ჯონ ბასი - მომავალი ორი წელი ქართველი ერისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, ჩაერთონ უფრო დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნის მშენებლობაში
15:42 10-12-2011
ჩვენ მხარს არ ვუჭერთ რომელიმე კანდიდატს ან პარტიას საქართველოს მომვავალ საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ და გავაგრძელებთ მუშაობას ამ ქვეყნის ხალხთან თავისუფლებების მიღწევაში.
, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჯონ ბასის ვიდეომიმართვაშია ნათქვამი, რომელიც აშშ-ს საელჩომ გაავრცელა.
"მომავალი ორი წელი ქართველი ერისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, ჩაერთონ უფრო დემოკრატიული, პლურალისტური და თავისუფალი ქვეყნის შენებაში. მარტო მთავრობები ვერ ააშენებენ ძლიერ დემოკრატიებს, მზარდ ეკონომიკებს ან სტაბილურ საზოგადოებას. თავად ხალხი ირჩევს ოფიციალურ პირებს და პასუხისმგებლობას აკისრებს საარჩევნო ყუთით, რომელნიც იცავენ მათ თავისუფლებებს", - განაცხადა ჯონ ბასმა.
აშშ-ის ელჩი იმედოვნებს, რომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის დაინტერესება დიდი იქნება.
"საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა თუ ეთნიკურობისა, აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო ცხოვრებაში. დღეს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. მე წარმატებას ვუსურვებ ყველა ქართველს ძლიერი და ჯანმრთელი დემოკრატიის შენებაში. ვიმედოვნებ, რომ ყველა თქვენგანი მონაწილეობას მიიღებს მომავალ არჩევნებში და გექნებათ აქტიური როლი სამოქალაქო ცხოვრებაში იმისათვის, რომ აიხდინოთ თქვენი ოცნება უკეთესი მომალისთვის, თქვენი შვილებისა და თანამოქალაქეებისთვის", - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.
ზოგადად ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე საუბრისას, ბასმა აღნიშნა, რომ ის ყველა ქვეყანაში უნდა იყოს დაცული.
"ადამიანების გონებასა და სულში ღრმად დევს რწმენა იმისა, რომ ყოველ ადამიანს აქვს "უფლება". ამ უფლებების დაცვა მარტო ამერიკულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენს. ის დაბადებითი უფლებაა ყოველი ქალის, კაცის თუ ბავშის მთელ მსოფლიოში. ქართველებმა იციან, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ თავისუფლებებს. ამ ქვეყნის ბევრმა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს წართმეული გქონდეს ძირითადი უფლებები, იცხოვრო თავისუფლების გარეშე. დღეს, ძალიან ბევრ ქართველს არ შეუძლია დაბრუნება საკუთარ სახლებში და საკუთარი უფლებების გამოყენება საკუთარ რეგიონებში. ჩემთვის ნათელია, რომ ქართველები ერთგულები არიან ამ თავისუფლებების შენარჩუნებისა და ამაში შეერთებული შტატების მხარდაჭერაც გაქვთ", - აღნიშნა ბასმა.
ელჩის შეფასებით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, მათ შორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დანარგვა, ეროვნული სამოქმედო გეგმა ქალებისთვის და რელიგიური უმცირესობების შესახებ კანონის მიღება.
"ყველა მათგანი მნიშვნელოვანი და აუცილებელია", - აღნიშნა აშშ-ში საქართველოს ელჩმა.