კიდევ ერთი სახელისუფლებო რეაქცია ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლაზე - პარტიების დაფინანსება იურიდიულ პირებსაც აეკრძალებათ?!
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...2-26102011.html"იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების უფლების ჩამორთმევას გეგმავს. ეს იდეა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა არასამთავრობო ორგანიზაციებს 22 ოქტომბერს გამართული შეხვედრისას გააცნო. არასამთავრობო სექტორი კი ამ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს უკავშირებს. იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა, მას ქვეყანაში პოლიტიკური მოღვაწეობა, მათ შორის პარტიის შექმნა, რომელიმე პარტიაში გაწევრიანება და პოლიტიკური პროცესების დაფინანსება აეკრძალა. თუმცა, კანონმდებლობიდან გამომდინარე, მას აქვს უფლება, მის მიერ დაარსებული იურიდიული პირების მეშვეობით დააფინანსოს პარტია. მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლება მისთვის ამ შესაძლებლობის დაბლოკვასაც აპირებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება აეკრძალებათ / კიდევ ერთი სახელისუფლებო რეაქცია ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლაზე.
"გუშინ გავრცელდა სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - საია-ს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა" და "სამართლიანი არჩევნების" ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ 22 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში გაიმართა შეხვედრა, სადაც სამინისტრომ წარმოადგინა წინადადებები პოლიტიკურ გაერთიანებათა დაფინანსების რეგულაციებთან დაკავშირებით, რის მიხედვითაც სამინისტრო გაითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ ინიცირებული იქნება დამატებითი რეგულაციები, რომელთა ნაწილიც პოლიტიკურ პარტიებს შორის 2011 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ დებულებასთან წინააღმდეგობაში მოდის. ერთობლივ განცხადებაში არ არის მოყვანილი ის ინიციატივები, რაც იუსტიციის სამინისტროს მიერ დასახელდა, მაგრამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელ ნინა ხატისკაცის განცხადებით, ხელისუფლება იურიდიული პირებისთვის პარტიის დაფინანსების აკრძალვას აპირებს", - აღნიშნავს გამოცემა.
"დღევანდელი კანონმდებლობით, პოლიტიკური პარტიისთვის შემოწირულობის გაკეთების უფლება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აქვთ. გარდა ამისა, ხატისკაცის თქმით, ხელისუფლება ასევე გეგმავს წინასაარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი თანხის ზედა ლიმიტის დაწესებას, რომლის ზემოთ პარტიას ფულის დახარჯვა არ შეეძლება. დღეს კი არავითარი ზედა ზღვარი არ არსებობს. ამასთან, იგეგმება, რომ არასამთავრობოს ტიპის ორგანიზაციების, თუ ეს ორგანიზაციები პოლიტიკური პარტიებისთვის განახორციელებენ საქმიანობას, ანგარიშგება და შემოსავლები ისეთივე დეკლარირების ჩარჩოებში მოექცეს, როგორც პოლიტიკური პარტიების. ხელისუფლებას ამ თემაზე ჯერჯერობით საუბარი არ სურს და როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი აცხადებს, უახლოეს დღეებში თავად გააკეთებს ამ თემებზე კომენტარებს", - დასძენს გამოცემა.
"მინდა ვთქვა, ეს იდეები არ არის საკანონმდებლო ინიციატივა და მხოლოდ ზეპირი ფორმით გამოითქვა. შესაბამისად, ამის ანალიზი ძნელია. თუმცა ამის მიღება მსჯელობისა და დისკუსიის გარეშე არ შეიძლება. ზოგადად, პარტიებთან დაკავშირებული რეგულაციები ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ეს რეგულაციები უნდა მოქმედებდეს. თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ როცა ერთ პარტიას აქვს მეტი ხელმისაწვდომობა რესურსებზე, რეფორმა უნდა გატარდეს არა მხოლოდ პარტიების დაფინანსების რეგულაციის მხრივ, არამედ ამ რესურსის მმართველი პარტიის შეზღუდვით და საარჩევნო სისტემის ცვლილებით. ჩვენი და საერთაშორისო ორგანიზაციების ეს რეკომენდაციები არსებობს ზაფხულიდან, პარლამენტს ზაფხულშივე დაევალა მოემზადებინა სათანადო საკანონმდებლო ცვლილებები. კანონპროექტი მომზადდა, მაგრამ მასში ეს რეკომენდაციები აქამდე არ ასახულა... ეს შეხვედრა საკმაოდ დაჩქარებული წესით გაიმართა და მის შესახებ ჩვენ მხოლოდ წინა ღამით შევიტყვეთ. ინიციატივები კი საერთოდ შეხვედრაზე გახმიანდა და მოვლენების ასეთი დაჩქარება განსაზღვრულ კითხვებს აჩენს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნინა ხატისკაცი.
"კონსტიტუციაში წერია, რომ ფიზიკური და იურიდიული პირები იურიდიულად თანაბარი უფლებებით სარგებლობენ, ამიტომაც ეს იდეა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. იურიდიული პირი არის ფიზიკური პირების ერთობლიობით შექმნილი ორგანიზაცია. პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლებს ფიქრობს, ივანიშვილის გამარჯვება დამოკიდებულია ფინანსებზე და ეს არის მორიგი შეცდომა. სინამდვილეში ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი ის კი არ არის, ივანიშვილს რამდენი ფული აქვს და რამდენს დახარჯავს. განმსაზღვრელი ის არის, რომ ქართულმა საზოგადოებამ ამ ადამიანში დაინახა წარმატებული ქართული ოცნება, სადაც ჩართულობის ინტერესი საზოგადოებას სრულიად უანგაროდ აღეძრა. გარწმუნებთ, ძალიან ბევრი ადამიანი მზად არის, თავად შეიტანოს წვლილი იმაში, რასაც ქართველი ხალხის განთავისუფლება ჰქვია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ორგანიზაცია "კანონის ხალხისთვის" ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი.