ძალიან საინტერესოა სტატიაა დაწერეთ თქვენი მოსაზრებები

სტატიის მისამართი :
http://liberali.ge/statia/shorena-shaverdashvili/ra?page=2როცა აქ არ ვცხოვრობდი, ლამის 9 წლის მანძილზე, და სახლში ვბრუნდებოდი, პირველი, რასაც ვაკეთებდი (თუ დედაჩემი ლისის ტბის ჩამონგრეულ გოგირდის აბანოში არ გამამწესებდა, შოკური თერაპიისთვის) ეკლესიაში მისვლა იყო, სიონში, სადაც 7 წლისა მომნათლეს და შესაძლოა, ამის გამოც ამოვიჩემე. მივიდოდი (რა თქმა უდნა შარვლით, იმიტომ რომ კაბა გარდერობში არასოდეს მომეპოვებოდა), დავანთებდი სანთელს, შემოვივლიდი, ხელით ვეხებოდი მწვანედ შეფერილ კედლებს, ლამის ქვა-ქვა, მერე დიდხანს ვიჯექი რომელიმე კუთხეში, ხის სკამზე, და ერთი და იგივე ბედნიერი განცდა მიტრიალებდა - აი, დავბრუნდი, ახლა უკვე სახლში ვარ. მადლობასაც ამისათვის ვეუბნებოდი ღმერთს.
ისე კი, არც ლოცვა ვიცოდი, ოთხი სახარებაც ალაგ-ალაგ მქონდა წაკითხული, აღარაფერს ვამბობ ფსალმუნებზე, ეპისტოლეებზე თუ გამოცხადებებზე... არც მოძღვარი მყავდა და საერთოდაც, ისიც კი არ ვიცოდი, რომ "თავმოყვარე ქრისტიანს" მოძღვარი უნდა ჰყოლოდა. არც აღსარება-ზიარების საიდუმლოებების გამეგებოდა რამე, ეტყობა ჩემს ოჯახსა თუ ახლობლებში ეკლესიის მრევლი არავინ იყო, რომ გაუთავებლად ამაზე ელაპარაკა, როგორც ზოგადად, მრევლს სჩვევია ხოლმე. მოკლედ, ქრისტიანული ტიპიკონი (ეს სიტყვა ახლახანს ვისწავლე და ძალიან მომწონს) ჩემთვის ისეთივე უცნობი იყო, როგორც ჩინგისხანების ისტორია.
მაგრამ უცოდინრობის მიუხედავად, ეს ყველაფერი, თითქოს ინსტინქტურად, ძალიან ძვირფასი იყო და უახლოეს მეგობრებსაც, რომლებიც სტუმრად ჩამოდიოდნენ, ეკლესია-მონასტრებში დავატარებდი, ქვეყნის ერთი ბოლოდან - მეორემდე. ვხუმრობდით, ამის მეტი ბევრიც არაფერია ეს საქართველო და სხვა, აბა, რა გაჩვენოთ-მეთქი. და ჩემი მეგობრებიც, მუსულმანები, ათეისტები, კათოლიკები, აგნოსტიკოსები (იმედია, სათვალავში ვინმე არ გამომრჩა) ჩემთან ერთად ანთებდნენ სანთლებს, დიდი რიდითა და მოწიწებით. რიდიცა და მოწიწებაც მოგვიანებით ქრებოდა, ბევრი კახური ღვინისა და მწვადის გადასანსვლის შემდეგ, მაგრამ არ იცვლებოდა მათი სადღეგრძელოების პათოსი. ყველაზე მაგრად ფილოსოფოს დევიდს გამოუვიდა - "ამ ქვეყანაში იგრძნობა მიწა და ცა, სიკვდილი და სიცოცხლე, და იგრძნობა ღმერთიც." ღმერთმა უწყის, საიდან და როგორ.
დევიდს რომ იცნობდეთ, მით უფრო გაოგნდებოდით. დღემდე მანიაკალური დეპრესია აწუხებს და ტაბლეტებით უმკლავდება. ახლომხედველობასაც უჩივის და ემანდ თუ ლინზები მიეკარგა სადმე, მტრის კარს, ისეთ ისტერიკაში ვარდება, რომ შეიძლება ბავშვები შემოეჭამოს. საქართველომდეც და საქართველოს შემდეგაც დევიდმა ბევრი ქვეყანა მოიარა, ბოლოს ავღანეთში მუშაობდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ მომწერა - "ამაოებისგან თავისდასაღწევად ისევ საქართველოში ჩამოვალ, ერთ მშენიერ დღესო". არ ვიგონებ. მიკვრის კი. მაშინ, როცა არც ერთი ვართ ნაციონალისტი და არც მეორე და დევიდმაც არაფერი იცის ჩვენი მესიანისტური მითების შესახებ.
მოგვიანებით, როცა უცოდინრობასთან ერთად, საქმეში ინტელექტუალური წიაღსვლები ჩაერთო, გაქრა შეგრძნებებიც და ეკლესია გახდა ინსტიტუცია, გაუნათლებელი და უწესო მღვდლები, ან ჯიპიანი მღვდლები და ბევრი
ხილული ფარისევლობა... და შემდეგი 9 წელი, საკუთარ ჯვრისწერასა და რამდენიმე ნათლობას თუ არ ჩავთვლით, ეკლესიაში ფეხიც კი არ შემცდენია. სიონსაც, სადაც მრავალი წლის წინ ყველაზე გულწრფელად მოვინანიე ჩემი ცოდვები, მოძღვრის გარეშე, სრულიად გულგრილად ვუვლიდი გვერდს. რაც მთავარია, წარბშეუხრელად ვამხელდი იმას, რაც არ მომწონდა, უკვე ჟურნალების ფურცლებიდანაც. ეკლესია იყო გაუნათლებელი, ეკლესია იფარებდა ფარისევლებს, ეკლესია იბრძოდა ძალაუფლებისთვის, ეკლესია მფარველობდა ნაციონალიზმს, ეკლესია ქადაგებდა კარჩაკეტილობას და უღვივებდა მრევლს ახლის მიუღებლობასა და უამრავ ფობიას... მოკლედ, ქართული ეკლესია, ჩემი ღრმა რწმენით, "უკან ექაჩებოდა წინ მიმავალ ქვეყანას, აფერხებდა პროგრესს". (თუმც კი, ახლაღა ვხვდები, როგორი ბუნდოვანი წარმოდგენები მქონდა იმათ პროგრესულობაზე, ვინც მეგონა, რომ ამ ქვეყანას წინ მიაქანებდა). ეს იყო ის, რაც სათოფე მანძილზე ჩანდა და ჩანს.
თუმცა, თუ "ღმერთი გაგიწყრათ" და ეკლესიაში ფეხი შედგით, თან მაშინ, როცა საკუთარი თავი ყველაზე შორს გაგექცევათ, შეიძლება სხვა რამეებიც დაგხვდეთ იქ...
წელიწადნახევრის წინ ფოკის მონასტერში მოვხვდი. რადგან ორჯვრიანი იღუმენია დედა ელისაბედი არასოდეს მაპატიებს საიდუმლოებების საქვეყნოდ გამხელას და არც მე მემეტება ეს ყველაფერი გასაზიარებლად, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ფოკაში გატარებულმა ზამთრის დღეებმა, ერთი ხელის მოსმით, თავდაყირა დააყენა ყველა სტერეოტიპი, რითაც მანამდე ვიყავი შეპყრობილი. სამცხე-ჯავახეთის ალპურ, განაპირა მხარეში, ფარავნის ტბასთან, იქ, სადაც ადგილობრივი სომხური მოსახლეობა ტალახით შელესილ სახლებში ცხოვრობს და წერა-კითხვა არ იცის, დამხვდა 21-ე თუ 22-ე საუკუნის საქართველო (ან შეიძლება, ადრექრისტიანულიც) - სულიერი, განათლებული, კულტურული, თანამედროვე. და რაც მთავარია, ყველაზე მშობლიური. მონასტრის 6 სახლი გარეგნულად თითქოს არაფრით გამოირჩევა ადგილობრივი ლანდშაპტისაგან, მაგრამ შიგნით საოცრებათა სამყაროა, ეჭვი მაქვს, არა მხოლოდ დედა ელისაბედის ფანტასტიკური ბიბლიოთეკის, თანამედროვე ინტერიერისა ან რამდენიმე ხელოვნების ნიმუშის გამო. დევიდის თქმის არ იყოს, "აქ იგრძნობა ღმერთი". საიდან და როგორ, არ ვიცი. უბრალოდ, ადამიანი ყოველთვის ხედავს იმას, რაც უნდა, რომ დაინახოს.
დედა ელისაბედთან ერთად, გავიცანი სხვა სასულიერო პირებიც და მას შემდეგ, ეკლესია ჩემთვის სხვა ასოციაციებს იწვევს და სხვა რამეებს ნიშნავს. "კავკასიის" ეთერში შევარდნილი ან "ჰალუინის" მასკარადის ბავშვებს დარეული დავით ისაკაძით აღარ შემოიფარგლება ჩემი წარმოდგენები და მადლობა ღმერთს. ვეღარც, ღმერთო მაპატიე და, სულელი მღვდლების გამონათქვამებით ვერთობი - "ზანგებზე" და "იაპონელების სასჯელზე".
ერთ-ერთ საუბარში, როცა ჩემთვის ჩვეული "სწორუპოვრობით" ვაკრიტიკებდი ეკლესიის ნამოქმედარს, ასეთი პასუხი მოვისმინე: ეკლესია არ არის მხოლოდ სასულიერო პირები, ეკლესია არის მისი მრევლიც და ისეთია, როგორიც ყველა ჩვენგანი. ამიტომ, თუ ეკლესიის წევრად თვლი თავს, ვერსად წაუხვალ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც არ მოგწონს.
ეს გასაგებია. ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერსად ვერ წაუხვალ, მით უმეტეს, საკუთარ ქვეყანაში, მაგრამ რამაც ძალიან შემაწუხა ისაა, რომ მივხვდი, წარმოდგენა არ გვაქვს, სინამდვილეში რა ხდება ეკლესიის შიგნით. და როცა არ გაქვს პირადი გამოცდილება, ან რაღაც უბრალოდ არ იცი, ხდები იდეოლოგიის მსხვერპლი, ან შესაძლოა უფრო უარესი, იდეოლოგიის მქადაგებელი. და ისეთივე არაზუსტ დასკვნებს აკეთებ, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, როცა ლაპარაკობ იმაზე, რაც არ იცი.
არაზუსტი ხარ მაშინაც, როცა ბრაზდები და მერე ეს გაბრაზება ბოღმად გექცევა.
უფრო სამწუხარო ისაა, რომ ჩემს გარშემო, "ლიბერალურ საზოგადოებაში", ზუსტად ისეთივე მიუღებლობა და კარჩაკეტილობაა ეკლესიის მიმართ, როგორც ეკლესიის ნაწილში - "ლიბერალების" მიმართ. როგორც "ჩვენ" ვართ "ლიბერასტები", "პიდარასტები", "სოროსისტები" და ქვეყნის დამაქცევარები, ზუსტად ასევე არიან "ისინი" "ბნელები", "გაუნათლებლები" და "ჩამორჩენილები". ჩვენ მუდმივად დავცინით ერთმანეთს, მუდმივად ვქედმაღლობთ და უფრო უარესიც, თითქოს იდეოლოგიურ მტრებად ვიქეცით. ეს ორმხრივი ფუნდამენტალიზმი გაჭრილი ვაშლივით დაემსგავსა ერთმანეთს და ჩვენ დავიმსგავსეთ ეს ქვეყანაც, ამ სულელური იდეოლოგიების დაჯერებით. ამ უცოდინრობითა და მიუღებლობით კი გავხდით ძალიან ადვილი სამართავები, და საშინლად პროგნოზირებადები.
მხილება კარგი რამეა. უსამართლობა და ტყუილი უნდა ამხილო. მაგრამ ამ დროს ზუსტად უნდა იცოდე, რას ამხელ. და თუ გინდა, რომ რამე შეცვალო, უნდა ამხილო სიძულვილისა და შეურაცხყოფის გარეშე. სხვა შემთხვევაში, მხოლოდ თავს დაიმკვიდრებ იქ, სადაც ეს უფრო ადვილი იქნება.
როგორც კი გორიდან გადაუხვევ და ქიწნისის და ნიქოზის გზას დაადგები, ლიახვის ხეობისკენ, შუა ქართლში, შენს თვალწინ იშლება ქართული სოფლები, რომელიც შენი აღარ არის. მშობლიური კავკასიონიც უფრო შორს მოჩანს, დათოვლილი ქედებით... და მოდის საშინელი დარდი იმის გამო, რასაც ვერ გაუფრთხილდი და ვერ შეინახე.
ნიქოზში გვხვდება მეუფე ისაია, თავისი გამჭვირვალე, ცისფერი თვალებით, თავმდაბლობითა და კიდევ უფრო დიდი დარდით. მეუფე ისაიას გამოყავდა აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილები, მაშინ, როცა იქ აღარავინ იყო. და გამოყავდა რუსების ბლოკპოსტის იქით გადარეკილი საქონელიც, რომ სოფელს სარჩო-სანოვაგე შემორჩენოდა. მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ამბავია.
მეუფე ისაია, ლიახვის ხეობა, ალავერდი და ფოკაა ჩემი სახლი, ისევე როგორც ოფელია ბებია, რომელიც უკვე 20 წელია მენატრება და რომლის საფლავიც სამეგრელოში, ნოქალაქევში, ტეხურის კალაპოტს გადაჰყურებს.
არ ვიცი, რატომ მომინდა ამ სააღდგომოდ ამ ყველაფრის დაჩემება. ალბათ იმიტომ, რომ ვიცოდე, რას უნდა გავუფრთხილდე, რომ მშობლიურ გოგიტას კიდევ ერთხელ არ მოუხდეს დაძახება - "ეე, ბალღო, გახსოვდეს, რომ ჩვენი ბალღი ხაარ!"
This post has been edited by kkoxo on 17 Apr 2012, 17:15