http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=6825&Itemid=1„პოლიტიკაში ჩემს მეუღლესთან ერთად მოვედი. ეს იყო ოჯახური გადაწყვეტილება, შესაბამისად, ჩვენ ყველანი მზად ვიყავით, რომ გარკვეულ მომენტში, გარკვეული პასუხისმგებლობა აგვეღო საკუთარ თავზე“, - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში, ჟურნალისტებთან საუბრისას.
რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენამდე პარტიას სწორედ ეკატარინე ხვედელიძე უხელმძღვანელებს. ამ საკითხთთან დაკავშირებით ხვედელიძემ და ივანიშვილმა დღეს პირველი კომენტარი გააკეთეს.
ხვედელიძე ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც კარგი იქნება „ჩემი ოჯახისთვის და ჩემი სამშობლოსთვის“.
„დღეს დადგა ისეთი მომენტი, რომ ჩემს მეუღლეს უზღუდავენ პოლიტიკურ მოქმედებას, შესაბამისად, ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გავაკეთებ ყველაფერს, რაც კარგი იქნება ჩემი ოჯახისთვის და ჩემი სამშობლოსთვის. მგონი ყველაფერი გამოგვივა იმიტომ, რომ საქართველოს ისტორიის ფურცლებზე ქალბატონების მოღვაწეობას თუ გადავხედავთ, დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით, რომ ქალბატონები ყოველთვის გამოირჩეოდნენ და დღესაც გამოირჩევიან პრინცპულობით, მიზანდასახულობით და საქმისადმი თავდადებით. ქართული ოცნება ნებისმიერ შემთხვევაში გაიმარჯვებს. ყოველ დღეს ჩვენთვის გამარჯვება მოაქვს და ყველაზე დიდ გამარჯვებას საარჩევნო დღეს მოვიპოვებთ“, - განაცხადა ხვედელიძემ.
ივანიშვილი კი განმარტავს, რომ მსგავსი მსგავსი გადაწყვეტილება იმიტომ იქნა მიღებული, რომ „პროცესები არ გაჩერდეს“.
„ეს ნაბიჯი იყო დროული... როცა მე პოლიტიკაში შემოსვლის განცხადება გავაკეთე, ამ გადაწყვეტილებაში მთელი ჩემი ოჯახი მონაწილეობას ღებულობდა, შესაბამისად, ჩემი მეუღლე იყო ყველაზე ახლო მეგობარი და მრჩეველი და რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება მივიღეთ შეგნებულად და ერთხმად. დასაწყისში არ ვაცნობიერებდით, რომ მოვლენები ესე განვითარდებოდა, თუმცა ველოდი ექსცესებს და ვიცოდი ვისთან მქონდა საქმე“, - აცხადებს ივანიშვილი.
ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე, ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში გამართულ საღამოს დაესწრნენ.