მამა-ჯეMალი
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8348
წევრი No.: 54170
რეგისტრ.: 23-February 08
|
#28357742 · 17 Nov 2011, 20:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პროფესორი პ. ბუმისის წიგნიდან "კანონიკური სამართალი"
კანონიკური სამართლის თანახმად კათოლიკების, მონოფიზიტების (სომხები, კოპტები) და სქიზმით გამოყოფილების მართლმადიდებლობაზე მოქცევისას ხელახალი ნათლობა არ უნდა მოხდეს (იწერება მონანიების ხელწერილი /ლიველონი/ და ხდება მირონცხება), ხოლო ანგლიგანების და ისეთი ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლების მოქცევისას, რომელთანაც დარღვეულია ნათლობის ფორმულა ან/და სამოციქულო მემკვიდრეობა ხდება ნათლობა, რადგან წინა ,,ნათლობა" არშემდგარად ითვლება.
მართლმადიდებელ ეკლესიაში მოსულ მწვალებელთა, სხვა აღმსარებლობის წარმომადგენელთა და სქიზმით განყოფილთა მიღების წესი
გარდა კერპთაყვანისმცემლებისა და ზოგადად ურწმუნოებისა თუ რელიგიის გარეშე პირებისა, რომლებიც მოიქცევიან ქრისტიანებად და შემოდიან ეკლესიის წიაღში ზემოთ ხსენებული წესით (კათაკმევლობა, აღსარება, ნათლისღება, მირონცხება), პასუხისმგებლობით აღჭურვილი საეკლესიო ორგანოების წინაშე ხშირ შემთხვევაში წამოიჭრება საკითხი ეკლესიის წიაღში იმ პირების მიღებასთან დაკავშირებით, რომლებიც მოდიან სხვადასხვა მწვალებლური (ერეტიკული) ან სქიზმატური ქრისტიანული საზოგადოებებიდან. ამ შემთხვევაში დგება საკითხი: რა პროცედურას უნდა მივმართოთ, რათა ესენიც მიღებულ იქნან მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ წევრებად? თავიდანვე შეუძლებელია მივიჩნიოთ, რომ ისინი კანონიკურად არიან მონათლულები, რაკი მათ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური მღვდლისაგან არ მიუღიათ ნათელი. ვინაიდან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოებია ძალმოსილი და ქმედითი. შდრ. წმიდათა მოციქულთა 47-ე კანონი: ,,ეპისკოპოსმან და ხუცესმან, უკუეთუ მეორედ ნათელ-სცეს მას, რომელსაც ჭეშმარიტი ნათლისღებაი აქუნდეს, ანუ შემწიკულებულსა არა ნათელ-სცეს, განიკუეთენ, ვითარცა მოკიცხარი ჯუარისაი და საუფლოისა სიკუდილისაი და არა განმრჩეველი მღვდელთაი ცრუ მღვდელთაგან''. თუმცა იმ შემთხვევაში, როცა მწვალებელი, სხვა აღმსარებლობის წარმომადგენელი ან სქიზმით განყოფილი მოიქცევა მართლმადიდებლობაზე, ეკლესია ხშირად შემწყნარებლობას იჩენს. მისი მოქმედება, რასაკვირველია, არაა ერთგვაროვანი, არამედ სხვადასხვა სახეს იძენს ზოგადი ვითარებისა და კერძო შემთხვევების შესაბამისად. თუმცა კანონის მიხედვით მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მოსულ, მონათლულებს წმიდა სამების სახელით და, ამასთანავე, მღვდლების მიერ, რომელთაც აქვთ სამოციქულო მემკვიდრეობა, იკონომიით მისაღებად შეერაცხებათ ნათლისღება. აქ უნდა გავიაზროთ შემდეგი: ეკლესიას, როგორც საღმრთო მადლის საგანძურის მფლობელს, შესწევს ძალა, აღავსოს ღმრთიური მადლით საიდუმლოს ის წესი, რომელიც აღსრულდა ამა თუ იმ მწვალებლურ, ან სქიზმატურ ქრისტიანულ განშტოებაზე. რადგან ის, ვისზედაც აღსრულდება საიდუმლოს გარკვეული წესი, მოექცევა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში. ძირითადი კანონები, რომლებიც მიემართება მწვალებელთა და სქიზმით განყოფილთა მართლმადიდებლობად მოქცევის წესებს. ესენია: ლაოდიკიის მე-7 და მე-8 კან. ბასილი დიდის 1-ლი კან. II მსოფლიო კრების მე-7 და V-VI მსოფლიო კრების 95-ე კანონი. აღნიშნული კანონებიდან მომდინარეობს დასკვნა, რომ ეკლესია: გამოჰყოფს მწვალებელთა შორის ისეთებს, რომელნიც ,,ახლად უნდა მოინათლონ'' ანუ, რომელთაც კვლავაც მართებთ ნათლისღება, და ისეთებს, რომელთაც არ მართებთ ახლად ნათლისღება. შენიშვნა: ,,ახლად მოსანათლავს'' ვათავსებთ ბრჭყალებში, რადგანაც კანონიკურად არ არსებობს ახლად ნათლისღება _ ითვლება, რომ პირველი ნათლისღება არ აღსრულებულა, რადგან არ იყო უფლება და ძალმოსილება. ამრიგად, ეკლესია უარყოფდა იმ მწვალებლების ნათლისღებას, რომლებსაც არ სწამთ წმიდა სამება და, შესაბამისად, არ ინათლებოდნენ მისი სამი პირის სახელით. და პირიქით, ეკლესია იწყნარებდა იმ მწვალებელთა ნათლისღებას, რომლებსაც სწამდათ წმიდა სამება და მხოლოდ მცდარად სწამდათ მისი, ან ეკლესიის რაიმე სხვა მოძღვრებისა. ამათ მოეთხოვებოდათ მხოლოდ ხელის მოწერა ლიველონზე, რომელიც შეაჩვენებდა მწვალებლობას და მათ იწყნარებდნენ მირონცხებით, რაკი მათზე აღსრულებულ იყო ნათლისღება ეკლესიის კანონიკური წესით. II. ეკლესია მუდამ უფრო მოქნილი იყო სქიზმით განყოფილთა შეწყნარების თაობაზე. ნათლისღება, რომელიც აღსრულებულ იყო მათზე, შეწყნარებული იყო და ,,აღივსებოდა'' ის წესი ღმრთიური მადლით, რაც განყოფილთ აკლდათ განყოფის გამო ქრისტიანული სიყვარულისა და სიმდაბლით აზროვნების ნაკლებობის გამო. ამიტომაც სქიზმით განყოფილნი ახლად არ ინათლებიან, არამედ შეწყნარებულ არიან მართლმადიდებლობის წიაღში სინანულის იმ განაცხადის შედეგად, რომლითაც უარს ამბობენ სქიზმისათვის პასუხისმგებელ მთავრებზე. ზემოთ წარმოდგენილი კანონიკური დებულებები ფორმულირებულია საყოველთაო ეპისტოლეს ან ეკლესიის ოქმების სახით, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში დღევანდელი მწვალებლებისა თუ სხვა აღმსარებლობისა ან სქიზმით განყოფილთა მიღების ძირითადი წესები. ესენია: [color=red]1) მონოფიზიტები, კოპტები და სომხები შეწყნარებულ იქნებიან მათი ბოროტმადიდებლობის (მწვალებლობის) წერილობითი აღიარების შედეგად, მართლმადიდებლური სარწმუნოების აღიარებითა და წმიდა მირონცხებით. 2) რომაელი კათოლიკეები კანონით შეწყნარებულ არიან მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებლობისათვის ლიველონზე ხელმოწერით (რწმენის სიმბოლოს საჯარო განცხადებით) და წმიდა მირონცხებით. აქ საკმარისი არაა ლიველონი განყოფის მთავართა უარყოფისათვის, რადგანაც სქიზმის გარდა აქ სახეზეა მცდარი დოგმატური მოძღვრებები. 3) ანგლიკანებმა, რომლებიც მოდიან მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, უმჯობესია ,,ახლად იღონ ნათელი'', რადგანაც საეჭვოა, აქვთ თუ არა მათ ეპისკოპოსებს სამოციქულო მემკვიდრეობა. ამ შემთხვევაში გვმართებს მოქმედება ანალოგიურად იმისა, რასაც აცხადებს კართაგენის 72-ე კანონი. ის კი განსაზღვრავს, რომ დაეჭვების შემთხვევაში, _ ანუ, არის თუ არა ესა თუ ის ყრმა მონათლული, _ უთუოდ საჭიროა მისი ნათლისღება. 4) პროტესტანტები მიიღებიან კანონიკური კათაკმევლური დამოძღვრებისა და ნათლისღებისა და მირონცხების შედეგად. ეს იმიტომ, რომ მათზე შეწყდა სამოციქულო მემკვიდრეობა _ აუცილებელი წინაპირობა ყოველთა საიდუმლოებათა ძალმოსილებისთვის. გარდა ამისა, მრავალ პროტესტანტს (მათ სხვადასხვა განშტოებებს) არ სწამთ ერთარსება სამება. 5) ძველი სტილის მიმდევრობისათვის სქიზმით განყოფილთათვის, რომელთა მიმართ მაინც გაცხადებულია სამოციქულო მემკვიდრეობა, საჭიროა აღესრულოს ზემოთ აღნიშნული, სქიზმით განყოფილთათვის დადგენილი პროცედურა. შენიშვნა. 1. აქაც აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში სხვა აღმსარებლობის ქრისტიანთა ჯგუფური მოქცევისათვის, იკონომიით, თავდაპირველად პროცედურა შეიძლება შედარებით მოქნილი იყოს. ცხადია, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიათა გაერთიანების შემთხვევაში, აღნიშნული თემა განხილულ უნდა იქნას საგანგებოდ, შეთანხმების თანახმად. ამასთანავე, მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში პროტესტანტების ჯგუფური მოქცევის შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნას სამარიელებთან დაკავშირებული პრეცედენტი (საქმე მოც. 8,14-17): `ესმა რა უკუე მოციქულთა, რომელნი იყვნენ იერუსალიმს, რამეთუ შეიწყნარეს სამარიას სიტყუაი ღმრთისაი, მიავლინნეს მათდა პეტრე და იოვანე, რომელნი იგი ვითარცა მივიდეს, ლოცვა-ყვეს მათთვს, რათა მიიღონ სული წმიდაი. რამეთუ მუნამდე არა იყო არცა ერთსა მათგანსა ზედამოწევნულ სული წმიდაი, გარნა ბანილ ხოლო იყვნეს სახელითა უფლისა იესუისითა. მაშინ დაასხმიდეს ხელთა მათ ზედა, და მიაქუნდა სული წმიდაი''. შენიშვნა 2. იგულისხმება, რომ მართლმადიდებლობაზე მოქცეული სხვა სარწმუნოების მრავალი წარმომადგენელი კმაყოფილი არ იქნება შესაბამისი პროცედურით. მაგ. მათ შეიძლება ვერ იგრძნონ დაკმაყოფილებულად თავი, რაკი ,,ხელახლა არ მოინათლნენ''. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობით აღჭურვილი, კომპეტენტური საეკლესიო ორგანოები უნდა აჰყვნენ სხვადასხვა პიროვნულ, ფსიქოლოგიური ხასიათის პრეტენზიებს, დაინტერესებულთა მისწრაფებებს, მათ ტენდენციებს. საბოლოო შედეგად მაშინ მივიღებთ უწესრიგობას და, შესაძლოა, უკიდურესი სუბიექტივიზმი დამკვიდრდეს ეკლესიის წიაღში.
სახელმძღვანელო რეცენზირებულია და ნებადართულია გამოსაცემად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის მიერ (სსამეგრდ 25.05.07; სრ #176)
|