ თაობებს საჭირო დონე მიანიშნა.
წარმატებას საფუძველი 1896 წელს ტომ უოტსონის მწვრთნელად დანიშვნით ჩაეყარა. გუნდზე მისი გავლენის გადაფასება შეუძლებელია. მისი პირველი ტრანსფერებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ალექს რაისბეკის გადმოყვანა იყო, ვის გარშემოც აიწყო ”ლივერპულის” პირველი საჩემპიონო გუნდი. ამ დროისათვის ”ანფილდი” 20000 მაყურებელს იტევდა.
სეზონი ”ბლექბერნ როვერსის” დამარცხებით დაიწყო ანგარიშით 3-0. გოლები 20000 მაყურებლის წინ რობერტსონმა, სათერთუეითმა და რეიბოლდმა შეაგდეს, თუმცა ამ ძლიერ სტარტს შედეგების ვარდნა მოჰყვა და არასტაბილური თამაშის შედეგად, თებერვლის შუა პერიოდში გუნდი მერვე პოზიციაზე აღმოჩნდა, ლიდერისგან 9 ქულის დაშორებით. გამარჯვებების გზაზე კლუბი თებერვლის ბოლო რიცხვების შემდეგ დადგა. ახალი ლიდერი ”სანდერლენდი” იყო, რომელმაც აპრილის ბოლოს საკუთარი კალენდარი დაასრულა და ცხრილის სათავეში ”ლივერპულს” ბურთების უკეთესი შეფარდებით უსწრებდა. ყველაფერი მერსისაიდელების ბოლო მატჩის შედეგზე იყო დამოკიდებული, ”ვესტ ბრომვიჩის” წინააღმდეგ 29 აპრილს. ”ბრომვიჩი” უკვე გავარდნილი იყო და ელოდნენ, რომ ”ლივერპული” ადვილად გაიმარჯვებდა, თუმცა ეს სიმართლისგან შორს აღმოჩნდა. პირველი ტაიმის ბოლოს ”ლივერპული” მხოლოდ 1 გოლის სხვაობით იგებდა, რომელიც უოკერმა შეაგდო. მეორე ნახევარში ”ვესტ ბრომის” მოთამაშეებმა ბილ პერკინსის კარი დაბომბეს, თუმცა ”ლივერპულმა” გაუძლო და პირველი საჩემპიონო ტიტული გაიფორმა. ბომბარდირის წოდება რეიბოლდმა მიიღო 16 გოლით. ”ლივერპულის ექო” გუნდის ქებით იყო სავსე და მათ მიერ ნაჩვენებ შედეგებსა და სტატისტიკას გადმოსცემდა. მოთამაშეები და ხელმძღვანელობა ”ანფილდზე” ეტლებით დაბრუნდა, ჩემპიონობის აღმნიშნავი თასი კი კაბინეტში პირველად დაიდგა.
შენკლის მოსვლა1959 წლის 1 დეკემბერი ”ლივერპულის” ისტორიაში სამუდამოდ შევა, როგორც უმნიშვნელოვანესი თარიღი. ამ დღეს გუნდმა ფილ ტეილორის შემცვლელად ”ჰადერსფილდის” მწვრთნელი ბილ შენკლი გამოაცხადა.
1954 წელს მეორე დივიზიონში გავარდნილი გუნდი რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდა უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას და არავინ იცოდა, თუ შენკლის მოსვლით სულ ახალი, სრულიად განსხვავებული ერა დაიწყებოდა.

ბილ შენკლი: ”ჩემთვის ”ლივერპულის”, ასეთი დიდი პოტენციალის მქონე გუნდის მწვრთნელად არჩევა დიდი პატივია, გამოწვევასთან ერთად. ჩემი აზრით, ”ლივერპულის” გულშემატკივრები მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესონი არიან. ისინი წარმატებას იმსახურებენ და იმედი მაქვს, რომ ამ საქმეში ჩემს წვლილს შევიტან. ამ გამოწვევის მიღებაზე უარის თქმა უბრალოდ არ შემეძლო.”
გუნდი და მისი ინფრასტრუქტურა მეტად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ”ანფილდის” შენობებში წყალი არ მოდიოდა, ”მელვუდის” სავარჯიშო ბაზის ბალახი კი ქუჩის სტადიონისას ჰგავდა. მოთამაშეები უსწორმასწორო ნიადაგზე, ან ასფალტზე დარბოდნენ.
შენკლიმ გუნდში მოიტანა სრულებით ახალი ფსიქოლოგია - ვარჯიშებზე ის მხოლოდ სირბილით არ შემოიფარგლებოდა - შოტლანდიელმა ვარჯიშში შემოიტანა სხვადასხვაგვარი თამაში და დაკვირვებით ადევნებდა თვალს მოთამაშეებს ამ დროს - მისი აზრით, თუკი ფეხბურთელი სრული დატვირთვითა და მონდომებით არ ივარჯიშებდა, იგი არც თამაშს შეძლებდა საჭირო დონეზე. მან ხელმძღვანელობას დააჯერა, რომ საჭირო იყო თანხების დახარჯვა ახალი მოთამაშეების შესაძენად. ის მეტად ქარიზმატული პიროვნება იყო და შესანიშნავად ახერხებდა გუნდის მოტივირებას. მთელი მისი შრომა გუნდის გაძლიერებისა და ფანების ბედნიერებისაკენ იყო მიმართული - იგი უშუალოდ ინაწილებდა სიხარულს გულშემატკივრებთან, პირადად გადიოდა ფანებთან და მათთან ერთად განიცდიდა გუნდის ყოველ მნიშვნელოვან მომენტს.
ბილ შენკლი: ”ჩემი სურვილი იყო ”ლივერპულის” შეუხებელ ციხესიმაგრედ გადაქცევა. ბასტიონის იდეა თავის დროზე ნაპოლეონს ჰქონდა და დიდ წარმატებასაც მიაღწია ამ გზაზე; სწორედ ამის გაკეთება მსურდა ”ლივერპულში” - ამეშენებინა გუნდი, რომელიც საბოლოოდ იმდენად გაძლიერდებოდა, რომ ყველა მეტოქეს დანებება მოუწევდა.”
პირველი ჩემპიონთა თასი1977 წლის 25 მაისი კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია ინგლისის ყველა დროის უდიდესი გუნდის ბრწყინვალე ისტორიაში. ამ დღეს, იტალიის დედაქალაქ რომში, ემლინ ჰიუზმა უდიდესი საკლუბო ტურნირის თასი ასწია.
ფინალში ”წითლების” მხარდასაჭერად ჩასული მერსისაიდელი ფანების რაოდენობა მანამდე ინგლისური კლუბებიდან ევროპაში გამგზავრებულ გულშემატკივართა რიცხვთან შედარებით არნახული იყო.
ტერი მაკდერმოტი: ”რომის ტრიბუნები არასდროს დამავიწყდება - მინდორზე თამაშის დაწყებამდე გავედი და როდესაც წითელ-თეთრად შეღებილი ტრიბუნები დავინახე, გაოცებამ მომიცვა. გავიფიქრე, რომ ამ არმიის წინაშე წაგების უფლება არ გვქონდა”
ემლინ ჰიუზი: ”ტრიბუნების შეთვალიერებისას გავიფიქრე: ”ღმერთო ჩემო, ლივერპულში ხომ არ ვართ?”
”მიონხენგლადბახის” შემადგენლობაში ევროპული კლასის მოთამაშეები იყვნენ - ფოგტსი, ბონჰოფი, ჰეინკესი და სიმონსენი; ”ლივერპულისათვის” ევროპულ სარბიელზე გამოცდილ გუნდთან დაპირისპირება მეტად მძიმე იყო, მაგრამ ტრიბუნებიდან ფანატიკური მხარდაჭერის შედეგად გუნდი შესვენებაზე მაკდერმოტის გოლის წყალობით 1-0 ანგარიშზე გავიდა.
შესვენებაზე გუნდი ბობ პეისლიმ გააფრთხილა, რომ არ მოშვებულიყვნენ, თუმცა გერმანელებმა მატჩის განახლებისას მაინც მოახერხეს გათანაბრება. შეცდომა ჯიმი კეისმა დაუშვა, რომელმაც კლემენსისთვის დაბრუნებული გადაცემა ცუდად გათვალა და ალან სიმონსენმა ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ”ლივერპულმა” მაინც აღადგინა სხვაობა ანგარიშში - ტომი სმიტმა, რომელიც კუთხურის ჩაწოდებისას არ აიყვანეს, თავური დარტყმით გაიყვანა წინ გუნდი. მატჩის დასრულებამდე რვა წუთით ადრე კევინ კიგანი, რომელიც თავისი კარიერის მატჩს თამაშობდა, ბერტი ფოგტსს გაექცა, მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა და იმ მომენტში, როდესაც დარტყმას აპირებდა, იგი ფოგტსმა მოცელა. პენალტი უყოყმანოდ დაინიშნა და ბურთთან ფილ ნილი მივიდა.
ფილ ნილი: ”პენალტის ნიშნულამდე ნახევარი მოედნის გავლა მომიწია და ვხვდებოდი, რომ მატჩის ბედის გადაწყვეტა ჩემზე იყო დამოკიდებული. ყველაზე ნათლად მახსოვს, თუ როგორ იდგა კალი (იან კალაჰანი) საჯარიმოს კუთხეში, ხელები თითქოს ლოცვასავით ეჭირა სიტყვებით 'Come on Nealy, please!' არ ვნერვიულობდი - მატჩამდე მოედანზე გამომავალ გვირაბში გავლისას შევამჩნიე, რომ ვოლფგანგ კნაიბი კლემზე (რეი კლემენსი) მაღალი იყო და გავიფიქრე, რომ დაბალი დარტყმის აღება გაუჭირდებოდა. ასეც მოვიქეცი და ბურთი ბადეში ძელიდან შევარდა.”

ბობ პეისლი: ”მათ მიერ ანგარიშის გათანაბრების შემდეგ ჩვენი პასუხი აჩვენებს, თუ რამდენად მტკიცე ვიყავით ფსიქოლოგიურად. ჩვენ ქვეყანა ვასახელეთ და ეს ჩემი კარიერის უდიდესი მომენტი იყო.”

ემლინ ჰიუზი: ”თასის მისაღებად ასვლისას ჩემზე ან ჩვენი გუნდის ბიჭებზე არ ვფიქრობდი - თავში იან სენტ ჯონის, რონ იეტსის, შენკსის (შენკლი) და რუბენ ბენეტის სახელები მიტრიალებდა. სწორედ მათ გადააქციეს ”ლივერპული” გუნდად, რომლითაც ჩვენ ამ დღეს მივაღწიეთ.”
ეიზელი და ჰილსბორო1985 წლის 29 მაისს ”ლივერპული” ჩემპიონთა თასის ფინალში ”იუვენტუსს” ხვდებოდა. ეს ინგლისის უდიდესი კლუბის ისტორიის მორიგი ლამაზი თარიღი უნდა ყოფილიყო, სინამდვილეში კი კოშმარულ დღედ შევიდა არქივში.
ბრიუსელის სტადიონი არ შეეფერებოდა საფინალო სტანდარტს; ამასთან, ბილეთების განაწილებისას გამოიყო ნეიტრალთა სექცია, რომელიც ”ლივერპულისა” და ”იუვენტუსის” ფანებს შორის განთავსდა, თუმცა, მატჩის დღეს ეს ბილეთები ფინალში მონაწილე გუნდების ფანებმა იყიდეს და შეიქმნა სახიფათო არეული სექციები.
დაწყებამდე ერთი საათით ადრე ფანებს შორის სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინგლისელი ფანების ტრიბუნას მაშხალები დაუშინეს, რასაც ინგლისელთა ნაწილის მიერ ”იუვენტუსის” ფანების მიმართულებით შეტევა მოჰყვა; იტალიელები გაიქცნენ, თუმცა მათ წინ მდებარე კედელი ჩამოინგრა და 39 გულშემატკივარი ადგილზევე დაიღუპა. ტრაგედიის მასშტაბებს პოლიციის არაორგანიზებული მოქმედებაც უწყობდა ხელს. მატჩი ”იუვენტუსმა” მოიგო ანგარიშით 1-0, პლატინის საეჭვო პენალტის წყალობით, თუმცა თამაში აღარავის ახსოვდა.
1989 წლის 15 აპრილს ”ლივერპულის” 25000 ფანი სტადიონი "ჰილსბოროსაკენ" გაემართა ”ნოტინჰემ ფორესტთან” ასოციაციის თასის ნახევარფინალის საყურებლად. 96 მათგანი აღარასდროს დაბრუნებულა.
მატჩის დაწყებამდე "ლეპინგს ლეინის" ტრიბუნაზე ფანების კრიტიკულ რაოდენობაზე მეტი შეიკრიბა; გულშემატრივართა წყებები ერთმანეთს ემატებოდა და სიმჭიდროვე მატულობდა. წინ მდგომი მაყურებლები ტრიბუნებისა და მოედნის გამყოფ ღობეს იყვნენ მიკრულები და ყოველი წუთის გასვლასთან ერთად მეტად ისრისებოდნენ. პოლიცია ასეთ შემთხვევებში წინა რიგებთან იდგა და ზედმეტი რაოდენობის მაყურებელს გვერდითა ტერასებისაკენ ანაწილებდა, თუმცა ამჯერად, აუხსნელი მიზეზების გამო, ისინი იქ არ იმყოფებოდნენ. საბოლოოდ მაყურებლების სიმჭიდროვე უკიდურესად გაიზარდა, მოხდა ჭყლეტვა და ამასთან ერთად გატყდა ღობე; შედეგად, 94 მაყურებელი ადგილზევე დაიღუპა. ოთხი დღის შემდეგ საავადმყოფოში 14 წლის ლი ნიკოლის გარდაცვალებით მსხვერპლი 95-მდე გაიზარდა, 1993 წლის მარტში კი ტონი ბლანდი გარდაიცვალა ოთხი წლის განმავლობაში კომაში ყოფნის შემდეგ. დაღუპულ გულშემატკივართა საბოლოო რიცხვი 96-ია. დაღუპულ ფანებს ყოველ წელს იხსენებენ ლივერპულში.
The 2001 Treble1985 წელს მომხდარი ეიზელის ტრაგედიის შემდეგ ინგლისურმა კლუბებმა 5-წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს ევროპული ტურნირებიდან. ამან ინგლისური ფეხბურთის განვითარება მკვეთრად შეანელა. ”ლივერპულის” შემთხვევაში ამას გუნდში განვითარებული პრობლემები დაემატა - 90-იანი წლების განმავლობაში გუნდში დასუსტდა დისციპლინა და არ გამოჩენილა ძლიერი მწვრთნელი. იზრდებოდნენ მეტად ნიჭიერი მოთამაშეები, თუმცა დაკარგული იყო გუნდის ორგანიზებულობა და შედეგად, 1990 წლიდან 2001 წლამდე გუნდს მნიშვნელოვანი ტიტული არ მოუგია. ამის საპირისპიროდ, ინგლისის მრავალი ჩემპიონობა გაიფორმა ”ლივერპულის” უპრინციპულესმა მოწინააღმდეგემ, ”მანჩესტერ იუნაიტედმა” და მერსისაიდელების რეკორდულ შედეგებს მიუახლოვდა.
1998 წელს კლუბმა მწვრთნელად მოიწვია ფრანგი ჟერარ ულიე, რომელმაც გუნდში აღადგინა დისციპლინა, მოიტანა ევროპული ტაქტიკური ცოდნა, ჩამოაყალიბა დაბალანსებული კოლექტივი, სადაც სხვადასხვა წარმოშობის მოთამაშეები წარმატებით ასრულებდნენ მათთვის დაკისრებულ როლებს. შედეგად, 2000-2001 სეზონი გუნდმა ტრიუმფალური დაბრუნებით აღნიშნა. ინგლისის ლიგის თასისა და ასოციაციის თასის (რომლის ფინალშიც ”წითლებმა” ”არსენალი” მერსისაიდული გუნდის აღსაზრდელის, მაიკლ ოუენის დუბლის წყალობით დაამარცხეს) მოგების შემდეგ ”ლივერპულმა” უეფას თასის ფინალს მიაღწია, სადაც მათი მეტოქე ესპანური ”ალავესი” იყო. ულიეს გუნდს ფინალამდე გზაზე რომა, პორტო და ბარსელონა ჰყავდა დამარცხებული. საფინალო მატჩის ტრიბუნები, ისევე როგორც ყოველთვის ”ლივერპულის” ისტორიაში, სავსე იყო წითელ-თეთრი ბანერებითა და დროშებით. გუნდს ფინელი სემი ჰიპია კაპიტნობდა, ნახევარდაცვის ცენტრში გერმანელი დიტმარ ჰამანისა და 37 წლის შოტლანდიელი გარი მაკალისტერის დუეტი თამაშობდა, მარჯვენა ფლანგს კი 21 წლის სტივენ ჯერარდი, გუნდის მიერ აღზრდილი ინგლისელი ნახევარმცველი იკავებდა.
”ლივერპულმა” მატჩი შედეგიანად დაიწყო და 15 წუთის შემდეგ ანგარიში 2-0 იყო. ამას მოჰყვა მოვლენების კალეიდოსკოპური ცვლილება, რომლის განმავლობაშიც ანგარიში რამდენჯერმე შეიცვალა ერთბურთიანი სხვაობიდან ორბურთიანამდე და ფრემდე. მატჩი დამატებით დროში გადავიდა, რომლის ბოლოსაც ”ალავესის” ორი მოთამაშე გაძევებული იქნა, გადამწყვეტი მომენტი კი 118-ე წუთზე, გარი მაკალისტერის მიერ ჩაწოდებულმა ბურთმა გამოიწვია, რომელიც ესპანელმა მოთამაშემ საკუთარ კარში გადაგზავნა. დორტმუნდში ”ლივერპულის” ევროპული დაბრუნება შედგა.
სტამბული”ლივერპულის” ისტორიის უდიდესი ღამე 2005 წლის 25 მაისს, სტამბულის ათათურქის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც უკვე ახალი მწვრთნელის, ესპანელი რაფაელ ბენიტესის მერსისაიდელები ევროპული ფეხბურთის გრანდს, ”მილანს” დაუპირისპირდნენ.
რაფაელ ბენიტესმა ”ლივერპული” არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში ჩაიბარა - ჟერარ ულიეს მიერ 2001 წელს მიღწეული წარმატებები ვერ გარდაისახა მეტ მიღწევებში ვერც ინგლისურ და ვერც ევროპულ სარბიელზე - გუნდი განიცდიდა ფინანსურ პრობლემებს, ”ლივერპული” დატოვა უკვე ვარსკვლავმა თავდამსხმელმა მაიკლ ოუენმა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში რეგულარულად მოხვედრას კლუბი დიდი გაჭირვებით ახერხებდა. ბენიტესი, რომელმაც მანამდე ესპანეთში ორი გრანდის - ”რეალისა” და ”ბარსელონას” ჰეგემონია დაარღვია გაცილებით ნაკლები ბიუჯეტის მქონე ”ვალენსიათი” გაჩემპიონებით, შემდეგ კი ამას უეფას თასიც დაუმატა, ”ლივერპულში” 2004-05 სეზონის წინ მიიწვიეს ულიეს შემცვლელად. იმ სეზონში გუნდის შედეგები ინგლისის ჩემპიონატში (რომელიც ”ლივერპულს” 1990 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული და მის რეკორდულ 18-გზის ჩემპიონობას ”მანჩესტერ იუნაიტედი” უახლოვდებოდა) არადამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა, ამის საპირისპიროდ, გუნდი ბენიტესის გენიალური ტაქტიკური მიდგომისა და ყველა წვრილმანის დეტალური ანალიზის შედეგად, ევროპის ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე წარმატებით მიიწევდა წინ. არა-ვარსკვლავური დონის შემადგენლობით დაკომპლექტებული გუნდი ევროპის გრანდებს ხვდებოდა და ყველას გასაოცრად ახერხებდა მათი ბარიერის დაძლევას. ჯგუფური ეტაპიდან გასვლის შემდეგ ”ლივერპულმა” დაამარცხა ლევერკუზენის ”ბაიერი”, მეოთხედფინალში ტურნირს გამოთიშა იტალიის ჩემპიონი ”იუვენტუსი”, რასაც უკვე ინგლისის ჩემპიონი ”ჩელსი” მიაყოლა და სტამბულის სტადიონზე მაისში გასამართ ფინალში გავიდა. მერსისაიდულ კლუბს მოედანზე ახლა უკვე კაპიტნის რანგში გაუძღვა სტივენ ჯერარდი, რომელიც სეზონების განმავლობაში სტაბილური, უმაღლესი დონის თამაშით უკვე ”ლივერპულის” მორიგი ლეგენდის სტატუსში განიხილებოდა.
”მილანი” ევროპის ყველაზე ძლიერი დაცვითი ხაზის მქონე გუნდად ითვლებოდა და მათთან 0-1 ანგარიშის აღმოფხვრაც კი რთულ საქმედ მიიჩნეოდა. მატჩის დაწყებიდან 53 წამში იტალიური გუნდი უკვე წინ იყო, მათი კაპიტნის, პაოლო მალდინის მიერ გატანილი გოლის შედეგად. ამას 23-ე წუთზე არგენტინელმა ერნან კრესპომ მეორე გოლი დაუმატა, პირველი ნახევრის ბოლოს კი კიდევ ერთხელ შეარხია პოლონელი ირჟი დუდეკის კარის ბადე და შესვენებაზე ინგლისური გუნდი 0-3 დეფიციტით გავიდა.
ჯეიმი კარაგერი: ”ისინი ძალიან ძლიერები იყვნენ. კაკა (მილანის ნახევარმცველი) უამრავ პრობლემას გვიქმნიდა და შესვენებაზე გასვლისას ყველანაირი იმედი მქონდა დაკარგული.”
სტივენ ჯერარდი: ”შესვენებაზე მწვრთნელი ჩვენს დამშვიდებას და დაიმედებას ცდილობდა. მან დაფაზე გარკვეული მონახაზები გააკეთა და განგვიცხადა, რომ სწრაფი გოლის გატანა უნდა მოგვეხერხებინა მეორე ნახევარში და რომ ამას თუ მოვახერხებდით, შემდეგ უკვე შეგვეძლებოდა თამაშში დაბრუნება. ამ დარიგებაზე კონცენტრირება რთული იყო - თავი ხელებში მქონდა ჩარგული და ვერაფერზე ვფიქრობდი.”
ლუის გარსია: ”შესვენებაზე გასახდელში ჯდომისას გარკვევით გვესმოდა ჩვენი გულშემატკივრების მიერ ნამღერი ”You'll Never Walk Alone”. ჩემპიონთა ლიგის ფინალს 0-3 ანგარიშით ვაგებდით, ისინი კი კლუბის საყვარელ სიმღერას მღეროდნენ, წარმოგიდგენიათ?”
იოჰან კრუიფი: ””ლივერპულის” მსგავსი ჰიმნი ევროპის არცერთ კლუბს აქვს. არცერთი კლუბია ასეთი ერთიანი თავის გულშემატკივართან. ვიჯექი, ვუყურებდი ”ლივერპულის” ფანებს და ტანში ჟრუანტელი მივლიდა. 40000 გულშემატკივარი გუნდის უკან ერთიანდებოდა. ამისათვის ”ლივერპულს” ყველაფერზე მეტად ვაფასებ.”
ყველა დროის ყველაზე დიდი დაბრუნება 54-ე წუთზე დაიწყო. იონ არნე რიისეს ჩაწოდება, სიმბოლურად, კაპიტანმა ჯერარდმა მოათავსა ”მილანის” კარში. გატანილი გოლის შემდეგ მოთამაშეების მიმართ მისი მოწოდება დღესაც სიმბოლურ კადრად რჩება. მეორე ბურთი ვლადიმირ შმიცერმა შეაგდო 20 მეტრიდან, მეკარისაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში. მესამე გოლი ხაბი ალონსოს მიერ შესრულებულ პენალტს მოჰყვა, რომელიც ”მილანის” მეკარე დიდამ მოიგერია, თუმცა ესპანელმა ნახევარმცველმა მაინც მოათავსა კარში. ”ლივერპულმა” ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი დაცვის მქონე გუნდისათვის 3 ბურთის შეგდება 6 წუთში მოახერხა. ამ ენერგიული მონაკვეთის შედეგად ინგლისური გუნდის მოთამაშეებს მეორე ტაიმში შეტევების ორგანიზებისათვის ძალები აღარ დარჩათ; ამის მაგივრად, მათ თავდაცვა მოუწიათ, რომლის განმავლობაშიც შეუცვლელი კაპიტანი ჯერარდი მარჯვენა მცველის პოზიციაზე იხარჯებოდა, მეკარე ირჟი დუდეკმა კი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელის, ანდრეი შევჩენკოს 2 მეტრიდან დარტყმული ბურთი მოიგერია. პენალტების სერიაში ფსიქოლოგიური უპირატესობა უკვე ინგლისური გუნდის მხარეს იყო, სადაც დუდეკმა კვლავ მოახერხა რამდენიმე დარტყმის მოგერიება და ”ლივერპულმა” 21-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიპოვა ევროპის უძლიერესი გუნდის სახელი. თასი სტივენ ჯერარდმა, გუნდის სიმბოლომ ჩაიბარა.

იააპ სტამი (”მილანის” მცველი): ””ლივერპულს” ტაში უნდა დავუკრათ თავდადებისა და ხასიათის გამოჩენილი სიმტკიცის გამო.”
იოჰან კრუიფი: ”ამ გამარჯვებით ”ლივერპულმა” აჩვენა, რომ მათი დიადი წარსულის შესაფერისი მწვრთნელი ჰყავთ.”
რაფაელ ბენიტესი: ”ეს ჩემ კარიერის უდიდესი საფეხბურთო ღამეა. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით.”
"ლივერპულს” არა მხოლოდ მატჩებით, ფეხბურთელებით, მწვრთნელებითა და ფანებით იცნობენ მსოფლიოში. სწორედ მერსისაიდული გუნდის ჰიმნია საქვეყნოდ ცნობილი ”You'll Never Walk Alone”.
სიმღერა 1945 წლის მიუზიკლი „კარუსელიდანაა“, თუმცა პოპულარული ის 1963 წელს ჯგუფი Gerry and the Pacemakers-ის მიერ შესრულებული ვერსიის შემდეგ გახდა. „ანფილდზე“ ყოველი თამაშის წინ იმ დროის სიმღერების ტოპ-ათეულს უშვებდნენ, საპირისპირო მიყოლებით, ისე, რომ ჩარტების პირველ პოზიციაზე მყოფი სიმღერა ზუსტად თამაშის დაწყების წინ ჟღერდა. YNWA-ს პირველი საფეხურიდან ჩამოსვლის შემდეგ ის სტადიონზე აღარ გაისმა, თუმცა საყვარელ სიმღერას მიჩვეულმა გულშემატკივარმა ის თავად შეასრულა და მალე გუნდის ჰიმნიც გახდა. „ლივერპულის“ ფანების მიერ ლეგენდარული მელოდიის ყოველი შესრულება ნეიტრალურ გულშემატკივარში აღტაცებას, მოწინააღმდეგეში კი პატივისცემას იწვევს.
by Tornikee
ისტორიის ნაწილი ნათარგმნია კლუბის ოფიციალური ვებსაიტიდან
http://www.lfc.tv ენფილდი(Anfield)ენფილდი არის საფეხბურთო სტადიონი ლივერპულში, რომელიც 1884 წელს აშენდა. იგი ევერტონის საშინაო არენა იყო 1892 წლამდე, სანამ "ლივერპული" არ ჩამოყალიბდა.

ენფილდი შედგება რამდენიმე სექტორისაგან. ესენია:კოპი,მთავარი სექტორი, ცენტრალური სექტორი და ენფილდ როუდი. ჯამში იგი 45,276 მაყურებელს იტევს. დასწრების რეკორდი(61ათასი კაცი) მოიხსნა 1952 წელს "ვულვერჰემპტონ ვონდერერზის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში. თანამედრვე რეკორდი დაფიქსირდა 2006 წლის 14 იანვარს, ტოტენჰემ ჰოთსფურის წინააღმდეგ. ამ მატჩს 44,983 მაყურებელი დაესწრო.

სტადიონზე გამართულა ინგლისის ნაკრების მატჩებიც. ასევე, ძველად იგი ტენისის და ბოქსის შეჯიბრებსაც ხშირად მასპონძლობდა.
ენფილდი ააშენა ორელმა, რომელიც ევერტონის მფლობელის, ჯონ ჰოულდინგის მეგობარი იყო. სწორედ ამიტომ, როდესაც ევერტონს ახალი სტადიონი დასჭირდა, ჰოულდინგმა ორელს მიაკითხა.
ევერტონმა ენფილდზე პირველი მატჩი 1884 წლის28 სექტემბერს გამართა ერლსთაუნთან და 5-0 დაამარცხა მოწინააღმდეგე. ევერტონის მატჩებზე ენფილდზე რეგულარულად 8,000 მაყურებელი ესწრებოდა, თუმცა სტადიონს იმ დროისთვის 20,000-ის დატევაც შეეძლო და იგი იმ დროისთვის ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებდა. აქ, 1889 წელს ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმაც ითამაშა ირლანდიის წინაარმდეგ.
ჰოლდინგმა გადაწყვიტა იმ მიწის შესყიდვა, რომელზეც ენფილდი იყო აშენებული, თუმცა ცოტა ხანში მასსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის პრობლემები წარმოიშვა გუნდის მართვასთან დაკავშირებით და მას შემდეგ რაც ევერტონი სათამაშოთ გუდისონ პარკზე გადავიდა, ჰოლდინგი ცარიელი სტადიონის ამარაღა დარჩა. ამიტომაც მან გადაწყვიტა ახალი კლუბის დაარსება რომელსაც "Liverpool F.C and Athletic Grounds Ltd" უწოდა. მათი პირველი მატჩი 1892 წლის 1 სექტემბერს გაიმართა და მას 200 კაცი დაესწრო. მატჩი როზერჰამ თაუნის წინააღმდეგ ლივერპულის სასარგებლოდ, 7-1 დასრულდა.

1895 წელს ენფილდს ახალი სექტორი დაამატეს რომელსაც დამატებით 3,000 მაყურებლის დატევა შეეძლო. იგი წითელ და თეთრ ფერებში იყო მოწყობილი. 1906 წელს, ჩემპიონშიპის მოგების შემდეგ, სტადიონი კიდევ გაფართოვდა. ადგილობრივმა ჟურნალისტმა ახალ სექტორს "Spion Kop" უწოდა. ეს სახელი საკმაოდ პოპულარული გახდა, ისევე როგორც თავად ეს სექტორი.
1982 წელს კოპი გაფართოვდა და ის უკვე 30,000 კაცს იტევდა, მაგრამ 1994 წელს სტადიონის რეკონსტრუქციის შემდეგ მისი ტევადობა 12,390-მდე შეამცირეს.
2002 წელს წარმოადგინეს ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც ენფილდი ახალ სტადიონს, "სტენლი პარკს" უნდა ჩაენაცვლებინა. გეგმის მიხედვით მას ჯერ 55,000 შემდეგ კი 61,000 კაცი უნდა დაეტია. სტადიონი ენფილდისგან სულ რაღაც 300 იარდის მოშორებით აშენდება, თუმცა 8 წლის შემდეგ მშენებლობა ჯერაც არ დაწყებულა.

by გიუშა
მერსისაიდული დერბიმერსისაიდულ დერბის უწოდებენ ორი ლივერპულური კლუბის, "ლივერპულისა" და "ევერტონის" დაპირისპირებას, რომელიც 1894 წელს დაიწყო. მას ხშირად "მეგობრულ დერბისაც" უწოდებენ, რადგან ლივერპულში ბევრია ისეთი ოჯახი, რომლის ერთი ნაწილი "ლივერპულს", ხოლო მეორე "ევერტონს" გულშემატკივრობს.

ორივე კლუბი ქალაქის ჩრდილოეთითაა და მათ ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი მილი აშორებთ. მათი გამყოფი "სტენლი პარკია".
კლუბების დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი "ენფილდია", იქიდან გამომდინარე რომ ამ სტადიონზე თავდაპირველად "ევერტონი" თამაშობდა.
50-იან, 60-იან წლებში გუნდებს შორის დაპირისპირების მიზეზი რელიგიაც გახდა. იმ პერიოდში "ევერტონში" საკმაოდ ბევრი კათოლიკე ირლანდიელი თამაშობდა, ამიტომაც ევერტონს "კათოლიკეების გუნდს" ეძახდნენ, მაშინ როდესაც "ლივერპულის" ქომაგთა უმრავლესობა პროტესტანტი იყო.
სხვა ინგლისური და თუნდაც ევროპული დერბებისაგან მერსისაიდული დერბი იმითაც გამოირჩევა, რომ ქომაგებს შორის ჩხუბი და ძალადობა იშვიათი შემთხვევაა(თუმცა ისინი მაინც ხდება და ერთ-ერთ ასეთ დაპირისპირებას 2007 წელს ევერტონის 11 წლის ფანის, რის ჯონსის სიცოცხლე ემსხვერპლა).
"ლივერპული" და "ევერტონი" ერთმანეთს სულ 213-ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან 85-ჯერ გამარჯვება "ლივერპულს" დარჩა, 63-ჯერ დაფიქსირდა ფრე და 65-ჯერ იმარჯვა "ევერტონმა".
დერბის თამაშებში "ლივერპულს" სულ 293 გოლი აქვს გატანილი, ხოლო "ევერტონს"-245.
<b>ყველაზე მეტი მერსისაიდული დერბი ნათამაშები აქვს "ევერტონის" უელსელ მეკარეს, ნევილ საუთჰოლს (41 მატჩი).
ყველაზე მეტი გოლი გატანილი აქვს "ლივერპულის" თავდამსხმელს, იან რაშს(25 გოლი).
ყველაზე დიდი ანგარიში დაფიქსირდა 1932-33 წწ. სეზონზე როდესაც "ლივერპულმა" "ევერტონი" 7-4 დაამარცხა.
by გიუშა