ტერმინი "ახალი მანჯურიელები" (New Mandarins) კომუნიკაციების თეორიაში ცნობილმა ამერიკელმა ლინგვისტმა და სოციალურმა მეცნიერმა, ნოამ ჩომსკიმ 1969 წელს შემოიტანა, როდესაც წიგნი გამოაქვეყნა ნეოლიბერალურ პროპაგანდისტულ მანქანაზე. აქვე მინდა დავძინო, რომ ამ ტერმინის ჩამოყალიბებას ჩინელ ხალხთან არაფერი აკავშირებს. ტერმინი ვიეტნამის ომის დროს ამერიკის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის დაქირავებულ ფსევდო-ინტელექტუალურ კლასს აღნიშნავს და მანჯურიასთან მხოლოდ სიმბოლური კავშირი აქვს.
ოლიგარქიული სისტემის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იმპერიალიზმის და ადამიანების ჩაგვრის ლეგიტიმაციაა, რადგან ლეგიტიმაციის გარეშე ყველაზე ძალადორბივი რეჟიმიც კი ვერ ძლებს. სწორედ, ამიტომაც "ტვინის რეცხვის" საკითხებში მუშაობენ ათეულობით ინსტიტუტები (ეგრეთწოდებული Think Tank-ები) და აკადემიური დაწესებულებები. პროპაგანდისტული "სპინის" პირველადი დანიშნულებაა ადამიანების მასიური მკვლელობებიდან, შიმშილიდან, ექსპლუატაციიდან და წამებიდან ყურადღება შედარებით მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანოს და ამით მოსალოდნელი პროტესტის ნეიტრალიზაცია მოახდინოს.
60-იან წლებში ვიეტნამის ომში ამერიკის სამხედრო და მემარჯვენე წრეების აგრესიას მილიონობით მშვიდობიანი ვიეტნამელი და ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი შეეწირა. ამ დროს კი "ახალი მანჯურიელების" კასტა, რომელიც ჩომსკის თქმით ლიბერალური ინტელიგენციისა და მედიის წარმომადგენლებისგან შედგებოდა წარმატებით ახერხებდა ამერიკელი მოქალაქეების ყურადღების გადატანას სხვადასხვა უმნიშვნელო საკითხებზე. ეს ტექნოკრატიული "ექსპერტებისაგან" შემდგარი პოლიტიკური კლასი ოლიგარქიული ელიტის და სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის ინტერესებს ემსახურება.
აქ არანაირი შეთქმულების თეორია არ არსებობს - ჩომსკი ამას მარტივ ეკონომიკურ ინტერესებს უკავშირებს - ომში ყოველთვის დიდი ფული კეთდება. სახელმწიფოს "უსაფრთხოების" საფარქვეშ ძირითადად საშუალო კლასი და ღარიბები არაპროპორციულად იბეგრებიან და მერე ეს სახსრები ფინანსური კორპორაციების საშუალებით ძირითადად სამხედრო დაკვეთებში მიდის. წაგებულნი არც ნავთობისა და ენერგეტიკული კომპანიები რჩებიან, რადგან ომის დროს ფასები მკვეთრად იზრდება და ბევრი კორპორაცია შესაბამისად ასტრონომიულად მდიდრდება. როგორც ჯორჯ ორველი ამბობდა, ომის ძირითადი მიზანია არა გარე მტრის დამარცხება, არამედ საკუთარი მოსახლეობის კიდევ უფრო დამონება და პატარა ელიტების კიდევ უფრო გამდიდრება. ეს ბიზნესია - და სამხედრო ბიზნესს სენტიმენტალური ცრემლების არ სჯერა, უფრო სწორად მას მორალი და ეთიკა პრაქტიკულად არ გააჩნია. მისი მთავარი მამოძრავებელი ინტერესი (როგორც ამერიკელები იტყვიან bottom line) იარაღით ვაჭრობაზე გამდიდრება და შემოსავლის კიდევ უფრო გაზრდაა.
დასავლეთში უკვე თითქმის 100 წელია რაც "საზოგადოებრივი ურთიერთობების" (Public Relations ანუ გაინგლისურებული ქართულით რომ ვთქვათ პიარის) არსებობს ბიზნესი, რომლის მთავარ დანიშნულებად ამ ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი ედვარდ ბერნსი ჯერ კიდევ 60-იანი წლების ბოლოს თავის წერილში ჟურნალ Annals of the American Academy of Political and Social Science "მორჩილების ინჟინერიას" ასახელებს. ანუ სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს და მასთან დაკავშირებულ ოლიგარქიულ კორპორატიულ წრეებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება და მოსახლეობა დაარწმუნონ ომის, ჩაგვრის, ძალადობის და ეკონომიკური მონობის აუცილებლობაში.
ცნობილი გამოთქმა "მორჩილების დამზადება" ნეოლიბერალური პროპაგანდისტული მეთოდოლოგიის მამას, ცნობილ ამერიკელ ჟურნალისტს ვალტერ ლიპმანს ეკუთვნის. მისი განსაზღვრებით ადამიანების დიდ ნაწილს გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია და დემოკრატიის არსიც სწორედ იმაშია, რომ "საუკეთესო ხარისხის კაცებმა" (ლიპმანის დროს ქალები პოლიტიკურ პროცესში არც იყვნენ ასე აქტიურად ჩაბმულნი), რომელთაც ეფექტურად შეუძლიათ ადამიანების სოციალური და ეკონომიკური მართვა მასები "სწორ გზაზე უნდა დააყენონ".
საინტერესოა როგორ ჰგავს ლიპმანის და ბერნსის ნეოლიბერალური პროპაგანდის მეთოდები ვლადიმერ ლენინის, იოსებ ჯუღაშვილის და მათი ბოლშევიკი მეგობრების იდეოლოგიას, სადაც "პარტიის ავანგარდს" "მასებისთვის" ეკისრებოდა მთავარი გაზმკვლევის როლი.
სწორედ ეს აძლევს ბევრს იმის თქმის საფუძველს რომ ნეოლიბერალიზმი და ბოლშევიზმი ძალიან ახლობელი პოლიტიკურ-ეკონომიკური მიმდინარეობებია - უბრალოდ ერთგან ეს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სახელით ხდებოდა და მეორეგან "თავისუფალი ბაზრის" წამყვანი ოლიგარქების სახელით. ორივე მათგანი საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად საშუალო კლასს და ღარიბებს ძარცვავდა - და ორივე კლასი სამხედრო ინდისტრიულ კომპლექსს ეყრდნობოდა. ომი და იმპერიალიზმი ორთავე სისტემისათვის არსებობის გახანგრძლივების საუკეთესო საშუალება იყო.
არც ის არის გასაკვირი რომ ბევრი საბჭოთა კომპარტიის ლიდერი თუ კგბ-ს მაღალჩინოსანი დღეს პირწავარდნილი ნეოლიბერალი გახდა.
ვალტერ ლიპმანის გავლენა ლიბერალური ეკონომიკური სკოლის წარმომადგენლებზე იმდენად დიდი იყო, რომ 1938 წლის აგვისტოში პარიზში გაიმართა ცნობილი "ლიპმანის კოლოკვიუმი", სადაც პირველად ჩამოყალიბდა ნეოლიბერალიზმის პრინციპები. ამ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ნეოლიბერალიზმის ისეთი მამები, როგორებიც იყვნენ ვილჰელმ როპკე, ალექსანდერ რიუსტოვი, ფრიდრიხ ჰაიეკი, ლუდვიგ ფონ მიზესი, მიქაელ პოლანი, რაიმონდ არონი, ლუის როდრიგესი, ჟაკ რუეფი და სხვები.
სწორედ აქ დაისახა ახალი ტიპის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც სოციალისტური, ფაშისტური და ტრადიციულად ლიბერალური მიდგომების ნაცვლად მსოფლიოს ახალ მიდგომას - სუბსიდიებს - სთავაზობდა. ნეოლიბერალებმა კლასიკური ლიბერალიზმის მთავარ პრინციპს ეკონომიკურ ცხოვრებაში სახელმწიფოს სრულ ჩაურევლობას სხვა ინტერპრეტაცია მისცეს - მათ გადაწყვიტეს განსაკუთრებით მდიდარი კორპორაციებისათვის და სამხედრო კომპლექსისათვის სოციალისტური სისტემა შეექმნათ, რაშიც ვალტერ ლიპმანის როლი საკმაოდ დიდია - პირველ ნეოლიბერალურ სამეცნიერო კონფერენციას სწორედ მისი სახელი ერქვა. ვალტერ ლიპმანი კი პოლიტიკური "სპინის" და ინფორმაციის მანიპულირების ერთ-ერთი გამორჩეული პიონერი გახლდათ. მასვე ეკუთვნის ტერმინი "ცივი ომი", რომლის წყალობითაც საბჭოთა და დასავლურმა სამხედრო ინდუსტრიულმა კომპლექსებმა უდიდესი სახსრები წაართვეს საკუთარ მოქალაქეებს. სწორედ ლიპმანის მიერ დამკვიდრებულ ინფორმაციულ მანიპულაციებზეა დამყარებული ნეოლიბერალური მედიისა და "ექსპერტების" - "ახალი მანჯურიელების" მუშაობის ტექნოლოგიები. ამ ინსტიტუტების დანიშნულებაა მკვლელები და მოძალადეები პროგრესის მომტანებად წარმოგვიჩინონ, ხოლო ადამიანის ეკონომიკური დამონების პროცესს "სამუშაო ადგილების შექმნა" დაარქვან.
ცივი ომის შემდეგ კი საბჭოთა ბოლშევიკური და ნეოლიბერალური პროპაგანდისტები პრაქტიკულად გაერთიანდნენ. მათ შორის იდეოლოგიური წინააღმდეგობები მთლიანად მოიშალა და ორივე ჯგუფის ოლიგარქებმა იოლად მოძებნეს საერთო ენა. საბედნიეროდ ამერიკის ლიბერალურ წრეებში დღეს ნეოლიბერალები არ სჭარბობენ - აქ უფრო სოციალური ლიბერალიზმია გავრცელებული დემოკრატიულ პარტიაში და აქედან გამომდინარე ლიპმანის შთამომავლებს სრული მონოპოლია აღარ აქვთ მედიაზე. გარდა ამისა "ახალი მანჯურიელების" საინფორმაციო სივრცეში ბატონობას თავისუფალი ინტერნეტ სივრცის სახით კონკურენტი გამოიუჩნდა, სადაც ადამიანებს უფრო მეტად მიუწვდებათ ხელი სიმართლეზე. უფრო რთული გახდა ადამიანებისთვის სიმართლის გადამალვა.
"ახალი მანჯურიელების" მოღვაწეობის ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება საქართველოშიც, სადაც ლიპმანის ქართველი მოწაფეები სააკაშვილის ნეოლიბერალურ-ოლიგარქიული რეჟიმის დანაშაულებებზე ლაპარაკის ნაცვლად ოსტატურად ახერხებენ "სპინის" გადატანას შედარებით მეორეხარისხოვან საკითხებზე.
თანამედროვე ქართული ტვინის რეცხვის მანქანის მხოლოდ ერთ მაგალითზე გავჩერდები. ეს არის გაზეთ "24 საათის" 25 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებული, ქალბატონ რუსუდან ვაშაკიძის ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტის ბიძასთან და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ოლიგარქთან, თემურ ალასანიასთან. ცხადია, ეს პიროვნება ქართული საზოგადოებისათვის უცხო არ არის - თუმცა როგორც ამ მასალიდან ვიგებთ ეს მისი პირველი ინტერვიუა - თავისთავად ეს ფაქტიც მეტად საინტერესოა, თუმცა ამაზე მოგვიანებით.
თემურ ალსანიაზე წერდნენ სხვადასხვა ქვეყნის გამოცემები - კანადური Global Research, ამერიკული ჯეიმსტაუნის ფონდი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მედია მკვლევარი მარკ ოლმონდი და ბევრი სხვა ჟურნალისტი. ამ მასალებიდან ირვევა, რომ თემურ ალასანია 1970-იანი წლებიდან საბჭოთა დიპლომატიურ სამსახურში იყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში. ყველამ კარგად იცის თუ რომელი ორგანიზაციის გავლით ხვდებოდნენ საელჩოებში ახალგაზრდები საბჭოთა იმპერიაში.
ამავე დროს ცნობილი ხდება რომ პრეზიდენტის ბიძა საბჭოთა კგბ-ს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წარმომადგენლის და მოგვიანებით კომპარტიის გენსეკის იური ანდროპოვის პერსონალური პროტეჟე იყო. ცხადია, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს ადამიანი თავის საქმეში (სავარაუდოდ მზვერავ-დიპლომატობაში) პროფესიონალი იყო და, თავისი დისშვილის არ იყოს, ნამდვილად დაიმსახურა საბჭოთა იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი და ეშმაკი გენსეკის სიმპათიები.
ბატონი ალასანია თვითონაც აღიარებს, რომ იგი გაეროში ერთ-ერთ დიდ თანამდებობას ფლობდა განიარაღების საკითხებში - ეს კომიტეტი კი იარაღის ვაჭრებისთვის იდეალური ადგილი იყო რუსული და სხვა წარმოების შეიარაღების მესამე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გასაყიდად.
რამდენიმე უცხოელი ჟურნალისტი პირდაპირ ადებს ხელს თემურ ალასანიას იარაღით ვაჭრობაში - საფუძვლიანი ეჭვებია გამოთქმული, რომ ის იყო დაკავშირებული ვიქტორ ბუტთან და მასთან ერთად რუსეთში ნაწარმოებ იარაღს თალიბებზე ყიდდა. ამას სპეციალური ჟურნალისტური გამოძიებაც მიეძღვნა. კანადური გამოცემა კი მას აგრეთვე უკავშირებს ამერიკაში მოღვაწე და რუსულ გრუ-სთან ახლო კავშირების მქონე ერიკ გუდისთან, რომელიც ასევე მსხვილ იარაღის ვაჭრად მოიაზრება. აქამდე ბატონ ალასანიას გაეროს დიპლომატიური იმუნიტეტი იცავდა, რომელიც მან რუსეთის იმპერიის (ყოფილი საბჭოთა კავშირის) წყალობით მიიღო, დღეს კი საქართველოს დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს.
რაც მთავარია, რამდენიმე უცხოელი ჟურნალისტი თემურ ალასანიას გვარს ზურაბ ჟვანიას ტრაგიკულ დაღუპვას უკავშირებს. კანადური გამოცემა, მაგალითად, ამტკიცებს რომ ჟვანიამ სცადა ალასანიას და გუდისის მიერ თბილისის აეროპორტის მიღების დაბლოკვა და ამის შემდეგ მეტად საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. კიდევ ერთხელ, აქ ლაპარაკი არ არის რაიმე შეთქმულებაზე - ლაპარაკია კონკრეტულ ეკონომიკურ ინტერესებზე, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტის სანათესავო კლანი და კონკრეტულად ბატონი თემურ ალასანია წარმოადგენს.
მაგრამ იმის მაგივრად რომ ასეთ რესპონდენტს ერთი მწვავე შეკითხვა მაინც დაუსვას, ქართველი "ახალი მანჯურიელების" წარჩინებული წარმომადგენელი რუსუდან ვაშაკიძე ბატონ ალასანიას მარსელ პრუსტზე ესაუბრება. უნდა აღინიშნოს რომ ამ სტატიაში პოლიტიკური "სპინის" კლასიკური ელემენტებია გამოყენებული. მაგალითად ჟურნალისტი ეკითხება ალასანიას, მასზე დაკაშირებულ "ლეგენდებზე" - და რესპონდენტიც მეტად ზოგად და "ინტელექტუალურ" პასუხს გვთავაზობს. ეს "ლეგენდები" რომ კონკრეტულ, მეტად მძიმე, ბრალდებებთან არის დაკავშირებული ჟურნალისტს რატომღაც ავიწყდება და საუბარს აგრძელებს ყირგიზეთისა და უნგრეთის კულტურების შედარებითი ანალიზის პრობლემებზე.
ძალიან საინტერესოა რომ ქალბატონ რუსუდანში სწორედ ამ დღეს გაიღვიძა ცხოველმა ინტერესმა მარსელ პრუსტისა და აინშტაინის დაილოგების ფსიქოლოგიური ინტერპრეტაციების და უნგრულ-ყირგიზული კულტურული რელატივიზმის პრობლემების მიმართ.
მაშინ როდესაც სააკაშვილის რეჟიმი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით ქვეყანაში არც ფოტოგრაფს და არც უბრალო ბიზნესმენს არ ტოვებს "ქვეყნის ღალატში" დადანაშაულების და დაპატიმრების გარეშე, მუდმივად "რუსეთის კარტას" გვიტრიალებს მისი მთავარი იდეოლოგების პირით, ძალიან უცნაურია ზოგიერთ საჯარო მოხელეს მხოლოდ მარსელ პრუსტზე კითხო.
პირადად ამ ანტირუსული კამპანიის მთავარ "აქტორებს" (არ მიყვარს ეს სიტყვა მაგრამ მაინც უნდა ვიხმარო - "მოთამაშეებს") - გიგა ბოკერიას, ლევან რამიშვილს და მათ იდეოლოგიურ თანამოძმეებს რატომღაც შერჩევითი მახსოვრობა აქვთ. გოგა ხაინდრავა, ლევან ბერძენიშვილი თუ რუსეთის აგენტები არიან და ბიძინა ივანიშვილი რუსეთის გავლენის გამტარებელი - ანდროპოვის პროტეჟე, საბჭოთა დაზვერვის 38 წლის ვეტერანი რომ უკვე საჯარო მოხელეა და საქართველოს სახელმწიფოს წარმოადგენს - ეს რატომ არ აჩენს კითხვებს?
სად არის ბატონი გოკა გაბაშვილი - რუსეთის ხმალამოღებული მტერი - რატომ არ აძლევს 1970-იან წლებში საბჭოთა დიპლომატიურ სამსახურში მაღალ თანამდებობებზე ნამყოფ პირებს რთულ შეკითხვებს? მითუმეტეს რომ უცხოური პრესა ამ სახელს საქართველოს პრემიერ მინისტრის მკვლელობას უკავშირებს.
მაგრამ როგორც ვხვდები ქალბატონი რუსუდან ვაშაკიძის არ იყოს - წამყვან ქართველ ნეოლიბერალ იდეოლოგებს საბჭოთა კგბ-ს მაღალჩინოსნებთან მარსელ პრუსტის და აინშტაინის დიალოგების განხილვა უფრო აინტერესებთ, ვიდრე სიმართლის დადგენა.
ჰოდა, მეც მინდა ჩვენს "ახალ მანჯურიელებს" ერთი რჩევა მივცე - საქართველოს მთავრობის მორიგი საბჭოთა დაზვერვის წევრის ინტერვიუს დროს მარსელ პრუსტთან ერთად მარსელ დუშამპიც არ დაივიწყონ. მისი ცნობილი - აწ უკვე კლასიკური ნამუშევარი "პისუარი" დღეს ქართულ სახელისუფლებო მედიაში არსებულ სიტუაციას არანაკლებ კარგად ასახავს ვიდრე მარსელ პრუსტის "დაკარგული დროის ძიებაში".
http://www.liberali.ge/akhali-manjurielebi-da-tvinis-reრასაკვირველია არ წაიკითხავ
ამიტომაც მუშაობს და იმუშავებს მუდამ ტვინის რეცხვის მანქანა საქართველოში
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება"
მიშას ხმა ისმის მთელ რუსთაველზე და ათობით ათასი ადამიანი მის სახელს სკანდირებს (c) დიდგორა