საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე პენიტენციურ სისტემაში სრულიად ახალი ტიპის - თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების შექმნასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ბრიფინგი გამართა.
საკანონმდებლო ინიციატივის წესით, ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის პროექტს სამინისტრო პარლამენტში დღეს წარადგენს.
მინისტრის თქმით, ეს რეფორმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის ფარგლებში.
ზემოაღნიშნული რეფორმით ქვეყანაში დაინერგება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული სტანდარტი.
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსდებიან ის პირები, რომლებსაც სასამართლომ შეუფარდა თავისუფლების შეზღუდვა და ის მსჯავრდებულები, რომლებსაც ადგილობრივი საბჭოს მიერ, მათივე თანხმობის საფუძველზე შეეცვლებათ თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების შეზღუდვით.
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულებს არ ექნებათ შეზღუდული ერთმანეთთან ურთიერთობა და გადაადგილება დაწესებულების ტერიტორიის ფარგლებში.
ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ექნებათ შაბათ-კვირას დატოვონ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება.
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად განთავსებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ და შესაბამისი ანაზღაურება მიღონ სააგენტოს მიერ შექმნილ სხვადასხვა პროფილის საწარმოში.
მსჯავრდებულები არასამუშაო დღეებში შეუზღუდავად ისარგებლებენ ხანმოკლე პაემნის უფლებით.
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულები გაივლიან სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო კურსებს, აქვე შესაძლებელი იქნება საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მიღება.
xodaa... :)