ინებეთ , ნაწყვეტი ბლოგიდან
http://imho.ge/2010/05/23/forumge/#comment-8263 ფორუმ.ჯი-ზე, პირველად 14 წლის ასაკში მოვხვდი, ამიტომ ძალიან, ძალიან ბევრი შემიძლია მასზე ვწერო.
იმ უხსოვარ დროს, ქართულ ინტერნეტში თითქმის არაფერი არსებობდა. რამდენიმე გაუმართავი საიტი, ჩატები და მირკი. მათ ფონზე ამ ადგილის აღმოჩენა, საკმაოდ გასაკვირი იყო. იმ დროს, ფორუმზე ძალიან ცოტა აქტიური მომხმარებელი იყო, ყველა განყოფილებაში ერთი ხალხი პოსტავდა და ყველას ერთმანეთთან “უწიპუწი” ურთიერთობა ჰქონდა. მირკისგან განსხვავებით “ასლ პლზ”-ს არავინ გეკითხებოდა და რეალური ცხოვრებისგან განსხვავებით, არავინ აიგნორებდა შენს აზრს ასაკის გამო.
იმ დროს, როდესაც ცხოვრებაში მხოლოდ შენხელა ან ბევრად უფროს (40 და ზევით ასაკის) ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შეგეძლოს თანასწორ პირობებში ეკამათო შენზე უფროს ადამიანებს. ბევრჯერ მითქვამს ნაცნობებისთვის (განსაკუთრებით ფორუმელი), რომ თავის დროზე, ფორუმმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ჩამოვყალიბდი ისეთად, როგორიც ვარ დღეს. საკმაოდ ბევრი მეგობარიც ვიპოვე იქ. ჩემი ორივე სერიოზული ურთიერთობაც.
ბევრი ადამიანი ღადაობს ამ თემაზე. ფორუმზე ბევრჯერ შეხვდებით გამოთქმებს კატეგორიიდან “ეს ხომ ფორუმია, რატომ აქცევთ ამხელა ყურადღებას”. სინამდვილეში, ფორუმი ყველაზე ახდენს ზეგავლენას. ასაკის, სქესის და მსოფლმხედველობის მიუხედავად.
აქ “ვირტუალურად დაწერილი” რეალურად გწყინს, გახარებს, გაბრაზებს. ადრე ჩემს ნაცნობ ფსიქოლოგთან მქონდა ამაზე ლაპარაკი და ალბათ ის კარგად ახსნიდა რატომ, მე ახლა არ მინდა. ეს უბრალოდ ასეა. ფორუმი მოქმედებს ემოციებზე. ეს აქსიომაა.
საკმაოდ ბევრი ადამიანის რადიკალური ცვლილება მაქვს ნანახი და დარწმუნებული ვარ, ამაში ფორუმის წილიც არის, რამდენადაც არ უნდა შემეწინააღმდეგონ ის ადამიანები. ფორუმი გადასარევი საშუალებაა, გასცდე საკუთარ წრეს და ნახო, რომ ბევრად სხვანაირი ადამიანებიც არსებობენ. რადიკალური აზროვნებით, განსხვავებული ხედვით. ისეთივე აგრესიულები კამათში, როგორც შენ თვითონ. იმისთვის რომ მიხვდე, რომ შენი ცხოვრებისგან განსხვავებული ცხოვრებაც არსებობს. ვიღაცას გაეცინება და იტყვის, რომ წესით ეს ყველამ ისედაც იცის. სინამდვილეში, ძალიან ბევრი “ახლადმოსული” მინახავს, რომელსაც წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ “ასე”(მისგან განსხვავებულად) მოაზროვნე ხალხიც არსებობს.
ფორუმზე არის “დედოვშინა”. ფსიქოლოგიური. აქ ყოველთვის არის “უმრავლესობა”, რომელიც ადრე თუ გვიან საკუთარ აზრს გაპარებს. შენს შეხედულებას თუ არ შეიცვლი, ბოლოს და ბოლოს სხვისი აზრის ატანას მაინც ისწავლი. გაჩუმებას, როდესაც “გაცლა სჯობს”. დროთა განმავლობაში, შეიძლება “კამათიც” შემოგესწავლოს და აზრის ჩამოყალიბებაც. ყველაზე არაა, რა თქმა უნდა, ლაპარაკი. ზოგიერთი უბრალოდ ფურთხებით მიდის, პირველივე თვეს და აღარ ბრუნდება.
ფორუმი არის, თბილისის ყველაზე დიდი “დაზომების” არენა. აქ ხალხი ყველაფერს “აზომებს”, პენისებით დაწყებული, არგუმენტებით და მსოფლმხედველობით დამთავრებული. კამათები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში “არაფრამდე” მიდის. წყლის ნაყვა. ძალიან ჩამთრევი, მოქმედი ნერვებზე და ხასიათზე. საინტერესო ისაა, რომ ხშირად ორივე მხარე იაზრებს იმას, რომ ამ კამათიდან არაფერი გამოვა, მაგრამ დისკუსია ერთ-ერთი ყველაზე აზარტული რამეა, ხოდა ვაწყვიტავთ ნერვებს.
ფორუმი არის ბულკი. რომელშიც ხან და ხან შეიძლება “ქიშმიშები” აღმოაჩინო და სწორედ მათ გამო, ვერ შორდები ამ ბულკს. აღარ მახსოვს, როდის და ვინ მოიყვანა ეს შედარება, მაგრამ ასეა. ბევრ ნაგავ პოსტს და შენთვის უსიამოვნო ადამიანს შორის პერიოდულად პოულობ შენთვის საინტერესო, “ქიშმიშ” ადამიანებს, რომლებადაც “მთელი ცომის ჭამა” ღირდა. მიუხედავად ზოგიერთის “თამაშის”, საკუთარი აზრის მეინსტრიმთან შეწყობის მცდელობის (რასაც ბევრი აკეთებს, ფორუმზე პოსტვის რაღაც პერიოდის შემდეგ) და ბევრ სხვა, კომპლექსებით გამოწვეულ წვრილმანებისა, აქ ძალიან კარგად შეგიძლია გაარჩიო ვინ რა არის და ვინ არის შენთან უფრო “ახლოს”. ამ ფორუმზე უამრავი “სასტავი” ჩამოყალიბებულა, რომელიც დღეისათვის ერთად აღამებს და ათენებს.
აქ ეჩვევი ნიკებს, ავატარებს და მათ აზრებს. კამათობ, ეთანხმები, +1-ებს უწერ, დასცინი.. ეს ვირტუალური გამოსახულებები, შეუმჩნევლად ხდებიან შენი ყოველდღიური რუტინის შემადგენელი ნაწილები, ამიტომ რომელიმეს წასვლა შეიძლება ძალიან დიდი დისკომფორტის მომტანი იყოს. მე პირადად, ხშირად გამფუჭებია ხასიათი მაშინ, როდესაც ვიღაცას ნიკი გაუუქმებია. აქ ყოველთვის განიცდი ვირტუალური თანაფორუმელის რეალურ სიკვდილს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არც იცნობდი, ძალიან ძნელად მოდის შენამდე ის, რომ ვიღაცის ნიკი ონლაინ აღარ გამოჩნდება.
ფორუმი – სიგარეტზე უფრო მძიმე გადასაგდებია. ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან : დემონსტრაციულად, საბოლოოდ წასული თითქმის არავინ მინახავს. თუ ვინმე მიდის, უფრო მობეზრების გამო. გაბრაზებისას, მეც მომიჯახუნებია კარი ერთი-ორჯერ, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ დავბრუნებულვარ.
დღეს კიდევ ერთხელ გავაუქმე ჩემი ნიკი. ძალიან მომბეზრდა. ყელში ამოვიდა ერთი და იგივე ლაპარაკი 8 წლის განმავლობაში. არ ვიცი აქედან რა გამოვა. მობეზრების გამო საკმაოდ ბევრი არ დაბრუნებულა, მაგრამ მე ზედმეტად სენტიმენტალური ვარ და ზედმეტად ბევრი მოგონება მაკავშირებს ამ “ვებდეველოპერის ნამოქმედართან”. არ ვიცი, ნებისმიერ ვარიანტში ნამდვილად მჭირდება შესვენება.
აზრის გამოთქმა თუ დამჭირდება, ბლოგზე დავწერ, კომენტარებს ფეისბუქში გავაკეთებ. ერთგვარი “ჩანაცვლებითი თერაპია” გამოვა.
კიდევ რაღაცის დაწერა მინდოდა, მაგრამ დამავიწყდა .
©ნ ატოშა
შენი თმა კოკაინია, შენი ხმა ექოა, რომელიც ჩემამდე აღწევს და შრება...