ბიძინა ივანიშვილი: მეშინია, რომ სააკაშვილმა ტელეეკრანებიდან გინება არ დაიწყოსმეშინია, რომ სააკაშვილმა ტელეეკრანებიდან გინება არ დაიწყოს - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილმა მსახიობთა სახლში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ხშირად ისმის საყვედურები, რომ დაბალი აქტიურობაა ჩვენი გუნდიდან, პირადად ჩემზე მოდის ეს საყვედურები. მინდა დავაწყნარო ყველა და ავუხსნა, რომ ყველაფერი კარგადაა. ყველაფერი გააზრებული და დაგეგმილი მაქვს. ყველაფერი იქნება დროულად და კარგად მთელი საქართველოსთვის. იყავით წყნარად, დინჯად და დაელოდეთ“, - აღნიშნა ივანიშვილი.
იგი მოუწოდებს საკუთარ მხარდამჭერებს ნუ გაავლებენ პარალალებს „იმ კაცზე, რომელიც ისტერიულად დარბის“. გარდა ამისა, ივანიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში მხოლოდ მეათედი კეთდება იმისა, რაც უნდა კეთდებოდეს, თუმცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამას „ისე გვაწვდის თითქოს თვითონ იყოს ამ ყველაფრის გამკეთებელი“.
„ნუ შეეცდებით პარალელები გააკეთოთ იმ კაცზე, რომელიც ისტერიულად დარბის და აგრძელებს, ოღონდ უფრო აქტიურ ფორმაში, შექმნას ის ფასადური შეხედულებები, რომ აღმშენებელია და რომ საქართველოში ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა აღორძინდეს. სინამდვილეში დღეს ქვეყანაში კეთდება იმის მეათედი, რაც უნდა კეთდებოდეს და იმას, რაც კეთდება, ისე გვაწვდის თითქოს თვითონ იყოს ამ ყველაფრის გამკეთებელი, არადა სწორედ მისი პოლიტიკის შედეგია, რომ მხოლოდ მეათედი კეთდება იმისა, რაც უნდა კეთდებოდეს. ამავდროულად, მუდმივად ილანძღება და იწყევლება ტელევიზიიდან. იმის მეშინია, რომ მსოფლიო კიდევ ერთხელ არ გააოცოს და ტელეეკრანებიდან გინება არ დაიწყოს და ღამეს რომ დღე მოყვება, თვითონ არ მიიწეროს. დღის დადგომაც სააკაშვილმა არ მიიწეროს“, - აცხადებს ივანიშილი.
ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე, ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში გამართულ საღამოს დაესწრნენ.